Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე№ას-670-636-2015 19 ნოემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2012 წლის 5 იანვარს ს. მ-მა (შემდეგში მოქალაქე) განცხადებით მიმართა თვითმმართველ ქ. რუსთავის მერიას (შემდეგში მერია, ადმინისტრაციული ორგანო ან კასატორი) და მოითხოვა, ქიმიოთერაპიული მკურნალობისათვის, მედიკამენტებით დახმარებოდნენ.

2. ქ. რუსთავის მერის 05.01.2012წ. №1/34 წერილით, მერიამ შპს „მ-ს” (შემდეგში საწარმო, მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სთხოვა მოქალაქისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა და განუმარტა, რომ მედიკამენტის ხარჯის ანაზღაურებას 2 000 ლარით მერია უზრუნველყოფდა. მითითებული წერილის თანახმად, საწარმოს თანხა გადაერიცხებოდა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, საგარანტიო წერილი ძალაში იყო მისი გაცემიდან სამი თვის განმავლობაში (ტ. I, ს.ფ. 34).

3. მოქალაქემ 2012 წლის 5 იანვარს, მერიის №1-34 საგარანტიო წერილის საფუძველზე, საწარმოსაგან მიიღო 2 000 ლარის ღირებულების მედიკამენტები (იხ. მიღება- ჩაბარების აქტი, ტ. I, ს.ფ. 15).

4. 2014 წლის 7 აპრილს საწარმომ საპრეტენზიო წერილით მიმართა მერიას და მოსთხოვა, საგარანტიო წერილით განსაზღვრული მედიკამენტების გაცემისათვის, ხუთი კალენდარული დღის ვადაში 2000 (ორი ათასი) ლარის ანაზღაურება. მერიამ 2014 წლის 22 აპრილს წერილობით აცნობა უარი საწარმოს პრეტენზიაზე იმ საფუძვლით, რომ მას ადმინისტრაციული ორგანოსათვის გონივრულ ვადაში არ წარუდგენია სამედიცინო მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი (ტ.1., ს.ფ. 16-17).

5. 2014 წლის 4 აგვისტოს საწარმომ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მერიის წინააღმდეგ და მოითხოვა, საგარანტიო წერილის საფუძველზე, მოქალაქისათვის გადაცემული მედიკამენტების ღირებულების - 2 000 ლარის დაკისრება ადმინისტრაციული ორგანოსათვის.

6. საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საწარმოს სარჩელი დაკმაყოფილდა და მერიას მოსარჩელისათვის 2 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

7. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ამ განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში, მერია დავის ფაქტობრივ გარემოებებს სადავოდ არ ხდიდა, მხოლოდ იმაზე აპელირებდა, რომ საგარანტიო წერილით განსაზღვრულ სამთვიან ვადაში მოსარჩელეს მოთხოვნა ადმინისტრაციულ ორგანოში არ წარუდგენია.

8. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. რუსთავის მერის 2012 წლის 5 იანვრის №1/34 წერილით განისაზღვრა მხოლოდ მოქალაქის ქიმიოთერაპიული მკურნალობისთვის მედიკამენტების გადაცემის ვადა - სამი თვე, რომელიც არ წარმოადგენდა საწარმოს მიერ ანაზღაურების მოთხოვნის ვალდებულების სამთვიან ვადას, ვინაიდან, ამას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და წერილში ნათლად იყო მითითებული, რომ იგი ძალაშია გაცემიდან სამი თვის განმავლობაში (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2.1 ქვეპუნტის მესამე აბზაცი, ტ.1., ს.ფ. 67).

9. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს იყო მესამე პირის სასარგებლოდ დადებული გარიგება და, შესაბამისად, გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 316-ე, 317-ე,361-ე, 349-ე და 129-ე მუხლებზე.

10. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მერიის წარმომადგენლის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გასცა საგარანტიო წერილი, რომლითაც იკისრა მესამე პირის - მოქალაქის მკურნალობისათვის მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობებზე უნდა გავრცელებულიყო სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა (სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი).

11. სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მერიამ საგარანტიო წერილი გასცა 2012 წლის 5 იანვარს, ხოლო საწარმომ სარჩელი წარადგინა 2014 წლის 4 აგვისტოს, ანუ ხანდაზმულობის ვადის დაცვით.

12. მერიამ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და საწარმოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

13. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, სადავო საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა შემოიფარგლებოდა მხოლოდ სამი თვით, რის შემდგომაც საწარმოს არ ჰქონდა არც მომსახურების გაწევის და არც მერიაში მისი წარდგენის უფლება. საწარმომ მერიას მიმართა დაგვიანებით და, ამასთან, არ წარუდგინა სათანადო დოკუმენტაცია, რითაც დადასტურდებოდა მოქალაქისათვის საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა: სასაქონლო ზედნადები, ფარმაცევტული პროდუქციის დასახელება, აღრიცხვის სპეციალური ფორმა (დოზა), შეფუთვა, შეფუთვაში რაოდენობა, გასავლის ზედდებული.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და სამართლებრივ შეფასებებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივსამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული და კანონიერი იყო. ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

16. მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

17. საკასაციო საჩივარში მითითებულია შემდეგი საფუძვლები:

17.1. გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული.

17.2. რუსთავის მერის №1/34 წერილში მითითებული იყო, რომ შპს საწარმოს თანხა გადაერიცხებოდა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ. მართალია, საგარანტიო წერილში არ იყო მითითებული დოკუმენტების ჩამონათვალი, რაც მხარეს უნდა წარედგინა ანგარიშსწორებისთვის, მაგრამ მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტით არ ირკვევა, რა სახის მომსახურება გაეწია მოქალაქეს, რომელი მედიკამენტები მიიღო და რამდენი ღირდა.

17.3. საგარანტიო წერილის თანახმად, იგი ძალაში იყო გაცემიდან სამი თვის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ წერილის ადრესატს უფლება არ ჰქონდა, ამ ვადის გასვლის შემდეგ, გაეწია მომსახურება მოქალაქისათვის და მხოლოდ მითითებულ ვადაში უნდა წარედგინა მერიაში დოკუმენტები, რითაც დადასტურდებოდა, რა სახის და ღირებულების მომსახურება გაუწია მოქალაქეს.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ რუსთავის მერიის საკასაციო საჩივარი, 2015 წლის 1 ივლისის განჩინებით, წარმოებაში მიიღო დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 23 ივლისის განჩინებით დასაშვებად ცნო საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს, საკასაციო განაცხადის საფუძვლებისა და საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე, მიაჩნია, რომ რუსთავის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

19. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ საგარანტიო წერილსა და მე-3 პუნქტში დასახელებულ მიღება-ჩაბარების აქტს, საკასაციო სასამართლო განიხილავს მერიასა და საწარმოს შორის დადებულ შეთანხმებად, სპეციალური დათქმით, რომლის ძალითაც, ადმინისტრაციულმა ორგანომ იკისრა ვალდებულება, სოციალური პროგრამის ფარგლებში, მესამე პირის სასარგებლოდ, მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მის დასახმარებლად, საწარმოსათვის აენაზღაურებინა კონკრეტული თანხა საგარანტიო წერილში მითითებულ სამთვიან ვადაში, მედიკამენტების გაცემისა და ამავე ვადაში შესაბამისი დოკუმენტაციის მერიისათვის წარდგენის შემთხვევაში (სსკ-ის 349-ე მუხლი). მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულება, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოსა და, მეორე მხრივ, საწარმოს შორის. მერიის საგარანტიო წერილით მიმართვის საფუძველზე და მისსავე პასუხად, საწარმომ იკისრა ვალდებულება, მოქალაქისათვის გაეცა მედიკამენტები იმ ღირებულების ფარგლებში, რომლის ანაზღაურების ვალდებულება, მხარეთა შეთანხმებით, სპეციალური დათქმით განსაზღვრულ სამთვიან ვადაში იკისრა მერიამ (სსკ-ის 350-ე მუხლი).

20. საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია კასატორის პრეტენზია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს 2012 წლის 5 იანვრის საგარანტიო წერილში მითითებული იყო კონკრეტულ ვადაზე, რომლის განმავლობაშიც, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მერიამ იკისრა ვალდებულება, აენაზღაურებინა, მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გაცემული სამედიცინო მედიკამენტები. საგარანტიო წერილით, ცალსახად დგინდება, რომ მერია კისრულობდა ვალდებულებას, საწარმოსათვის აენაზღაურებინა მოქალაქისათვის გაწეული დახმარება კონკრეტული პირობებით: ა) გაწეული მომსახურებისთვის ანაზღაურდებოდა 2000 ლარი; ბ) მითითებული თანხა საწარმოს გადაერიცხებოდა შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე; გ) საგარანტიო წერილი ძალაში იყო გაცემიდან 3 თვის განმავლობაში.

21. 2012 წლის 5 იანვარს საწარმომ მოქალაქეს მედიკამენტები გადასცა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი), ამდენად, მისთვის მისაღები იყო მოქალაქისათვის მედიკამენტების გაცემა, მერიის მიერ შეთავაზებული პირობებით, რომელთა შორის იყო გადაცემული მედიკამენტების ღირებულება, რაც უნდა დადასტურებულიყო შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით, რათა საწარმოს ჩარიცხვოდა თანხა, ასევე, ამ უკანასკნელისათვის ცნობილი იყო მერიის წერილში სპეციალურად დათქმული სამთვიანი ვადა, რომელიც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არა მხოლოდ დახმარების მიმღებ მოქალაქეს უწესებდა ვადას, რომლის განმავლობაშიც, მას უნდა მიემართა საწარმოსათვის, არამედ საწარმოსაც განუსაზღვრავდა იგივე ვადას, რათა წერილის გაცემიდან 2012 წლის 5 იანვრიდან სამი თვის ვადაში აენაზღაურებინა საწარმოსათვის თანხა, მაშასადამე, მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით, საწარმო ვალდებული იყო, მედიკამენტები გაეცა და, ამის თაობაზე, შესაბამისი მტკიცებულებები წარედგინა მერიისათვის 2012 წლის 6 აპრილის ჩათვლით.

22. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საწარმომ მერიას საპრეტენზიო წერილით მიმართა 2014 წლის 7 აპრილს, მერიის მიერ განსაზღვრული და საწარმოსათვის მისაღები (რადგან ეს უკანასკნელი საკუთარი მოქმედებით, მედიკამენტების გაცემით დაეთანხმა მერიის საგარანტიო წერილს) სამთვიანი ვადის დარღვევით, 2 წლის შემდეგ, ამასთან, ვადის გადაცილებით გაგზავნილი წერილისთვისაც არ დაურთავს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მოქალაქეს 2000 ლარის ღირებულების კონკრეტული სახის მედიკამენტები გადაეცა. საწარმოს საპასუხო პოზიცია, რომ მერიის საგარანტიო წერილში არ იყო მითითებული, თუ რა სახის მტკიცებულებები უნდა წარედგინა მოწინააღმდეგე მხარეს კასატორისათვის, ვერ აბათილებს იმ ვალდებულებას, რომ მხოლოდ „შესაბამისი დოკუმენტაციის“ წარდგენის შემთხვევაში ჩაერიცხებოდა საწარმოს თანხა, რაც სპეციალურად შეთანხმებული პირობა იყო მხარეებს შორის. საწარმოს საპრეტენზიო წერილი არ შეიცავს რაიმე მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 5 იანვრის შემდეგ, რაც საწარმო მოქალაქეს მედიკამენტებით დაეხმარა, მან საგარანტიო წერილით განსაზღვრულ სამთვიან ვადაში მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც მითითებულია წინამდებარე განჩინების მე-8-მე-10 და მე-15 პუნქტებში.

23. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საგარანტიო წერილიდან გამომდინარე პრეტენზია, საწარმომ კანონმდებლობით დადგენილ სამწლიან ვადაში წარადგინა და მისი მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული. საკასაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტში შეაფასა მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც კონკრეტულ პირობებზე იყო შეთანხმებული (იხ. ამ განჩინების 20-21 პუნქტები), მათ შორის - სპეციალური დათქმა იყო ვადაზე.

24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის კანონით დადგენილია საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტით ფუნქციონირება, მისი დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საკუთარი შემოსულობებით, ასევე, სხვა, კანონით დადგენილ ფარგლებში, დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით. სოციალური პროგრამების ფარგლებში, გარკვეული თანხის გაღება წინასწარ არის დაგეგმილი და განსაზღვრული თანხის გაცემის მიზნობრიობა ზედმიწევნითი სიზუსტით უნდა დგინდებოდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ად ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს "მ-ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს "მ-ის" მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად; შპს "მ-ს" დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 27 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 50 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: საგადახდო დავალება #0, მიმღების დასახელება, ანგარიში/სახაზინო კოდი 300063150;

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე