Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე № ას-679-645-2015 19 ნოემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2008 წლის 25 თებერვალს სს ”ს-სა” (შემდეგში მოსარჩელე, ბანკი, გამსესხებელი ან კრედიტორი) და ნ. ბ-ეს (შემდეგში მოპასუხე, კლიენტი, მსესხებელი ან მოვალე) შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება №458770 (შემდეგში - საბანკო ხელშეკრულება), რომლის თანახმად, ბანკმა მოპასუხეს მისცა ავტოსესხი - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, 48 თვით, წლიური საპროცენტო 15%-ისა და, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ის პირგასამტეხლოს დარიცხვით. ბანკმა მოპასუხეს მისცა ასევე სადაზღვევო სესხი 1 202,12 (ათას ორას ორი აშშ დოლარი და 12 ცენტი) აშშ დოლარი, 48 თვით, წლიური 18%-ის დარიცხვით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 623-ე, 867-ე მუხლები).

2. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავდა მოვალის კუთვნილი ავტომანქანა NISSAN TIIDA , სახელმწიფო ნომრით … (სსკ-ის 254-ე მუხლი).

3. მოვალეს ბანკმა დაუმტკიცა, ასევე, საკრედიტო ბარათი, რომელზეც დარიცხული იყო 1300 (ათას სამასი) აშშ დოლარი.

4. 2008 წლის 25 თებერვლის საბანკო ხელშეკრულების 4.1.10 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ კლიენტის მიერ ხელშეკრულების ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, ბანკს ენიჭებოდა უფლებამოსილება, დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა უზრუნველყოფის სახით მიღებული ქონების რეალიზაციის გზით ან სხვა კანონიერი საშუალებით, ხოლო მოვალე ვალდებული იყო დაუყოვნებლივ გადაეცა ბანკისათვის ქონება და მისთვის, გონივრულ ფარგლებში, გაეწია მოთხოვნილი სხვა დახმარება.

5. ხელშეკრულების 4.1.11. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დააკმაყოფილებდა ბანკის მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილი იყო, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, აღსრულება მიექცია მსესხებლის სხვა ქონებაზე.

6. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით.

7. კრედიტით სარგებლობის პერიოდში, მსესხებელმა არ გადაიხადა თანხა შეთანხმებული გრაფიკისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რითაც დაარღვია საბანკო ხელეშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შედეგად მას წარმოეშვა დავალიანება.

8. 2010 წლის 8 ოქტომბერს ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმდა შეთანხმება გირავნობის საგნის კრედიტორისათვის ნებაყოფლობით გადაცემის შესახებ. მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოვალე თანახმა იყო კუთვნილი ავტომანქანა (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი), გადაეცა ბანკისათვის მისი შემდგომი განკარგვის, საკუთრებაში აყვანის და მესამე პირისათვის გადასაცემად. ასევე, მსესხებელი ეთანხმებოდა გირავნობის საგნის რეალიზაციის ბანკში მიღებულ წესსა და ამ წესის შესაბამისად, რეალიზაციის ბანკში მიღებულ წესს და ამ წესის შესაბამისად, რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას, რომლითაც შემდგომში შემცირდებოდა მისი სასესხო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც იყო ავტომანქანა. 2010 წლის 19 ოქტომბრის აქტით ავტომანქანის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 6 000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარით.

9. დაგირავებული ავტომანქანა გაიყიდა 2013 წლის 30 აპრილს და რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ შეადგინა 4 000 აშშ დოლარი. ამ თანხით დაიფარა მოგირავნის ფულადი მოთხოვნა, კერძოდ: სადაზღვევო სესხი დაიფარა სრულად - 1 665,36 აშშ დოლარით, ავტოსესხზე შემცირდა სესხის ძირითადი თანხა - 2 310,08 აშშ დოლარით.

10. 2014 წლის 19 მარტს ბანკმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოვალის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის 18 218.9 აშშ დოლარის დაკისრება, კრედიტორის სასარგებლოდ.

11. საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბანკის სარჩელი და, მის სასარგებლოდ, საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1 351,83 აშშ დოლარის გადახდა მოვალეს დაეკისრა, ასევე - საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების-13 267,07 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა - 8 693,06 აშშ დოლარი, სარგებელი - 4 174,01 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 400 აშშ დოლარი. მოვალეს დაეკისრა კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 944,19 ლარის ანაზღაურება .

12. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დაასკვნა, რომ სესხის გატანიდან გადაწყვეტილების მიღებამდე, მსესხებელმა სადავო თანხიდან გადაიხადა ძირითადი თანხა - 1 306,94 აშშ დოლარი, სარგებელი - 1 516,08 დოლარი და პირგასამტეხლო - 569,97 აშშ დოლარი.

13. სასამართლომ დაადგინა, რომ მსესხებლის დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენდა სულ 18 218,9 აშშ დოლარს, საიდანაც საკრედიტო ბარათის დავალიანება იყო 1 351,83 აშშ დოლარი, ავტოსესხისათვის - 16 867,07 აშშ დოლარი, რაშიც შედის ძირითადი თანხა - 8 693,06 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 4 174,01 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 4 000 აშშ დოლარი.

14. ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 316-317-ე, 361-ე, 867-ე, 623-ე, 361-ე, 403-ე, 404-ე, 411-ე, 254-ე, 276-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე მუხლებზე.

15. მოვალემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

16. სააპელაციო საჩივარში მოვალე რამდენიმე გარემოებაზე უთითებდა:

სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, უფრო მეტიც, ზოგიერთ მათგანზე საერთოდ არ უმსჯელია; კერძოდ, სასამართლომ არ შეაფასა მხარეთა შეთანხმება გირავნობის საგნის კრედიტორისათვის ნებაყოფლობით გადაცემაზე, რაც აისახა 2010 წლის 08 ოქტომბერს შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში, იმავე წლის 19 ოქტომბრის აქტში დაფიქსირებულია ავტომანქანის შეფასება (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი). ბოლოს კრედიტი მოვალემ გადაიხადა 2009 წლის 31 მარტს. აღნიშნული პერიოდიდან, ხელშეკრულების 4.1.17. პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, კრედიტორს წარმოეშვა მოთხოვნის რეალიზაციის უფლება, საიდანაც დაიწყო ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ამასთან, კრედიტორმა მოვალისაგან 2010 წლის 8 ოქტომბერს ნებაყოფლობით მიიღო გირავნობის საგანი და შეაფასა 6 000 აშშ დოლარად. შესაბამისად, ამ დროისათვის ბანკისათვის უკვე ცნობილი იყო უფლების დარღვევის შესახებ, რა დროსაც ის უფლებამოსილი იყო, სარჩელის აღძვრით დაეცვა საკუთარი უფლებები სასამართლოში; კრედიტორმა მოვალის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 2014 წლის 19 მარტს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გამხდარიყო.

17. სარჩელის ხანდაზმულობაზე აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოშივე უთითებდა და აღნიშნავდა, რომ მან 2009 წლის დასაწყისში შეწყვიტა ვალდებულების შესრულება, 2010 წლის ოქტომბრის შეთანხმებით, მოვალემ ნებაყოფლობით გადასცა კრედიტორს დაგირავებული ავტომანქანა, სესხის ხელშეკრულება ვადამდე შეწყდა, კრედიტორის მოთხოვნაზე გასული იყო სამწლიანი ვადა. (ს.ფ.63-64).

18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, ბანკის სარჩელი მოვალის წინააღმდეგ, თანხის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა; მოვალის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 061 ლარის გადახდა კრედიტორს დაეკისრა.

19. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

20. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა:

20.1. სესხის გატანიდან მსესხებელმა გადაიხადა ძირითადი თანხა - 1 306,94 აშშ დოლარი, სარგებელი - 1 516,08 დოლარი და პირგასამტეხლო - 569,97 აშშ დოლარი;

20.2. 2010 წლის 8 ოქტომბერს კრედიტორისა და მოვალის შეთანხმების ( იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი) შემდეგ, მოვალემ საკრედიტო დავალიანების გამო, ბოლოს 2009 წლის 31 მარტს გადაიხადა კრედიტი. სასამართლომ მიუთითა, რომ ამ ფაქტობრივ გარემოებაზე მხარეები არ დავობენ;

20.3. 2010 წლის 8 ოქტომბრისათვის ბანკისათვის ცნობილი იყო მისი დარღვეული უფლების თაობაზე;

20.4. ბანკმა მოვალის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა 2014 წლის 19 მარტს, დარღვეული უფლების შეტყობიდან (2010 წლის 8 ოქტომბრიდან) 3 წლის გასვლის შემდეგ;

20.5. ხანდაზმულობის ფაქტზე მოპასუხემ საქმის განხილვის მომზადების ეტაპზევე მიუთითა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ბანკის სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია და გადაწყვეტილება დააფუძნა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 867-ე, 623-ე, 403-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 131-ე მუხლებზე.

22. ბანკმა საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

22. 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული და არსებული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;

22.2. სასამართლომ არ იმსჯელა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომელთა სათანადოდ შეფასების შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა, კერძოდ, არ იმსჯელა საკრედიტო ბარათზე, რომლის დავალიანებაც აღიარა მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში. საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის შესაბამისად ბოლო ბრუნვა ფიქსირდება 18.07.2011 წელს;

22.3. ავტოსესხზე და სადაზღვევო სესხზე ბოლო გადახდა ფიქსირდება 2013 წლის 30 აპრილს, როდესაც მოხდა მოვალის მიერ ბანკისათვის გადაცემული ავტომანქანის რეალიზაცია. ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დააკმაყოფილებდა ბანკის მოთხოვნას, კრედიტორი უფლებამოსილი იქნებოდა, აღსრულება მიექცია მსესხებლის სხვა ქონებაზე, ეს უფლება ბანკმა სარჩელის აღძვრის გზით გამოიყენა. ავტომანქანის რეალიზაცია გაჭიანურდა მოპასუხის ბრალით, იმის გამო, რომ იგი რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში. უდავო ფაქტია, რომ ავტოსესხსა და სადაზღვევო სესხზე დავალიანების დაფარვის ბოლო დღე იყო 2013 წლის 30 აპრილი, როდესაც ავტომანქანის რეალიზაციით დაიფარა სადაზღვევო სესხი და შემცირდა ავტოსესხი, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ამ თარიღიდან უნდა აითვალოს.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის განჩინებით ბანკის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე წლის 23 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილია დასაშვებად, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო, საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და საქმის შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, ბანკის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის პრეტენზიაზე, რომელიც ეხება მოვალის მიერ საკრედიტო ბარათზე არსებულ დავალიანებასა და, ბარათის ანგარიშზე, საბანკო ამონაწერის მიხედვით, მოვალის მიერ 2011 წლის 18 ივლისს გადახდილ თანხას; ასევე, კასატორი უთითებს ავტოსესხისა და სადაზღვევო სესხისათვის მოვალის მიერ გადახდილი დავალიანების თარიღზეც - 2013 წლის 30 აპრილზე (იხ. ამ განჩინების 22.2 და 22.3 ქვეპუნქტები). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე (სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი), კერძოდ, საკასაციო სამართალწარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი]. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია საქმის მასალებში განთავსებული მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევა და შეფასება, კერძოდ, ს.ფ. 38 საბანკო ამონაწერის, რომელზეც დაფიქსირებულია 18.07.2011 წელს კრედიტის დაფარვის პირგასამტეხლოს გადახდის ფაქტი და ს.ფ. 45-ის, რომელზეც მითითებულია 30.04.2013 წელს სესხის დაფარვის ფაქტი. საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თვითონ იკვლიოს ფაქტები, თუმცა, აღსანიშნავია, რომ დასახელებული მტკიცებულებების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ვინაიდან მითითებული ს.ფ. 38 არის მოვალის პირადი ანგარიშიდან ნაერთი ამონაწერის ნაწილი, ხოლო ს.ფ. 45-ზე მხოლოდ მითითებაა, რომ არის სესხების დაფარვები და მოცემულია ქრონოლოგია გადახდებისა, ამის მიხედვით, ბოლო ბრუნვა ფიქსირდება 2009 წლის 31 მარტს, ხოლო 2013 წლის 30 აპრილს გრაფაში „პროცენტი“ მითითებულია 2 310.08 აშშ დოლარი, ხოლო ძირითადი თანხისა და ჯარიმის გრაფებში აღნიშნულია 0.00.

25. საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა (სსსკ-ის 412-ე მუხლი). კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, გამოსაკვლევია, საკრედიტო ბარათით სარგებლობისათვის, მოვალეს რა თანხა (ძირითადი თანხა, სარგებელი და სხვ.) და როდის აქვს გადახდილი, ასევე, გამოსაკვლევია, წინამდებარე გაჩინების 24-ე პუნქტში მითითებული ფაქტი 2013 წლის 30 აპრილს, „პროცენტის“ დარიცხვა ფიქსირდება მოვალეზე, თუ მოვალის მიერ სარგებლის გადახდა.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დამატებით უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს, საქმის მასალებში განთავსებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულება # 458770, 25.02.2008 თავისი დანართით (ს.ფ.14-27), კერძოდ, დასადგენია საკრედიტო ბარათი დაკავშირებული იყო თუ არა ბანკის მიერ გაცემულ ავტოსესხთან, თუ დამოუკიდებელი საბანკო პროდუქტი იყო და ბარათზე გადახდები არ უკავშირდებოდა ავტოსესხისათვის კლიენტის მიერ გადახდილ თანხებს. სწორედ ამ კონტექსტშია შესასწავლი წინამდებარე განჩინების 25-ე პუნქტში მითითებული მტკიცებულებებიც. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ დასაბუთებაში (4.5 – 4.20 ქვეპუნქტები, ს.ფ. 174-177) ნათლად არ ჩანს კლიენტის მიერ ავტოსესხის გამოტანასა და დამტკიცებული საკრედიტო ბარათით სარგებლობას შორის კავშირი. კასატორი სწორედ საკრედიტო ბარათით სარგებლობაზე უთითებს (იხ. ამ განჩინების 24-ე პუნქტი) და აცხადებს, რომ კლიენტმა ბარათზე არსებული დავალიანება აღიარა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე (იხ. 19.08.2014, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის19 აგვისტოს სხდომის ოქმი 11:46:54 -დან).

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების აუცილებლობა განპირობებულია გადაწყვეტილების მართებულად დასაბუთებისათვის. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ბანკის საკასაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო განაცხადი და საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს-ის "ს-ი" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 მაისის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად;

3. კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე