საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-865-815-2015 26 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2011 წლის 22 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა (შემდეგში მეიჯარე, სამინისტრო, მოსარჩელე ან კასატორი) და ს. მ-ეს (შემდეგში მოიჯარე, მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 59-63). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ჯ-ის ქ. №74-76-78-80-ში მდებარე უძრავი ქონების იჯარით გაცემა [ქონების მახასიათებლებია: 2051 კვ.მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 71.60 კვ.მეტრი ფართი]. წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 3700 ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 3 წელი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 581-ე მუხლი).
2. ხელშეკრულების 6.6 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი დაჯარიმდებოდა საიჯარო ქონების ღირებულების 10 %-ით.
3. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, დადგენილი საიჯარო ვადის გასვლის შემთხვევაში, საიჯარო შენობა-ნაგებობებისა და მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების გადაცემა მოხდებოდა ქონების აღწერის ოქმის საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო 9.2. პუნქტის თანახმად, თუკი მოიჯარე, საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ, არ დააბრუნებდა იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეეძლო, მოეთხოვა დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის. მეიჯარეს შეეძლო, მოეთხოვა სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.
4. მეიჯარემ 2014 წლის 19 სექტემბერს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოიჯარის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის - 3600 ლარის დაკისრება სსკ-ის 591-ე მუხლის საფუძველზე (იხ. სარჩელი, ს.ფ. 1-14).
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით მეიჯარის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას გამოიყენა სსკ-ის 316-317-ე, 581-ე, 591-ე, 394-ე, 412-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლები.
7. სასამართლომ დადგენილად ცნო განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ 2011 წლის 22 მარტის იჯარის ხელშეკრულება მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს არ შეიცავდა და არც ამ ხელშეკრულების რომელიმე სხვა მუხლით იყო დადგენილი, ვადის გასვლის შემდეგ, საიჯარო ქონების დაბრუნების წესი.
8. სასამართლომ მიუთითა, რომ მეიჯარესა და მოიჯარეს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2014 წლის 22 მარტს ამოიწურა. ვადის გასვლამდე, 2014 წლის 11 მარტს, მეიჯარემ წერილით აცნობა მოიჯარეს, რომ იჯარის ხელშეკრულების თანახმად, უნდა დაებრუნებინა საიჯარო ქონება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით, დაეკისრებოდა საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაყოვნებისათვის.
9. სასამართლომ აღნიშნა, რომ უპირობო აუქციონის ფორმით, პრივატიზებისას, 2014 წლის 6 მაისს მეიჯარესა და ფიზიკურ პირს - გ. ბ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება №22. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება, რომელიც მითითებულია იჯარის საგნად წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში. იგივე უძრავი ქონება, 2014 წლის 30 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გ. ბ-ისაგან შეიძინა ყოფილმა მოიჯარემ.
10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოიჯარეს მეიჯარისადმი, 2011 წლის 22 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირის დავალიანება არ ერიცხებოდა. მას საიჯარო ქირა გადახდილი ჰქონდა იჯარით გადაცემული ქონებით სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
11. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, იჯარის ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა შორის სადავო იყო ქონების დაუბრუნებლობით მიყენებული, სხვა ზიანის ანაზღაურების საკითხი.
12. სასამართლომ აღნიშნა, რომ მეიჯარისათვის მოიჯარეს ქონება უნდა დაებრუნებინა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. ხელშეკრულების 9.1 პუნქტი იჯარის საგნის დაბრუნებისათვის უთითებდა ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ წესზე. აღნიშნულ პუნქტსა და ქონების დაბრუნების წესს ხელშეკრულება არ შეიცავდა. ხელშეკრულების 9.2. პუნქტი კი, ადგენდა დათქმული საიჯარო ქირის გადახდას, ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის. მეიჯარეს შეეძლო, მოეთხოვა სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი). მხარეები არ დავობდნენ ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის დათქმული საიჯარო ქირის გადახდაზე. მეიჯარე ითხოვდა მხოლოდ, სხვა ზიანის სახით, 3600 ლარის ანაზღაურებას.
13. სასამართლომ მიიჩნია, რომ მეიჯარეს ეკისრებოდა, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მას უნდა დაემტკიცებინა, რომ: მოიჯარის ქმედება არამართლზომიერი იყო, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოიჯარის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობდა ადექვატური მიზეზობრივი კავშირი და ამ ზიანის მოცულობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებით, მეიჯარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა მის მიერ მოთხოვნილი ზიანის არსებობის ფაქტსა და ზიანის ოდენობას, შესაბამისად, მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
14. მეიჯარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
15. სააპელაციო საჩივარში მეიჯარე უთითებდა,რომ:
15.1 არ ეთანხმებოდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობას, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად შესაბამისი მტკიცებულებები. მეიჯარის მტკიცებით, სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა, მოიჯარემ ქონება საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ დააბრუნა თუ არა, რასაც საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა;
15.2. იჯარის ხელშეკრულებაში არ იყო გაწერილი ქონების დაბრუნების წესი, ვინაიდან კანონიდან გამომდინარეობდა, რომ მოიჯარეს ხელშეკრულების გასვლის შემდეგ, მეიჯარისათვის საიჯარო ქონება უნდა დაებრუნებინა (სსკ-ის 581-ე მუხლის მეორე ნაწილი, 559-ე მუხლის პირველი ნაწილი, 564-ე მუხლები). იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების საგანი არ დაბრუნდებოდა, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების 6.6. პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტის თანახმად. აღნიშნული გარემოება სასამართლოს არ შეუფასებია, ვინაიდან მიიჩნია, რომ სამინისტრო ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა, რაც არ იყო დასაბუთებული. მეიჯარის მოსაზრებით, მისი სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდებოდა ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1. პუნქტის დარღვევას, ხელშეკრულების 6.6. პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტის თანახმად.
15.3. საქალაქო სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად არ მიიჩნია, რომ მოიჯარეს 2014 წლის 30 ივნისის N01-9/2900 წერილით ეცნობა, ხელშეკრულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, ამავე ხელშეკრულების 6.6. პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტის თანახმად, ჯარიმის, 3600 ლარის დარიცხვის შესახებ, რომლის გადასახდელად 2014 წლის 15 ივლისამდე მიეცა ვადა. მეიჯარის განმარტებით, ამ წერილით უდავოდ დგინდებოდა, რომ იგი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, ითხოვდა პირგასამტეხლოს (ჯარიმას), რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა, ვინაიდან მხარეთა შორის ურთიერთობა მოწესრიგებული იყო ორმხრივი გარიგებით.
15.4. საქალაქო სასამართლომ არ შეაფასა საიჯარო ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმების შინაარსი, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი იყო.
15.5. საქალაქო სასამართლომ, ასევე, არ იმსჯელა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობის ზომებზე, კერძოდ, ხელშეკრულების 9.1. პუნქტზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი), საიჯარო ქონების დაბრუნების თაობაზე, რაც არ შესრულდა. უფრო მეტიც, მოიჯარეს მეიჯარისათვის არც კი უცნობებია ქონების გამოთავისუფლების თაობაზე და იგი აგრძელებდა ამ ქონებით სარგებლობას.
15.6. მოიჯარეს ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის გადახდილი აქვს საიჯარო ქირა, მაგრამ მან დაარღვია ქონების დაბრუნების ვალდებულება, რის გამოც, ხელშეკრულების შესაბამისად, გადასახდელი ჰქონდა პირგასამტეხლო - 3600 ლარი, რაც მან არ გადაიხადა.
16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივნისის განჩინებით მეიჯარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება.
17. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ 2014 წლის 8 მაისს მეიჯარემ წერილობით მიმართა მოიჯარეს და მიუთითა 2011 წლის 22 მარტს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 9.2. პუნქტზე (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი). 2014 წლის 23 მარტიდან 2014 წლის 25 აპრილამდე (აუქციონის დასრულებისა და გამარჯვებულის გამოვლენის დრომდე) პერიოდში მოიჯარის მიერ გადასახდელმა ქირამ შეადგინა 334,52 ლარი, საიდანაც მოიჯარეს, 2014 წლის 22 მარტისათვის, ზედმეტად ჰქონდა გადახდილი 166,92 ლარი, შესაბამისად, ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენდა 167,60 ლარს, რაც მოიჯარემ გადაიხადა.
18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მოიჯარეს, 2011 წლის 22 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირის დავალიანება არ ერიცხებოდა. მას საიჯარო ქირა გადახდილი ჰქონდა იჯარით გადაცემული ქონებით სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
19. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების 6.3. (მოიჯარის ვალდებულებები), 6.6. (ჯარიმა) პუნქტებზე, ჯარიმა გათვალისწინებული იყო მოიჯარის მიერ ხელშეკრულების 6.3. პუნქტით დადგენილი ვალდებულებების დარღვევისათვის და არა 9.2. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისათვის.
20. სასამართლომ 6.6. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მიუთითა, რომელიც ითვალისწინებდა საჯარიმო სანქციას მაშინ, როდესაც მოიჯარე არ გადაიხდიდა საიჯარო ქირას, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ საიჯარო ხელშეკრულების ერთ -ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენდა იჯარის საგნის მოიჯარისათვის გადაცემა და, შეთანხმებული ფორმით, მოიჯარის მიერ საიჯარო თანხის მეიჯარისათვის გადახდა, ანუ ჯარიმის პირველი ნაწილი ეხებოდა თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციას. რაც შეეხება 6.6. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს, ის გულისხმობდა შემთხვევას, როდესაც მოიჯარე არ ასრულებდა, ან არაჯეროვნად ასრულებდა 6.3. პუნქტით ნაკისრ ვალდებულებებს, ვინაიდან ამ პუნქტში გათვალისწინებული იყო მოიჯარის ძირითადი ვალდებულებები და შესაბამისად, მათი დარღვევისათვის იყო დადგენილი „ბ“ პუნქტით ჯარიმა და არა 9.2. პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისათვის. უფრო მეტიც, მე-9 მუხლი ეხებოდა, მხარეებს შორის იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, ქონების დაბრუნების წესს. ხელშეკრულების 9.1. პუნქტის დანაწესის შესაბამისად, ხელშეკრულებით დადგენილი საიჯარო ვადის გასვლის, ან მე-8 მუხლის შესაბამისად, მისი გაუქმების შემთხვევაში, საიჯარო შენობა-ნაგებობა და მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი უნდა გადაცემულიყო ქონების აღწერის ოქმის საფუძველზე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, ასეთი პუნქტი კი ხელშკრულებით არ იყო გათვალისწინებული(იხ. ამ განჩინების მე-3 და მე-12 პუნქტები).
21. სხვა ზიანის ანაზღაურების შესახებ მეიჯარის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ ეს არცერთ შემთხვევაში არ უკავშირდებოდა იჯარის ხელშეკრულების 6.6. პუნქტის დანაწესს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული განსაზღვრული უნდა ყოფილიყო გარიგებით.
22. სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოიჯარემ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რასაც მეიჯარეც ადასტურებდა თავისი წერილებით. ამ წერილებში სამინისტრო აღნიშნავდა, რომ მოიჯარეს სრულად ჰქონდა გადახდილი საიჯარო თანხა, ხოლო იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, საიჯარო ფართის დაბრუნების დაყოვნებისათვის, დაეკისრებოდა მხოლოდ მხარეთა შორის შეთანხმებული საიჯარო ქირის გადახდა, რასაც დათანხმდა კიდეც მოიჯარე და, ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის, გადაიხადა საიჯარო ქირა.
23. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 408-412-ე მუხლების დანაწესის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურება პირს შეიძლებოდა დაჰკისრებოდა, თუ სახეზე იქნებოდა შემდეგი აუცილებელი ოთხი პირობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, ქმედებასა და ამ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი, ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ დავაში, მოიჯარის მიერ ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელი არცერთი პირობა ობიექტურად არ არსებობდა.
24. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა სსკ-ის 50-ე, 361-ე, 394-ე, 408-412-ე მუხლები, სსსკ-ის 102-ე მუხლი.
25. მეიჯარემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
26. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:
26.1. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, არ შეაფასეს ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგად, პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ხელშეკრულების შესაბამისად, პირგასამტეხლოს ნაცვლად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ზიანის ანაზღაურებაზე მაშინ, როდესაც მხარე სადავოდ ხდიდა, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრებას. კასატორის აზრით, საქმეზე სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად, სავალდებულოა შეფასდეს, თუ რამდენად შეასრულა მოიჯარემ ხელშეკრულების პირობები, და საერთოდ შეასრულა თუ არა იგი ჯეროვნად, შეთანხმებულ დროსა და ადგილას; ასეთი შეფასების პირობებში, დადგინდება მოიჯარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, როდესაც დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონება, მეიჯარის თხოვნის მიუხედავად, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მან არ დააბრუნა. ამის გამო, იჯარის ხელშეკრულების 6.6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოიჯარეს უნდა დაერიცხოს ჯარიმა (პირგასამტეხლო), ქონების ღირებულების -3600 ლარის 10%.
26.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მართებულად,კერძოდ: იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ქონების დაბრუნების წესის დათქმის (ჩანაწერის) არარსებობის თაობაზე (იხ წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტი). კასატორის მოსაზრებით, საიჯარო ურთიერთობის დასრულებისთანავე, მოიჯარე ვალდებულია, დააბრუნოს ქონება და უთითებს სსკ-ის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 564-ე მუხლზე. ამდენად, იჯარის ხელშეკრულებაში ქონების დაბრუნების წესის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოიჯარის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, მაშინ, როდესაც მხარეები იჯარის ხელშეკრულების 6.6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეთანხმებული იყვნენ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდაზე.
26.3. კასატორის მოსაზრებით, დავის საგანს წარმოადგენდა მოიჯარისათვის მხოლოდ პირგასამტეხლოს და არა სხვა საფუძვლით რაიმე თანხის დაკისრება. ქვემდგომი სასამართლოები გასცდნენ დავის საგანს და იმსჯელეს ქონების დაბრუნების წესზე, მისი დაუბრუნებლობის შედეგად მიყენებულ ზიანზე, თუმცა, არ უმსჯელიათ სსკ-ის 417-ე მუხლზე.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, მეიჯარის საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მეიჯარის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძველი სახეზე არ არის.
30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
31. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:
33.1. კასატორის პრეტენზიის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს, მოიჯარისათვის, იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, საიჯარო ქონების ღირებულების 10 %-ის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე სააპელაციო სასამართლოს უარყოფითი გადაწყვეტილების მართებულობა.
33.2. დადგენილია, რომ 2011 წლის 22 მარტს მეიჯარესა და მოიჯარეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი), რომლის ფარგლებში უნდა შეფასდეს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობა.
33.3. კასატორი სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ მოიჯარემ, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, იჯარით გადაცემული ქონება არ დააბრუნა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, საიჯარო ქონების ღირებულების 10 %.
34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები იჯარის ვადის გასვლის შემდეგ, ქონების დაბრუნების წესზე შეთანხმდნენ ხელშეკრულების 9.1. პუნქტით, ხოლო 9.2. ქვეპუნქტის შესაბამისად კი, თუკი მოიჯარე, საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ, არ დააბრუნებდა იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეეძლო, მოეთხოვა დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეეძლო მოეთხოვა სხვა ზიანის ანაზღაურებაც (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი).
35. დადგენილია და სადავო არაა ის ფაქტი, რომ მოიჯარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, საიჯარო ქონებით სარგებლობისათვის, მეიჯარეს გადაუხადა საიჯარო ქირა, ამდენად შესაფასებელია, აღნიშნული ქონების დაუბრუნებლობამ მიაყენა თუ არა კასატორს რაიმე სახის ზიანი.
36. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
37. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მისივე პრეროგატივაა. საქმის მართებულად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
38. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის მატარებელმა კასატორმა ვერ დაადასტურა, მოპასუხის ბრალეულობის შედეგად, მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობაზე მიუთითებს.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივრის ავტორს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან („სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე