Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-906-856-2015 12 ნოემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ა. ქ-უ(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2014 წლის 30 ივნისს, ა. ქ-უსა (შემდეგში გამქირავებელი ან მესაკუთრე) და შპს ,,ვ-ს’’ (შემდეგში - დამქირავებელი ან საწარმო) შორის გაფორმდა ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულება, 1 წლით; მხარეთა შორის წლიური ქირა განისაზღვრა 1200 (ათას ორასი) ლარით, გადასახადების გარეშე. ხელშეკრულებით გამქირავებელმა, მის საკუთრებაში არსებული BMW-X5 ტიპის ავტომობილი სახ. ნომრით B..., მიაქირავა საწარმოს; მოძრავი ნივთის დამქირავებლისათვის გადაცემა დადასტურდა, ხელშეკრულების ხელმოწერის დღესვე, მიღება-ჩაბარების აქტით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 531-ე, 532-ე მუხლები; იხ. ხელშეკრულება და მიღება- ჩაბარების აქტი, ტ.1,ს.ფ. 20-23)

2. 2014 წლის 3 აგვისტოს, დამქირავებელმა ნაქირავები მანქანა ერთი დღით, 03.08.2014 წლის 16 სთ-დან, 04.08.2014. 16 სთ-მდე, ქირავნობით, დროებით სარგებლობაში, გადასცა მ. ქ-ეს (შემდეგში მფლობელი), რაც დადასტურდა მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებითა და მიღება - ჩაბარების აქტით. ქვექირავნობაზე არც ქირავნობის ხელშეკრულებაში ყოფილა რაიმე დათქმა და არც დამქირავებელს მიუმართავს გამქირავებლისათვის თანხმობის მისაღებად (იხ. სსკ-ის 549-ე მუხლი).

3. მფლობელმა დაქირავებული ავტომობილი სამართავად გადასცა თავის შვილს ნ. ქ-ეს (შემდეგში მფლობელის შვილი), ხოლო ამ უკანასკნელმა კი ავტომობილი ათხოვა თავის მეგობარს - გ. გ-ის (შემდეგში - მართვის უფლების არმქონე ან სამართალდამრღვევი მძღოლი), რომელმაც უშუალოდ მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა.

4. 2014 წლის 4 აგვისტოს შედგენილი საჯარიმო ქვითრებით დადგენილია, რომ ამავე დღეს, მფლობელის შვილმა, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, გადასცა ავტომობილი მართვის უფლების არმქონე მძღოლს, რომელსაც შეემთხვა ინციდენტი.

5. დადგენილია, რომ 2014 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით 17:15 წუთზე სამტრედია-სუფსის საავტომობილო გზატკეცილზე, კერძოდ, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯაპანაში, რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობისას, უკანა მხრიდან, ვინმე დ. გ-ის (შემდეგში დაზარალებული მძღოლი) კუთვნილ ავტომობილს (მერსედესი ML სახ. ნომრით B...), რომელსაც თვითონ დაზარალებული მართავდა, დაეჯახა BMW-X5 ტიპის ავტომობილი სახ. ნომრით B... (რომელიც გამქირავებლის საკუთრებაა), ხოლო საჭესთან იჯდა მართვის უფლების არმქონე მძღოლი.

6. 2014 წლის 27 აგვისტოს სასაქონლო ექსპერტიზის №... დასკვნით (ტ.1., ს.ფ. 37-43) დადგენილია, რომ 2003 წელს გამოშვებული ავტომანქანის MERSEDES-BENZ ML 350-ის, სახ. ნომრით B..., საშუალო საბაზრო ღირებულება, საქმის სასამართლოში განხილვის დროისათვის, შეადგენდა 15 500 ლარს.

7. 2014 წლის 22 აგვისტოს ავტოტექნიკური ექსპერტიზის №188/ა დასკვნით დადგენილია, რომ მოცემულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, მძღოლის მოქმედება არ შეესაბამებოდა ’’საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე - 11 პუნქტის მოთხოვნებს [იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მიჰყვება სხვა სატრანსპორტო საშუალებას, უნდა დაიცვას სათანადო დისტანცია, რათა თავიდან აიცილოს შეჯახება მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი დამუხრუჭების ან გაჩერების შემთხვევაში. მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია აგრეთვე გვერდითი ინტერვალის დაცვა], რომელთა დაცვის შემთხვევაში, არ მოხდებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. დაზარალებულ მძღოლს კი, კონკრეტულ შემთხვევაში, არ შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და, მის მოქმედებაში, დასახელებული კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნებოდა, ე.ი. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია მართვის უფლების არმქონე მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ.

8. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 2003 წლის გამოშვების ავტომობილზე MERSEDES-BENZ ML 350-ის, სახ. ნომრით B..., ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობამ, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგინა: 6426.00 (ექვსი ათას ოთხას ოცდაექვსი) ლარი.

9. 2014 წლის 4 აგვისტოს, სამართალდამრღვევი მძღოლისათვის ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მიღება - ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ ავტომანქანა MERSEDES-BENZ ML, 350-ის სახ. ნომრით B..., 2014 წლის 4 აგვისტოს, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, გადაიყვანეს შპს ’’გურია ავტოპარკის’’ სპეციალურ ავტოსადგომზე. დაზარალებულმა მძღოლმა გადაიხადა ავტომანქანის გადაყვანის, საჯარიმო ავტოსადგომზე დგომისა და ქუთაისში ტრასპორტირების ხარჯები, შესაბამისად, 275ლარი, 170 ლარი და 78 ლარი, სულ - 523 ლარი.

10. დაზარალებულმა მძღოლმა 2014 წლის 22 სექტემბერს სარჩელი აღძრა და პროცესუალურ მოწინააღმდეგეებად დაასახელა: სამართალდამრღვევი მძღოლი, ავტომანქანის მესაკუთრე, ავტომანქანის დამქირავებელი, მფლობელი და ამ უკანასკნელის შვილი. დაზარალებულმა მძღოლმა მოითხოვა მიყენებული ზიანის - 6426 ლარის სოლიდარულად ანაზღაურება. მანვე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა გამქირავებლის საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე: მოდელი - BMW X5, გამოშვების წელი-2003, სანომრე ნიშანი B..., საიდენტიფიკაციო ნომერი: W..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა A..., გაცემული 29.06.2014 ყადაღის დადება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 191- ე, 198-ე მუხლები).

11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა დაზარალებული მძღოლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და ყადაღა დაედო გამქირავებლის ავტომანქანას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტი). ამავე სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით (ტ.1., ს.ფ. 280-292) დაკმაყოფილდა დაზარალებული მძღოლის სასარჩელო მოთხოვნა და, მის სასარგებლოდ, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 6426 ლარის გადახდა, ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 240 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, ექსპერტიზის ხარჯების - 771.12 ლარის, გზავნილის ხარჯების - 59.4 ლარის, სულ 1643.52 ლარის გადახდა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას მიუთითა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 408-ე, 992-ე და 999-ე მუხლებზე, ასევე, სსსკ-ის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებზე.

12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მესაკუთრემ და დამქირავებელმა (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი). აპელანტებმა გასაჩივრების ფაქტობრივ საფუძვლებად მიუთითეს, რომ საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ, აპელანტს უწყება არ ჩაჰბარებია სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ არ დაადგინა ქონებრივი ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლის დასაბუთებისას, აპელანტებმა აღნიშნეს, რომ სსკ-ის 999-ე მუხლი სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელი და ერთგვარად საგამონაკლისო ხასიათის ნორმაა.

13. სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოების ეტაპზე, დაზარალებულმა მძღოლმა (მოსარჩელემ) 2015 წლის 23 ივნისს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, დაყადაღებული ავტომობილის ექსპლუატაციის აკრძალვა, რადგან იგი სარჩელის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენდა, თუმცა, ვინაიდან კვლავ ხდებოდა მისი ექსპლუატაცია, არსებობდა საფრთხე, განმეორებით მომხდარიყო ავტოსაგზაო შემთხვევა, რაც არა მხოლოდ შეამცირებდა ავტომანქანის ღირებულებას ისე, რომ დაკისრებულ თანხასაც ვერ უზრუნველჰყოფდა, შესაბამისად, არალიკვიდურს გახდიდა ნივთს.

14. სასამართლოს 2015 წლის 23 ივნისის განჩინებით (ტ.2., ს.ფ. 31-34) დაზარალებული მძღოლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და აიკრძალა წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული ავტომანქანის ექსპლუატაცია, იგი განთავსდა დაცულ ავტოსადგომზე.

15. დაყადაღებული ავტომანქანის მესაკუთრემ სააპელაციო სასამართლოში განცხადება შეიტანა მე-14 პუნქტში დასახელებულ განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება.

16. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინებით (ტ.2., ს.ფ. 85-89) არ დაკმაყოფილდა ავტომანქანის მესაკუთრის საჩივარი და ის, საქმის მასალებთან ერთად, 2015 წლის 14 სექტემბერს გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და საქმის მასალები, და მიიჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, უნდა დაკმაყოფილდეს ავტომანქანის მესაკუთრის საჩივარი შემდეგი მოტივაციით:

17. მოძრავი ნივთის მესაკუთრე საჩივრის საფუძვლებად უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 ივნისის განჩინება გამოტანილია მის დაუსწრებლად, ხოლო დაზარალებული მძღოლის განცხადება, სარჩელის დამატებით უზრუნველყოფის თაობაზე, განსახილველად დაეწერა იმავე მოსამართლეს, რომელსაც გადაეცა საქმე საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მატერიალურ - სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმება სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, შესაბამისად, მესაკუთრის მოთხოვნა, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე, განხილულ უნდა იქნეს ამ კომპეტენციის ფარგლებში და საკასაციო სასამართლო არ არის შებოჭილი მომჩივნის პოზიციითა და საჩივრის მოთხოვნის ფორმულირებით (სსსკ -ის 404-ე მუხლი).

19. მესაკუთრემ სამართლებრივი საფუძვლით გადასცა მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი დამქირავებელს (სსკ-ის 531-ე მუხლი), ხოლო ამ უკანასკნელმა, მართალია, დაარღვია გაქირავებული ნივთის ქვექირავნობით გადაცემის კანონმდებლობით დადგენილი წესი და, გამქირავებლის თანხმობის გარეშე, გააქირავა ავტომანქანა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლებრივად დაუსაბუთებელია დაზარალებული მძღოლის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე ნივთის მესაკუთრისა და დამქირავებლის მიმართ. განსახილველი საჩივრის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღების გამახვილება, თუ ვის მიმართ შეიძლება სასარჩელო მოთხოვნის დაყენება, რადგან საჩივრის საგანია სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენების მართლზომიერება, შესაბამისად, თუკი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოპასუხეთა ნაწილის მიმართ გამორიცხული იქნება, მაშინ, არც მათ ქონებაზე შეიძლება სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენება. განსახილველ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს, მოპასუხეთა შორის ვის ქონებაზე არის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული (სსსკ-ის 191-ე მუხლი, სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი).

20. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ყადაღა ადევს მესაკუთრის კუთვნილ ავტომანქანას და, დამატებითი უზრუნველყოფის სახით, აკრძალულია მისი ექსპლუატაცია, რის გამოც, ნივთი დაცულ ავტოსადგომზეა განთავსებული. სწორედ სარჩელის დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერებაა წინამდებარე განჩინების კვლევის საგანი.

21. სსკ-ის 992-ე მუხლით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, არც ავტომანქანის მესაკუთრეს და არც დამქირავებელს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახ ან გაუფრთხილებლობით არ მიუყენებიათ ზიანი დაზარალებული მძღოლისათვის, შესაბამისად, თუკი არ არსებობს წინაპირობა, რომ ნივთის მესაკუთრე და დამქირავებელი მოქმედებდნენ, რათა ზიანი მიეყენებინათ დაზარალებული მძღოლისათვის, არ არსებობს ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის შედეგადაც დგება ზიანი, მაშასადამე, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა იმ პირისაგან, რომელსაც არ განუხორციელებია ქმედება და არ წარმოიშვება ასეთი პირის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში, მესაკუთრისა და დამქირავებლის დელიქტური მოქმედება არ არსებობს, შესაბამისად, ისინი ვერ აირიდებდნენ იმ ინციდენტს, რომელსაც მათთან არ აქვს კავშირი, რაც, მათ მიმართ, დაზარალებულის მოთხოვნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს გამორიცხავს.

22. წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დადგენილია, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2014 წლის 4 აგვისტოს, შედეგად, დაზიანდა სხვა პირის კუთვნილი ავტომანქანა. საგზაო ინციდენტი გამოწვეული იყო მართვის უფლების არმქონე მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით. ამ უკანასკნელის ხელთ ავტომანქანა, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, აღმოჩნდა მეგობრისაგან, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე არამართლზომიერად ჰქონდა მამისგან (მფლობელისაგან) მიღებული დაქირავებული ავტომანქანა. ავტომანქანის მფლობელმა, თავისი მოქმედებით, ხელი შეუწყო ზიანის დადგომას, როდესაც დაქირავებული მანქანა, სიტყვიერი შეთანხმებით, გადასცა თავის შვილს, ამ უკანასკნელმა კი მეგობარს - მართვის უფლების არმქონე მძღოლს. შესაბამისად, ნივთის მესაკუთრისა და დამქირავებლის კავშირი დელიქტთან გამორიცხულია, აქედან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიება, რომლითაც გამქირავებლის საკუთრებად რეგისტრირებული ავტომანქანის ექსპლუატაცია აიკრძალა და მოძრავი ნივთი გადაიყვანეს დაცულ ავტოსადგომზე, უნდა გაუქმდეს, რადგან სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ ავტომანქანის მფლობელის, მისი შვილისა და მართვის უფლების არმქონე მძღოლის ქმედებიდან, მაღალი ალბათობით, სარჩელის დაკმაყოფილება შეუძლებელია ავტომანქანის მესაკუთრისა და დამქირავებლის წინააღმდეგ.

23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ სსკ-ის 992-ე და 998-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლებელია განხილული იქნეს ავტომანქანის მფლობელის, მისი შვილისა და სამართალდამრღვევი მძღოლის მიმართ; ავტომანქანის მესაკუთრისა და დამქირავებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები უნდა გამოირიცხოს შესაბამისი წინაპირობების არარსებობის გამო (იხ. ამ განჩინების 19-21 პუნქტები).

24. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებულია, რომ ქმედება, რომლითაც დარღვეულია საგზაო მოძრობის უსაფრთხოების წესები, ჩაიდინა მართვის უფლების არმქონე მძღოლმა და არა ავტომანქანის მესაკუთრემ და დამქირავებლმა. აქედან გამომდინარე, დასტურდება, რომ არ არსებობს მესაკუთრის, რომელმაც გააქირავა ავტომანქანა, და დამქირავებელი საწარმოს რაიმე მონაწილეობა, ჩართულობა და კავშირი ჩადენილ სამართალდარღვევასთან. ერთადერთი ქმედება, რაც მესაკუთრემ და დამქირავებელმა განახორციელეს, არის ქირავნობის ხელშეკრულებების გაფორმება, რაც კანონით აკრძალული არაა, ე.ი. არ არის მართლსაწინააღმდეგო.

25. 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, რაც მოცემულ შემთხვევაში, სავარაუდოდ ვერ დადგება ნივთის მესაკუთრისა და დამქირავებლის მიმართ,რადგან ქირავნობის ხელშეკრულებების გაფორმებით (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი), ნივთის მესაკუთრესა და დამქირავბელს ბრალი არ მიუძღვით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასა და სხვა პირის ავტომანქანის დაზიანებაში, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მათ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

26. სსკ-ის 998-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები; ხოლო ამავე ნორმის მეორე ნაწილით, ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით. მოხმობილი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ასევე, არ დგინდება ავტომანქანის მესაკუთრისა და დამქირავებლის მიერ რაიმე ფორმით ხელშეწყობა ზიანის დადგომაში, შესაბამისად, არ არსებობს ავტომანქნის მესაკუთრის მოძრავ ნივთზე გამოყენებული დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უნდა გაუქმდეს სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ქ-უს საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ა. ქ-უს კუთვნილი ავტომობილის - მარკა, მოდელი - ბმვ X5, ფერი - შავი, გამოშვების წელი -20.. წ. სანომრე ნიშანი - B..., საიდენტიფიკაციო ნომერი: W..., სარეგისტრაციო მოწმობა - A..., გაცემული 29.06.20.. წ. ექსპლუატაციის აკრძალვისა და დაცულ სადგომზე მისი განთავსების თაობაზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე