საქმე №ას-1215-1140-2015 2 თებერვალი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ქ. გ-უ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „U.“ (მოსარჩელე)
თანამოპასუხე _ შპს „ე-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „U-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. გ-უსა (შემდგოში _ მოპასუხე, საჩივრის ავტორი) და შპს „ე-ის“ (შემდგომში _ თავდაპირველი მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის ზიანის _ 1 209 193,38 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯების _ 14 683 ლარის სოლიდარულად დაკისრება.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ქ. გ-უს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 938 560,38 ლარის გადახდა, 270 950 ლარისა და შპს „ე-ისათვის“ თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. გ-მ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქ. გ-უსათვის, როგორც შპს „ე-ის“ 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორისათვის შპს „ე-ის“ წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირებისათვის თანხმობის გაცემის აკრძალვა ამავე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ.თბილისში, ქ.წ-ის გამზირი/ბ-ის ქ#...ში) გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის შესახებ, ასევე, თანხმობის გაცემის აკრძალვა ორგანიზაციის სახელით სესხის აღებაზე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინებით შპს „U-ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქ. გ-უს, როგორც შპს „ე-ის“ 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს აეკრძალა, შპს „ე-ის“ წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირებისთვის თანხმობის გაცემა, ამავე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქალაქი თბილისში, გამზირი ქ.წ-ის, #.../ქალაქი თბილისი, გამზირი ქ.წ-ი/ბ-ის ქ. #...) გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის შესახებ, ასევე თანხმობის გაცემა ორგანიზაციის სახელით სესხის აღებაზე.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ქ. გ-უმ და მოითხოვა მისი გაუქმება.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს შემდეგი დასაბუთებით:
9. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით შპს „U-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ქ. გ-უს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 938 560.38 ლარის გადახდა; არ დაკმაყოფილდა შპს „U-ის“ მოთხოვნა შპს „ე-ისათვის“ ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა შპს „ე-ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე ქალაქი თბილისში, გამზირი ქ.წ-ის, #.../ ქალაქი თბილისი, გამზირი ქ.წ-ი/ბ-ის ქ.#...).
10. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები წარადგინეს ქ. გ-უმ და შპს „U-ის“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
11. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით შპს „U-ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, ხოლო 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ქ. გ-უს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა.
12. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული არ არის, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც შპს „U-ის“ წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, საჩივარი წარადგინა ქ. გ-უმ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. საჩივრის ავტორის წარმომადგენელის მითითებით, განსახილველ საქმეში არსებობს საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 სექტემბერს მიღებული #... განჩინება, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ყადაღა დაედო შპს „ე-ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, დასახელებული განჩინებით განისაზღვრა, რომ კომპანია ვერ გაასხვისებს, ვერ დატვირთავს იპოთეკით და მასზე ვერ გაავრცელებს ვერანაირ სანივთო უფლებას. ფაქტობრივად გასაჩივრებული განჩინებით ხელახლა იქნა მიღებული იგივე დანაწესი, რომ კომპანიის 100% წილის მფლობელ პარტნიორს აეკრძალა ამ კომპანიის ხელმძღვანელი პირებისთვის თანხმობის გაცემა კომპანიის კუთვნილებაში მყოფ მიწის ნაკვეთის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვაზე. საჩივრის ავტორის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინება შპს „ე-ის“ საკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღების შესახებ, აღარ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება. ამასთან, კომპანიისთვის სესხის აღების აკრძალვა, სესხის ოდენობის მითითების გარეშე, ამავე კომპანიისთვის დისკრიმინაციული დანაწესია, რამეთუ ის მეწარმე სუბიექტია და მოცემული დავის დასრულებამდე შესაძლოა, მართლაც დასჭირდეს გარკვეული ოდენობით სესხის აღება, სესხის აღების აკრძალვით კი, გამოდის, რომ სასამართლო ერევა კომპანიის საქმიანობაში, რადგანაც გარკვეულწილად უზღუდავს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას. გასაჩივრებული განჩინების საფუძველზე ხელოვნურად მოხდება შპს „ე-ის“ გაკოტრება, კომპანიის ქონების ღირებულება აღემატება მოსარჩელის მოთხოვნის ოდენობას, ამასთან, მას გააჩნია მოქმედი სამშენებლო პროექტი, რომლის განხორციელების შემთხვევაში კომპანია მიიღებს რამდენიმე მილიონი ლარის მოგებას, აღნიშნული განხორცილება კი, გასაჩივრებული განჩინების გათვალისწინებით, შეუძლებელია.
13. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლით, 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, 198-ე მუხლით და აღნიშნა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებაში შპს „U-ის“ წარმომადგენელი უთითებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, მისი სარჩელი რჩება უზრუნველყოფის გარეშე, ვინაიდან მოპასუხე ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი არ არის რაიმე ღირებულების მქონე, რადგან თავად საწარმო არ ფუნქციონირებს, არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ გააჩნია შემოსავალი. შესაბამისად, დასახელებული საწარმოს წილი, რომელიც მხოლოდ დივიდენდის მიღების უფლებას ნიშნავს, ფაქტობრივად, მატერიალურ აქტივად არ შეიძლება ჩაითვალოს. განმცხადებელის მითითებით, სარჩელის ერთადერთი დაცვის საშუალებას წარმოადგენს შპს „ე-ის“ საკუთრებაში არსებული ქონებრივი აქტივი _ მიწის ნაკვეთი, რომელიც თავდაპირველად იყო ქ. გ-უს საკუთრება და მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სარჩელის შესახებ, პასუხისმგებლობის თავის არიდების მიზნით შეიტანა შპს „ე-ის“ საწესდებო კაპიტალში. ორგანიზაცია კი, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, უფლებამოსილია, გაასხვისოს მისი ქონება, შესაბამისად, თუ ქ. გ-უს 100% წილი შპს „ე-ში“ დაკარგავს ღირებულებას, ქ. გ-უს მიმართ მიღებული გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი.
14. საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „U-ის“ მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ყადაღა დაედო შპს „ე-ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და შპს „ე-ში“ ქ. გ-უს 100%-იან წილს. 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით შპს „U-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა შპს „ე-ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, გარდა ამისა, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწობის მიზნებიდან გამომდინარე და, როგორც საჩივრის ავტორი მიიჩნევს, განჩინება არ ემსახურება კომპანიის გაკოტრებას. საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებდა, რომ კომპანიას რამდენიმე განსახორციელებელი პროექტი აქვს და დავის მიმდინარეობის პერიოდში მას, შესაძლოა, მართლაც დასჭირდეს გარკვეული ოდენობის სესხის აღება, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით კი, მას აღნიშნული ქმედების განხორციელება ეკრძალება, რის შედეგადაც შეიძლება კომპანიამ დაკარგოს რამდენიმე მილიონიანი შემოსავალი. პალატის განმარტებით, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს ქონების გასხვისება, მისი უფლებრივად დატვირთვა და სესხის აღება აეკრძალა სწორედ იმ მიზნით, რომ შპს „ე-ს“ ქონება არ გაესხვისებინა, უფლებრივად არ დაეტვირთა, რათა ქ. გ-უს კუთვნილი 100% წილის ღირებულება არ შემცირებულიყო, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხემ (საჩივრის ავტორმა) სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. იგი უფლებამოსილია, სასამართლოს, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ნაცვლად, სხვა, მისთვის მისაღები და ნაკლებად ზიანის მომტანი უზრუნველყოფა შესთავაზოს. ამგვარ დასაბუთებას საჩივარი არ შეიცავდა. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეს სრული უფლება გააჩნდა, ესარგებლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის დანაწესით. წარმოდგენილი საჩივრიდან აშკარად არ იკვეთებოდა, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება გაუმართლებელი აღმოჩნდეს, რადგანაც საჩივრის ავტორი არ უთითებდა მისთვის ზიანის მიყენების კონკრეტულ ფაქტზე, პალატამ მიიჩნია, რომ ასეთ ვითარებაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში მოსარჩელეს უფრო მეტი ზიანი შეიძლებოდა მიდგომოდა, ვიდრე მოპასუხეს, სარჩელის არდაკმაყოფილების შემთხვევაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთებულობა, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 411-ე მუხლით საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
3. სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონიერების შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ამ ღონისძიების მართებულობის ფარგლებში დადგენილ რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებაზე:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის გადაწტყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის უძრავი ქონება მდებარეობს ერთმანეთის მომიჯნავედ, შპს „ე-ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის კუთვნილი შენობის ფასადის მხრიდან მარცხენა და უკანა მხარეს შენობის მთელ სიგრძეზე ამოღებულია ქვაბული.
5. მიწის ნაკვეთი, რომელზეც ამოღებულია ქვაბული, 2005 წლის 3 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 23 აპრილამდე ეკუთვნოდა ქ. გ-უს და სწორედ მისი მესაკუთრედ ყოფნის პერიოდში იქნა ამოღებული მიწის ქვაბული.
6. მოსარჩელის კუთვნილი შენობის დაზიანება გამოწვეულია ფასადის მხრიდან მარცხენა და უკანა მხარეს შენობის მთელს სიგრძეზე ამოღებული ქვაბულის არსებობით. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა მოპასუხე ქ.გ-უ და ქონების დაზიანების შედეგად მისი გაუფასურების ხარისხის, ასევე, გამაგრებითი სამუშაოებისათვის გასაწევ ღირებულებათა გათვალისწინებით, სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა სწორედ ქ.გ-უს, რაც შეეხებოდა შპს „ე-ის“ სოლიდარულ პასუხისმგებლობას, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ამ ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა, ამავე გადაწყვეტილებით, სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად სასამართლომ გააუქმა შპს „ე-ის“ ქონების მიმართ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მხარეებმა, თუმცა, ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით შპს „U-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ შპს „ე-ის“ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში (სსსკ-ის 264.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) და მოსარჩელეს მის მიმართ ამავე საფუძვლით პრეტენზიის გაცხადების შესაძლებლობა აღარ აქვს (სსსკ-ის 266-ე მუხლი). სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მოსარჩელე ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით პრეტენზიას ასაბუთებს იმით, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, მისი აღსრულება შეუძლებელი გახდება, რადგანაც ქ.გ-უს 100%-იანი წილი შპს „ე-ში“ (ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული ყადაღა კვლავ ძალაშია) არ არის ღირებული, საწარმო არ ფუნქციონირებს, წილი იძლევა მხოლოდ დივიდენდის მიღების უფლებას, ხოლო აღსრულების რეალური საშუალება უძრავი ქონებაა (მიწის ნაკვეთი), რომელიც სარჩელის აღძვრის შემდეგ, ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებს მიზნით, მოპასუხემ შეიტანა შპს „ე-ის“ საწესდებო კაპიტალში. ამ საფუძვლით კი, განმცხადებელი ითხოვს მოსარჩელისათვის უფლებრივი აკრძალვის დაწესებას, რის შედეგადაც არ გასხვისდება და უფლებრივად არ დაიტვირთება საწარმოს ქონება, ასევე, საწარმო ვერ აიღებს სესხს.
8. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას იმ გარემოებაზე გაამახვილებს რომ, სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ამ ნორმათა ანალიზით შეიძლება დავასკვნათ, რომ იურიდიული პირი დამოუკიდებელი უფლებაუნარიანობის მატარებელი სამართალსუბიექტია, რომელიც საკუთარი სახელით მონაწილეობს სამოქალაქო ბრუნვაში და უფლება-მოვალეობებს იძენს დამოუკიდებლად, მით უფრო საინტერესოა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონებრივი დამოუკიდებლობა.
9. მითითებული მსჯელობის პარალელურად საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ შპს „U-ის“ დაზუსტებული სარჩელით სადავოდ იყო გამხდარი ქ. გ-უს, როგორც საწარმოს პარტნიორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის სადავო მიწაზე საკუთრების უფლების შპს „ე-ისათვის“ გადაცემის თაობაზე, თუმცა საქალაქო სასამართლომ შპს „U-ს“ 2014 წლის 7 ივლისის განჩინებით უარი უთხრა დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
10. მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ზოგადი წინაპირობების, ამ ინსტიტუტის მიზნისა და საჭიროების თაობაზე (სსსკ-ის 271-ე და 191-ე მუხლები), თუმცა მოხმობილ ნორმათა ამგვარი ინტერპრეტაცია გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებული ზომა არ გასცდებოდა დავის ფარგლებს. ამ შემთხვევაში საკასაციო პალატას მხედველობაში აქვს ის საკითხი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის მიმართ და/ან მის წინააღმდეგ, რათა დავის საგანი მოპასუხის არაკეთილსინდისიერი (მათ შორის კეთილსინდისიერი მესამე პირების მართლზომიერი ქმედებისგან) ქმედებისგან იყოს დაცული. უზრუნველყოფის ობიეტი არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სხვა პირის მატერიალური და/ან არამატერიალური სიკეთე. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა თავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი, რომელიც ამ ვითარებაში არ შეიძლება განიმარტოს 198-ე მუხლისგან დამოუკიდებლად. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შეეხება მოპასუხის (ქ. გ-უს) ქონებრივი მდგრადობის შენარჩუნებას (მოპასუხისათვის გარკვეული ქმედების აკრძალვას), თუმცა საკითხის მხოლოდ ფორმალურად შეფასება არ ემსახურება უზრუნველყოფის მიზანს, გამოყენებული ზომა იჭრება არა მოპასუხის, როგორც ფიზიკური პირის ქონებრივ სფეროში, არამედ მისი, როგორც მეწარმე სუბიექტის (საწარმოს 100%-იანი დამფუძნებლის) სამეწარმეო უფლებამოსილებაში, რაც, რეალურად ადგენს არაპროპორციულ ჩარევას იურიდიული პირის (თავად შპს „ე-ის“) მმართველობაში და ფაქტობრივად კრძალავს საწარმოს საქმიანობას. შედეგად კი, დგება სამართლის დამოუკიდებელი სუბიექტის პარალიზება, რომლის მიმართაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია შპს „ე-ის“ წესდება, რომლის 4.2. პუნქტი შეიცავს საზოგადოების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და მათ შორის არ არის მშენებლობის წარმოება, თუმცა, გასათვალისწინებელია ის საკითხი, რომ მოქმედი კანონმდებლობა იურიდიული პირის სამეწარმეო უფლებებს არ ზღუდავს წესდებით და დასაშვებია მან ნებისმიერი, მათ შორის, წესდებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი საქმიანობა განახორციელოს მოგების მიღების მიზნით.
11. საგულისხმოა თავად ის ფაქტი, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეეძლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან ერთად სააპელაციო წესით გაეხადა სადავო შპს „ე-ის“ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერების საკითხი, რადგანაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით განმეორებით იქნა მიღებული უზრუნველყოფის ის ზომა, რომელიც საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვის ეტაპზე უკვე გამოიყენა და შემაჯამებელი გადაწყვეტილებით გააუქმა, ამასთანავე, გამოყენებული შეზღუდვა იმდენად არსებითია, რომ იგი ზიანს აყენებს მეწარმის ინტერესებს და მას შედეგად შეიძლება საწარმოს გადახდისუუნარობაც კი მოჰყვეს. ამგვარი ჩარევის პროპორციულად ვერ იქნება მიჩნეული ქვემდგომი სასამართლოს აპელირება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლზე, ასევე ის, რომ 191-ე მუხლის მიზანი მართლმსაჯულების ინტერესის დაცვაა, რადგანაც, როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღინისძიებით შეიზღუდა იმ პირის უფლება, რომელსაც არ ეკისრება პასუხისმგებლობა სასარჩელო მოთხოვნის გამო.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრისა და 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინებები და შპს „U-ს“ უარი უნდა ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. გ-უს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 სექტემბრისა და 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინებები.
3. შპს „U-ის“ განცხადება სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ქ. გ-უსათვის (როგორც შპს „ე-ის“ 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორისათვის) შპს „ე-ის“ წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირებისთვის თანხმობის გაცემის, ამავე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის შესახებ, ასევე ორგანიზაციის სახელით სესხის აღებაზე თანხმობის გაცემის აკრძალვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე