საქმე №ას-1100-1036-2015 20 იანვარი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ლ. გ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. გ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ 8 029 აშშ დოლარისა და 121 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. გ-იას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16 029 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 121 ლარის გადახდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ _ 8 029 აშშ დოლარისა და 121 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 იანვრის განჩინებით ლ. გ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ნაწილში მიღებულ უნდა იქნას დამატებითი გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-იას დ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 16 029 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 121 ლარის გადახდა. ეს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, თუმცა, საკასაციო განაცხადების შესწავლით დასტურდებოდა, რომ კასატორი გასაჩივრებულ განჩინებას არც ერთ ნაწილში არ ეთანხმებოდა.
5. საკასაციო პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით დადგინდა ხარვეზი და საჩივრის ავტორს სხვა საპროცესო მოთხოვნებთან ერთად დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. დავის საგნის ღირებულებისა და საკასაციო განაცხადის გათვალისწინებით, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრა 801,45 აშშ დოლარითა და 6,05 ლარით.
6. დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით კასატორმა მომართა სასამართლოს დაზუსტებული საკასაციო საჩივრით და მოთხოვნა შეამცირა, კერძოდ, მან მოითხოვა მისი ვალდებულების 8 000 აშშ დოლარით განსაზღვრა, ხოლო 8 029 აშშ დოლარისა და 121 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება. კასატორის განმარტებით, მიუხედავად მოთხოვნის დაზუსტებისა, მან თავდაპირველი საკასაციო განაცხადის შესაბამისად გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება.
7. 2016 წლის 15 იანვრის განჩინებით საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით, შემაჯამებელი განჩინებით ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების საკითხი არ შეფასებულა.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. 31 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ინიციატივით გამოტანილ უნდა იქნას დამატებითი განჩინება.
9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი განამტკიცებს მხარეთა ძირითად საპროცესო უფლებებს, რომელთა შორისაა მოთხოვნის შემცირების შესაძლებლობა და იგი შეუზღუდავად დაიშვება საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. თავად მოთხოვნას მრავალმხრივი სამართლებრივი დატვირთვა გააჩნია (მაგ: სსსკ-ის 248-ე მუხლი), მათ შორისაა ქონებრივ დავაში მისი საგნის ღირებულების განსაზღვრა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის შემთხვევაში განისაზღვრება გადასახდელი თანხით, ხოლო ამ კატეგორიის საქმეზე საკასაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ნაწილშია გასაჩივრებული გადაწყვეტილება (სსსკ-ის 391.1 მუხლი).
10. ლ. გ-იას საკასაციო პრეტენზიის შესწავლით დასტურდება, რომ ის მოითხოვდა განჩინების გაუქმებას 8 029 აშშ დოლარისა და 121 ლარის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, გადასახდელი ბაჟის ოდენობა ამ თანხის 5%-ია (სსსკ-ის 39.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
11. კასატორის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის მომენტისათვის 1 აშშ დოლარის ღირებულება ეროვნულ ვალუტაში 2,398 ლარია. ამდენად, გადასახდელი ბაჟის ოდენობა 968,72 ლარს შეადგენდა (962,67+6,05) აღნიშნულის ნაცვლად ლ.გ-იამ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა 1928 ლარი.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 და 42-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. გ-იას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს თ. ი-ის მიერ გადახდილი 1928 ლარიდან 959,28 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. გ-იას (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს თ. ი-ის მიერ 02.11.2015წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 959,28 ლარი.
2. საკასაციო სასამართლოს დამატებითი განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე