Facebook Twitter

საქმე №ას-4-4-2016 11 თებერვალი, 2016 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ.მ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ჟ. ი-ის სარჩელის გამო, ა. ი-ისა და ლ. მ-ის მიმართ, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების, სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ აღიარების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 იანვრის განჩინებით ლ. მ-ის წარმომადგენელ გ. ნ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს ლ.მ-ის პრეტენზიის ნაწილში დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სადავო ქონების - მდებარე ქ.თბილისში, რ-ზე მდებარე „ვ“ კორპუსის #... ბინის (საკადასტრო კოდი #...) 1/2 წილის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების და სახელმწიფო ბაჟის _ ქონების ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 და არაუმეტეს 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ა. ი-ის პრეტენზიის ნაწილში კი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

საპროცესო ვადის დადგენის შესახებ განჩინება კასატორთა წარმომადგენელ გ. ნ-ეს (იხ. მინდობილობა ს.ფ.70) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2016 წლის 28 იანვარს პირადად ჩაბარდა (იხ.შეტყობინების ბარათი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 29 იანვარს და დასრულდა 2016 წლის 4 თებერვალს. საქმეში წარმოდგენილი განცხადებისა და მასზე დართლი საფოსტო ბარათით დგინდება რომ განცხადება ფოსტას ჩაბარდა 2016 წლის 5 თებერვალს, ამასთან, განცხადების შედგენის თარიღად ასევე 2016 წლის 5 თებერვალია მითითებული, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას. აღნიშნული კი საკასაციო საჩივირს განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე