Facebook Twitter

საქმე №ას-116-112-2016 15 თებერვალი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „ა-+-ის“ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე, რ. რ-ას სარჩელის გამო, ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა „ა. პ. 2-ის“ დამფუძნებლების შპს „ა-+-ისა“ და შპს „ს-ის“ მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლის, თანხის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ა-+-ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის განჩინებით შპს „ა-+-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნული განჩინება მხარეს და მის წარმომადგენელს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად რამდენჯერმე გაეგზავნათ, მაგრამ არცერთხელ არ ჩაბარდათ. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს რომ, შპს „ა-+-ს“ სასამართლო განჩინებებს უგზავნიდა გაურკვეველ მისამართებზე (ს.ც-ის ქ.#...; გ-იას გამზ.#..., ბ....), იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ საქმის მასალებითაც არ დასტურდება აღნიშნული მისამართების სისწორე, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების ა. ო-ასათვის გაგზავნას (ის.მინდობილობა ტ.II, ს.ფ.246), კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის განჩინება შპს „ა-+-ის“ წარმომადგენელ ა.ო-ას გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისმართზე (ქ.თბილისი, პ-ის ქ.#..., ბ....), მაგრამ არ ჩაბარდა იმ საფუძვლით რომ, ადრესატი არ იყო სახლში (იხ.შეტყობინების ბარათი ტ.III, ს.ფ.57). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ა.ო-ას განმეორებით გაეგზავნა განჩინება და არც ამჯერად ჩაბარდა (იხ.შეტყობინების ბარათი ტ.III, ს.ფ.64). აღნიშნულიდან გამომდინარე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისიწნებით გზავნილი მიიჩნევა ჩაბარებულად კურიერის განმეორებითი ვიზიტის დღეს - 2015 წლის 3 აპრილს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 4 აპრილს და ამოიწურა 2015 წლის 15 აპრილს. წარმოდგენილი კერძო საჩივრით კი დგინდება რომ, ის სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა 2016 წლის 3 თებერვალს, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, ა. ო-ას სააპელაციო სასამართლოს განჩინება მესამედაც გაეგზავნა და არც ამჯერად ჩაბარდა, აღსანიშნავია რომ კურიერის მესამე ვიზიტიდანაც დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის ვადა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 416-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა-+-ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე