Facebook Twitter

№ას-148-138-2015 27 ნოემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. ე-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. ე-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-ის სარეგისტრაციო სამსახურში, ერთი მხრივ, მ. (შემდეგში მოსარჩელეს) და ა. ე-ებსა და, მეორე მხრივ, ნ. ე-ს (შემდეგში მოპასუხეს) შორის 2011 წლის 18 ნოემბერს გაფორმდა ჩუქების ორი ხელშეკრულება, №--- და №--- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ, გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ი მდებარე უძრავ ქონებაზე. აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხის სახელზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის – შემდეგში სსკ-ის - 524-ე, 525.2-ე მუხლები).

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-ის სარეგისტრაციო სამსახურში, ერთი მხრივ, მ. (შემდეგში მოსარჩელეს) და ა. ე-ებსა და, მეორე მხრივ, თ. ა-ს (შემდეგში მოპასუხეს) შორის 2011 წლის 28 ნოემბერს გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, №--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, გ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-ი მდებარე უძრავ ქონებაზე. აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხის სახელზე (სსკ-ის - 524-ე, 525.2-ე მუხლები).

3. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2012 წლის 7 ივნისის დასკვნის თანახმად, ა. ე-ს აღენიშნება თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა, მკვეთრად გამოხატული ცვლილებებით. ამ უკანასკნელს არ შეუძლია, შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშველობა და განაგოს იგი (ქმედუუნარობა).

4. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 7 ივლისის დასკვნის თანახმად, 2012 წლის 18 და 28 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმებისას, აწ გარდაცვლილი ა. ე-ი დაავადებული იყო თავის ტვინის დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობით, მკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და არ შეეძლო, შეეგნო თავისი მოქმედების მნიშველობა და განეგო იგი.

5. ა. ე-ი გარდაიცვალა 2012 წლის 3 ივლისს. სადავო ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, 01.11.2012 წელს, სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ე-მა. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 2013 წლის 16 იანვარს. გ-ის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი – კ. ე-ი (შემდეგში მოსარჩელის უფლებამონაცვლე).

6. მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლე (ა. ე-ი) სადავო ჩუქების ხელშეკრულებების დადების დროს იყო ქმედუუნარო, ხოლო თავად მოსარჩელეს მოტყუებით დაადებინეს ეს ხელშეკრულებები. მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოხსენებული გარემოებები სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

7. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელე არ მოუტყუებიათ, ხოლო მოსარჩელის მეუღლე კი ქმედუნარიანი იყო. მათ თავისუფლად გამოხატეს საკუთარი ნება და სადავო ქონება აჩუქეს მოპასუხეებს. აქედან გამომდინარე, მოპასუხეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

8. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით:

- სარჩელი დაკმაყოფილდა;

- ბათილად იქნა ცნობილი N--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 2011 წლის 18 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება;

- ბათილად იქნა ცნობილი N--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 2011 წლის 18 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება;

- ბათილად იქნა ცნობილი N--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 2011 წლის 28 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება.

9. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 58-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებების დადების დროს გაჩუქებული უძრავი ქონების ერთ-ერთი თანამესაკუთრის – მოსარჩელის მეუღლის ქმედუუნარობა, რაც დასტურდებოდა ექსპერტიზის დასკვნით, ამ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

10. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ, სადავო ხელშეკრულებების დადებისას, იგი მოატყუეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმებისას მოსარჩელის მეუღლეს არ ჰქონდა რეალური ვითარების სწორად აღქმის უნარი, არ შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, სსკ-ის 58-ე მუხლის შესაბამისად, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა ამ ხელშეკრულებების გასაბათილებლად.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა.

15. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ისევე, როგორც გ-ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, უკანონო და დაუსაბუთებელია. სასამართლომ საქმე სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ შეისწავლა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვალდებულება მას ეკისრებოდა;

- სადავო გარიგებების დადებისას, მოსარჩელე და მისი მეუღლე ქმედუნარიანები იყვნენ, სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული გარიგების დადებასთან დაკავშირებული ქმედებების მნიშვნელობა, კერძოდ, ყველა საჯარო დოკუმენტი და განცხადება მოსარჩელის მეუღლემ პირადად გამოითხოვა საჯარო რეესტრიდან, იგი ფსიქიკურად დაავადებული რომ ყოფილიყო (როგორც ეს ექსპერტიზამ დაასკვნა და ორივე ინსტანციის სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა), აღნიშნული ფაქტი საჯარო რეესტრის თანამშრომლებს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ;

- მართალია, მოსარჩელის მეუღლემ 2008 წლის ომის დროს ტრავმა მიიღო, თუმცა ის არასდროს ყოფილა ფსიქიკურად დაავადებული და ამ მიზეზით არსად უმკურნალია. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა, მიკერძოებული და არაობიექტურია. საქმის განხილვისას, კასატორებმა წარადგინეს დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ცალსახადაა მითითებული, რომ სადავო გარიგებების დადების მომენტში, აწ გარდაცვლილი მოსარჩელის მეუღლის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენა შეუძლებელია. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ გორის რაიონულ სასამართლოში, საქმის განხილვისას, არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შუამდგომლობა, მოწმედ დაკითხულიყვნენ დასკვნის წარმდგენი ექსპერტები. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო, რის გამოც დაირღვა მოპასუხეთა ინტერესები.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინებით ნ. ე-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო ამავე სასამართლოს 2015 წლის 12 მარტის განჩინებით თ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განჩინებით ნ. ე-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

19. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში აღძრულია აღიარებითი სარჩელი, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს 2012 წლის 18 ნოემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობას.

20. სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

21. მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში. აქედან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) – საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების არსებობა: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილებით მხარე გარკვეულ იურიდიულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელის აღძვრა ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია, აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა.

22. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ, 10.11.2015, საქმეზე #ას-937-887-2015).

23. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, სარჩელის მიხედვით, მდგომარეობს სადავო ქონებაზე მისი უფლების აღდგენაში, ანუ ამ ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნებაში. სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, სადავო ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობით, რამდენადაა შესაძლებელი მოსარჩელის იურიდიული ინტერესის მიღწევა, ანუ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა. სააპელაციო სასამართლოს ასევე არ გამოურკვევია, მოცემულ შემთხვევაში, შესაძლებელი იყო თუ არა მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელის აღძვრა. როგ-ც აღინიშნა, მოსარჩელის იურიდიული ინტერესია სადავო ქონების საკუთრებაში დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ ეს ქონება ბათილი გარიგების საფუძველზე განიკარგა. ბათილი გარიგების საფუძველზე გადაცემულის უკან დაბრუნების შესაძლებლობას ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი (სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილი), მაგრამ ამისათვის აუცილებელია მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელის აღძვრა. მოცემულ შემთხვევაში, როგ-ც ზემოთ ითქვა, სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, თუ რატომ არაა შესაძლებელი მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა და ასეთი სარჩელის არარსებობის პირობებში, რამდენად მიიღწევა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მხოლოდ აღიარებითი სარჩელით, კერძოდ, სადავო გარიგებების ბათილად ცნობით.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული აღიარებითი სარჩელის დაშვების წინაპირობების არსებობის შემთხვევაშიც, ამ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნაწილობრივ დაუსაბუთებელია.

25. გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმებისას მოსარჩელის მეუღლეს არ ჰქონდა რეალური ვითარების სწორად აღქმის უნარი, არ შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, სსკ-ის 58-ე მუხლის შესაბამისად, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა ამ ხელშეკრულებების მთლიანად გასაბათილებლად.

26. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობის შესამოწმებლად საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, როგორც სადავო ჩუქების ხელშეკრულებებით, ასევე, საჯარო რეესტრიდან ამონაწერით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 124-125), ირკვევა, რომ მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ მოპასუხეს აჩუქეს მათ თანასაკუთრებაში არსებული ორი უძრავი ნივთი.

27. საზიარო საგნის განკარგვის წესს ადგენს სსკ-ის 959-ე მუხლი, რომლის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად.

28. მითითებული ნორმის მიხედვით, შესაძლებელია როგორც საზიარო საგნის წილის, ისე მთლიანად საზიარო საგნის განკარგვა. საზიარო საგნის მთლიანად განკარგვისათვის საჭიროა ყველა მოწილის თანხმობა, ხოლო წილის განკარგვისას სხვა მოწილეთა თანხობა საჭირო არაა. საზიარო საგნის მთლიანად განკარგვისას, ყველა მოწილის თანხმობის დაწესება მიზნად ისახავს საზიარო საგნის თანამესაკუთრეთა ინტერესების დაცვას, ვინაიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე მოწილის მიერ საზიარო საგნის მთლიანად განკარგვა იწვევს იმ მოწილეთა წილების განკარგვასაც, რომელთაც ამის თანხმობა არ მიუციათ. ასეთი თანხმობის გარეშე საზიარო საგნის განკარგვა კანონსაწინააღმდეგოდ უნდა მივიჩნიოთ, რაც შესაძლებელია ამ გარიგების ბათილობის საფუძველი გახდეს (სსკ-ის 54-ე მუხლი – „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს . . .“). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ერთ-ერთი მოწილის თანხმობის არარსებობა გამოიწვევს არა მთლიანად ამ გარიგების, არამედ მისი იმ ნაწილის ბათილობას, რომელიც ამ კონკრეტული მოწილის წილს ეხება (იხ. სუსგ, 31.03.2009, საქმეზე #ას-997-1196-08 და სუსგ, 13.03.2006, საქმეზე #ას-761-1053-2005).

29. მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ირკვევა, რომ მოსარჩელისა და მისი მეუღლის წილები სადავო საზიარო ქონებაში სპეციალური შეთანხმებით განსაზღვრული არ ყოფილა. ასეთ დროს თანამესაკუთრეთა წილების დასადგენად გამოიყენება სსკ-ის 954-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მის მეუღლეს სადავო ქონებაში ეკუთვნოდათ თანაბარი წილები. ცხადია, თითოეულ მათგანს შეეძლო საკუთარი წილის განკარგვა მეორე მოწილის თანხმობის გარეშე. მართალია, მათ საზიარო საგანი ერთობლივად გააჩუქეს, მაგრამ, ფაქტობრივად, თითოეულმა თავისი წილი განკარგა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მოწილის ნების ნაკლი გავლენას ვერ მოახდენს მეორე მოწილის ნების ნამდვილობაზე, ანუ ერთი მოწილის ნების გამოვლენის ისეთი ხარვეზი, რომელიც ზოგადად გარიგების ბათილობის საფუძველია, ავტომატურად არ გამოიწვევს საზიარო საგანზე დადებული გარიგების მთლიანად გაბათილებას.

30. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებდა მისი გარდაცვლილი მეუღლის ქმედუუნარობის, ასევე, მისი მოტყუების ფაქტებზე, ანუ მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მისი მეუღლის მიერ გამოვლენილი ნება ბათილი იყო, რადგან ამ უკანასკნელს გარიგების დადების დროს არ შეეძლო, შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი, ხოლო თავად მისი ნება ბათილი იყო, რადგან იგი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს.

31. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შემდეგ მოსაზრებას, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო გარიგებების დადების დროს მოსარჩელის მეუღლეს არ ჰქონდა რეალური ვითარების სწორად აღქმის უნარი, არ შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის.

32. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის – შემდეგში სსსკ-ის - 407-ე მუხლის მეორე ნაწილი).

33. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის დასკვნები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას, მიკერძოებული და არაობიექტურია. გარდა იმისა, რომ კასატორი არ აკონკრეტებს, თუ რაში გამოიხატა ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნების მიკერძოებულობა და არაობიექტურობა, მას ამ გარემოებათა დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. რაც შეეხება კასატორის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი აპელანტს ამ მტკიცებულების მიღებაზე, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 380-ე მუხლით გათვალისწინებული ახალი მტკიცებულების სააპელაციო სასამართლოში დაშვების წინაპირობებს. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თავად ამ დასკვნის შინაარსს, რომლის მიხედვით, ექსპერტიზისათვის წარდგენილი მასალებით შეუძლებელია აწ გარდაცვლილი მოსარჩელის მეუღლის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენა სადავო გარიგებების დადებისას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნა დასაშვები რომც ყოფილიყო, იგი ვერ გააქარწყლებდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2012 წლის 7 ივნისისა და 2014 წლის 7 ივლისის დასკვნებით დადგენილ იმ გარემოებას, რომ სადავო გარიგებების დადებისას მოსარჩელის მეუღლეს არ ჰქონდა რეალური ვითარების სწორად აღქმის უნარი, არ შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის.

34. ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, სსკ-ის 58-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ბათილია მოსარჩელის მეუღლის მიერ სადავო ქონების ჩუქებისას გამოვლენილი ნება, მაგრამ არა ჩუქების ხელშეკრულების მთელ საგანზე, არამედ მხოლოდ მის იმ ნაწილზე, რომელიც საზიარო საგანში ამ უკანასკნელის წილს შეესაბამება.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იურიდიულად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც, ზემოხსენებული საფუძვლით, გაბათილდა სადავო ჩუქების ხელშეკრულებები მოსარჩელის წილზე. როგორც ზემოთ ითქვა, თავად მოსარჩელე მისი ნების გამოვლენას ბათილად მიიჩნევდა იმ საფუძვლით, რომ იგი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს. მოსარჩელის მიერ მითითებულ ამ გარემოებაზე სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია და არ დაუდგენია, მოატყუეს თუ არა მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების დადების მიზნით, შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი).

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახალი განხილვისას, უნდა გამოიკვლიოს წინამდებარე განჩინების 22-ე და 34-ე პუნქტებში მითითებული გარემოებები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

38. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

39. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 408.3-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ე-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ე-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. და 1.2. პუნქტები;

3. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი