№010210014542778
საქმე №ას-1106-1041-2015 13 იანვარი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ-- ბ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ-- შ-–ი, ბ- რ-ი, ა- პ--ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირითადი თანხისა და სარგებლის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
I. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:
1. რ- ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ-- შ–ის, ბ-რ--ის, ა- პ-ის მიმართ და მოითხოვა, სესხის ძირითადი თანხის 25,000 აშშ დოლარისა და სარგებლის დაკისრება. აგრეთვე, იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 30.04.2011წ.-ს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ სესხის სახით გადასცა 25,000 აშშ დოლარი სარგებლის - 4%-ის გადახდის სანაცვლოდ. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ბ- რ--ისა და ა-პ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
II. მოპასუხის პოზიცია და შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
4. მოპასუხეებმა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის საფუძველზე მიუთითეს ხელშეკრულების ბათილობაზე და განმარტეს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა სესხის თანხის გადაცემის კონკრეტული ვადა.
5. მოპასუხეებმა უარყვეს 25,000 აშშ დოლარის სესხად მიღების ფაქტი. ამავდროულად, განმარტეს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე - ვ- შ-–ს შორის არსებული ახლო მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე მოსარჩელემ 2012წ.-ის შემოდგომაზე ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ვ- შ-–ს უპროცენტოდ ასესხა 8,000 აშშ დოლარი.
6. მოგვიანებით, ვ- შ-მა დახმარება გაუწია მოსარჩელეს კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის ელექტონულ აუქციონზე შეძენაში. შეძენილ ნივთებს აღმოაჩნდა ნაკლი, რის გამოც, განაწყენებულმა მოსარჩელემ აღნიშნული ნივთები დატოვა ვ- შ–ის სახლში და მას მოსთხოვა ამ ნივთების ღირებულება 4000 აშშ დოლარი და სესხად გადაცემული 8000 აშშ დოლარი.
7. ვინაიდან, აღნიშნული თანხა ვ- შ-–ს არ გააჩნდა თანხის სესხებაში მას დახმარება კვლავ მოსარჩელემ შესთავაზა შემდეგი პირობით: მოსარჩელე დაპირდა, რომ ვ-შ-–ს მესამე პირისაგან ასესხებინებდა 25,000 აშშ დოლარს 4% სარგებლის გადახდის პირობით 6 თვის ვადით. აღნიშნული თანხიდან ვ- შ-–ი რეალურად მიიღებდა 13,000 აშშ დოლარს, ხოლო 12,000 აშშ დოლარი კი, დარჩებოდა მოსარჩელეს ვ- შ-–ისათვის გადაცემული სესხის ჩასათვლელად. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით უნდა დატვირთულიყო ვ- შ–ის მეუღლის მშობლების/მოპასუხეების: ბ- რ--ისა და რუზანა პ--ის ბინა. ამ პირობებზე ზეპირი შეთანხმების შემდეგ, მოპასუხეები გამოცხადდნენ ნოტარიუსში, სადაც მოსარჩელემ მათ დაახვედრა გაფორმებული წერილობით ხელშეკრულება, რომელზედაც მოაწერინა ხელი, თუმცა სესხის თანხა მისთვის არ გადაუცია.
8. მოგვიანებით, ვ- შ–ი გემზე გაემგზავრა სამუშაოდ, დაბრუნებულმა შეიტყო, რომ თანხა მისი ოჯახის წევრებისათვის მოსარჩელეს გადაცემული არ ჰქონდა. ვ- შ–მა მოსარჩელეს მოსთხოვა ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება, რაზედაც, მოსარჩელემ უარი განუცხადა 12,000 აშშ დოლარის გადახდამდე და თანაც დაემუქრა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმართავდა სასამართლოს სესხისა და იპოთკის წერილობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის - 25,000 აშშ დოლარის გადახდის მოთხოვნით.
III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება:
9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ-ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა რ- ბემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 სექტემბრის განჩინებით რ-- ბის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სასესხო ურთიერთობის სადავოობისას სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. წერილობითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მტკიცებულების სახით წარდგენილ უნდა იქნეს სესხის ხელშეკრულება, რომელშიც ასახული იქნება სესხის რეალურად გადაცემის ფაქტი.
13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის ფაქტობრივ საფუძველად მითითებული იყო 30.04.2013წ.-ის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ხელშეკრულება, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, რ- ბ-ემ ვ- შ-ს ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით ასესხა 25 000 აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულების მე-2 ნაწილის მიხედვით დადგენილ იქნა გამსესხებელის ვალდებულება ამ ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან სესხის თანხის სრულად გადასცემის შესახებ.
14. ვინაიდან, მოსარჩელემ ვერ შეძლო 25 000 აშშ დოლარის გადაცემის (ხელშეკრულების დადების ფაქტის) დადასტურება, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელი სესხის თანხის დაბრუნების შესახებ და იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებდა 30.04.2013წ. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას. მოპასუხე კი, სადავოდ ხდიდა 25 000 აშშ დოლარის სესხად მიღების ფაქტს და განმარტავდა, რომ მას სესხი არ გადასცემია.
15. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ რ-- ბ--ემ ვ-- შ-–ს ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით ასესხა 25 000 აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულების მე-2 ნაწილის მიხედვით, გამსესხებელი ვალდებულია სესხის თანხა სრულად გადასცეს მსესხებელს ამ ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან. აღნიშნული ჩანაწერი, როგორც სიტყვასიტყვითი განმარტების, ასევე გონივრული განსჯის შედეგად გულისხმობს, რომ სესხის ხელშეკრულების მაკვალიფიცირებელი ქმედება, კერძოდ, ფულის დროებით საკუთრებაში გადაცემა ჯერ არ განხორციელებულა. სესხის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, თანხის გადაცემის ფაქტის დამტკიცების მოვალეობა აქვს გამსესხებელს. შესაბამისად, სესხის გადაცემის შესახებ წერილობითი საბუთის შედგენაც გამსესხებლის ინტერესს წარმოადგენს, იმისათვის, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ გზით დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის პოზიცია ემყარებოდა ზემოხსენებულ ხელშეკრულებას, რომელიც თავის მხრივ, შეიძლება შეფასებული ყოფილიყო, როგორც სესხის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება და იპოთეკით დაიტვირთა ა-პ--ის და ბ-- რ-ის უძრავი ნივთები ანუ, წინამდებარე ხელშეკრულებით, პრაქტიკულად, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ისეთ არსებით პირობებზე, როგორიცაა: ა. სესხად გასაცემი თანხის ოდენობა; ბ. სესხის გადაცემის დრო; გ. ვადა; დ. პროცენტზე შეთანხმება; ე. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება და ა.შ. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა იპოთეკის რეგისტრაცია.
ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, მარტოოდენ შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ვალის არსებობას. შეთანხმებასთან ერთად აუცილებელი იყო სესხის გადაცემაც.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ქრისტინე რ--ამ და რუზანა პ--მა (არიან ვ- შ–ის ოჯახის წევრები) განმარტეს, რომ რ-- ბ-ე იყო ვ- შ–ის ახლობელი, რომელსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა ოჯახთან. ამასთან, ვ- შ-ს ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა და მისაცემი ჰქონდა გარკვეული თანხა. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას წინ უსწრებდა რ- ბ-ის შემოთავაზება, რომ მას შეეძლო გარკვეული საპროცენტო სარგებლის გადახდით ესესხებინა მესამე პირისაგან ვ- შ-–ისათვის გარკვეული თანხა, საიდანაც ის წაიღებდა კუთვნილ ვალს და ოჯახისათვისაც ხელსაყრელი იქნებოდა თანხის სესხად მიღება ნაკლებ პროცენტში, იმდენად, რამდენადაც, ნასესხები თანხიდან შეეძლოთ დაეფარათ ასევე მესამე პირის ვალიც, რომელიც გააჩნდა რუზანა პ-ს. მაგრამ, რ- ბ-ემ განუმარტა, რომ იპოთეკის გარეშე, პირი ვისგანაც უნდა მიეღოთ თანხა სესხის ხელშეკრულებას არ გაუფორმებდა. სწორედ ამიტომ, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებაც. იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, როდესაც მოსთხოვეს სესხის გადაცემა, რ-ბ-ემ განუმარტა, რომ მან ამ ხელშეკრულებით მან შეიქმნა მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება და სხვა სახის თანხის გადაცემას არ აპირებდა (იხ. სხდომის ოქმი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება სესხის თანხის გადაცემის ფაქტის დასადასტურებლად.
16. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზაიარა მოსარჩელის პოზიცია მასზედ, რომ იპოთეკის რეგისტრაცის ფაქტის არსებობა ადასტურებდა თანხის სესხად გადაცემის ფაქტს და აღნიშნა, რომ პრაქტიკაში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც რისკებისაგან დაზღვევის მიზნით, ჯერ ხდება იპოთეკის რეგისტრაცია, შემდგომ, თანხის გადაცემა. სადავო ხელშეკრულება, პრაქტიკულად წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულების არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებას. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდებოდა რ- ბ--ის მიერ მსესხებელზე ფულის სესხად გადაცემის ფაქტი, მას თავისთავად ცხადია ვალის დაბრუნების მოთხოვნაც არ გააჩნდა.
17. ამასთან, სასამართლომ სწორად მიაქცია ყურადღება მოპასუხის პოზიციასაც, რომლის ფარგლებშიც მან დაადასტურა რ-- ბ--ის მიმართ გარკვეული თანხის ფარგლებში გადახდის ვალდებულების არსებობა, მაგრამ, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება წარმოადგენდა სულ სხვა მოცემულობას, რომელიც წინ უსწრებდა ხელშეკრულების გაფორმებას და რომელზეც მხარეები ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ დაობდნენ. კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა 30.04.2013წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა, რაზეც სასამართლომ უკვე იმსჯელა. ამიტომ, სხვა ფაქტობრივი გარემოება, რომელზეც მოსარჩელე არ ამყარებდა საკუთარ სასარჩელო მოთხოვნას, ვერ გახდებოდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები
18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა რ-- ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
19. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი.
20. კასატორის მოსაზრებით, საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ მტკიცებულებითი მნიშვნელობა არ მიანიჭა სესხისა და იპოთეკის წერილობით ხელშეკრულებას. კასატორი აღნიშნავს, რომ გარდა სესხის წერილობითი დოკუმენტისა, სხვა მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება კრედიტორს არ ეკისრება. ხოლო მოვალის მტკიცების საგანაში შედის სესხის დაბრუნების მტკიცების ვალდებულება, რომლის დასადასტურებლად მან უნდა წარმოადინოს წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება თანხის კრედიტორისათვის დაბრუნება.
21. კასატორს უმართებულოდ მიაჩნია კრედიტორისათვის თანხის გადაცემის მტკიცების ვალდებულების შეუსრულებლობაზე სასამართლოს მითითება იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და იპოთეკითაა დატვირთული უძრავი ქონება.
22. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, კასატორი მართებულად არ მიიჩნევს სესხის ფაქტის გადაცემის დასადასტურებლად მოწმეთა (მოპასუხე მხარის მეუღლე და დედა) ჩვენებას და აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა უტყუარობისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით, მათი ნათესაური დამოკიდებულება (ისინი წარმოადგენდნენ მოპასუხის მეუღლესა და დედას) მათი მიკერძოებულობის საფუძვლიან ეჭვს ქმნიდა.
23. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთების მსჯელობა ურთიერთწინააღმდეგობრივია; სასამართლო ერთგან მსჯელობს, რომ გამსესხებელს სესხის თანხა მსესხებელზე არ გადაუცია და ეს იყო სამომავლოდ გადასაცემი თანხის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, თუმცა ამავდროულად, გვერდი ვერ აუარა მოპასუხის აღიარებით ჩვენებას 12 000 აშშ დოლარის მიღების თაობაზე და განჩინების მეორე ნაწილში სასამართლო აღნიშნულ თანხას საპროცესო სადავო ურთიერთობის მიღმა მიიჩნევს, უთითებს საპროცესო კოდექსის იმ დათქმაზე, რომლითაც სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, ან იმაზე მეტი, რაც სასარჩელო მოთხოვნაში არ მიუთითებია. კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს დათქმა, რომელიც კრძალავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას შემცირებულ ფარგლებში, მითუმეტეს, რომ მოპასუხე ვალის ნაწილის არსებობას აღიარებს. კასატორის აზრით, მოპასუხემ თავისდაუნებურად, ირიბად აღიარა სესხის გადაცემის ფაქტი მაშინ, როცა პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას სადავოდ არ გაუხდია ქონების იპოთეკით დატვირთვის ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
VII. საკასაციო პალატის დასკვნები:
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
26. საკასაციო საჩივარში სადავოა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. კასაციის საფუძვლები (მიზეზები) მდგომარეობს იმაში, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მტკიცებულებითი მნიშვნელობა და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარასებობის შესახებ.
27. კასატორის ზემოაღნიშნულ პოზიციას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მხრიდან წარმოდგენილია კვალიფიციური შედავება სასესხო ურთიერთობის არარსებობასთან მიმართებაში, შესაფასებელია, თავად სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება და ვალდებულების წარმოშობის სადავოობის პირობებში, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესზე კანონდებლის მითითება.
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, ერთი მხარე - მოვალე კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი, გააჩნია შესაბამისი უფლება - მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება. ამავე დროს სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად მიიჩნევა მსესხებლისათვის თანხის ან გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან.
სესხის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, გასესხებული თანხის გადაცემის დამტკიცების მოვალეობა აქვს გამსესხებელს.
იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეთა მხრიდან წარმოდგენილია კვალიფიციური შედავება მოსარჩელის მიერ მითითებული სესხის წერილობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის - 25,000 აშშ დოლარის გადაუცემლობასთან მიმართებაში, მოსარჩელის მტკიცების ვალდებულებას სწორედ სესხის სახით 25,000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გარდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა, სხვა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სესხის თანხის გადაცემა წარმოდგენილი არ არის.
29. კასატორის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული, გამომდინარე იქიდან, რომ მართალია საქმეში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტი - „სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება“, რომლის არსებობა ბუნებრივია განაპირობებსა საჯარო რეესტრში მის რეგისტრაციას, თუმცა, იმ ვითარებაში, როდესაც სადავოა სწორედ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის მოპასუხისათვის გადაცემა, ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია სესხის თანხის გადაცემის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ შეფასდება.
რაც შეეხება კასატორის აპელირებას მოპასუხისათვის გადაცემულ 12,000 აშშ დოლარზე (იხ., საკასაციო საჩივარი), აღნიშნული ვერ გახდება საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში დავის საგანს 30.04.2013წ.-ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა წამოადგენდა.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე.
31. შესაბამისად, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3719.69 ლარის 70% - 2,603.78
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ-- ბ--ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ რ-- ბ-ეს უკან დაუბრუნდეს 2015 წლის 08 ნოემბერს №8422104 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (3719.69 ლარი) 2,603.78 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე