Facebook Twitter

№020210015001027723

საქმე №ას-1185-1115-2015 13 იანვარი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – გ- შ-–ია, რ- ჩ-უა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ-კ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

სარჩელში დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ლ--კ-–მა” სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, გ--–- შ-----–იასა და რ--- ჩ---უას მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 19 527,47 აშშ დოლარისა (ძირითადი 16 961,10 აშშ დოლარი, პროცენტი 1 998,62 აშშ დოლარი, ჯარიმა 567,73 აშშ დოლარი) და 508,25 ლარის გადახდის დაკისრება.

2. მოპასუხეებმა სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნეს.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს „ლ-კ--–ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ--შ-იას და რ-- ჩ---უას, სს „ლ-კ–ის” სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ საკრედიტო დავალიანება: ძირითადი 16961,10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, პროცენტი 1998,62 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, ჯარიმა 567,73 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში; სს ,,ლ- კ--–ის" მოთხოვნა მოპასუხეებისთვის 508,25 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს გ- შ–იამ და რ--- ჩ---უამ. მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გ--- შ-–იასა და რ- ჩ---უას სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს გ-- შ–იამ და რ- ჩ--უამ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

7. კერძო საჩივარი დასაბუთებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად განუხილველდ დატოვა გ-- შ-–იასა და რ--- ჩ--უას კერძო საჩივარი არა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, არამედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე და რომ განჩინებაში არსად არის მითითებული ზუგდიდის რაიონული სასამართლო.

ხოლო რაც შეეეხება სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევას, კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან მისი დარღვევა განაპირობა გადაწყვეტილების არადროულმა ჩაბარებამ.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გ-- შ-–იასა და რ- ჩ-უას მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან გ-- შ--ია ესწრებოდა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, ხოლო მოპასუხე რ----–-- ჩ---უასათვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შესახებ, მათთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 07 სექტემბრიდან (05-06 სექტემბერი წარმოადგენდა დასვენების დღეებს) და ამოიწურა 2015 წლის 21 სექტემბერს (20 სექტემბერი წარმოადგენდა დასვენების დღეს) 24:00სთ.-ზე. სააპელაციო საჩივარი კი, წარდგენილ იქნა 2015 წლის 08 ოქტომბერს, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც მის განუხილველად დატოვებას დაედო საფუძვლად.

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა შედეგობრივი თვალსაზრისით მართალია ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გ-- შიასა და რ- ჩ-უას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, თუმცა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში საპროცესო ვადების გამოთვლასთან მიმართებით განვითარებულ მსჯელობას, შემდეგ მოსაზრებათა გამო:

დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე - გ- შ-–ია. დადგენილია ისიც, რომ 2015 წლის 06 აგვისტოს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე კანონით დადგენილი წესით იყო ცნობილი მოპასუხე - რ-- ჩ---უასათვის და ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის საფუძველზე ორივე მოპასუხისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 05 სექტემბერს და ამოიწურა 21 სექტემბერს, ვინაიდან 19 სექტემბერი იყო შაბათი - უქმე დღე, რომლის მომდევნო სამუშაო დღეს სწორედ 21 სექტემბერი წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებით კი, მოპასუხეებისათვის გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 07 სექტემბრიდან, რადგან 05-06 სექტემბერი წარმოადგენდა დასვენების დღეებს - შაბათ-კვირას), რაც არასწორია.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის ის დანაწესი, რომელიც ვადის დამთავრების დღედ მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს მიიჩნევს, გამოიყენება იმ ფაქტობრივი მოცემულობის მიმართ, როდესაც უქმე დღე ემთხვევა კონკრეტული საპროცესო მოქმედების შესრულების დღეს და კანონით დაწესებული ამგვარი შეღავათის გამოყენება შუალედური ვადების (არა ქმედითი ღონისძიება) ათვლისას რეკომენდირებული არ არის.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ვინაიდან 05-06 სექტემბერი იყო უქმე დღე და ეს დღეები არ უნდა ჩაითვალოს გასაჩივრების ვადის ათვლაში უმართებულოა და არ გამომდინარეობს კანონის სისტემური და ლოგიკური განმარტებიდან.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან, მოპასუხთაგან ერთ-ერთი ესწრებოდა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (გ.შ--ია), ხოლო მეორისათვის კი, ცნობილი იყო გამოცხადების თარიღი (რ.ჩ--უა) მათთვის გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 05 სექტემბრიდან მიუხედავად იმისა, რომ 05 სექტემბერი იყო შაბათი, ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების ბოლო დღე დაემთხვა უქმე დღეებს (შაბათ-კვირას) სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო დღეს წარმოადგენდა 2015 წლის 21 სექტემბერი.

დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა 2015 წლის 08 ოქტომბერს, საპროცესო ვადის დარღვევით, რის გამოც, იგი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

13. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორთა მითითება დასაბუთებული გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში ჩაუბარებლობის გამო გასაჩივრების ვადის საპატიოდ მიჩნევასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ, გამომდინარე იქიდან, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა - ლ.ბერაიამ 2015 წლის 07 სექტემბერს მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილბის ჩაბარების მოთხოვნით და მას 2015 წლის 10 სექტემბერს ჩაბარდა მითითებული გადაწყვეტილება (ს.ფ. 68). ხოლო მოპასუხეები კი, ბაჟისაგან გათავისუფლებულ და შეღავათით მოსარგებლე პირებს არ წარმოადგენდნენ, რომელთათვისაც გადაწყვეტილების გაგზავნა სასამართლოს ვალდებულებაში შედიოდა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, მათთვის გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

14. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად განუხილველდ დატოვა გ-- შ-----–იასა და რ-- ჩ---უას კერძო საჩივარი არა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, არამედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე და რომ განჩინებაში არსად არის მითითებული ზუგდიდის რაიონული სასამართლო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე №2/ბ-1047, 2015 წლის 26 ოქტომბერს მიღებულ განჩინებაში შევიდა შესწორება. განჩინების შესავალ, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილში 2015 წლის 06 აგვისტოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ნაცვლად მიეთითა ზუგდიდის რაიონული სასამართლო, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორთა მითითებული პრეტენზია გავლენას ვერ იქონიებს გასაჩივრებული განჩინების იურიდიულ შინაარსზე.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ-შ-იასა და რ--- ჩ--უას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე