№010210015763055
საქმე №ას-1213-1139-2015 27 იანვარი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ხ- ი-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური მეწარმე რ-- დ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაო ადგილზე აღდგენა, ხელფასისა და განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
I. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:
1. ხ-ი-–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმე რ- დ-ის მიმართ და მოითხოვა, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2015 წლის 02 თებერვლის №4/15 ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის აღდგენა ა--- ტ---ის გადაცემა „ახალი დილას” ჟურნალისტის თანამდებობაზე, იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 350 ლარის ოდენობით.
II. მოპასუხის პოზიცია
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაეკისრა ი/მ რ--დ--ს ხ-- ი-–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 350 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს უარი ეთქვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობაზე, სამუშაზე აღდგენაზე და განაცდურის ანაზღაურებაზე.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივარი წარადგინა ხ-- ი-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2014 წლის 7 აგვისტოს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლობის ა--- ტ--ა და რადიომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი დილის შემეცნებითი-გასართობი სატელევიზიო პროგრამის „დილის ტალღას” (შემდგომში „ახალი დილა”) დამზადების შესყიდვაზე. ტენდერში გამარჯვებლად მიჩნეული იქნა ი/მ რ--დ---ის სატენდერო წინადადება. აღნიშნულის საფუძველზე, 2014 წლის 31 ოქტომბერს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის ა-- ტ----ა და რადიოს წარმომადგენელსა და მოპასუხე ი/მ რ-- დ---ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №18, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 2014 წლის 15 ნოებრიდან 2015 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით დილის შემეცნებით-გასართობი სატელევიზიო პროგრამის დამზადების - მომსახურების შესყიდვა. საქმის მასალებით დადგენილ იქნა, რომ ი/მ რ-- დ-ის მიერ, 2014 წლის 6 ნოემბერს გამოცემული ბრძანებით მოსარჩელე ხ-ი-–ი, პირადი განცხადების საფუძველზე დაინიშნა გადაცემა „ახალი დილას” ჟურნალისტის თანამდებობაზე სამი თვის გამოსაცდელი ვადით. ანაზღაურება განისაზღვრა თვეში 700 ლარის ოდენობით.
- რ. დ---ის მიერ მიღებული №4/15 ბრძანებით დადგენილია, რომ 2015 წლის 02 თებერვალს ხ-ი-ი გათავისუფლდა სამუშაოდან სამთვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის/აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ იგი სამუშაოზე დაინიშნა არა გამოსაცდელი ვადით, არამედ სატენდერო ვადით ანუ, 2015 წლის 6 სექტემბრამდე.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო ორი დამოუკიდებელი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ერთმანეთთან კავშირის მიუხედავად არ შეიძლებოდა მათი პირობების აღრევა, კერძოდ, ერთ შემთხვევაში, სახეზე იყო სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლობის ა- ტ--ასა და რადიოსა და ი/მ რ- დ---ს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა 2014 წლის 15 ნოებრიდან 2015 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით დილის შემეცნებით-გასართობი სატელევიზიო პროგრამის დამზადების შესახებ და რომელიც გრძელდებოდა კიდეც ამ ვადით, და მეორე შემთხვევაში, სახეზე იყო ასევე დამოუკიდებელი შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობა ი/მ რ- დ----სა და ხ----- ი-–---–ს შორის, რომლის თანახმად, დადგენილ იქნა, რომ ხ-ი-–ი, ი.მ რ--დ---–---ის მიერ, ანუ იმ პირის მიერ, ვინც ტ--ის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო, დაინიშნა გადაცემა „ახალი დილას” ჟურნალისტის თანამდებობაზე სამი თვის გამოსაცდელი ვადით.
ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე სწორედ 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით იყო აყვანილი, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია შემდეგი მტკიცებულებებით: თავად მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის სამუშაოზე მიღების შესახებ ბრძანებით და მოწმე ზ---- ჩ--ის ჩვენებით, რომლის განმარტებით: მოსარჩელე იყო ჟურნალისტი გადაცემა „ახალ დილაში”, თავადაც ამ გადაცემაში მუშაობს რეჟისორად, მოსარჩელე 2 თვის განმავლობაში უძღვებოდა რუბრიკას „პორტრეტი”, რომელიც ხელმძღვანელობის მიერ დაწუნებული იყო. თათბირებზე რ--ი (მოპასუხე ი.მ.რ-- დ----ი) ამბობდა, რომ ყველანი მიღებული იყვნენ გამოსაცდელი ვადით, ვინც ხელმძღვანელობის პრეტენზიებს და მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდა - სახლში წავიდოდა. იანვრის თათბირზე იგი ძალიან გაბრაზებული იყო, რადგან ისევ მიიღო შენიშვნები. ამ თათბირს ესწრებოდა მოსარჩელეც. ყველამ იცოდა, რომ დანიშნული იყვნენ გამოსაცდელი ვადით”. მოპასუხის მიერ მოხმობილ მტკიცებულებებს მოსარჩელე უპირისპირებდა მის მოსაზრებას, რომლის თანახმად, იგი არა 3 თვიანი, არამედ სატენდერო ვადით იყო სამუშაოზე აყვანილი. ასევე, თავის მიერვე დაწერილ განცხადებას სამუშაოზე მიღების თაობაზე, სადაც იგი არ აკეთებს აქცენტს 3 თვიან გამოსაცდელ ვადაზე.
აღნიშნული გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლობის ა--- ტ---ა და რადიოსა და ი/მ რ--დ---ს შორის არსებული ხელშეკრულების პირობები არ ვრცელდებოდა ი/მ რ- დ-სა და ხ. ი-–ს შორის არსებულ შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობაზე და ი-–ი ხ. სამუშაოზე 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით იყო მიღებული.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პირის სამუშაოზე მიღებას გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული ნორმის თანახმად, დადგენილია, რომ შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით. გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებულის შრომა ანაზღაურდება ნამუშევარი დროის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა სწორედ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში შესაბამისად, სადავო 2015 წლის 02 თებერვლის №4/15 ბრძანება მოპასუხის მიერ მიღებული იქნა საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც, არ არსებობდა აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
8. ვინაიდან არ არსებობდა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, დაუსაბუთელი იყო მოსარჩელის მოთხოვნა - სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდური ხელფასის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილშიც.
VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ხ-ი-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
10. კასატორის განმარტებით საქმის განხილველ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი, რომელთა სამართლებრივი დანაწესის თანახმად, შრომით სამათლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის ნორმები, ხოლო სამოქალაქო კოდექსის დასახელებული ნორმის მიხედვით ხელშეკრულება დადებულია, როდესაც მხარეთა შორის მოხდება შეთანხმება მის არსებით პირობებზე.
კასატორი სადავოდ ხდის შრომითი ურთეირთობის გამოსაცდელი ვადით წარმოშობას და აღნიშნავს, რომ იგი პირადი განცხადებით იქნა დანიშნული.
კასატორი სადავოდ ხდის მოწმის ჩვენებისათვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებას და აღნიშნავს, რომ შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა მყარდება ორ მხარეს შორის და ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით მოწმის ჩვენება მტკიცებულებად არ უნდა იქნას შეფასებული, რადგან მე-3 პირისათვის უცნობია ხელშემკვრელ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთერთობის დეტალები (იხ., საკასაციო საჩივარი ს.ფ. 207).
კასატორის მოსაზრებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ მეტი მტკიცებულებითი ძალა მიანიჭა მოპასუხის მიერ წარდგენილ ბრძანებას მოსარჩელის სამუშაოზე მიღების შესახებ. მაშინ როდესაც, მითითებულ ბრძანებაში ნათქვამია შემდეგი: ხ- ი-–ი დაინიშნოს ჟურნალისტის თანამდებობაზე პირადი განცხადების საფუძველზე“ და არა მოპასუხის რეზოლუციის საფუძველზე ან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. კასატორი აღნიშნავს, რომ მოთხოვნის მიუხედავად მას, გათავისუფლების შემდეგ პირადი განცხადება არ ჩააბარეს.
კასატორის განმარტებით, იგი რომც ყოფილიყო დანიშნული გამოსაცდელი ვადით, აღნიშნული ვადა იწურებოდა 06 თებერვალს, მისი სამუშაოდან გათავისუფლება კი, მოხდა 30 იანვარს. კასატორი მიუთითებს, რომ მან მოამზადა საპილოტე გადაცემა, რომლითაც მოპასუხემ მოიგო ტენდერი.
სამოტივაციო ნაწილი:
VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
12. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ 2015 წლის 02 თებერვლის №4/15 ბრძანების მართლზომიერება და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგები, როგორიცაა სამუშაო ადგილზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 07.08.2014წ.-ს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლობის ა- ტ--ა და რადიომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი დილის შემეცნებითი-გასართობი სატელევიზიო პროგრამის „დილის ტალღას” დამზადების შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებლად გამოცხადდა ი/მ რ-- დ--ის სატენდერო წინადადება. აღნიშნულის საფუძველზე, 31.10.2014წ.-ს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის ა- ტ--ა და რადიოს წარმომადგენელსა და მოპასუხე ი/მ რ-- დ--ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №18, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 15.11.2014წ.-დან 06.09.2015წ.-მდე დილის შემეცნებით - გასართობი სატელევიზიო პროგრამის დამზადების - მომსახურების შესყიდვა.
დადგენილია, რომ ი/მ რ-- დ-ის მიერ, 06.11.2014წ.-ის ბრძანებით მოსარჩელე ხ---ი-ი, პირადი განცხადების საფუძველზე დაინიშნა გადაცემა „ახალი დილას” ჟურნალისტის თანამდებობაზე, გამოსაცდელი ვადით.
დადგენილია, რომ 02.02.2015წ.-ის №4/15 ბრძანებით ხ-- ი-–ი გათავისუფლდა სამუშაოდან სამთვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო.
14. კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის სამუშაო გამოსაცდელი ვადით მიღების შესახებ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ კასატორის მიერ წარმოდგენილ არა არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მოსარჩელის გამოსაცდელი ვადით მიღებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ამ ვითარებაში, საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ მართებულად გამოიყენა საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლი, რომელითაც დადგენილია, რომ შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებულის შრომა ანაზღაურდება ნამუშევარი დროის შესაბამისად.
15. ამასთან, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა, საქმის განმხილველმა სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ არც სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაწილში და იძულებით გაცდენილი დროის ანაზღაურების ნაწილში, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით კი, კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის საკასაციო პრეტენზია, რომელიც თავის შინაარსით შესაძლებელს გახდიდა საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით.
ზემოთმითითებული ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით არსებობს სტაბილური სასამართლო პრაქტიკა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% -210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ-- ი–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ხ- ი-–ს უკან დაუბრუნდეს 2015 წლის 30 ნოემბერს N605 საგადახდო დავალებით და 2015 წლის 25 დეკემბერს №201 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (196+104 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე