Facebook Twitter

№281210015001018667

საქმე №ას-1222-1147-2015 20 იანვარი, 2016 წელი

№ას-1222-1147-2015 შემოსავლები ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - კ-- ხ-–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

სარჩელში დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. კ- ხ-მა სარჩელი აღძრა ასპინძის მაგისტრატ სასამართლოში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება.

2. მოპასუხემ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხეს დაეკირა სახელფასო დავალიანების 1,267.53 ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა შრომითი ანაზღაურების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო 0,07%-ის გადახდა, რომელიც შეადგენდა 383.25 ლარს.

4. ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა. მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ახალი ადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

7. კერძო საჩივარი დასაბუთებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებობს ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რაც იმაში გამოიხატება, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, გადაწყვეტილებაში მითითებულ არ არის სამართლის ნორმა, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა.

8. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება განსხვავდება უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებისაგან, კერძოდ, იგი მიუთითებს, რომ შრომით დავებთან დაკავშირებით არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილებულია სახელფასო დავალიანება, თუმცა პირგასამტეხლო მოპასუხეს არ აქვს დაკისრებული.

9. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით აპელანტს შეუზღუდა უფლება გაეკრიტიკებინა ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ილახება სახელწიფოს იურიდიული ინტერესი, რადგან სახელფასო დავალიანებასთან ერთად მოპასუხეს დაკისრებული აქვს პირგასამტეხლოც.

კერძო საჩივარში მითითებულია, რომ დავის საგნის ღირებულებაა 1,650.75 ლარი ანუ, ის თანხა, რომელიც მოსარჩელემ მოითხოვა წარმოდგენილი სარჩელით სააპელაციო სასამართლომ კი უმართებულოდ მიიჩნია დავის საგნად 383.25 ლარი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხეს დაეკირა სახელფასო დავალიანების 1,267.53 ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა შრომითი ანაზღაურების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო 0,07%-ის გადახდა, რომელიც შეადგენდა 383.25 ლარს.

13. ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ გაუქმება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ., სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ს.ფ. 67).

14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად დაუშვებლობის გამო, ვინაიდან, დადგენილია, რომ ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა, როგორც სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ისე შრომითი ანაზღაურების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო 0,07% - ჯამში, 383.25 ლარი. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრთ კი, აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება უნდა განისაზღვროს სწორედ იმ ოდენობით, რომელიც პირგასამტეხლოს სახით აქვს დაკისრებული მოპასუხეს/აპელანტს და ეს ოდენობა, როგორც აღინიშნა, 383.25 ლარია.

15. ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრის კრიტერიუმად სარჩელში დავის საგნის ღირებულება იქნეს მიჩნეული, ხოლო ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას 1,650.75 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება წარმოადგენდა, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართლის ნორმა (365-ე მუხლი), რომელიც ადგენს სააპელაციო საჩივრის ღირებულებას, ადგენს ქცევის წესს, რომლის თანახმად, ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. შესაბამისად, ამ ღირებულების დადგენა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნით უნდა განისაზღვროს და მაშასადამე, სარჩელში დავის საგანიდან გამომდინარე მისი განსაზღვრა არ გამომდინარეობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის ნორმის სწორი განმარტებიდან.

16. ხოლო რაც შეეხება კერძო საჩივარში მითითებულ იმ საკითხებს, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიულ დაუსაბუთებლობასა და ამასთან, გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგის სასამართლო პრაქტიკასთან შეუსაბამობასა და მოპასუხის იურიდიულ ინტერესს შეეხება, ვერ გახდება საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებელი კერძო საჩივარში მითითებულ საკითხებზე (გადაწყვეტილების იურიდიულ დასაბუთებულობასა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან მის შესაბამისობაზე, აგრეთვე, მოპასუხის იურიდიულ ინტერესზე) მსჯელობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, როდესაც სააპელაციო საჩივარი პროცედურულად გადალახავს დასაშვებობის ყველა კანონით დადგენილ წინაპირობას, რასაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე