Facebook Twitter

საქმე №ას-111-107-2016 12 თებერვალი, 2016 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „S-ს“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – შპს „ს-ს“ სარჩელის გამო, შპს „S-ს“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქმის მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი 3300 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწლში განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო 1824 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო საჩივარს ხარვეზი უნდა დაუდგინდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.

განსახილველ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ს-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „S-ს“ შპს „ს-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 78300 ლარის გადახდა (60000 ლარი ძირი თანხა, 18300 ლარი პირგასამტეხლო). სარჩელი, პირგასამტეხლოს სახით 18300 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული რ. გ-ის საკუთრებად რეგისტრირებული ქონება მდებარე - ქ.ბათუმი, ზ.გ-ის ქ.#.../ქ.ბათუმი, ბ-ის ქ.#.... აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „S-მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნაწილობრივ და მოითხოვა პირგასამტეხლოს (18300ლარი) 15000 ლარით შემცირება. შესაბამისად, 3300 ლარის ლარის ნაწილში მხარეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში ის კანონიერ ძალაშია შესული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „S-ს“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება შპს „S-სათვის“ შპს „ს-ს“ სასარგებლოდ 78300 ლარიდან 13176 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის ანაზრაურების დაკისრების ნაწილში. შპს „ს-ს“ სარჩელი შპს „S-სათვის“ 13176 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა შპს „S-მ“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირაგსამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოში მხარე სადავოდ ხდიდა პირგასამტეხლოს მხოლოდ 15000 ლარის ნაწილში და სააპელაციო სასამართლომ ის დააკმაყოფილა 13176 ლარის ოდენობით, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება მხოლოდ 1824 ლარის ნაწილში. რაც შეეხება საკასაციო საჩივარს პირგასამტეხლოს დანარჩენი 3300 ლარის დაკისრების ნაწილში, ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და განუხილველად უნდა იქნას დატოვებული ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარს.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება 1824 ლარია, რომლის 5% მნიშვნელოვნად დაბალია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე, ამიტომაც კასატორის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 300 ლარით უნდა განისაზღვროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს არანაირ მითითებას საპროცესო დარღვევებზე, შესაბამისად პალატა მიიჩნევს რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, რაც, ხარვეზის დადგენის კიდევ ერთი საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ, კასატორს უნდა მიეცეს 5 დღის ვადა არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „S-ს“ საკასაციო საჩივარი პირგასამტეხლოს სახით 3300 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩეს განუხილველად. შპს „S-ს“ დაევალოს მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“). სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150. წარმოადგინოს დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი არ მიიღება წარმოებაში და განუხილველად დარჩება. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე