Facebook Twitter

საქმე №ა-148-შ-3-2016 22 თებერვალი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ლ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ა-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ბ-ის განცხადება მასა და თ. ბ-ეს შორის არსებული ქორწინების ანულირების შესახებ, მოსარჩელეს მიენიჭა მეურვეობის უფლება ქორწინების დროს დაბადებულ ბავშვზე - ი. ა-ზე, მოპასუხემ უნდა გადაუხადოს მოსარჩელეს 71.00 აშშ დოლარი ალიმენტის სახით.

ლ. ბ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:

მხარეები ინფორმირებული იყვნენ და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. დგინდება რომ წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით ლ. ბ-ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გააჩნია თუ არა მოცემულ დავასთან მიმართებაში საერთაშორისო კომპეტენცია და ნათლად განესაზღვრა მოთხოვნა, კერძოდ რა ნაწილში ითხოვდა გადაწყვეტილების ცნობას საქართველოს ტერიტორიაზე.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მხარეს გაეგზავნა შუამდგომლობაში მითითებულ მისამართზე მაგრამ არ ჩაბარდა იმ საფუძვლით რომ, აღნიშნულ მისამართზე ლ.ბ-ე აღარ ცხოვრობს და იგი იმყოფება საზღვარგარეთ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი ეროვნული საპროცესო კანონმდებლობაა, შესაბამისად, ამ კატეგორიის საქმეებზე, სპეციალური კანონით დადგენილ შეზღუდვათა გათვალისწინებით, ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად (სსსკ-ის 399-ე და 372-ე მუხლები), სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით ლ. ბ-ის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გააჩნია თუ არა მოცემულ დავასთან მიმართებაში საერთაშორისო კომპეტენცია და ნათლად განესაზღვრა მოთხოვნა, კერძოდ, რა ნაწილში ითხოვდა გადაწყვეტილების ცნობას საქართველოს ტერიტორიაზე.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ არ ჩაბარდა. კურიერის მიერ შედგენილი აქტის თანახმად „ლ. ბ-ე ამჟამად აღარ ცხოვრობს ამ მისამართზე, იგი იმყოფება საზღვარგარეთ საცხოვრებლად“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული მისამართი არასწორია, რაც შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მხარეს განმეორებითაც გაუგზავნა თუმცა არც ამჯერად ჩაბარდა იმ მითითებით რომ, ლ.ბ-ე აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ბ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს 2003 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ.ალავიძე