საქმე №ა-4331-შ-89-2015 3 თებერვალი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „R.-“
წარმომადგენელი – ს. ჯ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს.-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – გერმანიის ქ.დრეზდენის მიწის სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – სასამართლო ხარჯების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ქ.დრეზდენის მიწის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის აპელაციაზე დრეზდენის მიწის სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება, Az.: 10 01815/12, შეიცვალა და მოსარჩელე გ. ს.-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. ასევე მოსარჩელეს დაეკისრა ორივე ინსტანციის სასამართლო ხარჯების გადახდა.
აღნიშნული დროებით აღსასრულებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ქ.დრეზდენის მიწის სასამართლოს ხარჯების განსაზღვრის შესახებ 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გ. ს.-ის მიერ შპს „R.--ისათვის“ ასანაზღაურებებლი ხარჯები განისაზღვრა 3143,70 ევროთი.
შპს „R.--ის“ წარმომადგენელმა ს. ჯ.-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ქ.დრეზდენის მიწის სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებულიი განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და გერმანიის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შპს „R.--ის“ წარმომადგენელ ს. ჯ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.დრეზდენის მიწის სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
2016 წლის 25 იანვარს გ. ს.-ემ წარმოადგინა 3143,70 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა შუამდგომლობაზე საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ მან უკვე შეასრულა ქ.დრეზდენის მიწის სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მისთვის დაკისრებული ვალდებულება.
2016 წლის 27 იანვარს შპს „R.--ის“ დირექტორმა ლ. ს.-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რომლითაც უარი თქვა შუამდგომლობაზე იმ საფუძვლით, რომ გ. ს.-ემ უკვე შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „R.--ის“ დირექტორ ლ. ს.-ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ შპს „R.--ის“ შუამდგომლობაზე, გერმანიის ქ.დრეზდენის მიწის სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობის ავტორი უფლებამოსილია, თანამდევი სამართლებრივი შედეგის გათვალიწინებით, უარი განაცხადოს თავის შუამდგომლობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე.
კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მიერ შუამდგომლობაზე უარის თქმისას სასამართლო შეწყვეტს შუამდგომლობაზე არსებულ საქმის წარმოებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „R.--ის“ დირექტორ ლ. ს.-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. შპს „R.--ის“ შუამდგომლობაზე, გერმანიის ქ.დრეზდენის მიწის სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, საქმის წარმოება შეწყდეს.
3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე