საქმე №ას-1295-1215-2015 1 თებერვალი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – პ. კ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ე. ბ.-ე, ე. დ.-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა
დავის საგანი – დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე. ბ.-ემ და ე. დ.-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე პ. კ.-ის მიმართ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, ე. დ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ე. ბ.-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: პ. კ.-ეს მოსარჩელე ე. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ე. ბ.-ისა და ნ. დ.-ის მკურნალობისათვის გადახდილი 384 ლარის, პ. დ.-ისა და ნ. დ.-ის სასახლის, საფლავის, ქელეხის, ორმოცის და წლისთავის ხარჯების სახით 4 000 ლარის გადახდა.ასევე პ. კ.-ეს მოსარჩელე ე. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა პ. და ნ. დ.-ის გარდაცვალების გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 300 ლარიდან – 100 ლარის გადახდა. პ. კ.-ეს ე. ბ.-ის სასარგებლოდ ჯამში დაეკისრა 14 484 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. ბ.-ემ, ე. დ.-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ბ.-ის და ე. დ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე. ბ.-ისა და ე. დ.-ის სარჩელი მატერიალური ზიანის – 15 317 ლარის, აგრეთვე მორალური ზიანის – 20 000 ლარის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პ. კ.-ეს ე. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა გარდაცვლილების – პ. დ.-ისა და ნ. დ.-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის (სასახლის, საფლავის, ქელეხის, ორმოცის და წლისთავის ხარჯი) სახით 14 000 ლარის გადახდა; ე. ბ.-ისა და ე. დ.-ის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხე პ. კ.-ეს ე. ბ.-ისა და ე. დ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის – 20 000 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. კ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 იანვრის განჩინებით პ. კ.-ის წარმომადგენელ ნ. ჯ.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 3466 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება კასატორი წარმომადგენელ ნ. ჯ.-ს კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ჩაბარდა 2016 წლის 16 იანვარს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ პ. კ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენელს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 4 იანვრის განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2016 წლის 16 იანვარს. (იხ. ტ.2, ს.ფ.85). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 17 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 25 იანვარს, ვინაიდან 23-24 იანვარი იყო არასამუშაო დღეები – შაბათი-კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი