Facebook Twitter

საქმე №ას-1257-1179-2015 25 იანვარი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „მ.-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :

შპს „მ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ა.-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 404007 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს „ა.-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების – 218338,84 (ძირითადი თანხა – 144594,97 ლარი და პირგასამტეხლო – 73743,87ლარი) ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ახალმა ქსელებმა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

შპს „ახალმა ქსელებმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „მ.-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 161622,46 ლარისა და ასევე 13328,34 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ა.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „მ.-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 161622,46 ლარის გადახდა. ასევე შპს „მ.-ს“ შპს „ა.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 13328,34 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ.-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

2013 წლის 29 ოქტომბერს შპს „ა.-ის“ წარმომადგენელმა რ. პ.-ამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ზემოხსენებულ საქმეთა გაერთიანება ერთ წარმოებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ნოემბრის განჩინებით შპს „ა.-ის“ წარმომადგენელ რ. პ.-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული სამოქალაქო საქმე №2ბ/637-13 და სამოქალაქო საქმე №2ბ/5376-13 გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ა.-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „მ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „ა.-ს“ შპს „მ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 171049,5 ლარის გადახდა. შპს „მ.-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „ა.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „მ.-ს“ შპს „ა.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 140275,63 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ.-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 იანვრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 7014 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების შესაბამისად გაცემული რწმუნებულებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება შპს „მ.-ს“, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ჩაბარდა 2016 წლის 11 იანვარს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ.-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 4 იანვრის განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2016 წლის 11 იანვარს. (იხ. ტ.5, ს.ფ.356). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 12 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 18 იანვარს, ვინაიდან 2016 წლის 16-17 იანვარი იყო არასამუშაო დღეები – შაბათი, კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი