№ას-1057-1012-2014 17 დეკემბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი – შპს „ბ. ჯ-ა“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი – ნ. წ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ-ო +“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – ვ. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საიჯარო ქირის გადახდა, საიჯარო ქონების დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 23.01.2012 წელს შპს „ჯ-ო+-სა“ (შემდეგში მოსარჩელეს ან მეიჯარეს) და შპს „ბ. ჯ-ას“ (შემდეგში მოპასუხეს ან მოიჯარეს) შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეიჯარემ მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცა მის საკუთრებაში არსებული ბლოკების საამქრო (მდებარე მ-ის რაიონის სოფელ ქ-ში) და ორი ერთეული თვითმტვირთავი. საიჯარო ქირა განისაზღვრა ყოველთვიურად 3000 ლარით (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის - შემდეგში სსკ-ის - 581-ე მუხლის პირველი ნაწილი).
2. მოიჯარეს არცერთი თვის საიჯარო ქირა არ გადაუხდია, რის გამოც მეიჯარემ 2012 წლის 20 სექტემბრის წერილით აცნობა მას, რომ წყვეტდა საიჯარო ხელშეკრულებას და მოითხოვა საიჯარო ქირის გადახდა და საიჯარო ქონების დაბრუნება (სსკ-ის 558-ე მუხლი).
3. საიჯარო ქონებას დღემდე ფლობს მოიჯარე და უარს აცხადებს მის დარუნებაზე, ამასთან, მას დღემდე არ გადაუხდია საიჯარო ქირა.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა:
- იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 9 თვის საიჯარო ქირის - 27 000 ლარის დაკისრება (ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სარჩელში მითითებულია სსკ-ის 581-ე და 558-ე მუხლები);
- საიჯარო ქონების დაბრუნება (ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სარჩელში მითითებულია სსკ-ის 172-ე მუხლი);
- საიჯარო ქონების დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება - ყოველთვიურად 3000 ლარის გადახდა საიჯარო ქონების დაბრუნებამდე (ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სარჩელში მითითებულია სსკ-ის 581-ე მუხლის მეორე ნაწილი და 567-ე მუხლი).
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- შეწყვეტილად იქნა ცნობილი საიჯარო ხელშეკრულება და საიჯარო ქონება დაუბრუნდა მოსარჩელეს;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 27000 ლარის გადახდა;
- მოსარჩელეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე.
6. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მეიჯარემ მოიჯარეს სარგებლობაში გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქონება. მოიჯარემ 9 თვის განმავლობაში არ გადაიხადა საიჯარო ქირა, რის გამოც მეიჯარემ შეწყვიტა ხელშეკრულება მოიჯარესთან. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სსკ-ის 581-ე მუხლის მეორე ნაწილისა და ამავე კოდექსის 558-ე მუხლის საფუძველზე, მეიჯარემ მართლზომიერად მოშალა ხელშეკრულება მოიჯარესთან, შესაბამისად, სსკ-ის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, მეიჯარეს შეეძლო, მოიჯარისათვის მოეთხოვა საიჯარო ხელშეკრულების მოშლამდე გადაუხდელი ქირის გადახდა, ხოლო სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი - საიჯარო ქონების დაბრუნება.
7. საქალაქო სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა ზიანის ანზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ: ა. საიჯარო ქონება განთავსებულია მოიჯარის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე; ბ. საიჯარო ქონება დაყადაღებულია სახელმწიფოს სასარგებლოდ მეიჯარის საგადასახადო დავალიანების გამო; გ. მეიჯარე აღარ უზრუნველყოფს საიჯარო ქონებიდან ნაყოფის მიღების შესაძლებლობას.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ორივე მხარემ, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით:
- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
- სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 3000 ლარის გადახდა 23.01.2012 წლის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქონების მოსარჩელისათვის გადაცემამდე;
- დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საიჯარო ქონება, რომელიც განთავსებული იყო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, 18.05.2012 წლიდან წარმოადგენდა ამ უძრავი ქონების არსებით შემადგენელ ნაწილს და, შესაბამისად, მის საკუთრებას, ამიტომ მას საიჯარო ქირის გადახდა აღარ ევალებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 150-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მის მიერ მითითებული გარემოება, კერძოდ ის, რომ საიჯარო ქონება მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი იყო. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ბლოკების საამქრო წარმოადგენდა მოძრავ ქონებას - მოწყობილობა-დანადგარების ერთობლიობას, რომელიც ადგილზე მიიტანა და დაამონტაჟა მოსარჩელემ.
11. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელი იყო მოპასუხის პრეტენზია იმის თაობაზეც, რომ დათქმული საიჯარო ქირა მიწის ნაკვეთით სარგებლობის საფასურსაც გულისხმობდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 23.01.2012 წლის იჯარის ხელშეკრულება მიწით სარგებლობის პირობებს არ ადგენდა და საიჯარო საგანში მხოლოდ ხელშეკრულებაში მითითებულ მეიჯარის კუთვნილ მოძრავ ქონებას გულისხმობდა.
12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 591-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ამ ნორმის საფუძველზე მეიჯარეს შეეძლო, მოპასუხისათვის მოეთხოვა საიჯარო ქონების დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მისი დაყოვნების მთელი პერიოდისათვის. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ხელს არ უშლიდა ის გარემოება, რომ 02.12.2012 წელს მეიჯარემ ბლოკების საამქროდან ამოიღო მეხსიერების ბარათი, რადგან ეს ქმედება განხორციელდა საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ამასთან, ამის მიუხედავად, მოიჯარემ თავად აღადგინა საამქროს მუშაობა.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, საიჯარო ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც იგი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 385-ე, 386-ე მუხლების შესაბამისად, უნდა შეცვლილიყო ახალი გადაწყვეტილებით.
14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა საიჯარო ქონების დაბრუნების დაყოვნების გამო ზიანის ანაზღაურების თაობაზე. კასატორი მოითხოვს ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
15. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
- მოსარჩელემ საიჯარო ქონება შეიძინა მოპასუხის დამფუძნებლისგან ნასესხები 224 000 აშშ დოლარით, რომელიც მოსარჩელეს დღემდე არ დაუბრუნებია. სწორედ ამ ვალდებულების შეუსრულებლობამ განაპირობა საიჯარო ქირის გადაუხდელობა;
- სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მეიჯარის მიერ ბლოკების საამქროდან მეხსიერების ბარათის ამოღება ვერ დააბრკოლებდა საიჯარო ქონების დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას, რადგან ეს ქმედება განხორციელდა საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მეიჯარის მიერ მეხსიერების ბარათის ამოღების დროს იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილი არ ყოფილა, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი სასამართლოში იხილებოდა;
- სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 591-ე მუხლი, ვინაიდან ამ ნორმის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როდესაც საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ მოიჯარე ბრალეულად არ აბრუნებს საიჯარო ქონებას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საიჯარო ქონება დაყადაღებულია სახელმწიფოს სასარგებლოდ მეიჯარის საგადასახადო დავალიანების გამო, შესაბამისად, მოიჯარე მოკლებულია საიჯარო ქონების დაბრუნების შესაძლებლობას;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ ირკვევა, თუ რა დროიდან დაეკისრა მოპასუხეს ყოველთვიურად 3000 ლარის გადახდა.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ზეპირი განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ეს ფაქტები (იხ. ამ განჩინების 1-3, 10-12 პუნქტები).
20. განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენდა: ა. იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის გამო საიჯარო ქონების დაბრუნება; ბ. საიჯარო ქირის დავალიანების გადახდა და გ. საიჯარო ქონების დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
21. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით მოსარჩელის სამივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ამასთან, საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მესამე მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის განხილვის საგანია საიჯარო ქონების დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების კანონიერება.
22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მესამე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 591-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, თუ მოიჯარე, საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.
23. ზემოხსენებული ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია, რომ შემდეგი სამართლებრივი წანამძღვრები არსებობდეს: (ა) მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება; (ბ) საიჯარო ურთიერთობის დამთავრება; (გ) მოიჯარის მიერ საიჯარო ქონების დაბრუნების დაყოვნება.
24. მოცემულ შემთხვევაში, ყველა სამართლებრივი წინაპირობა განხორციელებულია, კერძოდ: (ა) მხარეთა შორის დადებულია იჯარის ხელშეკრულება; (ბ) საიჯარო ურთიერთობა დამთავრებულია მეიჯარის მიერ საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე მოშლით; (გ) მოიჯარის მიერ დაყოვნებულია საიჯარო ქონების დაბრუნება.
25. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 23.01.2012 წლის იჯარის ხელშეკრულებით დათქმული საიჯარო ქირის გადახდა საიჯარო ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის იმ დრომდე, ვიდრე მოპასუხე ამ ქონებას მოსარჩელეს არ დაუბრუნებს.
26. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მეიჯარის მიერ 25.09.2008 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა გამორიცხავს მოიჯარის დავალდებულებას, გადაიხადოს საიჯარო ქირა, მათ შორის, საიჯარო ქონების დაბრუნების დაყოვნების მთელი პერიოდისათვის. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორი ვერ უთითებს, თუ რა სამართლებრივი კავშირი არსებობს ამ ორ ხელშეკრულებას შორის. 23.01.2012 წლის იჯარის ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე მითითებას 25.09.2008 წლის სესხის ხელშეკრულებაზე და - პირიქით, სესხის ხელშეკრულებაშიც არაფერია ნათქვამი იჯარის ხელშეკრულებაზე. აქედან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, შესაძლებელია იყოს ცალკე დავის საგანი და იგი გავლენას ვერ მოახდენს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობებზე.
27. კასატორი მიიჩნევს, რომ მეიჯარის მიერ საიჯარო ქონების დაზიანებისას (ბლოკების საამქროდან მეხსიერების ბარათის ამოღებისას), საიჯარო ხელშეკრულება შეწყვეტილი არ ყოფილა, შესაბამისად, მეიჯარემ თავისი უკანონო მოქმედებით მოიჯარეს წაართვა საიჯარო ქონებიდან ნაყოფის მიღების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მეიჯარის ზემოხსენებული ქმედება გავლენას ვერ მოახდენს საიჯარო ქონების დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე.
28. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ, რამდენიმე თვის საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, მეიჯარემ 20.09.2012 წლის წერილით ცალმხრივად მოშალა იჯარის ხელშეკრულება მოიჯარესთან. კასატორს, საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე, სადავოდ არ გაუხდია ამ წერილის მიღების ფაქტი. ამდენად, უდავოა, რომ მოიჯარეს წერილობით ეცნობა მეიჯარის ნება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შესახებ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 27, 28). აქედან გამომდინარე, სსკ-ის 51.1 მუხლის საფუძველზე, მეიჯარის ნების გამოვლენა ნამდვილად, ხოლო ხელშეკრულება მოშლილად ითვლება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოიჯარის მიერ საიჯარო ქონებით სარგებლობა მართლზომიერია საიჯარო ურთიერთობის დამთავრებამდე. ამ ურთიერთობის დამთავრების შემდეგ კი, საიჯარო ქონება მეიჯარეს უნდა დაუბრუნდეს. თუ მოიჯარე აყოვნებს საიჯარო ქონების დაბრუნებას, მისი მოქმედება არამართლოზმიერად უნდა მივიჩნიოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოიჯარეს ამ ქონებით სარგებლობისა და ნაყოფის მიღების უფლება აღარ გააჩნია. აქედან გამომდინარე, საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ, მეიჯარე აღარაა ვალდებული, უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა საიჯარო ქონებიდან, ხოლო მისი მცდელობა, დაიბრუნოს ეს ქონება მოიჯარისაგან, შესაძლებელია, განვიხილოთ, როგორც თვითდახმარება (სსკ-ის 118-ე მუხლი). მართალია, თვითდახმარების ფარგლების გაცდენა, შესაძლებელია, გახდეს თვითდახმარების მიზნით მოქმედი პირისათვის ზიანის დაკისრების საფუძველი (სსკ-ის 120-ე მუხლი), მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, მოიჯარეს ასეთი მოთხოვნა არ წამოუყენებია.
29. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ, ვინაიდან საიჯარო ქონება დაყადაღებულია სახელმწიფოს სასარგებლოდ მეიჯარის საგადასახადო დავალიანების გამო, ამიტომ მოიჯარე მოკლებულია შესაძლებლობას, დააბრუნოს აღნიშნული ქონება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მეიჯარის ქონების დაყადაღება ვერ დააბრკოლებს ამ უკანასკნელისათვის მისივე დაყადაღებული ქონების დაბრუნებას. მართალია, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, მეიჯარეს აეკრძალა საიჯარო ქონების დაზიანება და გადაადგილება, მაგრამ არც ეს აკრძალვა არ ზღუდავს მოიჯარეს, საიჯარო ქონება დაუბრუნოს მეიჯარეს. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საიჯარო ქონების მეიჯარისათვის დაბრუნების თაობაზე შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, ამ ქონების მეიჯარისათვის დაბრუნების კანონიერებას კასატორი სადავოდ ვეღარ გახდის.
30. კასატორი უთითებს იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ ირკვევა, თუ რა დროიდან დაეკისრა მოპასუხეს ყოველთვიურად 3000 ლარის გადახდა. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9 თვის საიჯარო ქირის - 27 000 ლარის გადახდა, შესაბამისად, ნათელია, რომ საიჯარო ქონების დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის - ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურება მოპასუხეს დაეკისრა მეათე თვიდან საიჯარო ქონების მოსარჩელისათვის გადაცემამდე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე რაიმე დაბრკოლებას შექმნის, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია, განმარტოს თავისი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 262-ე მუხლი).
31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმის, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
32. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
33. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე მუხლებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: პ.ქათამაძე
ე.გასიტაშვილი