საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-4262-შ-87-2015 18 დეკემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი –ა. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ი-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, ვეზელის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება № 33F110/12
დავის საგანი – მეურვეობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა. დ-ი და ლ. ი-ი დაქორწინდნენ 2003 წლის 19 ივნისს საქართველოში, თბილისში. წყვილს ჰყავს ორი შვილი: 2... წლის .. მაისს დაბადებული გ. და 2... წლის .. ივნისს დაბადებული ნ...
2. 2011 წლის აპრილში ბავშვების მამა - ლ. ი-ი დეპორტირებული იქნა საქართველოში.
3. ამის შემდეგ, ბავშვების დედამ - ა. დ-მა განცხადებით მოითხოვა, მას გადასცემოდა ბავშვებზე მეურვეობა. ამ საკითხზე ა. დ-მა 2013 წლის 21 იანვარს მიიღო კონსულტაცია. ასევე, ბავშვების მამის - ლ. ი-ის პირადი მოსმენით, სასამართლომ დააწესა დროის გარკვეული ინტერვალი, რადგან იგი დეპორტირებული იყო და გერმანიაში ვეღარ გაჩერდებოდა. მეურვეობის მოთხოვნით, მეუღლის მიერ წარდგენილ განცხადებაზე, აზრის წერილობით გამოთქმის შესაძლებლობის თაობაზე, ლ. ი-ს ეცნობა 2012 წლის 26 ივლისს, რაც დადასტურებულია წერილობით. ბავშვების მამას მეუღლის განცხადების საწინააღმდეგო მოსაზრება გერმანიის სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
4. ბავშვების დედის განცხადება მეურვეობაზე დაკმაყოფილდა, მან მიიღო გერმანიაში ცხოვრების ნებართვა და ცხოვრობს კიდეც იქ ბავშვებთან ერთად. დედას მოეთხოვება ბავშვებზე მარტოხელა მეურვეობა, მამა არ ზრუნავს გერმანიაში ბავშვების საქმეებზე (მათთვის ვიზების გაცემისათვის, ბავშვების სკოლაში, კლუბებში აღრიცხვის თაობაზე ხელშეწყობაზე). მამამ განმარტა, რომ იგი არ არის მზად, საამისოდ რაიმე გააკეთოს. ასეთ ვითარებაში, ბავშვების საკეთილდღეოდ, ხდება საერთო მეურვეობის გაუქმება და მისი გადატანა ბავშვების დედაზე.
5. გერმანიის, ვეზელის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებაში № 33F110/12 მითითებულია, რომ მხარეებსა და მათ შვილებს აქვთ საქართველოს მოქალაქეობა და ასეთ დროს გამოიყენება გერმანიის სამოქალაქო კოდექსში შესავალი აქტის 21-ე მუხლი, ვინაიდან ბავშვებს აქვთ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი გერმანიაში.
6. 2015 წლის 10 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლომით მომართა ა. დ-მა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოითხოვა წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
7. შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულია გერმანიაში და იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელს ბავშვებთან ერთად ხშირად უწევს საზღვარგარეთ მოგზაურობა, არასრულწლოვანი შვილების თავისუფლად გადაადგილების მიზნით, ესაჭიროება უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 20 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ა. დ-ის შუამდგოლობა.
9. მე-8 პუნქტში მითითებული განჩინება თანდართული მასალებით, 2015 წლის 26 ნოემბერს გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს - ლ. ი-ს, რომელსაც გზავნილი ჩაჰბარდა ამავე წლის 30 ნოემბერს (იხ. შესაბამისი აქტი საქმის მასალებში).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს; უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
11. ამ განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარეს - ლ. ი-ს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინებისა და თანდართული მასალების მიღების შემდეგ (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი).
12. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობას ერთვის გერმანიის, ვეზელის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის # 33F110/12 გადაწყვეტილების სრული ტექსტი, რომლის ორიგინალი დამოწმებულია აპოსტილით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ენაზე თარგმნილი ტექსტი დამოწმებულია სანოტარო წესით.
13. მე-12 პუნქტში მითითებული, ვეზელის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია მისი კანონიერ ძალაში შესვლა 2013 წლის 17 სექტემბრიდან.
14. შუამდგომლობის ავტორი ადასტურებს, რომ მე-12 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება აღსრულებულია გერმანიაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. დ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ვეზელის საოლქო სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება № 33F110/12, რომლითაც ბავშვებზე - გ. ი-ზე, დაბ. 02.05.2... წ. და ნ. ი-ზე, დაბ. 21.06.2... წ. - მეურვეობა გადაეცა დედას;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე