Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-654-620-2015 17 დეკემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2013 წლის 12 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდეგში შემსყიდველი, სამინისტრო ან კასატორი) და შპს "პ-ს" (შემდეგში მიმწოდებელი ან საწარმო) შორის გაფორმდა # 89 ხელშეკრულება (შემდეგში # 89 ხელშკრულება), რომლის საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 372 000 ლარით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, შემსყიდველის მოთხოვნიდან 45 კალენდარულ დღეში, მიეწოდებინა მისთვის მთლიანი საქონლის ღირებულების 10 % [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში, სსკ, 477-ე მუხლი].

2. #89 ხელშეკრულებით საწარმოს საბურავები უნდა მიეწოდებინა სამინისტროსათვის. ხელშეკრულების მე-9 პუნქტით განისაზღვრა საქონლის მიწოდების პირობები და ვადები, ორ ეტაპად, კერძოდ: პირველი ეტაპი- პრაქტიკული ტესტირების ან/და ექსპერტიზის მიზნით, საქონლის საერთო რაოდენობის 10 % უნდა მიეწოდებინა მიმწოდებელს, შემსყიდველის მოთხოვნიდან, 45 კალენდარულ დღეში; ხოლო მეორე ეტაპი - საქონლის დარჩენილი რაოდენობა, შემსყიდველის მოთხოვნიდან 20 კალენდარულ დღეში (იხ. # 89-ე ხელშეკრულების 9.1 ქვეპუნქტი, ტ. 1, ს.ფ. 17).

3. შემსყიდველმა, 2013 წლის 21 მარტის # 311/255 წერილით, მიმწოდებელს მოსთხოვა #89 ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის საერთო რაოდენობის არა უმეტეს 10 %-ის მიწოდება (ტ.1, ს.ფ. 24), აღნიშნული მოთხოვნა იმავე წლის 25 მარტს ჩაჰბარდა საწარმოს (ტ.1, ს.ფ. 25, 63-64).

4. #89 ხელშეკრულების შესაბამისად, პირველ ეტაპზე, გათვალისწინებული საქონლის საერთო რაოდენობის 10 %, 188 ცალი საბურავი, საწარმომ 2013 წლის 19 ივნისს მიაწოდა შემსყიდველს.

5. შემსყიდველმა მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მიმწოდებელს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და დათქმული პირობებით არ შეუსრულებია;

6. სამინისტრომ 2013 წლის 12 დეკემბერს სარჩელი აღძრა მიმწოდებლის წინააღმდეგ და მოითხოვა, მისთვის წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული, პირგასამტეხლოს 227 752 (ორას ოცდაშვიდი ათას შვიდას ორმოცდათორმეტი) ლარის დაკისრება.

7. შემსყიდველმა, წარდგენილი შესაგებლით, არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ მას არ დაურღვევია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადა, კერძოდ, წარდგენილი მტკიცებულებით ვერ დასტურდებდა, რომ საწარმოს მოთხოვნა ჩაჰბარდა 2013 წლის 25 მარტს. საწარმოს მოსაზრებით, საფოსტო შეტყობინებით დადასტურებულია, რომ გზავნილი ჩაიბარა საწარმოს დირექტორის დამ - ს. ს-მა, რომელსაც საწარმოში არავითარი თანამდებობა არ ეკავა. საწარმოს დირექტორისათვის შეტყობინების შესახებ ცნობილი გახდა მოგვიანებით და, ამ ინფორმაციის მიღებიდან 2-3 დღეში, მიმწოდებელს ჩაერიცხა კიდეც საბურავების შესყიდვის თანხა, ხოლო შემსყიდველს საბურავები, მოთხოვნილი ოდენობით - 188 ცალი, საწარმომ მიაწოდა 2013 წლის 19 ივნისს, შეტყობინების მიღებიდან 45 დღიანი ვადის დაცვით. მიმწოდებლის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ მას შემსყიდველის მოთხოვნა ჩაჰბარდა 2013 წლის 25 მარტს და, ამის გათვალისწინებით, თუკი დაუშვებდა, რომ, საქონელი ვადის დარღვევით, 2013 წლის 19 ივნისს გადაეცა შემსყიდველს, ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მიწოდების ვადის გადაცილებისთვის, ზედმეტად მაღალი იყო. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 1 372 000 ლარს. ამასთან, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი და მისაწოდებელი საქონლის საერთო ღირებულება უნდა ყოფილიყო 137 200 ლარი (მთლიანი ღირებულების 10%) და 137 200 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების ვადაგადაცილებისათვის (მაქსიმუმ 40 დღისათვის), შემსყიდველმა სარჩელით მოითხოვა, პირგასამტეხლოს სახით, 227 752 ლარის გადახდა, ანუ მისაწოდებელი საქონლის ღირებულების თითქმის ორმაგი ოდენობა. მიმწოდებელმა აღნიშნა, რომ საქონლის ვადის დარღვევით მიწოდების დაშვების შემთხვევაშიც კი, საბოლოოდ, საქონელი გადაეცა შემსყიდველს და მისი ღირებულება შეადგენდა 153 200 ლარს, შემსყიდველმა კი არაგონივრული თანხა მოითხოვა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, საწარმოს, პირგასამტეხლოს სახით, სარჩელით მოთხოვნილი 227 752 ლარიდან, დაეკისრა 4 100 ლარის გადახდა (41 დღე X 100 ლარი), ხოლო 223 652 ლარის ნაწილში, შემსყიდველის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

9. საქალაქო სასამართლოს, მე-8 პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაასაჩივრა სამინისტრომ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილებით, შემსყიდველის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. მე-8 პუნქტი), თავის მხრივ, შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მიმწოდებელმა საწარმომ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება. კერძოდ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (4100 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრება) და, ახალი გადაწყვეტილებით, შემსყიდველის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11. სამინისტრომ საკუთარი პოზიცია დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.1. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ჩანაწერი უნდა გაგებულიყო იმგვარად, რომ მიმწოდებელი ვალდებული იყო, პირველ ეტაპზე, შემსყიდველისთვის მიეწოდებინა თითოეული დასახელების საქონლის 10 %, რათა ჩატარებულიყო ექსპერტიზა. საწარმომ წარმოადგინა 2013 წლის 19 ივნისის დროებითი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც არ უნდა მისცემოდა მტკიცებულების ძალა, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ცალსახად განსაზღვრავდა საქონლის ჩაბარების წესს. ამ აქტით გათვალისწინებულ საქონელზე საბოლოო მიღება-ჩაბარება გაფორმდა 2013 წლის 20 ივნისს, მხოლოდ 3 საქონელზე, ხოლო დარჩენილი 3 დასახელების საქონელი დაუბრუნდა მიმწოდებელს, როგორც წუნდებული. შემსყიდველი, ასევე, მიუთითებდა, რომ სასამართლომ არასწორად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე (იხ. აქტები, ტ.1, ს.ფ 91.)

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 მაისის გადაწყვეტილებით, სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით, ახალი გადაწყვეტილებით, შემსყიდველის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მის სასარგებლოდ, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო - 11 234 ლარის ანაზღაურება; მიმწოდებლის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

13. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული და ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, N 89 ხელშეკრულების მე-9 პუნქტის განმარტების თაობაზე და დაასკვნა, რომ მიმწოდებელს არ დაურღვევია ხელშეკრულების დანართი N 1-ით შეთანხმებული საქონლის ყველა სახეობებიდან (თითოეული სახეობის საბურავიდან) ნაკრები სახით 10 %-ის მიწოდების ვალდებულება. სასამართლომ, ასევე, გაიზიარა დადგენილი ფაქტი, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადა დაარღვია 41 კალენდარული დღით (2013 წლის 09 მაისიდან - 2013 წლის 19 ივნისამდე).

14. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 417-ე, 420-ე მუხლებით და განმარტა, რომ სასამართლოს უფლება აქვს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შეუსაბამობა შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს

15. სასამართლომ განმარტა, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხასიათს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე, კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი.

16. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვალდებულების დროული შესრულების მიმართ შემსყიდველს განსაკუთრებული ინტერესი გააჩნდა, ვინაიდან ზაფხულის პერიოდში, სამხედრო ტექნიკისათვის აუცილებელი იყო ზაფხულის საბურავებით ექსპლუატაცია. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს, როგორც ვალდებულების დარღვევის პრევენციული ზომის მნიშვნელობა, გაცილებით მაღალია, ვიდრე ფიზიკურ პირ კონტრაჰენტთან (მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეები, ერთი მხრივ, იყო სახელმწიფო, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი და მეორე მხრივ, - იურიდიული პირი), ვინაიდან ძლიერი და სუსტი მხარის კონტრაჰირების დროს, მათ შორის უფლება-მოვალეობათა ბალანსი განაპირობებს პირგასამტეხლოს სხვაგვარად განსაზღვრას - უფრო მეტად შემცირებას. მოცემულ შემთხვევაში, განსხვავებული ვითარება იყო, რადგან ერთმანეთის პირისპირ იყო ორი თანაბარი სუბიექტი, ამ დროს, სწორედ მოპასუხეს უნდა დაესაბუთებინა, მის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს მკვეთრად შემცირების წინაპირობები. იმის გამო, რომ ამგვარი წინაპირობები არ დაუსაბუთებია მოპასუხეს, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების მიღებისას და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საწარმოს, სამინისტროს სასარგებლოდ, დაეკისრა 11 234 ლარის გადახდა, რაც შეადგენს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შესაბამისად, დარიცხული დღიური 0,2 % -ის 0, 02 %- მდე შემცირებით, რამაც დღიურად შეადგინა 274 ლარი და გამრავლდა ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობაზე (274 X 41).

17. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით, ნაწილობრივ გაასაჩივრა სამინისტრომ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ანუ ამ ეტაპზე მიმწოდებელს, კასატორის სასარგებლოდ, დაკისრებული ჰქონდა 11 234 ლარის ანაზღაურება, სამინისტრომ, საკასაციო საჩივრით მოითხოვა საწარმოსათვის 216 518 ლარის დაკისრება.

18. კასატორი თავის პრეტენზიას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის წინაშე ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი უდავოა. კასატორის განმარტებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე. ვინაიდან, სასამართლომ არასწორად შეაფასა მოვალის ქონებრივი მდგომარეობა, სახელშეკრულებო ვალდებულებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის ურთიერთთანაფარდობა.

19. კასატორის განმარტებით, მხარეები მოქმედებდნენ სსკ-ის 418-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებით, ისინი, თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე. ამდენად, სასამართლომ, საქმის გარემოებების არასრულყოფილად გამოკვლევითა და სსკ-ის 420-ე მუხლის დაუსაბუთებლად გამოყენებით, მიიღო უსაფუძვლო გადაწყვეტილება, რის გამოც ის უნდა გაუქმდეს და შემსყიდველის სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით, წარმოებაში მიიღო სამინისტროს საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში-სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე წლის 30 ივლისის განჩინებით, დასაშვებად ცნო საკასაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ დავა ეხება, სასამართლოს ინიციატივით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საკითხს, რაც სსკ-ის 420-ე მუხლის განმარტებას გულისხმობს, ამდენად, დავა მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამდენად, არსებობდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 4 დკემბრის განჩინებით საკასაციო სასამართლომ მხარეები მოიწვია 17 დეკემბრის სხდომაზე საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვის ეტაპზე.

21. ზეპირ მოსმენაზე გამოცხადებულმა მხარეებმა შემდეგი არგუმენტები წარმოადგინეს:

21.1. საკასაციო საჩივრის ავტორი დაეთანხმა მის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და დამატებით განმარტა, რომ ის 83 ვადაგადაცილებულ დღეზე ანგარიშობს პირგასამტეხლოს, რაც საკასაციო საქმისწარმოების ეტაპზე შეადგენს 216 518 ლარს.

21.2. მიმწოდებელი საწარმო არ დაეთანხმა შემსყიდველის საკასაციო საჩივარს და განმარტა, რომ საწარმომ სამინისტროს 19 ივნისს მიაწოდა იმაზე მეტი საქონელი, რაც გათვალისწინებული იყო ხელშკრულებით, კერძოდ, პირველ ეტაპზე, სახელშეკრულებო ღირებულების 1 372 200 ლარის 10 %-ზე, ანუ 137 200 ლარზე მეტი საქონელი - 188 ცალი საბურავი, რომლის ღირებულება რეალურად იყო 153 200 ლარი, ამასთან, საქონლის მიწოდების ვადაგადაცილება იყო არა 83 დღე, როგორც ამას კასატორი განმარტავს, არამედ 41 დღე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იგი ეყრდნობა სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და შეფასებულ ფაქტობრივ გარემოებებს და, განსახილველ შემთხვევაში, მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების სსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

23. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტზე მითითებით განმარტავს, სსკ-ის 420-ე მუხლთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი გადაწყვეტილება/განჩინება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საფუძვლების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმება სასამართლოს კომპეტენციაა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ხელშეკრულების საერთო ღირებულებისა (1 372 200 ლარი) და მხარეებს შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს (ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2 % ანუ 2744 ლარი) გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 216 518 ლარი შეუსაბამოდ მაღალია, თუმცა, აქვე აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო არ არის, ხელშეკრულების საერთო ღირებულებისა და ვადაგადაცილების დღეების მიხედვით, დაწესებული ადეკვატური ჯარიმა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიხედულებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას, გასათვალისწინებელია მხარეთა შორის სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, დათქმული პირგასამტეხლო, როგორც ერთგვარი „სანქცია“, რომელიც უნდა ესადაგებოდეს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს, პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და ფუნქციას. მიითებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 41 ვადაგადაცილებულ დღეზე, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (2744 X 41) 112 504 ლარის დაკისრება მიმწოდებლისათვის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული იქნება, თუნდაც იმ შესრულებული ნაწილის გათვალისწინებით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ (იხ. განჩინების 1-4, 13 პუნქტები). საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია კასატორის სასარგებლოდ, მიმწოდებელს დაეკისროს 27 752 ლარის გადახდა, რაც შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის ის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოა, რომელიც გამომდინარეობს მხარეთა შეთანხმებიდან და შეესაბამება დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით, დადგენილ საზღაურს.

24. "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "უ" ქვეპუნქტის თანახმად კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ხოლო სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, შპს "პ-ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 372-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შპს "პ-ს" მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 27 752 ლარის გადახდა;

5. შპს "პ-ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 2 000 ლარის გადახდა (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150);

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე