საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-697-663-2015 15 დეკემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ-ნ“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის განხილვის განახლება
დავის საგანი – სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენა, სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულებაში ხელშეშლის აკრძალვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2013 წლის 24 ოქტომბერს შპს ,,ნ-ნ ”-სა (შემდეგში საწარმო, მენარდე ან მოსარჩელე) და თვითმმართველ ქალაქ ფოთს (შემდეგში შემკვეთი, მოპასუხე, ადმინისტრაციული ორგანო ან კასატორი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის #197 ხელშეკრულება (შემდეგში #197 ხელშეკრულება ან სადავოდ ქცეული ხელშეკრულება), რომლის საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქი ფოთის დაკვეთით, მენარდეს უნდა შეესრულებინა ქალაქის ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაო [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 629-ე მუხლი]. ხელშეკრულების 4.1. ქვეპუნქტით შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშკრულების დადებიდან 2013 წლის 30 დეკემბრამდე, ხოლო 6.1. ქვეპუნქტით - ხელშეკრულების კონკრეტული მოქმედების ვადა - ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. ამ ხელშეკრულებაში, მხარეთა წერილობითი შეთანხმებით # 197-/1, 2013 წლის 30 დეკემბერს, შევიდა ცვლილება და # 197-ე ხელშკრულების 4.1. ქვეპუნქტი შეიცვალა- შესყიდვის ობიექტის დასრულების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 19 იანვრის ჩათვლით (ტ.1., ს.ფ.27-31).
2. თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2014 წლის 29 იანვრის №2-03/203 გადაწყვეტილებით #197 ხელშეკრულება შეწყდა, რის თაობაზეც მერიამ წერილობით აცნობა საწარმოს დირექტორს, ასევე, აუწყა, რომ არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში საწარმოს შეყვანის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ აცნობა კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (ტ.1., ს.ფ.22-23).
3. მენარდემ 2014 წლის 2 თებერვალს სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, შემკვეთის წინააღმდეგ, მოითხოვა. #197 ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2014 წლის 29 იანვრის №2-03/203 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საწარმოს მიერ, #197 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სამუშაოების შესრულებაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისათვის ხელშეშლის აკრძალვა.
4. მენარდის განმარტებით, სამუშაოს დაწყებისთანავე გამოვლინდა მისგან დამოუკიდებელი, იმგვარი გარემოებები, რომელმაც შეაფერხა #197 ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სამუშაოს ბოლომდე შესრულება, კერძოდ: ა) საპროექტო დოკუმენტაციაში იყო ხარვეზები; ბ) ადგილობრივი რელიეფის გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა გაუთვალისწინებელი სამუშაოების ჩატარება (ე.წ. წყალქცევის და გრუნტის დატკეპვნის სამუშაოები; გ) სამუშაოს შესასრულებლად რუსეთიდან სპეციფიური მასალის (ფოლადის მილები) შემოტანისას საჭირო გახდა შესაბამისი სამსახურისაგან მანამდე გაუთვალისწინებელი თანხმობის მიღება; დ) შემკვეთმა (მოპასუხე) არასრული ოდენობით გადასცა საავანსო თანხა მენარდეს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოდ მიიჩნია, რადგან თუ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, შემკვეთს უნდა დაეწესებინა დამატებითი ვადა მენარდისათვის ვალდებულების შესასრულებლად.
5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას მიუთითა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 326-ე, 361-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ დავაში, მხარეთა შორის ხელმოწერილი შეთანხმებით, ვალდებულების შესრულების აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა ვადა, რაც გადაცილებულად მიიჩნეოდა, ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების საბოლოო ვადის დადგომიდან - 19 იანვრიდან (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი).
6. სასამართლომ, სსკ-ის 405-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით, განმარტა, რომ არ იყო აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება. იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულებიდან 2 269 999 ლარიდან, შესრულებული ჰქონდა სამუშაოს მცირე ნაწილი (227 000 ლარი), მის წინასწარ გაფრთხილებას, მართლაც არ ჰქონდა აზრი, ხოლო თუ გაგრძელდებოდა ხელშეკრულება, მაშინ მენარდეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილის 0,2 %-ის ოდენობით, რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და მასთან ხელშეკრულების გაგრძელებამ შემკვეთისათვის ინტერესი დაკარგა.
7. მენარდემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მენარდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის სარჩელი დაკმაყოფილდა:
ა) ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2014 წლის 29 იანვრის №2-03/203 გადაწყვეტილება 2013 წლის 24 ოქტომბრის №197 ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე;
ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს აეკრძალა - შეუშალოს ხელი მენარდეს # 197 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაში.
9. სააპელაციო სასამართლომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძვლად, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 372-ე, 387-ე, 23-ე მუხლებზე.
10. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
10.1. სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა მთავარი სხდომა 2015 წლის 6 თებერვალს, 16:00 საათზე, რომელიც, ფოთის მერიის წარმომადგენლის - პ. ლ-ას განცხადების საფუძველზე, გადაიდო 2015 წლის 20 მარტს, 12:00 საათზე. ჩასატარებელი სხდომის შესახებ, მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, მათ შორის - პ. ლ-ას, ტელეფონოგრამის გადაცემით, 2015 წლის 18 თებერვალს.
10.2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი 2015 წლის 20 მარტის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, გამოუცხადებლობის მიზეზი კი სასამართლოსათვის არ უცნობებია.
10.3. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მენარდის წარმოადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, რომლითაც შეიცვლებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდებოდა მისი სარჩელი.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო სხდომაზე, აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და სააპელაციო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას.
12. სასამართლომ მენარდის მიერ ამ განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა და აღნიშნა, რომ ეს გარემოებები სსკ-ის 316-ე, 317-ე, 352-ე, 361-ე, 398-ე, 405-ე მუხლების ნორმათა შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა მენარდის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
13. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებულ სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე 2015 წლის 6 აპრილს საჩივარი შეიტანა ადმინისტრაციულმა ორგანომ და მოითხოვა: დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
14. შემკვეთმა საჩივარში მიუთითა:
14.1. მენარდის სასარჩელო მოთხოვნების არსიდან გამომდინარე, სარჩელზე მოპასუხეს წარმოადგენდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და არა მერია;
14.2. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწემ, ადმინისტრაციული ორგანოს ტელეფონოგრამით გაფრთხილებისას, არ დაიცვა სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნები, ასევე - კონკრეტულად არ იყო მითითებული, თუ რომელ დავაზე იყო ჩანიშნული სხდომა (ანუ - სასამართლოს წარმოებაში არის კიდევ ერთი დავა, იმავე მხარეებს შორის, რომელიც შეეხება გარკვეული თანხების გადახდას, სადაც მხარედ მონაწილეობს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია); წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს ეცნობებოდა, რომ შეტყობინება უნდა ჩაბარებოდა საკრებულოს. ამდენად, მითითებული კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო;
14.3. მენარდის ქვეკონტრაქტორის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ადმინისტრაციული ორგანო დაზარალებულად არის ცნობილი; ქალაქ ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა სხვა საწარმომ და მასთან, 2014 წლის 3 დეკემბერს, დაიდო შესაბამისი ხელშეკრულებაც. გამარჯვებული კომპანია უკვე შეუდგა სამუშაოების შესრულებას;
14.4. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი, რომელსაც სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა სხდომის შესახებ, იმხანად შვებულებაში იყო და საქართველოში არ იმყოფებოდა.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განჩინებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
16. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ:
16.1. სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მენარდის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად; დაიწყო საქმის მომზადება არსებითად განსახილველად, რა მიზნითაც, ადმინისტრაციულ ორგანოს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარი თანდართული დოკუმენტებით და დაენიშნა 10-დღიანი საპროცესო ვადა სააპელაციო შესაგებლის წარმოსადგენად. გზავნილი ჩაიბარა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა მოხელემ 2014 წლის 5 დეკემბერს, რის შემდეგაც, 2014 წლის 15 დეკემბერს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ ფოსტას ჩააბარა სააპელაციო შესაგებელი (ხელმოწერილია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის - ი. კ-ას მიერ), რომელიც უშუალოდ სააპელაციო სასამართლოში შემოვიდა 2014 წლის 17 დეკემბერს.
16.2. სასამართლოს 2014 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა მთავარი სხდომა, რის შესახებაც ეცნობა ადმინისტრაციულ ორგანოს (იხ. ამ განჩინების 9.1.- 9.2. ქვეპუნქტები)
16.3. 2015 წლის 20 მარტს, 12:00 საათზე, დანიშნული სხდომის შესახებ, პ. ლ-ას ეცნობა ტელეფონოგრამით, 2015 წლის 18 თებერვალს, რის თაობაზედაც სააპელაციო სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ შეადგინა აქტი, რაც დაერთო საქმეს; აქტში ასახულია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელს ეცნობა საქმის განხილვის ადგილის, თარიღის და კონკრეტული დროის, განსახილველი საქმის მონაცემების (აპელანტის ვინაობა, საქმის ნომერი და სხვ.), ასევე - სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ, თუმცა, იგი 20 მარტის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა; არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სააპელაციო სასამართლოსთვის.
17. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს პრეტენზია, მოპასუხისათვის (მოწინააღმდეგე მხარისათვის) სასამართლო უწყების ჩაბარებისათვის სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესების დარღვევის თაობაზე, რის გამოც კანონი დაუშვებლად მიიჩნევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას.
18. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს პრეტენზია, რომელიც ამ განჩინების 13.1. ქვეპუნქტშია მითითებული და ეხება საქმეში არასათანადო მოპასუხის მონაწილეობას. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან, ამოქმედდა საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი, რომელიც არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; მას აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, გააჩნია საკუთარი ქონება და არჩევითი მმართველობითი ორგანოები (წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი). აღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო, საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მუნიციპალიტეტს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის გამგებელი თვითმმართველ თემში და მერი თვითმმართველ ქალაქში. გამგებელი/მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველჰყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად. ზოგადად, თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენელი და უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი; ხოლო მოცემული საქმის განხილვისას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში - მისი მერი ი. კ-ა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოდავე მხარეთა შორის 2013 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების დადებისას, აგრეთვე - საქმის სასამართლოში განხილვის დაწყებისთანავე, სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე იყო არა რომელიმე ადმინისტრაციული ორგანო (საკრებულო, ან მერია), არამედ - სსიპ ქალაქ ფოთის თვითმმართველი ერთეული (ამჟამად - მუნიციპალიტეტი); საკრებულოც და მერიაც, სხვადასხვა დროს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ასრულებდნენ თვითმმართველი ერთეულის, როგორც იურიდიული პირის, წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. ეს ფაქტი დასტურდება იმითაც, რომ სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა სწორედ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ და არა საკრებულომ.
19. სასამართლომ იმსჯელა შემკვეთის იმ არგუმენტებზეც, რომლებიც მითითებულია ამ განჩინების 13.3 ქვეპუნქტში და აღნიშნა, რომ აღნიშნულ გარემოებებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. არც ის იყო სადავო, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის შვებულებაში ყოფნის შემთხვევაშიც კი, ფოთის მუნიციპალიტეტს შეეძლო სააპელაციო სხდომაზე მოევლინა სხვა წარმომადგენელი.
20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და, ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განჩინება იმავე წლის 25 მაისს საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ.
21. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:
21.1. დავაში მოპასუხეს წარმოადგენს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და არა ფოთის მუნიციპალიტეტის მერია. იმ დროს მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო. საკრებულოს თავმჯდომარე ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს. აღნიშნულის შესაბამისად, 2014 წლის 29 იანვარს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება 2013 წლის 24 ოქტომბრის #197 ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
21.2. მენარდეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქვს დავა შესრულებული სამუშაოების აღიარებისა და ავანსიდან გამოქვითვის თაობაზე, რომელზეც გამოტანილია ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება. მენარდის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: აღიარებულ იქნა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო ფოთის მუნიციპალიტეტის მიმართ 48 678 ლარზე დღგ-ის ჩათვლით და გამოექვითა ავანსიდან. დანარჩენ ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მენარდის მიერ ფოთის მუნიციპალიტეტისათვის დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 450 000 ლარს.
21.3. აღსანიშნავია, რომ ქვეკონტრაქტორი საწარმოს მიმართ, რომელიც საქმეში ჩართულია მესამე პირად მოსარჩელე მხარის მიერ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, სადაც ფოთის მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულად არის ცნობილი.
21.4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია, ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მენარდემ არ შეასრულა 2013 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და ხელშეკრულების შეწყვეტა კანონის სრული დაცვით მოხდა.
21.5. კასატორი უთითებს იმავე პრეტენზიებზე, რომლებიც წარდგენილი ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისას (იხ. ამ განჩინების 13.2., 13.4. ქვეპუნქტები).
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 08 ივლისის განჩინებით ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 14 აგვისტოს განჩინებით დასაშვებად ცნო, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებებათა გამო:
23. კასატორის მოთხოვნა, მისთვის კანონით დადგენილი წესით, სასამართლოს მიერ გზავნილის ჩაუბარებლობისა და, არასათანადო მოპასუხის სახით, დავაში ჩართვასთან დაკავშირებით, არ უნდა იქნეს გაზიარებული, უსაფუძვლობის გამო.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა წარმოიშვა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან, რომელიც უკავშირდება იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რაც ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ შემკვეთსა და მენარდეს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ხელშეკრულების ვადაგადაცილების გამო, შემკვეთმა გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და მენარდესთან მოშალა ხელშეკრულება, რის თაობაზეც წერილობით აცნობა მას (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი).
25. საკასაციო სასამართლო, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისას, ყურადღებას ამახვილებს ნარდობის მომწესრიგებელ ნორმებზე, რომლებიც სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, მხარეთათვის მხოლოდ ამგვარი ურთიერთობისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ რეგულაციებს ადგენენ. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მენარდის მიერ აღძრულ სასარჩელო მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს აქტის ბათილობას, რომლითაც მოიშალა მოსარჩელესათან ხელშეკრულება, ეხება და, ასევე, შემკვეთის ხელშეშლის აკრძალვას, რათა მიეცეს მენარდეს შესაძლებლობა, დაასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოები. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის 636-ე მუხლზე, რომლის მიხედვით: „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი“. მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებლი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები.
27. განსახილველ დავაში, მენარდემ მოითხოვა შემკვეთის 29.01.2014 გადაწყვეტილების (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) ბათილობა, რომლითაც ამ უკანასკნელმა გამოავლინა ნება, ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება მენარდესთან. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შემკვეთმა სწორედ სსკ-ის 636-ე მუხლით ისარგებლა და, განსახილველ დავაში, მენარდის მიერ ხელშეკრულების ვადის დარღვევის გამო, მოშალა ხელშეკრულება, რისი სამართლებრივი საფუძველიც, ვადის დარღვევის ფაქტობრივი გარემოების არარსებობის პირობებშიც კი, ჰქონდა კასატორს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი ბუნების თავისებურებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, რამდენად დასაბუთებული და იურიდიულად გამართლებული იყო სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე.
28. საკასაციო სასამართლო, ამ განჩინების 25-ე პუნქტში ჩამოყალიბებული მსჯელობიდან გამომდინარე, ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს, სამართლებრივად შეაფასოს მენარდის მოთხოვნა, შემკვეთს აკრძალვოდა ხელშეშლა, რათა მენარდეს დაესრულებინა სამუშაოები. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით კანონმდებელი, ნარდობის მომწესრიგებელ ნორმათა შორის, მენარდის ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს არ განსაზღვრავს. სსკ-ის 636-ე მუხლის შინაარსს ეწინააღმდეგება შემკვეთის იძულება, დავალდებულება, არ შეუშალოს ხელი მენარდეს სამუშაოების დასრულებაში. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობის დაურღვევლობის შემთხვევაშიც კი, შემკვეთს კანონმდებელმა მიანიჭა უფლება, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება, ერთადერთი სპეციალური დათქმა, რომელიც მენარდის ინტერესების დასაცავად არის დადგენილი მოხმობილ ნორმაში, მდგომარეობს შემკვეთის ვალდებულებაში, აუნაზღაუროს კონტრაჰენტს უკვე შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სსკ-ის 636-ე მუხლით, კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით, ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, განსახილველ დავაში, სამართლებრივად უნდა შეფასდეს მენარდის სასარჩელო მოთხოვნების იურიდიული დასაბუთებულობა, ანუ თუ რამდენადაა ასეთი მოთხოვნა განხორციელებადი.
29. ზემოხსენებული მსჯელობისა და დასკვნებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების პროცესუალური ხასიათის გათვალისწინებით, სსსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლები და დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარდგენა დაუშვებელია. რაც შეეხება საკასაციო საჩივარსა და საკასაციო შესაგებელზე დართულ მტკიცებულებებს, სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ მათი საქმისათვის დართვის წინაპირობებიც არ არსებობს.
31. სსსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის განაჩენის ასლი, საქმე N 1/94-2015, 7 ფურცლად ( ტ. 3, ს/ფ 232-238). ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულებები: შპს "მ–ის" ექსპერტიზის დასკვნა, რუსეთის ფედერალური სამსახურის წერილის ასლი, საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენის 2014 წლის 16 აპრილის დასკვნა, საბანკო გარანტია N FRI/14-040641, 30.01.2014წ., ამონაბეჭდი სპორტული პორტალიდან www.sportall.ge, 17 ფურცლად (ტ. 3, ს/ფ 261-277).
32. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 407-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება ( ტ. 3, ს/ფ 232-238);
5. შპს "ნ-ს" დაუბრუნდეს საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულებები (ტ. 3, ს/ფ 261-277);
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე