Facebook Twitter

საქმე № 080210014676197

საქმე №ას-1232-1155-2015 27 იანვარი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. ხ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ბანკი „რ.-ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს ბანკმა „რ.-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და ბ. გ.-ეების, გ. ხ.-ის, ლ. ბ.-ისა და ე. ვ.-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე ნ. და ბ. გ.-ეების, ე. ვ.-ისა და გ. ხ.-ისათვის სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ საკრედიტო დავალიანების – 38864,31 აშშ დოლარის (საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 26371.66 აშშ დოლარი, სარგებელი – 4310.53 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 8182.12 აშშ დოლარი) გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით კი, იპოთეკით დატვირთული ქ.-ში, ს.-ის ქუჩის მე-.. შესახვევ №..-ში (ყოფილი ბ.-ის ქ. მე-.. შესახვევი №..) მდებარე ლ. ბ.-ის სახელზე აღრიცხული 469.00 კვ.მ მიწისა და 125.74 კვ.მ შენობა-ნაგებობის რეალიზაცია.

2. მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 12 ივლისს სს ბანკ „რ.-ასა“ და თანამსესხებლებს – ნ. და ბ. გ.-ეებს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება კრედიტების, ოვერდრაფტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2007 წლის 13 ივლისს 84 თვის ვადით გაიცა 50 000 აშშ დოლარი წლიური 16,5%-ის დარიცხვით.

3. 2007 წლის 13 ივლისს განხორციელებული ცვლილების თანახმად, სესხის დაფარვის ვადა გაიზარდა 2017 წლის 13 ივლისამდე, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი – 17%-მდე. ზემოაღნიშნული საკრედიტო ვალდებულება უზრუნველყოფილ იქნა ე. ვ.-ის სოლიდარული თავდებობით, გ. ხ.-ის სოლიდარული თავდებობით, ლ. ბ.-ისა და გ. ხ.-ის კუთვნილი უძრავი ნივთების იპოთეკით დატვირთვის გზით.

4. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებები არ შეასრულეს.

5. მოპასუხე გ. ხ.-ემ სარჩელი 27 882.19 აშშ დოლარის ნაწილში ცნო და განმარტა, რომ 2010 წლის 29 იანვარს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, ერთი მხრივ, სს ბანკი „რ.-ის“ ქუთაისის ფილიალის მმართველ ხ. უ-სა და, მეორე მხრივ, გ. ხ.-ეს შორის, რომელიც გარანტად უდგება ძირითად მსესხებელ ნ. გ.-ეს 2007 წლის 13 იანვარს ბანკთან დადებული №.. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.

6. გენერალური ხელშეკრულება დაიდო 2007 წლის 13 ივლისს და სესხის გრაფიკით დაფარვას ახდენდა ძირითადი მსესხებელი ნ. გ.-ე, ხოლო 2010 წლის იანვრიდან გ. ხ.-ემ შეიძინა ო.-ში, დაბა უ.-ში მდებარე დაუზუსტებელი 207,11 კვ.მ მიწა ნ. გ.-ისაგან და გახდა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე. მან მიმართა ბანკს, რათა სესხი აღრიცხულიყო მის სახელზე, ვინაიდან აღნიშნული ქონება რეალურად მის საკუთრებას წარმოადგენდა. ბანკმა უსაფუძვლო უარი უთხრა გ. ხ.-ეს და მასთან დადო თავდებობის ხელშეკრულება 2010 წლის 29 იანვარს.

7. გ. ხ.-ის განმარტებით, 2010 წლის იანვრიდან 2013 წლის სექტემბრამდე იგი ყოველგვარი დარღვევის გარეშე იხდიდა სესხს. 2013 წლის 18 დეკემბერს მან ერთდროულად სამი თვის დავალიანება – 2800 აშშ დოლარი დაფარა, რაც გადაირიცხა ნ. გ.-ის დაყადაღებულ ანგარიშზე. 2014 წლის 23 მაისს კი მანვე შეიტანა 950 აშშ დოლარი, რომელიც ბანკმა მხოლოდ ჯარიმის სახით პროცენტებში ჩაუთვალა.

8. მოპასუხე ბ. გ.-ემ სარჩელი 27.882.19 აშშ დოლარის ნაწილში ცნო და განმარტა, რომ 2007 წელს გამოიტანა სესხი ბანკი „რ.-იდან“, სადაც კეთილსინდისიერად ასრულებდა შეთანხმებულ ხელშეკრულებას. 2008 წლის შემდეგ, ომის პერიოდში მოპასუხეს მიადგა ზიანი, რის გამოც გადაწყვიტა უ.-ში მის მფლობელობაში კუთვნილი აგარაკის გაყიდვა და ბანკი „რ.-ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ზაქარიაძის მე-.. შესახვევ №--ში მდებარე სახლის გამოთავისუფლება.

9. 2009 წელს მოპასუხემ აგარაკი 55 000 აშშ დოლარად მიჰყიდა გ. ხ.-ეს. ხელშეკრულებით მას უნდა გადაეხადა 15 000 აშშ დოლარი ხელზე და დანარჩენი 40 000 – განვადებით. მოპასუხემ გადაიბარა ბანკის სესხი, გაუფორმა განვადების ხელშეკრულება და საჯარო რეესტრის ამონაწერში იკისრა შესაბამისი ვალდებულება. ხელშეკრულების დადების შემდეგ გ. ხ.-ე გახდა მოპასუხის სესხის თავდები, გ. ხ.-ემ გადასცა ჯერ 8000 აშშ დოლარი, ხოლო 7000 აშშ დოლარი – სასამართლო დავის შემდეგ.

10. მოპასუხე ლ.ბ.-ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ვინაიდან სესხის დაფარვის ვალდებულება იკისრა გ. ხ.-ემ, როგორც თავდებმა, პირველ რიგში სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული და ამავე დროს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, ხოლო თუ ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარავად, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადახდევინება მიექცევა ლ. ბ.-ის სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავ ქონებაზე.

11. მოპასუხე ნ. გ.-ემ სარჩელი ასევე 27 882.19 აშშ დოლარის ნაწილში ცნო.

12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს – ნ. გ.-ეს, ბ. გ.-ეს, ე. ვ.-ესა და გ. ხ.-ეს სოლიდარულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 26371.66 აშშ დოლარის (სესხის ძირი თანხა), 4310.53 აშშ დოლარის (საპროცენტო სარგებელი) და 5382.12 აშშ დოლარის (პირგასამტეხლო) გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა ლ. ბ.-ის კუთვნილი უძრავი ნივთი (ქალაქ ქუთაისი, ს.-ის (ყოფილი ბ.-ის) ქუჩის მე-.. შესახვევის №.., საკადასტრო კოდი №..), ასევე, გ. ხ.-ის კუთვნილი უძრავი ნივთი (ო.-ის მუნიციპალიტეტის დაბა უ.-ი, საკადასტრო კოდით №..).

13. საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოპასუხე გ. ხ.-ის განმარტება მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების ანგარიშში 2800 აშშ დოლარის ჩათვლის თაობაზე, რადგან სალაროს შემოსავლის №.. ორდერით დადგენილია, რომ 2013 წლის 18 დეკემბერს, გ. ხ.-ემ სს ბანკ „რ.-აში“ შეიტანა 2800 აშშ დოლარი.

14. მოპასუხე გ. ხ.-ის წარმომადგენელის განმარტებით, მითითებული თანხა შეტანილია 2007 წლის 12 ივლისს სს ბანკ „რ.-ასა“ და თანამსესხებლებს – ნ. და ბ. გ.--ეების მიერ აღებული სესხის დასაფარად. მოსარჩელემ აღნიშნული მტკიცებულების გამაბათილებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის (მტკიცების ტვირთი) საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო 2800 აშშ დოლარი მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლადაა გადახდილი. ამასთან, უსაფუძვლოა მოპასუხეთა მოთხოვნა მითითებული 2800 აშშ დოლარის კრედიტის ძირი თანხის ანგარიშში ჩათვლის თაობაზე, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

15. განსახილველ შემთხვევაში 2007 წლის 13 ივლისის №.. საკრედიტო ხელშეკრულების მე-.. მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ საკრედიტო ვალდებულებების დასაფარავად შემოტანილი ან ჩარიცხული თანხიდან პირველ რიგში იფარება დარიცხული ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ – კრედიტზე დარიცხული პროცენტი, ბოლოს – კრედიტის ძირითადი თანხა.

16. აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს და იგი ხელმოწერილია მხარეთა მიერ. მითითებული გარემოების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ხ.-ის მიერ გადახდილი 2800 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს არა კრედიტის ძირ თანხას, არამედ მოსარჩელის მიერ მოთხოვილ ჯარიმას (პირგასამტეხლო) 8182.12 აშშ დოლარს და ჯარიმა (პირგასამტეხლო) უნდა განისაზღვროს 5382.12 აშშ დოლარით. დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ სს ბანკი „რ.-ის“ სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

17. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ხ.-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 13 ივლისს სს ბანკმა „რ.-ამ“ ნ. და ბ. გ.--ეებს საბანკო კრედიტის სახით გადასცა 50000 აშშ დოლარი 10 წლით წლიური 17%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლოდ განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კრედიტის ძირი თანხის დავალიანების 0.5%. თუ ბანკის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში დავალიანება ნებაყოფლობით არ დაიფარებოდა, საურავის დარიცხვა შეჩერდებოდა და დამრღვევს დაეკისრებოდა საურავი ძირითადი თანხის დავალიანების 12%-ის ოდენობით. სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენდა 797 აშშ დოლარს, რომელშიც დადგენილი ოდენობით მოიაზრებოდა კრედიტის ძირი თანხა და საპროცენტო სარგებელი.

20. მითითებული საბანკო კრედიტი უზრუნველყოფილ იქნა ე. ვ.-ისა და გ. ხ.-ის სოლიდარული თავდებობებით, ასევე, ლ. ბ.-ისა და გ. ხ.-ის კუთვნილი უძრავი ქონებით.

21. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მიუხედავად გაფრთხილებებისა, მოვალეებმა ბანკის წინაშე ვალდებულებები არ შეასრულეს, რის გამოც დავალიანებამ შეადგინა 38864.31 აშშ დოლარი, მათ შორის, ძირი თანხა იყო 26371.66 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი – 4310.53 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო 8182.12 აშშ დოლარი.

22. გ. ხ.-ემ 2013 წლის 18 დეკემბერს სს ბანკ „რ.-აში“ არსებულ ნ. გ.-ის საბანკო ანგარიშზე შეიტანა 2800 აშშ დოლარი, თუმცა გადახდის დანიშნულებაში არ არის მითითებული, რომ ეს თანხა განკუთვნილი იყო ზემოთ მითითებული საბანკო კრედიტის დავალიანების დასაფარად.

23. ზ. მ.-ემ 2014 წლის 23 მაისს სს ბანკ „რ.-აში“ არსებულ გ. ხ.-ის საბანკო ანგარიშზე შეიტანა 950 აშშ დოლარი, თუმცა გადახდის დანიშნულებაში არ არის მითითებული, რომ ეს თანხა განკუთვნილი იყო ზემოთ მითითებული საბანკო კრედიტის დავალიანების დასაფარად.

24. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საბანკო კრედიტის ფარგლებში გადახდები, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ხორციელდებოდა მხოლოდ 2013 წლის სექტემბრამდე.

25. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2007 წლის 13 ივლისს მოდავე მხარეებს შორის წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის 867-ე-868-ე მუხლებით გათვალისწინებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტის გამცემმა - სს ბანკმა „რ.-ამ“ ნ. და ბ. გ.-ეებს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

26. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საბანკო კრედიტის გამცემმა სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვითა და სარჩელის აღძვრით ფაქტობრივად შეწყვიტა ნ. და ბ. გ.-ეებთან საკრედიტო ურთიერთობა და მოითხოვა დავალიანების სრულად დაფარვა. გასათვალისწინებელია, რომ აპელანტს დავალიანების დაანგარიშების წესი სადავოდ არ გაუხდია და საკრედიტო დავალიანების დასაფარად საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად გამოყენებული სამართლებრივი საშუალებების (იპოთეკა, სოლიდარული თავდებობები) გამოყენების დაუშვებლობაზე არ მიუთითებია.

27. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ მის მიერ 2013 წლის 18 დეკემბერს ნ. გ.-ის ანგარიშზე 2800 აშშ დოლარის შეტანის გამო პირგასამტეხლო აღარ უნდა დაკისრებოდა, რადგან ამ თანხის გადახდის დანიშნულება უცნობია. ასევე უდავოა, რომ 2014 წლის 23 მაისამდე არავითარი გადახდა გ. ხ.-ეს არ განუხორციელებია.

28. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნები და მიიჩნია, რომ მოპასუხის სააპელაციო პრეტენზია საბანკო კრედიტზე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე დაუსაბუთებელია.

29. სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. ხ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

30. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლით, ვალდებულების შესრულების რიგითობით და გაეთვალისწინებინა, რომ გ. ხ.-ეს უპირველესად უნდა შეესრულებინა ის ვალდებულება, რომლის შესრულების ვადაც პირველად დადგა.

31. მხარის განმარტებით, 2013 წლის 18 დეკემბერს ბანკ „რ.-აში“ შეიტანა ერთდროულად სამი თვის პროცენტი ჯარიმასთან ერთად – 2800 აშშ დოლარი, რომელიც საკრედიტო ხელშეკრულების 2.8 მუხლის თანახმად, უნდა გამოკლებოდა პირგასამტეხლოს და არა ძირითად თანხას. 2014 წლის მაისში კასატორმა კვლავ შეიტანა 950 აშშ დოლარი, რომელიც ბანკმა ასევე არასწორად მიათვალა ჯარიმას. ფაქტობრივად კი ეს იყო სარგებლის თანხა. შესაბამისად, მხარეს ხელშეკრულება არ დაურღვევია და მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება არაკანონიერია. 8182 აშშ დოლარის კასატორისათვის დაკისრება გამოწვეულია ბანკის მხრიდან დაშვებული შეცდომით.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებით გ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. ხ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

34. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 13 ივლისს სს ბანკმა „რ.-ამ“ ნ. და ბ. გ.-ეებს საბანკო კრედიტის სახით გადასცა 50000 აშშ დოლარი 10 წლით წლიური 17%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლოდ განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კრედიტის ძირი თანხის დავალიანების 0.5%. თუ ბანკის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში დავალიანება ნებაყოფლობით არ დაიფარებოდა, საურავის დარიცხვა შეჩერდებოდა და დამრღვევს დაეკისრებოდა საურავი ძირითადი თანხის დავალიანების 12%-ის ოდენობით. სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენდა 797 აშშ დოლარს, რომელშიც დადგენილი ოდენობით მოიაზრებოდა კრედიტის ძირი თანხა და საპროცენტო სარგებელი.

35. მითითებული საბანკო კრედიტი უზრუნველყოფილ იქნა ე. ვ.-ისა და გ. ხ.-ის სოლიდარული თავდებობებით, ასევე, ლ. ბ.-ისა და გ. ხ.-ის კუთვნილი უძრავი ქონებით.

36. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მიუხედავად გაფრთხილებებისა, მოვალეებმა ბანკის წინაშე ვალდებულებები არ შეასრულეს, რის გამოც დავალიანებამ შეადგინა 38864.31 აშშ დოლარი, მათ შორის, ძირი თანხა იყო 26371.66 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი – 4310.53 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 8182.12 აშშ დოლარი.

37. გ. ხ.-ემ 2013 წლის 18 დეკემბერს სს ბანკ „რ.-აში“ არსებულ ნ. გ.-ის საბანკო ანგარიშზე შეიტანა 2800 აშშ დოლარი, თუმცა გადახდის დანიშნულებაში არ არის მითითებული, რომ ეს თანხა განკუთვნილი იყო ზემოთ მითითებული საბანკო კრედიტის დავალიანების დასაფარად.

38. ზ. მ.-ემ 2014 წლის 23 მაისს სს ბანკ „რ.-აში“ არსებულ გ. ხ.-ის საბანკო ანგარიშზე შეიტანა 950 აშშ დოლარი, თუმცა გადახდის დანიშნულებაში არ არის მითითებული, რომ ეს თანხა განკუთვნილი იყო ზემოთ მითითებული საბანკო კრედიტის დავალიანების დასაფარად.

39. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საბანკო კრედიტის ფარგლებში გადახდები, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ხორციელდებოდა მხოლოდ 2013 წლის სექტემბრამდე.

40. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერებას.

41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

43. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

44. „შესრულების“ ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

45. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

47. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

48. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

49. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

50. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014).

51. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

52. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ ფაქტის მიმართ, რომ, მიუხედავად გაფრთხილებებისა, მოვალეებმა ბანკის წინაშე ვალდებულებები არ შეასრულეს, რის გამოც კრედიტორის მიმართ წარმოიშვა დავალიანება – 38864.31 აშშ დოლარი, მათ შორის, ძირი თანხა იყო 26371.66 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი – 4310.53 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 8182.12 აშშ დოლარი. შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურებულია და სააპელაციო პალატამ მართებულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

53. დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულებების დაფარვის რიგითობის წესი.

54. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა.

55. კანონის აღნიშნული დანაწესი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მოვალეს კრედიტორის მიმართ გააჩნია რამდენიმე დამოუკიდებელი ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში კი, საუბარია არა რამდენიმე ვალდებულების შესრულებაზე, არამედ ერთი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, დამატებით წარმოშობილი პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობის შესრულებაზე.

56. რაც შეეხება გ. ხ.-ის მიერ შეტანილი თანხის მეშვეობით ძირითადი თუ დამატებითი ვალდებულების დაფარვის რიგითობასა და წესს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სავსებით სწორად დარჩა უცვლელად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დებულება, რომ მხარეთა შორის დადებული 2007 წლის 13 ივლისის №.. საკრედიტო ხელშეკრულების მე-.. მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე თანახმად, მსესხებლის მიერ საკრედიტო ვალდებულებების დასაფარავად შემოტანილი ან ჩარიცხული თანხიდან პირველ რიგში იფარება დარიცხული ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ – კრედიტზე დარიცხული პროცენტი, ბოლოს კი – კრედიტის ძირითადი თანხა. შესაბამისად, გ. ხ.-ის მიერ გადახდილი 2800 აშშ დოლარი მართებულად გამოაკლდა არა კრედიტის ძირ თანხას, არამედ მოსარჩელის მიერ მოთხოვილ ჯარიმას (პირგასამტეხლო) 8182.12 აშშ დოლარს და ჯარიმა (პირგასამტეხლო) განისაზღვრა 5382.12 აშშ დოლარით.

57. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

58. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური