Facebook Twitter

საქმე №080210014670525

საქმე №ას-1117-1051-2015 20 იანვარი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. გ.-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ. გ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. კ.-ის მიმართ 2010 წლის 18 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:

2. მოსარჩელის მითითებით, 2010 წლის 25 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და, ვალის სანაცვლოდ, მოსარჩელის ქონება გადავიდა მოპასუხის საკუთრებაში გამოსყიდვის უფლებით. მანამდე მათ შორის უკვე გაფორმებული იყო 10 000 აშშ დოლარის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

3. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე გაიცნო თ. ჩ.-ის მეშვეობით, რომელთანაც თავდაპირველი სასესხო ურთიერთობა ჰქონდა. მოსარჩელის ახლობელ ნ. გ.-ეს დასჭირდა თანხა და თ. ჩ.-ის დახმარებით ისესხა 3600 ევრო 5%-ის დარიცხვით. სანაცვლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის სახელზე არსებული საცხოვრებელი ბინა, რადგან ნ.გ.-ეს საბუთები წესრიგში არ ჰქონდა. მოულოდნელად მოსარჩელეს დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია და ნ.გ.-ეს მოსთხოვა ბინის გამოთავისუფლება, რათა შესძლებოდა მისი ხელახლა დატვირთვა. მან სასწრაფოდ დააბრუნა თანხა სარგებელთან ერთად, სულ – 3780 ევრო, საიდანაც მოსარჩელეს ესაჭიროებოდა 1600 ევრო. 2180 ევრო გადაეცა თ. ჩ.-ეს „კ.-ის“ ვალის დასაფარავად, რადგან აღნიშნული თანხა მისი მეშვეობით იქნა მიღებული. როგორც შემდეგ გაირკვა, თ. ჩ.-ეს მითითებული თანხა არ დაუფარავს.

4. მოსარჩელემ იცოდა, რომ კრედიტი ნაწილობრივ დაფარული იყო. იგი პირადად იხდიდა 1600 ევროს პროცენტს.

5. ვ. გ.-ის მითითებით, ოპერაციის შემდეგ იგი დარჩა უმუშევარი და შეექმნა ფინანსური პრობლემები. თ. ჩ.-ემ შესთავაზა იპოთეკარის მოძებნა, რითაც მოსარჩელე შესძლებდა 1600 ევროს გადახდას და მის კუთვნილ ლომბარდში ფულის ჩადებას.

6. მოსარჩელის განმარტებით, თ. ჩ.-ეს სხვა მიზანი ამოძრავებდა. მან დახარჯა ვ. გ.-ის მიერ მიცემული თანხა, რის დასამალად მოძებნა იპოთეკარი, მოპასუხე ა. კ.-ე. იპოთეკარმა პირველი იპოთეკა მოუხსნა მოსარჩელეს და ისე გასცა 10 000 აშშ დოლარი. გაცემული თანხიდან 3655 ევროს მეშვეობით დაფარა „კ.-ის“ ვალი. ერთ დღეში იპოთეკის მოხსნისა და გაფორმებისათვის გადაიხადა 200 აშშ დოლარი. დანარჩენი თანხა კი წაიღო თ. ჩ.-ემ, გარდა 500 აშშ დოლარისა, რომელიც ამ უკანასკნელმა მოსარჩელეს უკან დაუბრუნა.

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო კანონის დაცვით, ა. კ.-ემ თანხა გადასცა ბინის მესაკუთრეებს. მესამე პირის მხრიდან მოტყუება კი, თავისთავად არ გამოიწვევს გარიგების ბათილობას. ა. კ.-ის რაიმე სახის ბრალეულობა არ დგინდება არც სისხლის სამართლის საქმეზე, მეტიც, ამ სიტუაციაში ის არის დაზარალებული. ა. კ.-ეს არ შეიძლებოდა, სცოდნოდა ვ. გ.-ისა და თ. ჩ.-ის შეთანხმების შესახებ, რომ ისინი ერთობლივად აპირებდნენ თანხის ავტოლომბარდში ჩადებას. ამიტომ, როგორც წესი, შეცილება ხდება არა მესამე პირის, არამედ არაკეთილსინდისიერი მხარის მიმართ. თუ მესამე პირმა თვითონ ან იცოდა მოტყუების შესახებ, მაშინ შეცილებაც მის, ანუ თ. ჩ.-ის მიმართ ხდება.

8. მოპასუხემ განმარტა, რომ მხარეებს შორის სასამართლო დავა მანამდე გაიმართა და სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ვ. გ.-ემ იპოთეკის საგანი ა. კ.-ეს საკუთრებაში ვალის სანაცვლოდ გადასცა, რითაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კრედიტორის მიმართ გააჩნდა ვალი.

9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელე ვ. გ.-ესა და მოპასუხე ა. კ.-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და, ვალის სანაცვლოდ, მოსარჩელის ქონება გადავიდა მოპასუხის საკუთრებაში გამოსყიდვის უფლებით.

12. 2010 წლის 18 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ა. კ.-ემ ვ. გ.-ეს ასესხა 10000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც იპოთეკით დაიტვირთა ქუთაისში, ხ.-ის ქ.№..-ში მდებარე უძრავი ქონება.

13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 ივლისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 21 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით დადგენილია, რომ 2010 წლის 18 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გაცემული 10000 აშშ დოლარი მოტყუებით მიისაკუთრა თ. ჩ.-ემ. განაჩენით არ დადგენილა, რომ მოტყუების შესახებ იცოდა ან/და უნდა სცოდნოდა ა. კ.-ეს. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებულად არის მიჩნეული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №2/ბ-07-14. მე-6 პუნქტი).

14. სააპელაციო პალატის მითითებით, მოწმე ნ. გ.-ემ განმარტა, რომ არის მოსარჩელის მეგობარი. მან ვ. გ.-ისაგან შეიტყო, რომ ა. კ.-ეს მხარეთა შორის სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ვ. გ.-ისათვის არ გადაუცია.

15. მოწმე ი. გ.-ემ განმარტა, რომ მოსარჩელე მისი მეუღლეა. 2010 წლის 18 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხიდან ვ. გ.-ემ მიიღო მხოლოდ 500 აშშ დოლარი, რის შესახებაც შეიტყო მისი მეუღლისა და თ. ჩ.-ისგან.

16. მოწმე მ. მ.-ემ განმარტა, რომ მოსარჩელე მისი სიძეა. იგი აპირებდა თანხის სესხებას, თუმცა ვ. გ.-ეს 2010 წლის 18 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია.

17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 18 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირველი მუხლით, 2010 წლის 18 ნოემბერს ა. კ.-ემ, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდეგში მოხსენიებულია, როგორც „გამსესხებელი“ (და/ან როგორც „იპოთეკარი“), ვ. გ.-ეს, რომელიც ამ ხელშეკრულებაში შემდეგში მოხსენიებულია, როგორც „მსესხებელი“ (და/ან როგორც „მესაკუთრე“), ამ ხელშეკრულებით დადებული პირობებით 2011 (ორი ათას თერთემტი) წლის 18 თებერვლამდე ასესხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი (შემდგომში „სესხი“), ხოლო მსესხებელმა მიიღო ეს თანხა სესხად და იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა სესხი, მასზე დარიცხული სარგებელი (პროცენტები) და შეესრულებინა ამ ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებები სრული მოცულობით.

18. იმავე ხელშეკრულების მე-2 მუხლით მხარეებმა განაცხადეს, რომ გამსესხებელმა მსესხებელს სესხი უნდა გადასცეს ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებისთანავე. თანხის გადაცემის შესახებ მხარეებს შეუძლიათ შეადგინონ თანხის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს მოაწერენ მხარეები. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით.

19. მხარეთა შორის დავის საგანია 2010 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ა. კ.-ეს მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 000 აშშ დოლარი არ გადაუცია, გარიგების დადებისას იგი მოატყუეს და ამ მოტივით ითხოვს გარიგების ბათილობას.

20. სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 81-ე, 82-ე მუხლების თანახმად, გარიგება მოტყუებით დადებულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ მხარის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დებს მეორე მხარე გარიგებას. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით დადებული გარიგების ბათილობის შემთხვევაში მხარემ უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტი.

21. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2010 წლის 18 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენს მოტყუებით დადებულ გარიგებას, ვინაიდან ვ. გ.-ეს ნასესხები თანხა არ მიუღია და ის გადაეცა თ. ჩ.-ეს.

22. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ვ. გ.-ე სადავო გარიგების დადებისას არ მოუტყუებიათ, ვინაიდან მან იცოდა, რომ მოპასუხესთან აფორმდება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას და ხელი მოაწერა მას. ამასთან, სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ გარიგების საცილოდ ქცევისას მოტყუების ფაქტის არსებობა მხარემ უნდა დაადასტუროს ისეთ გარემოებებზე მითითებით და ისეთი მტკიცებულებების წარდგენით, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ მოტყუების ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოსარჩელე ვ. გ.-ეს აწევს, მაგრამ საქმის მასალებით არ დასტურდება მისი მოტყუების ფაქტობრივი გარემოება. მოსარჩელის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება კი, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ დადასტურდეს მოსარჩელის მოტყუების ფაქტობრივი გარემოება.

23. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გარიგებაზე ხელმოწერა უკვე თავისთავად ადასტურებს გარიგებით გათვალისწინებული თანხის მიღებას, რადგან, როგორც აღინიშნა, 2010 წლის 18 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მეორე მუხლით თანხის გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას მხარეები სავალდებულოდ არ მიიჩნევენ. მითითებული ფაქტობრივი გარემოება დავის შემთხვევაში, მოსარჩელის (თანხის მიმღების) მხრიდან რისკის შემცველი დებულებაა, რადგან მოპასუხე (თანხის გამცემი) უთითებს ნოტარიულად დამოწმებულ ხელშეკრულებაზე, რაც მტკიცებულების შინაარსიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უფრო სარწმუნოდ მიიჩნევა, რადგან მოსარჩელეს მასზე ხელმოწერა სადავოდ არ გაუხდია.

24. სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებებით განმტკიცებულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთათვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი კეთილსინდისიერების პრინციპი (სამოქალაქო კოდექსის 8.3 მუხლი). სწორედ აღნიშნული პრინციპით ხელმძღვანელობა იცავს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეს ამ ურთიერთობათა შესაძლო უარყოფითი შედეგებისაგან, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. სამართალი პირთა სამართლიანობის შეგრძნებით ნაკარნახევი პრინციპები და წესებია, ამიტომ, ნებისმიერი პირი თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს ამ პრინციპების შესაბამისად. კეთილსინდისიერების პრინციპი კი პირის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში განიხილავს. ამ პრინციპის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ვალდებულია, გამიჯნოს სამართლიანი უსამართლოსაგან და თავისი ქცევა სამართლიანობის კრიტერიუმს შეუსაბამოს.

25. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გარიგების ბათილობას იწვევს შემდეგი სახის ფასეულობათა დარღვევა: კანონით დადგენილი წესები და აკრძალვები, საჯარო წესრიგი, ზნეობის ნორმები. საჯარო წესრიგის დარღვევაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების უფლება, ხელშეკრულების თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად დადების გარანტია და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის რომელი დებულება დაარღვია მოპასუხე ა. კ.-ემ.

26. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად უნდა დაედოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 ივლისისა და და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 21 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენები და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (საქმე №2/ბ-07-14), რადგან მითითებული სასამართლო აქტებით დადგენილია, რომ 2010 წლის 18 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გაცემული 10000 აშშ დოლარი მოტყუებით მიისაკუთრა თ. ჩ.-ემ. იმავე განაჩენით არ დადგენილა, რომ მოტყუების შესახებ იცოდა ან/და უნდა სცოდნოდა ა. კ.-ეს.

27. როგორც ზემოთ მიეთითა, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად ასევე არ გამოდგება მოსარჩელის მიერ მოხმობილი მოწმეების ჩვენება, რადგან მოწმე ნ. გ.-ე არ ესწრებოდა ხელშეკრულების ხელმოწერას და თანხის გადაცემას. მან განმარტა, რომ მოსარჩელის მეგობარია. ვ. გ.-ისაგან შეიტყო, რომ მხარეთა შორის სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ა. კ.-ეს ვ. გ.-ისათვის არ გადაუცია. ამდენად, იგი ირიბი მოწმეა. რაც შეეხება ი. გ.-ესა და მ. მ.-ეს, ისინი არიან მოსარჩელის ახლო ნათესავები, კერძოდ, და და სიძე, ამდენად, მხოლოდ მათი ჩვენება (დაინტერესებული პირები), საფუძვლად ვერ დაედება ნოტარიულად დამოწმებული 2010 წლის 18 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობას და სარჩელის დაკმაყოფილებას, რადგან სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს შემდეგი სახის ფასეულობათა დარღვევა: კანონით დადგენილი წესები და აკრძალვები, საჯარო წესრიგი, ზნეობის ნორმები. საჯარო წესრიგის დარღვევაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების უფლება, ხელშეკრულების თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად დადების გარანტია და ა.შ.

28. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილი 2010 წლის 18 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში აღიარებული სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რომელმაც ნორმატიული ასახვა ჰპოვა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში.

29. სამოქალაქო სამართალწარმოებაში სასამართლო მოკლებულია ინკვიზიციურობას და ხელმძღვანელობს შეჯიბრობითობის პრინციპით, რაც გადამწყვეტი და განმსაზღვრელია სამოქალაქო დავისას მხარის მიერ მისივე პროცესუალური აქტიურობით თავისთვის ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს მოდავე მხარეთა აქტიურობას სადავო ფაქტების დამტკიცების ფარგლებში, ხოლო სასამართლოს აქტივობა ამა თუ იმ ფაქტის მტკიცების წრეში შეზღუდულია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, სამოქალაქო წესით დავის წარმოებისას ამოსავალი პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ტვირთის მხარეებზე გადატანაა.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელ გარემოებათა დადასტურება, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, არ არსებობს ვ. გ.-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

31. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვ. გ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

32. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

33. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტი, რომ თ. ჩ.-ემ ა. კ.-ისაგან მიღებული თანხა მოტყუების გზით მიისაკუთრა და მოსარჩელისათვის არ გადაუცია. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია, რომ ვ. გ.-ემ ნოტარიუსთან ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურა სესხის თანხის მიღების ფაქტი და არ შეაფასა ის გარემოება, რომ ავ.კ.-ეს გარიგების ხელმოწერის შემდეგ თანხა უნდა გადაეცა, რისი დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს.

34. კასატორის განმარტებით, იგი სადავოდ ხდის ხელშეკრულების საფუძველზე ა. კ.-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას.

35. მხარემ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ვ. გ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

37. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ვ. გ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

38. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელე ვ. გ.-ესა და მოპასუხე ა. კ.-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება და, ვალის სანაცვლოდ, მოსარჩელის ქონება გადავიდა მოპასუხის საკუთრებაში გამოსყიდვის უფლებით.

39. 2010 წლის 18 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ა. კ.-ემ ვ. გ.-ეს ასესხა 10000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც იპოთეკით დაიტვირთა ქუთაისში, ხ.-ის ქ.№..ში მდებარე უძრავი ქონება.

40. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 ივლისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 21 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით დადგენილია, რომ 2010 წლის 18 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გაცემული 10000 აშშ დოლარი მოტყუებით მიისაკუთრა თ. ჩ.-ემ. განაჩენით არ დადგენილა, რომ მოტყუების შესახებ იცოდა ან/და უნდა სცოდნოდა ა. კ.-ეს. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებულად არის მიჩნეული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 18 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №2/ბ-07-14. მე-6 პუნქტი).

41. სააპელაციო პალატის მითითებით, მოწმე ნ. გ.-ემ განმარტა, რომ არის მოსარჩელის მეგობარი. მან ვ. გ.-ისაგან შეიტყო, რომ ა. კ.-ეს მხარეთა შორის სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ვ. გ.-ისათვის არ გადაუცია.

42. მოწმე ი. გ.-ემ განმარტა, რომ მოსარჩელე მისი მეუღლეა. 2010 წლის 18 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხიდან ვ. გ.-ემ მიიღო მხოლოდ 500 აშშ დოლარი, რის შესახებაც შეიტყო მისი მეუღლისა და თ. ჩ.-ისგან.

43. მოწმე მ. მ.-ემ განმარტა, რომ მოსარჩელე მისი სიძეა. იგი აპირებდა თანხის სესხებას, თუმცა ვ. გ.-ეს 2010 წლის 18 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია.

44. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავო გარიგება უნდა ეცნო ბათილად მისი მოტყუებით დადების მოტივით. ამავდროულად, კასატორმა მიუთითა, რომ სადავოდ ხდის სადავო ხელშეკრულების საფუძველზე ა. კ.-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის – ვ. გ.-ისათვის ნასესხები თანხის გადაუხდელობის ფაქტს.

45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

46. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

47. სადავო სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე უთითებდა გარიგების მოტყუებით დადებას.

48. საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

49. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება.

50. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (სუსგ 16.06.2014 წელი, საქმე №ას-182-171-2014).

51. მოცემულ შემთხვევაში ვ. გ.-ე გარიგების შინაარსსა და ნების გამოვლენაში არ მოტყუებულა, პირიქით მას სურდა სესხის ხელშეკრულების დადება, რაზეც თავად მხარეებმა მიუთითეს და მოწმეთა ჩვენებებითაც დასტურდება, შესაბამისად, მის მიერ გამოვლენილი ნება სრულად ემთხვეოდა მხარის სურვილს, მიეღო სესხი. რეალურად, კასატორს პრეტენზია გააჩნია ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით, რადგან მისი მთავარი არგუმენტი მდგომარეობს კრედიტორის მიერ მისთვის სესხის ფაქტობრივად გადაუცემლობაში. ამასვე ადასტურებს კასატორის მხრიდან მითითებული სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტი, რომ თ. ჩ.-ემ ა. კ.-ისაგან მიღებული თანხა მოტყუების გზით მიისაკუთრა და მოსარჩელისათვის არ გადაუცია.

52. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარის განმარტებით, მის მიმართ მოტყუება განხორციელდა არა გარიგების დადებისას, არამედ ხელშეკრულების პირობების შესრულებისას. შესაბამისად, სწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ სადავო გარიგებს მოტყუებით დადების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მოსარჩელემ ვერ მიუთითა.

53. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა გარიგების ბათილობისაგან სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს და იმ შემთხვევაში, როცა მსესხებლის პრეტენზია ეხება კრედიტორისაგან ნასესხები თანხის ფაქტობრივად მიუღებლობას, როგორც ეს განსახილველ საკასაციო საჩივარშია მითითებული, გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის აღძვრის გზით მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილება შეუძლებელია.

54. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

55. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით

56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური