Facebook Twitter

საქმე №140210014567264

საქმე №ას-1147-1079-2015 20 იანვარი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ტ.-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. ტ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ.-ას“ მიმართ და მოითხოვა მიუღებელი ხელფასის სახით 2014 წლის ივლისიდან 2014 წლის დეკემბრამდე 17 500 ლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,07%-ის, 630 დღეზე – 1120,5 ლარის, სულ – 18620,5 ლარის ანაზღაურება.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2014 წლის 1 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამავე საწარმოში დაინიშნა მენეჯერის თანამდებობაზე, ხოლო ყოველთვიური ხელფასი განესაზღვრა 2500 ლარის ოდენობით. 2014 წლის მაისის შემდეგ მას კუთვნილი ხელფასი არ მიუღია.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ლ. ტ.-ი სისტემატურად არღვევდა შინაგანაწესს, არასათანადოდ ასრულებდა მენეჯერის მოვალეობას და მარტიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რის შესახებ ბრძანება არ გაუსაჩივრებია და კანონიერ ძალაშია.

4. მოპასუხემ მიუთითა, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება მოსარჩელეს პირადად ვერ ჩაბარდა, არასრული მისამართის გამო, შესაბამისად, იგი გამოქვეყნდა საჯარო პუბლიკაციის სახით. ამასთან, ლ. ტ.-ს კანონის შესაბამისად, ორი თვის კომპენსაცია მიეცა.

5. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს ეთქვა უარი, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, აპელანტს შპს „მ.-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული 500 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ ლ. ტ.-ი და შპს „მ.-ა“ იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 1 იანვრის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ლ. ტ.-ი მიღებულ იქნა შპს „მ.-აში“ მენეჯერის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 2 500 ლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი – 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

8. მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 20 თებერვლით დათარიღებული საჯარო განცხადება, რომლის თანახმად, მენეჯერი ლ. ტ.-ი არ ასრულებს რესტორნის მენეჯერის რიგ მოვალეობებს, არ ზრუნავს რესტორნის გამართულ მუშაობაზე, არ ავსებს ბარ-რესტორნის მარაგს, არ იღებს შეკვეთებს და არ ზრუნავს კადრების შერჩევაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „მ.-ას“ დირექტორმა დასაქმებულისგან მოითხოვა ახსნა-განმარტება.

9. შპს „მ.-ას“ დირექტორის 2014 წლის 26 მარტის №6 ბრძანებით ლ. ტ.-ი გათავისუფლდა მენეჯერის თანამდებობიდან და 2014 წლის 26 მარტიდან შეუწყდა №1 შრომითი ხელშეკრულება. ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი.

10. საბანკო ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ ლ.-ს 2014 წლის 25 და 26 მარტს ჩაერიცხა 2500 ლარი, 23 აპრილსა და 23 მაისს – 2500-2500 ლარი.

11. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დავის საგნის ფარგლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ არ ხდის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას, არ მოითხოვს სამსახურში აღდგენას, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე არ წარმოადგენს განაცდური ხელფასის ანაზღაურება. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოითხოვა ორი თვის – ივნისისა და ივლისის ხელფასის ანაზღაურება, ხოლო 2014 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა შპს „მ.-ასათვის“ 18 620.50 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

12. მოსარჩელე აღნიშნულ მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ ლ. ტ.-ი, როგორც დასაქმებული, ივნისსა და ივლისში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს.

13. ამდენად, თავდაპირველად სარჩელით მოითხოვა სწორედ ამ ორი თვის (ივნისი, ივლისი) ხელფასის ანაზღაურება. მოგვიანებით მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა გაზარდა და იმ თვეების სახელფასო ანაზღაურებაც მოითხოვა, რომელიც გათვალისწინებული იყო ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებით და რა პერიოდის განმავლობაშიც დასაქმებულს უნდა შეესრულებინა დაკისრებული მოვალეობა დამსაქმებელ კომპანიაში მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის შრომით ხელშეკრულების შეწყვეტა რომ არ მომხდარიყო.

14. სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნის მიუხედავად, წარმოდგენილი სარჩელით ლ. ტ.-ს სადავოდ არ გაუხდია სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი და დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების საკითხი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნის – განაცდური ხელფასის სახით 18620.50 ლარის (დეკემბრის ჩათვლით) ანაზღაურების შესახებ, საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის სადავოა საკითხი იმის შესახებ, ასრულებდა თუ არა ლ. ტ.-ი სამსახურებრივ მოვალეობებს შპს „მ.-აში“ მას შემდეგ, რაც კომპანიის დირექტორის ბრძანების თანახმად, 2014 წლის 26 მარტიდან იგი გათავისუფლდა სამსახურიდან. მოსარჩელის მტკიცებით, დამსაქმებელ კომპანიაში სამსახურეობრივ მოვალეობებს ასრულებდა 2014 წლის ივლისის ჩათვლით.

16. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, 103-ე მუხლით და აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები.

17. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავისი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

18. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ლ. ტ.-ი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ (2014 წლის 26 მარტი) 2014 წლის ივნისსა და ივლისში კვლავ ასრულებდა მენეჯერის მოვალეობებს შპს „მ.-აში“, მოსარჩელეს კი სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

19. რაც შეეხება 2014 წლის აპრილსა და მაისში ლ. ტ.-ისათვის დარიცხულ თანხას, მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული თანხა მოსარჩელეს ჩაერიცხა კომპენსაციის და არა ყოველთვიური ხელფასის სახით, საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოსარჩელეს ასევე არ წარუდგენია.

20. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით – საქართველოს შრომის კოდექსით. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის მე-3 მუხლით, შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დასაქმებულისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.

21. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შრომით-სამართლებრივი ხასიათი სადავო არ გამხდარა, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მათ შორის შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება არ ექცევა რაიმე სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოწესრიგების სფეროში და იგი ექვემდებარება შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმებით დადგენილ რეგულირებას.

22. შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის, თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ.

23. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან.

24. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე სადავოდ არ ხდის დამსაქმებლის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2014 წლის 26 მარტის №6 ბრძანების კანონიერებას.

25. შრომის კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს კუთვნილი ხელფასის ანაზღაურება, ამდენად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს სამუშაოს შესრულების ფაქტი, ვინაიდან ანაზღაურება გაიცემა სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგაც ლ. ტ.-ი შპს „მ.-აში“ ასრულებდა მენეჯერის უფლება-მოვალეობებს, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

26. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დავის კანონიერად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და მიიღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

27. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ტ.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

28. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, როდესაც მიუთითა, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება. ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ მხარემ გაასაჩივრა ზემოაღნიშნული ბრძანება და საქმე იხილება გორის რაიონულ სასამართლოში. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მოპასუხისათვის 500 ლარის დაკისრების შესახებ.

29. მხარემ მიუთითა, რომ სასამართლომ არ შეაჩერა საქმის წარმოება მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სასამართლოში მიმდინარეობს ერთად განსახილველი დავები.

30. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა იშუამდგომლა მოცემული საქმის წარმოების შეჩერების შესახებ ლ.ტ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე სარჩელის განხილვის დასრულებამდე.

31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ლ. ტ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

32. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. ტ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

33. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. ტ.-ი და შპს „მ.-ა“ იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 1 იანვრის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ლ. ტ.-ი მიღებულ იქნა შპს „მ.-აში“ მენეჯერის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 2 500 ლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი – 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

34. მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 20 თებერვლით დათარიღებული საჯარო განცხადება, რომლის თანახმად, მენეჯერი ლ. ტ.-ი არ ასრულებს რესტორნის მენეჯერის რიგ მოვალეობებს, არ ზრუნავს რესტორნის გამართულ მუშაობაზე, არ ავსებს ბარ-რესტორნის მარაგს, არ იღებს შეკვეთებს და არ ზრუნავს კადრების შერჩევაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „მ.-ას“ დირექტორმა დასაქმებულისგან მოითხოვა ახსნა-განმარტება.

35. შპს „მ.-ას“ დირექტორის 2014 წლის 26 მარტის №6 ბრძანებით ლ. ტ.-ი გათავისუფლდა მენეჯერის თანამდებობიდან და 2014 წლის 26 მარტიდან შეუწყდა №1 შრომითი ხელშეკრულება. ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი.

36. საბანკო ანგარიშის ამონაწერით დგინდება, რომ ლ. ტ.-ს 2014 წლის 25 და 26 მარტს ჩაერიცხა 2500 ლარი, 23 აპრილსა და 23 მაისს – 2500-2500 ლარი.

37. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დავის საგნის ფარგლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ არ ხდის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას, არ მოითხოვს სამსახურში აღდგენას, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე არ წარმოადგენს განაცდური ხელფასის ანაზღაურება. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოითხოვა ორი თვის – ივნისისა და ივლისის ხელფასის ანაზღაურება, ხოლო 2014 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა შპს „მ.-ასათვის“ 18 620.50 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

38. მოსარჩელე აღნიშნულ მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ ლ. ტ.-ი, როგორც დასაქმებული, ივნისსა და ივლისში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს.

39. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება მაშინ, როცა სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ ლ.ტ.-მა გაასაჩივრა ზემოაღნიშნული ბრძანება და მისი სარჩელი იხილება გორის რაიონულ სასამართლოში.

40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

42. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ არასწორია სააპელაციო პალატის მითითება ლ. ტ.-ის მიერ მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუსაჩივრებლობის თაობაზე. მოცემული საქმის შესწავლისა და სასარჩელო განცხადების შეფასების შედეგად ცხადია, რომ ლ. ტ.-ს განსახილველი დავის ფარგლებში ზემოაღნიშნული ბრძანების კანონიერება სადავოდ არ გაუხდია, მეტიც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სასარჩელო განცხადება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ დაქირავებულ პირს არ აუნაზღაურა სახელფასო დავალიანება. შესაბამისად, კასატორის არგუმენტი საფუძველს მოკლებულია. ის ფაქტი, რომ მხარემ დამოუკიდებელი სარჩელი აღძრა სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების უკანონობასთან დაკავშირებით, არსებული წინამდებარე სარჩელის სამართლებრივ დასაბუთებულობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

43. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში ასევე დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ მისთვის დაკისრებულის ადვოკატის მომსახურების ხარჯის – 500 ლარისაგან გათავისუფლების თაობაზე.

44. სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული თანხის დაკისრება სავსებით კანონიერია და ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმადაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს.

45. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

48. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შუამდგომლობას მოცემული საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.

49. მოცემული შუამდგომლობის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს ლ. ტ.-ის სარჩელის განხილვა შპს „მ.-ას“ მიმართ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ. მხარე მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის განხილვა შეუძლებელია დასახელებული დავის გადაწყვეტამდე.

50. შესაბამისად, მხარე ითხოვს საქმის წარმოების შეჩერებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რომელიც ადგენს, რომ სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობების არსებობა მხარემ ვერ დაადასტურა და სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, სხვა სამოქალაქო საქმის გადაწყვეტამდე რატომაა შეუძლებელი განსახილველი დავის განხილვა.

52. ასევე, კანონიერია სააპელაციო პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის საოქმო განჩინება, რომლითაც მხარეს ფაქტობრივად გაეცა პასუხი მითითებულ საკითხზე.

53. სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ დააზუსტებინა მხარეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი და დააფიქსირა, რომ მოსარჩელე ითხოვდა არა იძულებითი განაცდურის, არამედ ფაქტობრივად გამომუშავებული ხელფასის გადახდას, რის შედეგადაც მართებულად დაასკვნა, რომ გამომუშავებული ხელფასის ანაზღაურების შესახებ დავის განხილვაზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებდა იმ სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა, რომელიც ეხება სამუშაოდან მხარის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას.

54. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ტ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. ლ. ტ.-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური