საქმე № 010210114502285
საქმე №ას-1169-1099-2015 20 იანვარი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. ა.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჯ.-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მოძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ. ა.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ჯ.-ის მიმართ, ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაუხდელი ნასყიდობის ფასის – 10000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 9 აგვისტოს ლ. ჯ.-ს მიჰყიდა ავტომანქანა და გადასცა ნასყიდობის საგანი, ხოლო საფასური 10000 აშშ დოლარი მყიდველს უნდა გადაეხადა 5 თვის განმავლობაში ეტაპობრივად. ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვის მიუხედავად, მოპასუხეს ნაკისრ ვალდებულება არ შეუსრულებია.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დღეს ზ. ა.-ემ იგივე ავტომანქანა მიჰყიდა და ფაქტობრივადაც გადასცა შპს „ა.-ს“, შესაბამისად, ლ. ჯ.-ს არანაირი ვალდებულების შესრულება აღარ ეკისრება.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
7. საქმის განხილვის დროისათვის ავტომანქანა ... სახელმწიფო ნომრით „...“ სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია ზ. ა.-ის სახელზე.
8. 2012 წლის 9 აგვისტოს ზ. ა.-ესა და ლ. ჯ.-ს შორის დაიდო ავტომანქანის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით ზ. ა.-ემ (გამყიდველი) იკისრა ვალდებულება, ლ. ჯ.-ისათვის (მყიდველი) გადაეცა ...-ის მოდელის ავტომანქანა (სარეგისტრაციო ნომერი ...). ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10000 აშშ დოლარით, რომელიც ლ. ჯ.-ს უნდა გადაეხადა 5 თვის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ.
9. 2012 წლის 9 აგვისტოს ზ. ა.-ესა და შპს „ა.-ის“ დირექტორ რ. ვ.-ეს შორის დაიდო ავტომანქანის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით ზ. ა.-ემ (გამყიდველი) ვალდებულება იკისრა, შპს „ა.-ისათვის“ (მყიდველი) გადაეცა ...-ის მოდელის ავტომანქანა (სარეგისტრაციო ნომერი ...). ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10000 აშშ დოლარით, რომელიც მყიდველს უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ შემდეგი გრაფიკით: მყიდველი ნასყიდობის საფასურს – 6259 აშშ დოლარს გადაიხდიდა 2012 წლის 28 დეკემბრამდე, დარჩენილ 3741 აშშ დოლარს კი, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
10. 2012 წლის 9 აგვისტოს შედგენილ ორივე ნასყიდობის ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნის გამყიდველ ზ. ა.-ეს. ნასყიდობის ხელშეკრულებებზე ზ. ა.-ის სახელით შესრულებული ხელმოწერა სადავო გახდა ზ. ა.-ის წარმომადგენლის მხრიდან. საქმეზე ჩატარდა ექსპერტიზა და 2015 წლის 6 თებერვლის №... ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ზ. ა.-ის სახელით 2012 წლის 9 აგვისტოს ორივე ნასყიდობის ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერები ეკუთვნის ზ. ა.-ეს.
11. 2012 წლის 9 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ავტომანქანა (ს/ნ ...) გადაეცა შპს „ა.-ს“ და აღნიშნული ავტომანქანით შპს „ა.-ის“ თანამშრომელი ო. შ.-ე ახორციელებდა სადისტრიბუციო საქმიანობას. ო. შ.-ის განმარტებით, ლ. ჯ.-ს ავტომანქანის მართვის უფლება შეზღუდული ჰქონდა და სადავო ავტომანქანით არ სარგებლობდა.
12. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის სხდომაზე ლ. ჯ.-ს სადავო ავტომანქანის მისთვის გადაცემის გარემოება არ უღიარებია. მან განმარტა, რომ შპს „ა.-ის“ დირექტორ რ. ვ.-ესთან ერთად მივიდა ზ. ა.-ის რძალთან და სადავო ავტომანქანა ჩაიბარა სწორედ რ. ვ.-ემ.
13. რაც შეეხება პოლიციაში რ. ვ.-ესთან, ლ. ჯ.-თან და ზ. ა.-ესთან გასაუბრების ოქმებს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ერთობლივად, მათი სანდოობის და უტყუარობის თვალსაზრისით. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები შექმნილია გამოკითხულ პირთა განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გაფრთხილების გარეშე, ისინი მხოლოდ მაშინ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა არსებობის დამადასტურებელ, უტყუარ მტკიცებულებებად, თუ გამოკითხული პირები უშუალოდ სასამართლო სხდომაზეც დაადასტურებენ მათ მიერ პოლიციაში მითითებულ გარემოებებს.
14. მოცემულ შემთხვევაში ლ. ჯ.-მა სასამართლო სხდომაზე უარყო სადავო ავტომანქანის მისთვის გადაცემის ფაქტი. რ. ვ.-ე სასამართლოში მოწმის სახით არ დაკითხულა. ასეთ პირობებში მხოლოდ ზ. ა.-ის ახსნა-განმარტება სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის. გარდა ამისა, მოწმე ო. შ.-ემ 2015 წლის 31 მარტის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სადავო ავტომანქანა გადაეცა შპს „ა.-ს“ და იგი პირადად სარგებლობდა ამ ავტომანქანით საწარმოს საქმიანობის ფარგლებში.
15. სააპელაციო პალატამ ასევე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი მსჯელობა.
16. სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილების, 477-ე მუხლის, 505-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2012 წლის 9 აგვისტოს ზ. ა.-ესა და შპს „ა.-ს“ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლის შესაბამისად. რაც შეეხება ლ. ჯ.-თან დადებულ ხელშეკრულებას, მას სადავო ავტომანქანა მფლობელობაში არ გადასცემია.
17. სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით რეგულირებულია მოძრავი ნივთის შეძენის წესი და დადგენილია, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, მესაკუთრემ შემძენს ნივთი გადასცეს ნამდვილი უფლების საფუძველზე. კანონმდებელი ამომწურავად ადგენს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
18. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ზ. ა.-ემ მისი კუთვნილი ავტომანქანა გადასცა შპს „ა.-ს“ და არა ლ. ჯ.-ს, შესაბამისად, მოსარჩელემ ნასყიდობის საფასური უნდა მოითხოვოს შპს „ა.-ის“ და არა ლ. ჯ.-ისაგან.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს სასამართლოს მხრიდან მიეცა მითითება არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, რაზეც მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა.
20. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. ა.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
22. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და მიიღო იმდენად დაუსაბუთებელი განჩინება, რომ მისი სამართლებრივი დასაბუთების შემოწმება შეუძლებელია.
23. მხარის მითითებით, რეალურად კასატორმა ნასყიდობის ხელშეკრულება გაუფორმა და ავტომანქანა გადასცა ლ. ჯ.-ს, რის შესახებაც არსებობს წერილობითი მტკიცებულება, მოპასუხის ჩვენება, რომ მან მიიღო ავტომანქანა დაუზიანებელ მდგომარეობაში, თუმცა აღნიშნული გარემოებები სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია.
24. კასატორის მოსაზრებით, მოწინააღმდეგე მხარეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულების წარდგენის გზით არ გაუბათილებია სარჩელში მითითებული გარემოებანი.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ზ. ა.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
26. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ზ. ა.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
27. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის დროისათვის ავტომანქანა ... სახელმწიფო ნომრით „...“ სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულია ზ. ა.-ის სახელზე.
28. 2012 წლის 9 აგვისტოს ზ. ა.-ესა და ლ. ჯ.-ს შორის დაიდო ავტომანქანის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით ზ. ა.-ემ (გამყიდველი) იკისრა ვალდებულება, ლ. ჯ.-ისათვის (მყიდველი) გადაეცა ...-ის მოდელის ავტომანქანა (სარეგისტრაციო ნომერი ...). ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10000 აშშ დოლარით, რომელიც ლ. ჯ.-ს უნდა გადაეხადა 5 თვის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ.
29. 2012 წლის 9 აგვისტოს ზ. ა.-ესა და შპს „ა.-ის“ დირექტორ რ. ვ.-ეს შორის დაიდო ავტომანქანის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით ზ. ა.-ემ (გამყიდველი) ვალდებულება იკისრა, შპს „ა.-ისათვის“ (მყიდველი) გადაეცა ...-ის მოდელის ავტომანქანა (სარეგისტრაციო ნომერი ...). ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 10000 აშშ დოლარით, რომელიც მყიდველს უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ შემდეგი გრაფიკით: მყიდველი ნასყიდობის საფასურს – 6259 აშშ დოლარს გადაიხდიდა 2012 წლის 28 დეკემბრამდე, დარჩენილ 3741 აშშ დოლარს კი, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
30. 2012 წლის 9 აგვისტოს შედგენილ ორივე ნასყიდობის ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნის გამყიდველ ზ. ა.-ეს. ნასყიდობის ხელშეკრულებებზე ზ. ა.-ის სახელით შესრულებული ხელმოწერა სადავო გახდა ზ. ა.-ის წარმომადგენლის მხრიდან. საქმეზე ჩატარდა ექსპერტიზა და 2015 წლის 6 თებერვლის №... ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ზ. ა.-ის სახელით 2012 წლის 9 აგვისტოს ორივე ნასყიდობის ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერები ეკუთვნის ზ. ა.-ეს.
31. 2012 წლის 9 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ავტომანქანა (ს/ნ ...) გადაეცა შპს „ა.-ს“ და აღნიშნული ავტომანქანით შპს „ა.-ის“ თანამშრომელი ო. შ.-ე ახორციელებდა სადისტრიბუციო საქმიანობას. ო. შ.-ის განმარტებით, ლ. ჯ.-ს ავტომანქანის მართვის უფლება შეზღუდული ჰქონდა და სადავო ავტომანქანით არ სარგებლობდა.
32. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის სხდომაზე ლ. ჯ.-ს სადავო ავტომანქანის მისთვის გადაცემის გარემოება არ უღიარებია. მან განმარტა, რომ შპს „ა.-ის“ დირექტორ რ. ვ.-ესთან ერთად მივიდა ზ. ა.-ის რძალთან და სადავო ავტომანქანა ჩაიბარა სწორედ რ. ვ.-ემ. სასამართლო სხდომაზე კი, ლ. ჯ.-მა უარყო სადავო ავტომანქანის მისთვის გადაცემის ფაქტი.
33. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ავტომანქანა გადაეცა მოპასუხეს, რის უარსაყოფად ლ.ჯ.-ს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
36. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მოცემული დავის გადაწყვეტისას მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 505 და 186-ე მუხლებით.
39. საკასაციო პალატა თვლის, რომ ავტომანქანაზე საკუთრების შეძენაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლით დადგენილი წესი (სუსგ 24.11.2011 წელი, საქმე №ას-841-892-2011).
40. მითითებული ნორმის შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
41. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო მოძრავი ნივთი გადაეცა არა ლ. ჯ.-ს, არამედ შპს „ა.-ს“.
42. საკასაციო სასამართლო დასაშვებ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორის არგუმენტს, რომ ლ. ჯ.-მა ვერ დაადასტურა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო ავტომანქანა მოპასუხეს არ გადასცემია, რადგან საქმის მასალებიდან ნათლად ირკვევა სადავო მოძრავი ნივთის შპს „ა.-ის“ დირექტორ რ. ვ.-ისათვის გადაცემის ფაქტი. აღნიშნული გარემოება კასატორს სარწმუნოდ არ გაუბათილებია და მხოლოდ მისი განმარტება საწინააღმდეგოს დასტურად ვერ გამოდგება.
43. ამდენად, სავსებით დასაბუთებულია სააპელაციო პალატის არგუმენტი, რომ ზ. ა.-ემ მოცემული სარჩელი აღძრა არასათანადო მოპასუხე ლ. ჯ.-ის მიმართ და ვინაიდან მოსარჩელემ სათანადო მოპასუხის ჩართვაზე უარის განაცხადა, მის სარჩელს მართებულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
45. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ზ. ა.-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზ. და მ. ა.-ეების მიერ 2015 წლის 30 ნოემბრის №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 1202,55 ლარის 70% – 841,785 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ზ. ა.-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზ. და მ. ა.-ეების მიერ 2015 წლის 30 ნოემბრის №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 1202,55 ლარის 70% – 841,785 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური