საქმე № 010210014476225
საქმე №ას-1173-1103-2015 4 იანვარი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ხ.–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ.-ე, ლ. ნ.-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, საერთო სარგებლობის ფართის პირვენდელ მდგომარეობაში მოყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა. ი.-ის მეურვე ლ. ი.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ჩ.-ისა და გ. ხ.-ის მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეებისათვის ეზოს კიბის მოედანზე უკანონოდ აშენებული ქვის კედლისა და რკინის კარის მოშლის დავალება, ძველ საპირფარეშოსთან მისასვლელი №- დერეფნის მათი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელის მიერ საერთო ფართით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა.
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1956 წლიდან ცხოვრობდა ქ.ბათუმში, ტ.-ნის (ახლანდელი ფ.-ის ქუჩა) №- / ქუთაისის ქ. №---ში და ფლობდა 34.90 კვ.მ საცხოვრებელ და საერთო სარგებლობის ფართს. 1992 წლიდან გახდა იგი 34.90 კვ.მ ფართის მესაკუთრე. ამავე მისამართზე 1985 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა თ. ჩ.-ის ოჯახი და დაიწყო ა. ი.-ის შევიწროება. თ. ჩ.-ის ოჯახმა მიითვისა საერთო სარგებლობის სადარბაზო ქუთაისის ქუჩის მხრიდან, სველი წერტილი დერეფანი და სამრეცხაო.
3. ა. ი.-ე იყო ფსიქიურად დაავადებული და 1990 წელს მეურვედ დაენიშნა ლ. ი.-ე. მოპასუხეებმა ისარგებლეს მოსარჩელის მდგომარეობით და 2009 წლიდან ლ. ი.-ეს ჩაუკეტეს საერთო შესასვლელი ქუთაისის ქუჩის მხრიდან. ამის შემდეგ, რ. ჩ.-ემ ელიავას ქუჩის მხრიდან კიბის მოედანზე უკანონოდ მიაშენა ფართი, რომელსაც გაუკეთა რკინის კარები. მოპასუხეთა მოქმედებით შეუძლებელი გახდა ა. ი.-ის საკუთრებაში არსებულ ფართში შესვლა.
4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება მოიპოვეს მემკვიდრეობით.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით შეჩერდა №2/ბ-165-2015 სამოქალაქო საქმის წარმოება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, აპელანტი ა. ი.-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, არა უმეტეს 6 თვისა, 2015 წლის 5 სექტემბრამდე (სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე).
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ნოემბრის განჩინებით „ს. ნ.-ის“ (ა. ი.-ის) სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე №2/ბ-165-2015 სამოქალაქო საქმის წარმოება განახლდა, აპელანტი „ს. ნ.-ის“ უფლებამონაცვლეებად საქმეში დაშვებულ იქნენ მისი შვილები – ნ. დ.-ე და ლ. ნ.-ა შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 5 მარტის განჩინებით შეჩერდა №2/ბ-165-2015 სამოქალაქო საქმის წარმოება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, აპელანტი ა. ი.-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, არა უმეტეს 6 თვისა, 2015 წლის 5 სექტემბრამდე (სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე), აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრება/გადახდის საკითხის გადაწყვეტა დადგინდა უფლებამონაცვლის ჩართვის შემდგომ.
9. 2015 წლის 29 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ა. ი.-ის (ს. ნ.-ის) უფლებამონაცვლეებმა, შვილებმა – ნ. დ.-ემ და ლ. ნ.-ამ წარმოადგინეს სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც მათ თანაბარწილად მიიღეს მისი დედის – ს. ნ.-ის დანაშთი სამკვიდრო ქ. ბათუმში, ფ.-ის ქ.№--ში (ტელმანი). მათ ასევე წარმოადგინეს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ა. ი.-ის სახელი და გვარი შესწორდა, როგორც ქორწინების აქტში, ისე გარდაცვალების მოწმობაში „ს. ნ.-ად“.
10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1336-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1421-ე მუხლის მეორე ნაწილით, 283-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ა. ი.-ის, იგივე „ს. ნ.-ის“ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება უნდა განახლდეს, ვინაიდან აღმოიფხვრა ის გარემოება (დადგინდა უფლებამონაცვლეები), რამაც გამოიწვია საქმის წარმოების შეჩერება და „ს. ნ.-ის“ შვილები – ნ. დ.-ე და ლ. ნ.-ა მოცემულ დავაში ჩართულ იქნენ „ს. ნ.-ის“ უფლებამონაცვლეებად აპელანტების სტატუსით.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ხ.-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა შემდეგი საფუძვლებით:
12. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის განჩინებით გარდაცვლილი მხარის უფლებამონაცვლეს სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის ვადა ჰქონდა 2015 წლის 5 სექტემბრამდე, ნ. დ.-ემ და ლ. ნ.-ამ კი სამკვიდრო მოწმობით სასამართლოს მიმართეს 2015 წლის 29 ოქტომბერს, ანუ მათ სასამართლო განჩინებით დადგენილ ვადაში შესაბამისი საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებიათ და სააპელაციო პალატას საქმის წარმოება არ უნდა განეახლებინა.
13. მხარემ განმარტა, რომ მისთვის გაუგებარია, ვინ და როდის გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება, ან რა მიზეზით განხორციელდა უკვე გარდაცვლილი პირის სახელისა და გვარის შეცვლა. აპელანტები შეგნებულად აჭიანურებენ საქმეს და პრობლემებს უქმნიან კერძო საჩივრის ავტორის ოჯახს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება ა. ი.-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
16. 2015 წლის 13 თებერვალს ა. ი.-ე, იგივე „ს. ნ.-ი“ გარდაიცვალა, რის საფუძველზეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა აპელანტი ა. ი.-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, არა უმეტეს 6 თვისა, 2015 წლის 5 სექტემბრამდე (სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე).
17. 2015 წლის 5 სექტემბრამდე აპელანტის უფლებამონაცვლეს სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
18. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ა. ი.-ის ოჯახის სრულწლოვან წევრს (სავარაუდო უფლებამონაცვლეს) ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა, წარმოედგინა სააპელაციო სასამართლოში მემკვიდრეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი – სამკვიდრო მოწმობა, რისთვისაც მიეცა 7 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მხარეს განემარტა, რომ თუ იგი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად და სასამართლო ჩათვლიდა, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
19. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების პასუხად სამკვიდრო მოწმობა წარადგინეს ნ. დ.-ემ და ლ. ნ.-ამ, რის საფუძველზე საქმის წარმოება განახლდა, ხოლო მითითებული პირები ჩაებნენ საქმეში აპელანტის უფლებამონაცვლეებად.
20. წარმოდგენილი კერძო საჩივრით მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ ხდის საქმის წარმოების განახლების კანონიერებას იმ თვალსაზრისით, რომ გარდაცვლილი აპელანტის უფლებამონაცვლეებს სასამართლოს მიერ მხარის უფლებამონაცვლის დადგენისათვის განსაზღვრულ ვადაში სამკვიდრო მოწმობა სააპელაციო პალატისათვის არ წარუდგენიათ.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის გამოყენების სამართლებრივი წინაპირობა. მითითებული ნორმის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
22. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს მხოლოდ იმგვარი საპროცესო დარღვევა, რომელსაც საქმეზე უკანონო სამართლებრივი შედეგის დადგომა მოჰყვა.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის განხილვისას სააპელაციო პალატამ, მართალია, დაუშვა რიგი საპროცესო-სამართლებრივი დარღვევები, თუმცა საბოლოოდ საქმის წარმოება მართებულად განაახლა.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლით დეტალურად გაწერილია, მხარის გარდაცვალების გამო, საქმის წარმოების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ მხარის უფლებამონაცვლის დაუდგენლობის სამართლებრივი შედეგები და ის საპროცესო მოქმედებები, რომელიც სასამართლომ უნდა განახორციელოს, როდესაც გარდაცვლილი მხარე მოსარჩელე ან მოპასუხეა.
25. მითითებული ნორმის თანახმად, მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება.
26. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული რეგულაცია არ გულისხმობს ხარვეზის დადგენის შესაძლებლობას ისეთი მხარისათვის, რომელსაც სასამართლოს მიერ მხარის უფლებამონაცვლის დადგენისათვის განსაზღვრულ ვადაში უფლებამონაცვლეობის საფუძველი – სამკვიდრო მოწმობა არ წარუდგენია, არამედ ითვალისწინებს კონკრეტულ დანაწესს, რომლის საფუძველზე შესაძლებელია მხარის პრეტენზიის განუხილველად დატოვება ან საქმის წარმოების შეწყვეტა.
27. ამდენად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს მოქმედება ა. ი.-ის ოჯახის სრულწლოვანი წევრის, სავარაუდო უფლებამონაცვლისათვის, სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის მიზნით, ხარვეზის დადგენის შესახებ.
28. რაც შეეხება კერძო საჩივრის პრეტენზიას, რომ ა. ი.-ის, იგივე ს. ნ.-ის უფლებამონაცვლეებმა სამკვიდრო მოწმობა სასამართლოს დაგვიანებით წარუდგინეს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება თავისთავად არ წარმოადგენს საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის საფუძველს.
29. მართალია, სააპელაციო სასამართლომ აპელანტის უფლებამონაცვლის დასადგენად განსაზღვრა კონკრეტული ვადა – 2015 წლის 5 სექტემბრამდე, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმდაგვარად, რომ სააპელაციო საჩივარი უცილოდ განუხილველად დარჩება 6 სექტემბრიდან, როგორც ეს საჩივარზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ხდება.
30. თუ გარდაცვლილი მხარის უფლებამონაცვლე არ მიმართავს სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების ვადის განმავლობაში, სასამართლო უფლებამოსილია, მიმართოს მხარის შესაძლო უფლებამონაცვლეს და მოსთხოვოს მხარის მემკვიდრის შესახებ ინფორმაციის წარდგენა (ამგვარი მიმართვა არ გულისხმობს ხარვეზის დადგენას მხარისათვის) და ამავდროულად განუმარტოს ადრესატს ის სამართლებრივი შედეგი, რაც სასამართლოსათვის მითითებული ინფორმაციის მიუწოდებლობას მოჰყვება. აღნიშნული საპროცესო მოქმედება ეფუძნება სასამართლოს ერთ-ერთ ფუნქციას, დეტალურად განუმარტოს მხარეს საპროცესო მოვალეობების დარღვევის თანმდევი შედეგები (როგორც ეს ხდება თუნდაც უწყების ჩაბარებისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში და ა.შ) და ემსახურება სავარაუდო უფლებამონაცვლისათვის სამომავლოდ მხარის უფლებამონაცვლის საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით რაიმე გაუგებრობის თავიდან აცილებას.
31. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრა ვადა აპელანტის უფლებამონაცვლის დადგენისათვის, თუმცა არ განუმარტავს აღნიშნულ ვადაში მითითებული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგის შესახებ.
32. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად იმსჯელა ნ. დ.-ისა და ლ. ნ.-ას მიერ მოგვიანებით წარდგენილ სამკვიდრო მოწმობაზე, რის საფუძველზე აღნიშნული პირები ჩააბა დავაში აპელანტის უფლებამონაცვლეებად და საქმის წარმოება მართებულად განაახლა.
33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ხ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე