Facebook Twitter

საქმე № 330210115702681

საქმე №ას-1181-1111-2015 4 იანვარი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ნ.-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. და ი. ი.-ები (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. ნ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. და ი. ი.-ების მიმართ და მოითხოვა ი. ი.-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ქ.თბილისში, დ.-ის მე-.. მ/რ-ის ..-ე კორპუსის (საკადასტრო კოდი: №..) 1/2 ნაწილზე მოპასუხე დ. ი.-ის თანამესაკუთრედ ცნობა.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით დ. ი.-ს გ. ნ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5 500 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა. გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი, თუმცა კანონიერ ძალაში გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა იმის გამო, რომ მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ქონება არ ირიცხება.

3. მხარის მითითებით, დ. და ი. ი.-ები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს უძრავი ქონება, რომელიც ი. ი.-ის სახელზე ირიცხება.

4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ ი. ი.-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს მის ინდივიდუალურ საკუთრებას.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლოს დაადგინა, რომ 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით აპელანტ გ. ნ.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს მის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 220 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.

8. 2015 წლის 1 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა ლ. კ..-ემ და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება დამატებით 10 დღით იმ საფუძვლით, რომ მისი მარწმუნებელი პენსიონერი და უმუშევარია, ამიტომ განჩინებით დადგენილ ვადაში ვერ ახერხებს ხარვეზის შევსებას.

9. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით გ. ნ.-ეს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 10 დღით ამ განჩინების ჩაბარებიდან.

10. 2015 წლის 28 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს კვლავ განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა ლ. კ.-ემ, წარმოადგინა ცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, რომლითაც დასტურდება რომ აპელანტი აღრიცხვაზე იმყოფება ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრში და ერიცხება პენსია თვეში 160 ლარის ოდენობით. განმცხადებელმა მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით, რადგან ამ პერიოდში აპელანტი შეძლებს შესაბამისი თანხების მოძიებას და სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

11. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ გ. ნ.-ეს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა დამატებით 5 დღით ამ განჩინების ჩაბარებიდან.

12. 2015 წლის 19 ნოემბერს ლ. კ.-ემ კვლავ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და მოითხოვა დარჩენილი თანხის გადახდის გადავადება ან ხარვეზის შევსების ვადის კვლავ გაგრძელება.

13. წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ნ.-ის წარმომადგენელ ლ. კ.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გადავადების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

14. სააპელაციო პალატის 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით აპელანტ გ. ნ.-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამდენად, სასამართლომ უკვე იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობაზე. შესაბამისად, იდენტური საფუძვლით იმავე შუამდგომლობის განმეორებით განხილვის პროცესუალური წინაპირობა არ არსებობს.

15. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი არ ავალდებულებს სასამართლოს, ყველა შემთხვევაში მხარის მოთხოვნის საფუძველზე გააგრძელოს საპროცესო ვადა. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა დამოკიდებულია შუამდგომლობის დასაბუთებულობაზე. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული.

16. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია გ. ნ.-ისათვის საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება, ვინაიდან ამ უკანასკნელს არაერთხელ გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა. ამასთან, აპელანტის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მხარე პენსიონერია და ითხოვს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით, ვერ განიხილება სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების დასაბუთებულ მოთხოვნად, ვინაიდან სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებას, რითაც მეორე მხარის ინტერესები ილახება.

17. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ნ.-ემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ნ.-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

19. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ორჯერ გაუგრძელა მხარეს ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ აპელანტმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი და სააპელაციო პალატამ აღარ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ.

20. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, აპელანტს არ გააჩნდა სხვა შემოსავალი პენსიის გარდა, არის ხანდაზმული და მხოლოდ ნაწილ-ნაწილ შეეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ნ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

23. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

24. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტ გ. ნ.-ეს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 220 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე კი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რადგან მხარეს არ ჰქონდა წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები.

25. გ. ნ.-ემ არაერთხელ მიმართა სააპელაციო პალატას ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით, რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12 და 30 ოქტომბრის განჩინებებით მხარეს სახელწმიფო ბაჟის გადასახდელად დამატებით ჯერ 10, ხოლო შემდეგ კიდევ 5 დღე მიეცა.

26. საქმის მასალებიდან უდავოდ დასტურდება, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა მხოლოდ 100 ლარი და კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ იმ მოტივით, რომ მხარე ხანდაზმული პიროვნებაა და პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნია.

27. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტმა სასამართლო განჩინებით განსაზღვრული საპროცესო მოქმედება სრულად არ განახორციელა, სახელმწიფო ბაჟი სრულად არ გადაიხადა, რისთვისაც სავსებით გონივრული ვადა ჰქონდა დადგენილი (10-10 დღე და შემდეგ 5 დღე), შესაბამისად, აღნიშნული საპროცესო ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება გამოიწვევდა საქმის განხილვის გაჭიანურებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება და არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რომელიც საპროცესო ვადის გაგრძელების წინაპირობა გახდებოდა.

28. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ მან სახელმწიფო ბაჟი ნაწილობრივ გადაიხადა, რის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა.

29. უპირველესად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ერთხელ უკვე იმსჯელა მხარის შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და არ დააკმაყოფილა აპელანტი მოთხოვნა.

30. კერძო საჩივრის პასუხად საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

31. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

32. განსახილველ შემთხვევაში აპელანტს თავისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე რაიმე მტკიცებულებით არ დაუსაბუთებია, არამედ შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ პენსიონერი და ხანდაზმული პიროვნებაა.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება კანონის მითითებული დანაწესის გამოყენებისა და მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობას არ წარმოადგენს, რის გამოც სააპელაციო პალატამ აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სავსებით სწორად არ გადაუვადა.

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ნ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე