Facebook Twitter

საქმე № 330210014485125

საქმე №ას-1218-1143-2015 27 იანვარი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. გ.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ქ.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ. ქ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ.-ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის – 5000 აშშ დოლარისა და 12400 ლარის დაბრუნების შესახებ.

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 2 ოქტომბერს ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე გ. გ.-ისაგან შეიძინა 1998 წელს გამოშვებული ყვითელი ფერის ბორბლებიანი ექსკავატორი. გამყიდველმა აცნობა, რომ ექსკავატორს დაზიანებული ჰქონდა მოტორი, რომელიც, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, მყიდველს საკუთარი ხარჯებით უნდა შეეკეთებინა და შემდეგ გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა 13 000 აშშ დოლარი.

3. მოტორის ხელოსანმა ექსკავატორის მოტორის შეკეთებისათვის მოითხოვა დაახლოებით 1 თვემდე ვადა. შეთანხმებიდან ერთ კვირაში გამყიდველი დაუკავშირდა მყიდველს და სთხოვა თანხის ნაწილის გადაცემა. ვ. ქ.-მა გ. გ.-ს ე. ნ.-ას და ი. დ.-ას საშუალებით 2012 წლის 9 ოქტომბერს გადაუხადა 3000 აშშ დოლარი, ხოლო 2012 წლის 15 ოქტომბერს, ექსკავატორის მოტორის რემონტის მიმდინარეობისას, კიდევ – 2000 აშშ დოლარი. მოტორის შეკეთებისათვის მოსარჩელემ გადაიხადა 7900 ლარი.

4. მოტორის გარემონტების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ექსკავატორი იყო ნაკლიანი, კერძოდ, დაზიანებული ჰქონდა სიჩქარეების გადართვის კოლოფი (ტრანსმისია). მოპასუხემ თვითონ შესთავაზა მოსარჩელეს ხელოსანი, რომელიც ადგილზე შეაკეთებდა ექსკავატორს, ხოლო მომსახურების თანხას გადაიხდიდა მოსარჩელე და დაფარავდა ექსკავატორის ღირებულებას მაშინ, როდესაც ექსკავატორი ექსპლუატაციისათვის მზად იქნებოდა. ხელოსანმა შეკეთებისათვის მოითხოვა 6000 ლარი, საიდანაც მოსარჩელემ გადაიხადა 4500 ლარი, ხოლო დარჩენილი 1500 ლარი მოსარჩელეს უნდა გადაეხადა შეკეთების დასრულებისას.

5. მოსარჩელის გამარტებით, მას გ. გ.-ისათვის დარჩენილი 8000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა მაშინ, როდესაც ექსკავატორი ექსპლუატაციისათვის ვარგისი იქნებოდა. ექსკავატორის შეკეთება კი გაჭიანურდა მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, დაზიანებული ერთ-ერთი ნაწილი შეკეთებას არ ექვემდებარებოდა და საჭირო იყო მისი უცხოეთიდან გამოწერა.

6. 2014 წლის 22 მარტს, ვ. ქ.-მა შეიტყო, რომ ექსკავატორი, რომლის შეკეთებაშიც გადაიხადა 12 400 ლარი, ღირებულების მესამედზე მეტი, გ. გ.-მა გაასხვისა. გარიგების შეუსრულებლობით მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ხოლო მოსარჩელეს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

7. მოპასუხემ სარჩელი მხოლოდ 2000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ გ. გ.-სა და ვ. ქ.-ს შორის 2012 წლის 9 ოქტომბერს დაიდო ბორბლებიანი ექსკავატორის ნასყიდობასთან დაკავშირებით ბეს ხელშეკრულება. მოსარჩელე თანახმა იყო, დაზიანებული ნასყიდობის საგანი საკუთარი ხარჯით შეეკეთებინა. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს ე. ნ.-ას და ი. დ.-ას საშუალებით ბეს სახით გადასცა 3000 აშშ დოლარი, რომლითაც წერილობით დადასტურდა მხარეთა შორის ნასყიდობის ფაქტი და რომელიც წარმოადგენდა ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას. მოსარჩელის ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე, თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ერთდროულად და არა ნაწილ-ნაწილ, ხოლო მთლიანი თანხა მოსარჩელეს უნდა დაეფარა 2012 წლის 15 ოქტომბერს. ვინაიდან ნასყიდობის მთლიანი საფასური მოსარჩელეს ბეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ გადაუხდია, მოპასუხემ მიიჩნია, რომ ბეს სახით გადაცემული 3000 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს ზიანის ანაზღაურების ანგარიშში და დარჩეს მას.

8. მოპასუხის განმარტებით, ასევე, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის საგნის შეკეთებაზე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან პირველ რიგში მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების დადებამდე ნასყიდობის საგნის ნაკლის შესახებ და თანახმა იყო, საკუთარი ხარჯით გამოესწორებინა ეს ნაკლი. მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რაიმე სახის მტკიცებულება ნასყიდობის საგნის შეკეთებაზე თანხის გადახდასთან დაკავშირებით.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო პალატამ უდავო ფაქტობრივ გარემოებად დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 5 000 აშშ დოლარი.

12. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით, რომელსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2012 წლის 9 ოქტომბერს გ. გ.-ს გადაეცა 3 000 აშშ დოლარი, როგორც ბორბლებიანი ექსკავატორის ღირებულების 13 000 აშშ დოლარის ნაწილი, შესაბამისად, ვ. ქ.-ს გ. გ.-ისთვის გადასახდელი დარჩა 10 000 აშშ დოლარი, რაც უნდა გადაეხადა 2012 წლის 15 ოქტომბრამდე.

13. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 15 ოქტომბერს ვ. ქ.-მა გ. გ.-ს გადასცა ბორბლებიანი ექსკავატორის ნასყიდობის თანხა 2000 აშშ დოლარის ოდენობით, ამასთან, მოპასუხემ სარჩელი ცნო 2 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, რის საფუძველზეც სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში დაკმაყოფილდა.

14. მოპასუხე სადავოდ ხდის 3000 აშშ დოლარის გადაცემის სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, თანხის გადაცემა მოხდა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ბორბლებიანი ექსკავატორის შეძენის მიზნით, ხოლო მოპასუხის განმარტებით, 2012 წლის 9 ოქტომბრის ხელწერილის საფუძველზე, მხარეთა შორის დაიდო არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ ბეს ხელშეკრულება. ვინაიდან ნასყიდობის მთლიანი საფასურის გადახდა მოსარჩელის მხრიდან ბეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ მომხდარა, ბეს სახით გადაცემული 3000 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს ზიანის ანაზღაურების ანგარიშში და დარჩეს მოპასუხეს.

15. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის (მოპასუხის) შეფასება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის დაიდო ბეს ხელშეკრულება.

16. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წერილობითი ფორმით ხელშეკრულება არ დადებულა, შესაბამისად, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ასევე სააპელაციო პალატაც ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას ძირითადად ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებებს. ასევე საქმეში წარმოდგენილია ხელწერილი, რომელსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან.

17. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის საფუძველზე დგინდება, რომ გ. გ.-მა ვ. ქ.-ს ბორბლებიანი ექსკავატორი გადასცა გაუმართავ მდგომარეობაში და ნივთის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 13000 აშშ დოლარით. სადავო არ არის, რომ ვ. ქ.-ი დაეუფლა ნივთს, გადაიყვანა იგი სხვა ტერიტორიაზე და დაიწყო მისი შეკეთება.

18. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის სწორი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია, შეფასდეს ნივთის დაუფლების და ნასყიდობის თანხის გადახდის შესახებ გარემოება. კერძოდ, უდავოდ დგინდება, რომ ნასყიდობის საგანი გადაეცა მყიდველს, ნასყიდობის საგნის გადაცემის მომენტში თანხის გადახდა არ მომხდარა, ამდენად, ნივთი მყიდველს გადაეცა ფასის გადახდამდე. თანხა მყიდველმა ორჯერ გადაიხადა – 2012 წლის 9 ოქტომბერს და 2012 წლის 15 ოქტომბერს, ამასთან, 2012 წლის 9 ოქტომბრის ხელწერილში მიეთითა, რომ ნასყიდობის ღირებულების – 13 000 აშშ დოლარიდან გადასახდელად დარჩენილი 10 000 აშშ დოლარის გადახდა, მოლაპარაკებისამებრ, განხორციელდებოდა 2012 წლის 15 ოქტომბრამდე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ გადახდის განვადებით, რომლის თანახმად, მყიდველს ნასყიდობის საგნის ღირებულება გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ, დროის განსაზღვრულ შუალედებში და არა ერთდროულად, როგორც ამას მოპასუხე მიუთითებს. აღნიშნულს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 2012 წლის 9 ოქტომბრის ხელწერილით, რომელსაც მოპასუხე ბეს შესახებ შეთანხმებად მიიჩნევს, თანხის გადაცემის შემდგომ, 2012 წლის 15 ოქტომბერს მოპასუხემ მყიდველისაგან კვლავ მიიღო გადასახდელი 10 000 აშშ დოლარის ნაწილი 2 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის მარტში ნასყიდობის საგანი – ექსკავატორი გაასხვისა სხვა პირზე.

19. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება მოცემულ საქმეზე და მიიჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 987-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, აღნიშნული არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

20. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლი. ბე წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებას. იმისათვის, რომ ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის გადაცემული ფულადი თანხა მივიჩნიოთ ბედ, აუცილებელია, რომ აღნიშნული სამართალურთიერთობა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: 1. ბე შეიძლება იყოს მხოლოდ ფულადი თანხა, ანუ ფულის განსაზღვრული რაოდენობა, 2. ბეს საშუალებით შეიძლება მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფა.

21. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ბეს უპირველესი დანიშნულებაა ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურება. ამ ფუნქციას ასრულებს მხოლოდ გადაცემული ბე. გადაცემულად უნდა ჩაითვალოს ბე, რომელიც გადაეცა კრედიტორს. ქონების გადაცემა ხელშეკრულების დადებისას არის გარიგება, რომელიც იწვევს სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გამყიდველმა მყიდველს გადასცა ნასყიდობის საგანი – ექსკავატორი, ხოლო მყიდველის მიერ თანხის ნაწილის გადახდა განხორციელდა მოგვიანებით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების დადება დასტურდება სწორედ ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაცემით და არა თანხის (ბეს) გადაცემით. ამდენად, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა თანხის გადაცემამდე, რაც გამორიცხავს ბეს მაკვალიფიცირებელ შემადგენლობას.

22. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობა გადახდის განვადებით, შესაბამისად, 2012 წლის 9 ოქტომბრის ხელწერილით გ. გ.-ისათვის გადაცემული 3 000 აშშ დოლარი წარმოადგენს ნასყიდობის თანხის ნაწილს და არა ბეს სახით გადაცემულ თანხას.

23. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 361-ე მუხლის პირველ ნაწილის, 505-ე მუხლისა და 506-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, კანონმდებელი განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების წერილობით ფორმას ითვალისწინებს, თუმცა დასაშვებად მიიჩნევს გამონაკლისსაც, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 507-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულება დადებულია 506-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, მაშინ ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება ნივთის გადაცემის მომენტიდან. ამ შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ ნივთის ფასი პროცენტების გარეშე.

24. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ წერილობითი ფორმით ხელშეკრულება არ დადებულა, მაგრამ სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ნასყიდობის საგნის გადაცემა მყიდველისათვის ფასის გადახდამდე საკმარისი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის. ამავე კოდექსის 508-ე მუხლი ითვალისწინებს ორმხრივ რესტიტუციას ვალდებულების შეუსრულებლობისას.

25. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 405-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებებით დაადგინა, რომ მყიდველმა ნასყიდობის თანხა შეთანხმებულ ვადაში ვერ გადაიხადა, რის გამოც გამყიდველმა ნასყიდობის საგანი დაიბრუნა და სადაო არ არის, რომ 2014 წლის მარტში ექსკავატორი გაასხვისა სხვა პირზე. ამდენად, მყიდველის მიერ შეთანხმებულ ვადაში თანხის სრულად გადაუხდელობის გამო, გამყიდველს წარმოეშვა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, რაც განახორციელა კიდეც. შესაბამისად, დგება ორმხრივი რესტიტუციის საკითხი. გამყიდველმა დაიბრუნა ქონება, მაგრამ არ დააბრუნა მყიდველისაგან მიღებული ნასყიდობის ფასის ნაწილი. ამდენად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

26. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე სარჩელის ფარგლებში ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის შეფასება და კვლევა ვერ მოხდება, ვინაიდან აპელანტს შესაბამისი მოთხოვნა არ დაუყენებია.

27. სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. გ.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

28. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკმვალიფიცირა მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა და არასწორად დაადგინა, რომ მათ შორის დაიდო გადახდის განვადების ზეპირი ხელშეკრულება.

29. მხარის მოსაზრებით, ხელშეკრულების შეწყვეტისა და ხელშეკრულებიდან გასვლის ნორმებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ დააკისრა კასატორს თანხის გადახდის ვალდებულება. სასამართლოს მოსაზრება, რომ მხარეთა შორის არსებობს გადახდის განვადებით ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ფორმის დაუცველად დადებული გარიგება ბათილია.

30. კასატორმა ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე მუხლები და უნდა ეხელმძღვანელა ამავე კოდექსის 59-ე, 52-ე, 421-423-ე მუხლებით.

31. მხარის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, როდესაც მიიჩნია, რომ მოხდა ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაცემა.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. გ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

34. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 9 ოქტომბერს გ. გ.-ს გადაეცა 3 000 აშშ დოლარი, როგორც ბორბლებიანი ექსკავატორის ღირებულების – 13 000 აშშ დოლარის ნაწილი, შესაბამისად, ვ. ქ.-ს გ. გ.-ისთვის გადასახდელი დარჩა 10 000 აშშ დოლარი, რაც უნდა გადაეხადა 2012 წლის 15 ოქტომბრამდე.

35. 2012 წლის 15 ოქტომბერს ვ. ქ.-მა გ. გ.-ს გადასცა ბორბლებიანი ექსკავატორის ნასყიდობის თანხა 2000 აშშ დოლარის ოდენობით, ამასთან, მოპასუხემ სარჩელი ცნო 2 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.

36. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით. მყიდველს ნასყიდობის საგნის ღირებულება გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ, დროის განსაზღვრულ შუალედებში და არა ერთდროულად, როგორც ამას მოპასუხე მიუთითებს. აღნიშნულს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 2012 წლის 9 ოქტომბრის ხელწერილით, რომელსაც მოპასუხე ბეს შესახებ შეთანხმებად მიიჩნევს, თანხის გადაცემის შემდგომ, 2012 წლის 15 ოქტომბერს მოპასუხემ მყიდველისაგან კვლავ მიიღო გადასახდელი 10 000 აშშ დოლარის ნაწილი 2 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის მარტში ნასყიდობის საგანი – ექსკავატორი გაასხვისა სხვა პირზე.

37. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გ. გ.-ი სადავოდ ხდის 3000 აშშ დოლარის გადაცემის სამართლებრივ საფუძველს, კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, თანხის გადაცემა მოხდა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ბორბლებიანი ექსკავატორის შეძენის მიზნით, ხოლო მოპასუხის განმარტებით, 2012 წლის 9 ოქტომბრის ხელწერილის საფუძველზე მხარეთა შორის დაიდო არა ნასყიდობის, არამედ ბეს ხელშეკრულება. ვინაიდან ნასყიდობის მთლიანი საფასურის გადახდა მოსარჩელის მხრიდან ბეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ მომხდარა, ბეს სახით გადაცემული 3000 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს ზიანის ანაზღაურების ანგარიშში და დარჩეს მოპასუხეს.

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

40. დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოცემული დავა უნდა დარეგულირდეს სამოქალაქო კოდექსის 505-508-ე მუხლების საფუძველზე, რომელთა თანახმად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია, გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. თუ ხელშეკრულება დადებულია კანონის მითითებული დანაწესის მოთხოვნათა დარღვევით, მაშინ ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება ნივთის გადაცემის მომენტიდან. ამ შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ ნივთის ფასი პროცენტების გარეშე.

41. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს ნასყიდობის განვადების ხელშეკრულება წერილობით არ დადებულა, თუმცა დადგენილია და კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ ფაქტის მიმართ, რომ ნასყიდობის საგანი მყიდველს გადაეცა მისი ფასის გადახდამდე, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობა სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლით მართებულად დააკვალიფიცირა. ამავე კოდექსის 508-ე მუხლის შესაბამისად კი, ერთ-ერთი მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას მოქმედებს ორმხრივ რესტიტუცია.

42. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 405-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მყიდველის მიერ შეთანხმებულ ვადაში თანხის სრულად გადაუხდელობის გამო, გამყიდველს წარმოეშვა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, რაც განახორციელა კიდეც. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სავსებით ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ არსებულ ვითარებაში დგება ორმხრივი რესტიტუციის საკითხი, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად გამყიდველმა დაიბრუნა ნასყიდობის საგანი და წარმოეშვა მყიდველისაგან ნასყიდობის ფასის მიღებული ნაწილის დაბრუნების ვალდებულება.

43. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

46. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ გ. გ.-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით პ. ხ.-ას მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 362 ლარის 70% – 253,4 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ გ. გ.-ს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით პ. ხ-ას მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 362 ლარის 70% – 253,4 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური