Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-761-720-2015 15 დეკემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი –თ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდეგში - განათლების მინისტრის) 2010 წლის 22 სექტემბრის N1/კ-657 ბრძანებით თ. გ-ე (შემდეგში - დასაქმებული, დირექტორის მ/შემსრულებელი ან კასატორი) დაინიშნა სსიპ ქალაქ თბილისის მე-60 საჯარო სკოლის (შემდეგში - საჯარო სკოლა) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე (ტ. 1, ს.ფ. 27).

2. აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილება შევიდა მინისტრის 2012 წლის 26 მარტის N1/კ-336 ბრძანებით, რომელიც შინაარსობრივად წინა ბრძანების ტექსტს იმეორებს და მხოლოდ სარედაქციო ცვლილებებს ეხება (ტ. 1, ს.ფ. 28).

3. 2013 წლის 9 ივნისს საჯარო სკოლაში ჩატარდა სამეურვეო საბჭოს არჩევნები. არჩევნების ჩატარების მეორე დღეს, სკოლის დირექტორის კაბინეტში, ამ უკანასკნელსა და პედაგოგ ხ. წ-ს შორის შედგა საუბარი სამეურვეო საბჭოს არჩევნების შესახებ, რა დროსაც დირექტორის მ/შემსრულებელი დაინტერესდა, პედაგოგმა მისცა თუ არა არჩევნებში ხმა ერთ-ერთ პრეტენდენტს, ე. ქ-ეს (ტ. 1, ს.ფ. 31-41, 97-98).

4. სამეურვეო საბჭოს არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ, 2013 წლის 25 სექტემბრის თარიღით შედგა სამეურვეო საბჭოს ოქმი N2, რომლის თანახმად, საბჭომ იმსჯელა ნ. კ-ას უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე და მიიღო გადაწყვეტილება საბჭოს წევრად ე. ჩ-ის რეგისტრაციის თაობაზე (ტ. 1, ს.ფ. 31-41, 85-86).

5. განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნით (შემდეგში - შიდა აუდიტის დასკვნა) რეკომენდაცია მიეცა განათლების მინისტრს, რომ ''ზოგადი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონის (შემდეგში - ზოგადი განათლების კანონი) 49-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად: 1. საჯარო სკოლას მიეცეს წერილობითი გაფრთხილება; 2. საჯარო სკოლის დირექტორის მ/შემსრულებელი გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან; 3. დასკვნის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოს (ტ. 1, ს.ფ. 31-41).

6. შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, განათლების მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N1/კ-1290 ბრძანებით (შემდეგში სადავო ბრძანება) დასაქმებულთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა (ტ. 1, ს.ფ. 29).

7. სამსახურიდან გათავისუფლებულმა დირექტორის მ/შემსრულებელმა 2014 წლის 14 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა მე-6 პუნქტში მითითებული ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

8. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 9. სასამართლომ მიუთითა ''საქართველოს შრომის კოდექსის'' (შემდეგში - შრომის კოდექსი) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ''ზ'' ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე, ზოგადი განათლების კანონის 38-ე მუხლზე, 49-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-6 ნაწილებზე, 35-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებზე, 42-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, განათლების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანების მე-18 მუხლზე, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ (შემდეგში-საარჩევნო კოდექსი) მე-2 მუხლის ''ჰ1'' პუნქტზე, განათლების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N 80/ნ ბრძანებით დამტკიცებულ სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის (შემდეგში სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი) მე-3 მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა შეფასებულიყო საჯარო სკოლის დირექტორის მ/შემსრულებლის ქმედება სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით.

10. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნა, საჯარო სკოლის მოსწავლის მშობლის - თ. ფ-ისა და პედაგოგ ხ. წ-ის, ასევე, თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებები.

11. აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ დასაქმებული აცნობიერებდა, სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მის უკანონო ჩარევას, ასევე, მისი დაინტერესების უკანონობას ისეთი საკითხით, როგორიც იყო, სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას თუ ვინ აირჩია პედაგოგმა (იხ. დასაქმებულის ახსნა-განმარტებითი ბარათი - ტ. 1, ს.ფ. 97-98), თუმცა, მიუხედავად ამისა, მან თავის სამუშაო კაბინეტში დაიბარა პედაგოგი და მოსთხოვა განმარტება, თუ ვის სასარგებლოდ მისცა ხმა და ხომ არ ''უღალატა'' თავის მეგობარ ე. ქ-ეს.

12. სასამართლომ ყურადღება მიაქცია საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს, რაც მიუთითებდა ამ ორგანოს განსაკუთრებულ როლზე. სასამართლომ აღნიშნა, უდავო იყო, რომ სამეურვეო საბჭო წარმოადგენდა დირექტორის მაკონტროლებელ ორგანოს, რომელსაც შეეძლო, შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეეწყვიტა სკოლის დირექტორისათვის; ასეთ პირობებში, ცხადია, არსებობდა ცდუნების შესაძლებლობა, რომ დირექტორი ჩარეულიყო სამეურვეო საბჭოს არჩევნებში, ლობირება გაეწია სასურველი კანდიდატებისათვის და ამით უზრუნველეყო მისთვის ლოიალური სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება.

13. ამრიგად, სასამართლოს მითითებით, დასაქმებულისათვის უდავოდ იყო ცნობილი, რომ ნებისმიერი ჩარევა სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევნებში იყო უკანონო და შესაძლოა მას მძიმე შედეგები მოჰყოლოდა.

14. სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ დირექტორის მ/შემსრულებელი დაინტერესებული იყო სამეურვეო საბჭოს არჩევნების ბედით. მისივე ახსნა-განმარტებით დგინდებოდა, რომ არჩევნებამდეც ესაუბრა პედაგოგ ხ. წ-ს და იცოდა, რომ მან არჩევნებზე მხარი დაუჭირა ე. ქ-ეს. აღნიშნული ადასტურებდა, რომ დირექტორის მ/შემსრულებელი ერეოდა საარჩევნო პროცესში, მხარს უჭერდა გარკვეულ პირებს და, არჩევნების ჩატარების შემდეგ, აზუსტებდა ხმის მიცემის შედეგებს.

15. სასამართლომ მიიჩნია, რომ დირექტორის მ/შემსრულებელმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, დაარღვია დადგენილი ნორმები და უხეშად ჩაერია სამეურვეო საბჭოს არჩევნებში. აღნიშნული ქმედებით დაირღვა ზოგადი განათლების კანონის ფუნდამენტური პრინციპი - საჯარო სკოლაში ფუნქციების სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის გადანაწილების შესახებ. სკოლის მართვა ხორციელდება სკოლის დირექტორის, სამეურვეო საბჭოს, განათლების სამინისტროსა და სხვა სუბიექტების მონაწილეობით, ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ურთიერთკონტროლი საჯარო სკოლის უმნიშვნელოვანესი ფუნქციების განსახორციელებლად.

16. სასამართლოს აზრით, განათლების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანება ,,საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე (შემდეგში - სამეურვეო საბჭოს დებულება) პირდაპირ და არაორაზროვნად მიუთითებდა, რომ სკოლის დირექციას ეკრძალებოდა სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში ჩარევა ან/და ხელის შეშლა.

17. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დირექტორის მ/შემსრულებლმა დაარღვია განათლების მინისტრის ბრძანება, ასევე, დაარღვია სკოლის დირექტორის ეთიკის წესები და სტანდარტები. მისმა ქმედებამ, პირადი მიზნების მისაღწევად, მის მიმართ გააჩინა მიკერძოებულობის ეჭვები, კითხვები კოლეგების, მასწავლებლებისადმი სამართლიანი და ღირსეული დამოკიდებულების საკითხებზე. დასაქმებულის მოქმედებით გამოიკვეთა, რომ მან პირადი მიზნებისათვის გამოიყენა თანამდებობრივი პრივილეგიები და უპირატესობა.

18. სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ზოგადი განათლების კანონი, ასევე, სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი ყურადღებას ამახვილებდა დირექტორის პასუხისმგებლობაზე, წარმოადგინოს სკოლა სხვა პირებთან ურთიერთობაში, უზრუნველყოს, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევისა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებისათვის. სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებისას, დირექტორის მ/შემსრულებლის ჩარევით, უგულებელყოფილ იქნა კანონის მიზანი, დირექტორი და სამეურვეო საბჭო ურთიერთგამიჯნული და დამოუკიდებელი ყოფილიყო ერთმანეთისაგან. ამასთან, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია, აკონტროლოს დირექტორის საქმიანობა, რაც შეუძლებელი იქნება, თუ არ დაკომპლექტდა დირექტორისაგან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირებით.

19. სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე და დასაქმებულის განმარტებაზეც, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია, მისი მაკომპრომენტირებელი ჩანაწერი საჯარო გახდა მას შემდეგ, რაც დირექტორის მ/შემსრულებელმა თავად მიმართა განათლების სამინისტროს, უკანონოდ ჩატარებული სამეურვეო საბჭოს სხდომის მასალების შესწავლისა და შესაბამისი რეაგირებისათვის.

20. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა ეხებოდა სწორედ დირექტორის მ/შემსრულებლის მიერ წამოწეული პრობლემის შესწავლას, კერძოდ, მოკვლეული იყო 2013 წლის 25 სექტემბრით დათარიღებული სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის საკითხი, გამოვლინდა დარღვევები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

21. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2013 წლის 25 სექტემბრით დათარიღებული ოქმი ნამდვილად შეიცავდა საეჭვო საკითხებს, მასში მოხსენიებულმა პირთა ნაწილმა უარჰყო სხდომაში მონაწილეობა. დარღვევა, თუ ის დადასტურდებოდა, სცდებოდა მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს და შეიცავდა სისხლისსამართლებრივი ქმედების ნიშნებს, თუმცა, სასამართლო დაინტერესდა, სამინისტროს აქტებში რამდენად ადეკვატურად აისახა დარღვევა და შეფასდა თუ არა სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმის სავარაუდო გაყალბების ფაქტი.

22. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნით, აუდიტმა, პირველ რიგში, იმსჯელა 25 სექტემბრით დათარიღებული სხდომის ოქმის კანონიერებაზე, დაადგინა, რომ რეალურად არ ჩატარებულა სხდომა და გასცა რეკომენდაცია, წერილობითი გაფრთხილება მიეღო საჯარო სკოლას, ხოლო დასკვნის მასალები გადაგზავნოდა სამართალდამცავ ორგანოებს (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი).

23. სასამართლომ მიიჩნია, რომ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა სრულყოფილად გამოიკვლია, როგორც დირექტორის მ/შემსრულებლის მიმართ არსებული, ასევე, მის განცხადებაში ასახული. სამეურვეო საბჭოს გარკვეულ წევრთა მიერ ჩადენილი, სავარაუდო დარღვევები. ამასთან, შიდა აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 25 სექტემბრის ოქმის სავარაუდო გაყალბებაზე იყო ადეკვატური და თანაზომიერი. ამრიგად, სასამართლოს მითითებით, არ დასტურდებოდა დასაქმებულის მითითება, რომ მხოლოდ ცალმხრივად, მისი ინტერესების საზიანოდ, მომზადდა შიდა აუდიტის დასკვნა. საქმის მასალებით ჩანდა, რომ დასკვნა იყო ობიექტური და არ ემსახურებოდა ვინმეს დასჯას ან გამართლებას.

24. სასამართლომ მიიჩნია, რომ განათლების სამინისტროს 2013 წლის 13 დეკემბრის ბრძანება დირექტორის მ/შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე დასაბუთებული იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

25. დასაქმებულმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, სააპელაციო სასამართლოს მიერ, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

26. სააპელაციო საჩივარი დაემყარა შემდეგ საფუძვლებს:

26.1. დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი გახდა შიდა აუდიტის 2013 წლის 10 დეკემბრის დასკვნის ბოლო ჩანაწერი. აღნიშნული ჩანაწერით დგინდება, რომ დარღვეულია, განათლების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს შესახებ დებულების მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-9 პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, სკოლის დირექციას ეკრძალება სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში ჩარევა და წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობა, ასევე, დარღვეულია განათლების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N80/ნ ბრძანებით დამტკიცებული სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2, მე-4, მე-18 პუნქტის მოთხოვნები, რომლის მიხედვით სკოლის დირექტორი სამართლიანობის დაცვის მაგალითია, იცავს საქართველოს კანონმდებლობას და ამ კოდექსით დადგენილ ნორმებს, სკოლის დირექტორი არ აყენებს მასწავლებელსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს რაიმე სახის შეურაცხყოფას და არ ახდენს მათზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.

26.2. აუდიტის დასკვნაში მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით, დასაქმებულმა განმარტა, რომ სამეურვეო საბჭოს შესახებ დებულების მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, სკოლის დირექციას უკრძალავს წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი იმის მტკიცებულება, რომ დირექტორის მ/შემსრულებელი ეწეოდა წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციას. საქალაქო სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა (მ. მ-მა, ლ. მ-მა, ნ. ჯ-მა, ჯ. დ-ემ, ქ. კ-ემ, ნ. ბ-მა, რ. მ-მა) დაადასტურეს, რომ დირექტორის მ/შემსრულებელი არ ერეოდა წინასაარჩევნო პროცესებში.

26.3. აუდიტის დასკვნაში მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით დასაქმებულმა განმარტა, რომ სამეურვეო საბჭოს შესახებ დებულების მე-18 მუხლის მე-9 პუნქტი სკოლის დირექციას უკრძალავს საბჭოს არჩევნების პროცესში (არჩევნების მიმდინარეობისას) ჩარევას ან/და ხელშეშლას. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი იმის მტკიცებულება, რომ დირექტორის მ/შემსრულებელი ამ პროცესში ერეოდა ან/და ხელს უშლიდა არჩევნებს. არსებული მტკიცებულებებით, სკოლის პედაგოგ თ. მ-ის, ქ. ლ-ის, მ. ხ-ის, გ. გ-ის ახსნა-განმარტებებით დასტურდება, რომ ასეთი რამ არ ყოფილა. დირექტორის მ/შემსრულებელი იმ ფაქტზეც უთითებდა, რომ სკოლაში სამეურვეო საჭოს არჩევნებს ესწრებოდა სამინისტროს წარმომადგენელი და თბილისის ვაკე-საბურთალოს რესურსცენტრის წარმომადგენელი შ. უ-ე, რომელსაც არჩევნების მიმდინარეობის თაობაზე, შენიშვნა არ გამოუთქვამს დარღვევის არარსებობის გამო

26.4. დასაქმებულმა ყურადღება გაამახვილა იმ სამი სახის დარღვევაზეც, რომლებზეც საუბარი იყო შიდა აუდიტის დასკვნაში, კერძოდ:

1. 2013 წლის 25 სექტემბრის კრების N2 ოქმის გაყალბებაზე;

2. დირექტორის მხრიდან სამეურვეო საბჭოს წევრებზე ზეწოლაზე;

3. საარჩევნო ბიულეტენების დაზიანებაზე.

26.5. დასაქმებულის განმარტებით, სამეურვეო საბჭოს არჩევნები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში და, მათ შორის, მის საჯარო სკოლაშიც ჩატარდა 2013 წლის 9 ივნისს. არც მანამდე და არც შემდეგ, დირექტორის მ/შემსრულებლისათვის არავის გამოუთქვამს პრეტენზია 2013 წლის ნოემბრამდე.

26.6.დასაქმებულის განმარტებით, სამეურვეო საბჭოს წევრებზე მისი ზეწოლის ფაქტის დასადასტურებლად მითითებულია სკოლის პედაგოგ ხ. წ-ის მიერ უკანონოდ მოპოვებული ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერზე, რაც არ შეიძლებოდა მტკიცებულებად განხილულიყო.

26.7. დასაქმებულის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სამეურვეო საბჭოს წევრის - ნ. კ-ასათვის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალ წევრად ე. ჩ-ის არჩევის საკითხი ეხება არა მას, არამედ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ნ. მ-სა და საბჭოს მდივანს - ნ. კ-ს, რომლებმაც გააყალბეს 2013 წლის 25 სექტემბრის კრების ოქმი N2.

26.8. შიდა აუდიტის დასკვნაში მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება დირექტორის მ/შემსრულებლის მიერ სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2, მე-4 და მე-18 პუნქტების დარღვევას, დასაქმებულის განმარტებით, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება.

27. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინებით დირექტორის მ/შემსრულებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

28. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ამ განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული, ასევე, საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

29. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის დათხოვნისას. აღნიშნული საკითხის გარკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

30. მოცემულ შემთხვევაში, როგორც სადავო ბრძანებიდან ირკვევა, დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - შრომის კოდექსი) 37.1. მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად. მოხმობილი ნორმის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

31. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულების უხეშ დარღვევად მიიჩნია საჯარო სკოლის დირექტორის მ/შემსრულებლის ქმედება სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია სამეურვეო საბჭოს შესახებ დებულების მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და მე-9 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა, ასევე, სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2, მე-4 და მე-18 პუნქტების მოთხოვნების დარღვევა.

32. სამეურვეო საბჭოს შესახებ დებულების მე-18 მუხლის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ: ა) საარჩევნო კომისიის წევრებს; ბ) სკოლის დირექციას; გ) დამკვირვებლებს და დამხმარე პერსონალს...სკოლის დირექციას ეკრძალება სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში ჩარევა ან/და ხელის შეშლა. სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2, მე-4 და მე-18 პუნქტების თანახმად: სკოლის დირექტორი თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია ...სკოლის დირექტორი ხელს უწყობს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას; სკოლის დირექტორი თავისი საქმიანობის შესრულებისას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითია... სკოლის დირექტორი იჩენს თანაბარ ყურადღებას მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნისა...სკოლის დირექტორი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის... სკოლის დირექტორი არ აყენებს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირს რაიმე სახის შეურაცხყოფას და არ ახდენს მათზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას.

33. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შიდა აუდიტის დასკვნაზე, რომლითაც დადგინდა, რომ 2013 წლის 9 ივნისს ჩასატარებელ სამეურვეო საბჭოს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, სკოლის თანამშრომელმა მ. მ-მა, რომელიც დირექტორის ბიძაშვილია, ხ. წ-ს უთხრა, რომ დირექტორის დავალებით მას ხმა უნდა მიეცა ე. ქ-ისათვის, ხოლო, მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა მშობლებს - ე. თ-ისათვის. ხ. წ-მა 2013 წლის 7 ივნისს მოიწვია მშობელთა კრება, რომელსაც ესწრებოდა დაახლოებით 25 მშობელი და უთხრა, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე, დირექტორის დავალებით, ხმა უნდა მიეცათ ე. თ-ისათვის. 2013 წლის 9 ივნისს საჯარო სკოლაში ჩატარდა სამეურვეო საბჭოს არჩევნები; არჩევნების ჩატარებიდან მე-2 დღეს, 10 ივნისს, სკოლის დირექტორის კაბინეტში შედგა საუბარი პედაგოგ ხ. წ-სა და სკოლის დირექტორის მ/შემსრულებელს შორის, კერძოდ, ხ. წ-ს ინფო-მენეჯერმა შეატყობინა, რომ სკოლის დირექტორი მას ელოდებოდა კაბინეტში. როდესაც დირექტორის კაბინეტში შევიდა, მას დახვდა დირექტორი და მისი მოადგილე ქ. ი-ე. საუბარი ეხებოდა უკვე შემდგარ სამეურვეო საბჭოს არჩევნებს. დირექტორის მ/შემსრულებელი დაინტერესდა, ხ. წ-მა მისცა თუ არა არჩევნებში ხმა ერთ-ერთი პრეტენდენტის - ე. ქ-ის სასარგებლოდ. ხ. წ-ის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა მშობლების - თ. ფ-ასა და ნ. კ-ის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კლასის დამრიგებელმა მოიწვია მშობელთა კრება, სადაც მან მშობლებს განუცხადა, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე ხმა უნდა მიეცათ დირექტორის სასურველი კანდიდატისათვის ე. თ-ისათვის. სკოლის დირექტორის მოადგილე ქ. ი-ის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ დირექტორის კაბინეტში ყოფნისას შემოვიდა პედაგოგი ხ. წ-ი. დირექტორსა და პედაგოგს შორის სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი გადაიზარდა კამათში. დირექტორი საყვედურობდა პედაგოგს, რომ მან ხმა არ მისცა მის მეგობარს, რომელიც, თავის მხრივ, საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. ხ. წ-მა აღნიშნული ფაქტის დასამტკიცებლად ხელი ცარიელ ფურცელზე მოაწერა, დირექტორმა კი, მისი ხელმოწერა შეადარა სხვა ხელმოწერებს. მას ზუსტად არ ახსოვს ხ. წ-ის ხელმოწერა რას შეადარეს. ქ. ი-ე განმარტებაში აღნიშნავს, რომ დირექტორის კაბინეტში (ზუსტ დროს ვერ იხსენებს) შემოვიდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც შემოიტანა საარჩევნო მასალა, წებოვანი ლენტი გადააკრა და მოათავსა დირექტორის კაბინეტში არსებულ სეიფში.

34. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მოცემული ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურდა, რომ სკოლის დირექტორის მ/შემსრულებელი სამეურვეო საბჭოს წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობდა და ჩაერია სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში.

35. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საწინააღმდეგოდ, მტკიცების ტვირთი, რომ დირექტორის მ/შემსრულებელი სამეურვეო საბჭოს წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში არ მონაწილეობდა და არჩევნების პროცესში არ ჩარეულა, გადავიდა დასაქმებულზე, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვერ დაადასტურა ეს გარემოებები. სასამართლომ აღნიშნა, რომ დირექტორის მ/შემსრულებელს უნდა დაემტკიცებინა ის გარემოება მაინც, რომ ხ. წ-ის მიერ 2013 წლის 7 ივნისს მოწვეულ მშობელთა კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა დაახლოებით 25 მშობელი, არ დამდგარა საკითხი სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე, დირექტორის დავალებით, ე. თ-ისათვის ხმის მიცემის თაობაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც ორმა მშობელმა დაადასტურა სადავო გარემოება, დასაქმებულს შეეძლო 23 მშობლისაგან რამდენიმე მაინც დაესახელებინა მოწმეებად, რომლებიც იმ ორი მშობლისაგან განსხვავებულად განმარტავდნენ აღნიშნულ ფაქტს. რაც შეეხება დასაქმებულის მიერ მოწვეულ მოწმეებს, ისინი ვერ ადასტურებდნენ სადავო გარემოებებს. სასამართლომ აღნიშნა ისიც, დირექტორის მ/შემსრულებლის კომპეტენციის ფაქტი არ იყო განხილვის საგანი.

36. სასამართლომ განმარტა, რომ ასევე უნდა შეფასებულიყო, სამეურვეო საბჭოს წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღება და საბჭოს არჩევნების პროცესში ჩარევა ან/და ხელის შეშლა, იყო თუ არა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების გონივრული, ლეგიტიმური საფუძველი. შესაბამისად, სასამართლოს უნდა დაედგინა, დასაქმებულის ქმედებები, რამდენად იყო მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საკმარისი საფუძველი.

37. სასამართლოს მოსაზრებით, 36-ე პუნქტში მითითებულ საკითხს ერთმნიშვნელოვნად დადებითი პასუხი გაეცა, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო კოდექსის' მე-2 მუხლის ''ჰ1'' პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე, ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და, რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.

38. სამეურვეო საბჭოს დებულება პირდაპირ და არაორაზროვნად მიუთითებს, რომ სკოლის დირექციას ეკრძალება სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში ჩარევა ან/და ხელის შეშლა.

39. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციებზე, რაც მიუთითებდა ამ ორგანოს განსაკუთრებულ როლზე, კერძოდ, ზოგადი განათლების კანონის 38-ე მუხლის თანახმად, სამეურვეო საბჭო: ა) ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ... ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე, ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. ... ე) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას; ვ) უფლებამოსილია, შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს... კ) უფლებამოსილია, მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ლ) დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე... მ) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს. ამავე კანონის 42-ე მუხლის თანახმად, ''სამეურვეო საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ, კონკურსგავლილ დირექტორობის კანდიდატთაგან ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე''. ამდენად, სამეურვეო საბჭო წარმოადგენს დირექტორის მაკონტროლებელ ორგანოს, რომელსაც შეუძლია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეწყვიტოს სკოლის დირექტორთან.

40. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და შეფასებები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 12-18 პუნქტებშია მითითებული.

41. სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობები შეწყვიტა სათანადო საფუძვლით, რის გამოც არ არსებობს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობა კი, თავის მხრივ, გამორიცხავს დასაქმებულის დანარჩენი, თანმდევი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

42. სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიმღები ერთ-ერთი მოსამართლე დარჩა განსხვავებულ აზრზე. მისი მოსაზრებით, პალატა უსაფუძვლოდ დაეყრდნო იმ მტკიცებულებას, რომელიც მოცემულ საქმეში ადგენდა ძირითად ფაქტებს.

43. მოსამართლის განსხვავებულ აზრში მითითებულია:

43.1. საქმეზე დადგენილი თითქმის ყველა ფაქტი გამომდინარეობს სამინისტროსა და აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ა. ო-ის, 2013 წლის 10 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის საფუძვლად მითითებული იმავე დეპარტამენტის დასკვნიდან. ამ მტკიცებულების (დასკვნის) უკრიტიკოდ გაზიარება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 105-ე მუხლის დარღვევას, მოხმობილი ნორმის პირველი ნაწილით სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო მეორე ნაწილით: „სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ“. მოსამართლის განსხვავებული აზრის მიხედვით, არ მომხდარა აუდიტის დასკვნის „ყოველმხრივი განხილვა“, კერძოდ, მისი მოპოვებისა და შექმნის ხასიათის შეფასება.

43.2. განათლების მინისტრის 2012 წლის 3 მაისის #89/ნ ბრძანებით დამტკიცებული შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, დეპარტამენტს უფლება აქვს, „ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს სისტემის თანამშრომლები, მათი თანხმობის არსებობის შემთხვევაში“. იმავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, დეპარტამენტს უფლება აქვს, „გამოიძახოს სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომელი შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით“. მოსამართლის განსხვავებულ აზრში მითითებულია, რომ შიდა აუდიტის დასკვნა მთლიანად ემყარება სწორედ ასეთი განმარტებების შედეგად შეგროვებულ ცნობებს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ პალატას უნდა შეეფასებინა, შიდა აუდიტის სამსახურმა რამდენად მოიპოვა ეს ინფორმაცია კანონის მოთხოვნების დაცვით. მინისტრის ბრძანება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, ანუ იგი უნდა შეესაბამებოდეს საკანონმდებლო აქტებს, მათ შორის იმ აქტებს, რომლებიც განსაზღვრავენ პირის მიერ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის ახსნა-განმარტების მიცემის წესს ანუ მოწმის მიერ ჩვენების მიცემას. ყველა საკანონმდებლო აქტი განსაზღვრავს, რომ მოწმედ პირის დაკითხვისას (და შიდა აუდიტის მიერ პირების გამოკითხვა, მათ შორის, მათი დაბარების გზით, შინაარსობრივად სხვა არაფერია თუ არა მათი მოწმედ დაკითხვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცედურას შეიძლება სხვა სახელწოდება ჰქონდეს, მაგალითად, „გამოკითხვა“) იგი გაფრთხილებული უნდა იქნეს ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ. ამის გამო, მოწმის ჩვენების მტკიცებულებითი მნიშვნელობა იმით განისაზღვრება, რომ იგი გაფრთხილდება ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ. ნებისმიერი სხვა ჩვენებისა, თუ განმარტების მტკიცებულებითი მნიშვნელობა მეტად დაბალია, თუ მისი მიმცემი პირი არაა გაფრთხილებული პასუხისმგებლობის შესახებ. ზემოხსენებული დებულება არ განსაზღვრავს აუდიტის დეპარტამენტის უფლებას, გააფრთხილოს ვინმე ცრუ ჩვენების შესახებ და არც თავად დასკვნაშია აღნიშნული, რომ რომელიმე პირი გააფრთხილეს, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ასეთი პირის ჩვენების მტკიცებულებითი მნიშვნელობა მეტად მცირეა, განსაკუთრებით იმ პირებისა, რომლებიც სისტემის მუშაკები არიან და შიდა აუდიტის სამსახურის წინაშე გამოძახებისას ყოველთვის იმყოფებიან იმის შიშის ქვეშ, რომ მათ მიმართ შეიძლება რაიმე ღონისძიება იქნეს გამოყენებული.

43.3. მოსამართოლემ განსხვავებულ აზრში განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება შიდა აუდიტის დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც საუბარი იყო სამეურვეო საბჭოს მდივან კ-ის მიერ პედაგოგ წ-ზე განხორციელებული ზეწოლის ფარული ჩანაწერის წარმოდგენაზე და იმაზე, რომ პედაგოგი წ-ი დასთანხმდა ფარულ ჩაწერას (ტ.1.ს.ფ 35-36).

43.4. მოსამართლემ განსხვავებულ აზრში მიუთითა: „თვით ის ფაქტი, რომ შიდა აუდიტის სამსახური ცდილობს სასწავლო დაწესებულებაში - სკოლაში, სადაც განათლებას იღებენ ბავშვები, მტკიცებულებები შეაგროვოს ისეთი გზით, როგორიცაა სხვა პირის მიერ მისთვის გადაცემული ფარული ვიდეოჩანაწერი, წარმოადგენს როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის, ისე 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის და მთელი რიგი საერთაშორისო კონვენციების დარღვევას. მით უფრო, რომ არაა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომ ფარული ჩაწერის ნებართვა სასამართლომ გასცა. ამდენად, გადაბირებულ პედაგოგ წ-ისა და ამ ქმედებაში მონაწილე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე კ-ის ჩვენების გაზიარება დაუშვებელია, ვინაიდან ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ მტკიცებულებათა უკანონო მოპოვებაში. ამასთან კ-მა ამ ფაქტის შესახებ მაშინ დაიწყო საუბარი, როცა, რამდენიმე თვის შემდეგ, თავად იგი იქნა მხილებული სამეურვეო საბჭოს საქმიანობისას დარღვევებში და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოადგინა ეს ჩანაწერი, ასევე, მისცა ახსნა-განმარტებები და არა ამ ფაქტის უშუალოდ შეტყობისთანავე“.

43.5. განსხვავებულ აზრში მოსამართლემ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2008 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე - Ramanauskas V. Lithuania, სადაც საქმეზე, აბზაცი 54, სასამართლომ განმარტა: „ფარული აგენტების გამოყენება შეიძლება დაშვებულ იქნეს იმ პირობით, რომ ეს ექვემდებარება ცხად შეზღუდვებს და გარანტიებს, საჯარო ინტერესი ვერ გაამართლებს პოლიციის პროვოკაციის შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს, ვინაიდან ასეთის დაშვება ეჭვმიტანილს დაუქვემდებარებდა იმის რისკს, რომ იმთავითვე პირდაპირ ჩამორთმეოდა სამართლიანი სასამართლოს უფლება“.

43.6. განსხვავებულ მოსაზრებაში მოსამართლე აღნიშნავს: „პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმე - Sciacca V. Italy განვითარებულ მსჯელობაზე და მისი გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ფარული ჩანაწერის უნებართვო გაკეთებითა და ამ ჩანაწერის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მტკიცებულების სახით გამოყენებით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი”.

43.7. ამდენად, წ-ისა და კ-ის, როგორც დაინტერესებული პირების ახსნა-განმარტება, არ შეიძლება იქნეს გაზიარებული. რაც შეეხებათ სხვა პირებს, რომლებიც დასკვნაში არიან მოხსენიებული, მაგალითად, მ. მ-ი, თ. ფ-ა, ნ. კ-ი, არ დასტურდება, მათი ჩვენებები მიცემულია თუ არა მათი ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების პირობით. ამის გარეშე კი, მათი ჩვენება არაფრით განსხვავდება მათი ჩვეულებრივი საუბრისაგან მეგობრებთან ან ნოტარიუსთან შესრულებული წერილობითი განცხადებისაგან.

43.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლემ განსხვავებულ აზრში მიუთითა, რომ შიდა აუდიტის დასკვნაში მითითებული ფაქტები არ უნდა გაეზიარებინა სააპელაციო პალატას, ვინაიდან დასკვნის ნაწილი უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებას ემყარება, ხოლო ნაწილი კი არაა წარმოდგენილი საპროცესო წესით, მოწმის ჩვენების სახით. მათ გარეშე კი, არ დგინდება გადაცდომის ჩადენის ფაქტი.

44. დასაქმებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებს მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

44.1. კასატორის მითითებით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ განათლების სამინისტროს დაინტერესებული თანამშრომლების, კერძოდ, შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს მთავარ სპეციალისტ ლ. წ-ისა და სამმართველოს უფროს თ. გ-ის დასკვნაზე, ასევე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ა. ო-ის მოხსენებით ბარათზე, რომელიც დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, განათლების მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N1კ/1290 ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა. დასაქმებულს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს დასკვნას, ასევე, აბათილებდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროს ა. ო-ის მოხსენებით ბარათსა და განათლების მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის N1კ/1290 ბრძანებას.

44.2. კასატორი უთითებს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რაც უხეშად დაარღვია სასამართლომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული სასამართლოს პალატის ორი წევრის მიერ; საკასაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ერთი მოსამართლის განსხვავებული აზრი.

44.3. კასატორი ყურადღებას ამახვილებს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის ბოლო ნაწილზე, კერძოდ, ს.ფ.40 -ზე. კასატორს მიაჩნია, რომ არ დაურღვევია სამეურვეო საბჭოს დებულების მე-18 მუხლი, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-9 მუხლი, რადგან მოხმობილ ნორმებში არ არის საუბარი სამეურვეო საბჭოს არჩევის, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის დარღვევაზე. კასატორი უთითებს 2013 წლის 25 ოქტომბრის # 2 კრების ოქმზე, რომელიც გაყალბდა. ამის გამო დირექტორის მ/შემსრულებელს მიმართეს საბჭოს წევრებმა, რათა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მდივნისაგან აეცილებინათ შემდგომი შესაძლო გაყალბება. ეს ფაქტი დირექტორის მ/შემსრულებელმა აცნობა როგორც რესურსცენტრს, ისე სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურს. კასატორი კონკრეტულ მოწმეთა განმარტებებზე უთითებს საკასაციო საჩივარში (იხ. ტ.2, ს.ფ.143-144).

44.4. საკასაციო საჩივარში, დასაქმებული უთითებს მისი გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე, სამინისტროს დაინტერესებაზე, გაეთავისუფლებინა დირექტორის მ/შემსრულებელი პოზიციიდან, რადგან სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირის ახლობლისათვის სჭირდებოდათ ეს ვაკანსია და ამისთვის გამოიყენეს თანამშრომლები.

44.5. კასატორი უთითებს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არაა შეფასებული მტკიცებულებები - მოწმეთა განმარტებები, რომელთა გაანალიზება დაადასტურებდა დასაქმებულის პოზიციას, რომ დირექტორის მ/შემსრულებელს არ მიუღია მონაწილეობა სამეურვეო საბჭოს არჩევნებში, არ ჩარეულა პროცესში, არ მიუღია მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციასა და პროპაგანდაში, არც არჩევნების ჩატარებისთვის შეუშლია ხელი.

44.6. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო ვერ ასაბუთებს, რომ დირექტორის მ/შემსრულებელი ჩაერია სამეურვეო საბჭოს არჩევნებში, ლობირება გაუწია მისთვის სასურველ კანდიდატებს. სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილებაში დაეყრდნოს საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს და არა ვარაუდებს.

44.7. კასატორი აღნიშნავს, რომ ზოგადად არჩევნებით დაინტერესებას კანონი დარღვევად არ მიიჩნევს, თუმცა, თითქოსდა დირექტორის მ/შემსრულებელი წინასწარ ხვდებოდა პედაგოგს და ეუბნებოდა, ვისთვის უნდა მიეცა ხმა, ეს სააპელაციო სასამართლოს არასწორი ვარაუდია და ვერც მის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე უთითებს. სასამართლო ვალდებული იყო, შეეფასებინა, თუ რამდენად სწორად, კანონის დაცვით, მიუკერძოებლად და ობიექტურად მოქმედებდა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ინფორმაციის მოპოვებისას.

44.8. კასატორის მითითებით, პედაგოგის მიერ კანონის გვერდის ავლითაა მოპოვებული ფარული აუდიო - ვიდეო ჩანაწერი, ანუ სასამართლოს განჩინების გარეშე, რაც დაუშვებელ მტკიცებულებას წარმოადგენს და რაზეც აპელირებდა კიდეც დასაქმებული, თუმცა, სასამართლომ იგი უტყუარ მტკიცებულებად მიიღო, რაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არის კანონის უხეში დარღვევა.

44.9. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია სსსკ-ის მე-4 მუხლის მოთხოვნა, აგრეთვე, 391-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

45. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 27 ივლისის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 1 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად ცნო იგი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, დადგინდა საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით, იმავე წლის 1 დეკემბერს.

46. საკასაციო სასამართლოში გამოცხადებულმა მხარეებმა საკუთარი პოზიციები შემდეგნაირად წარმოაჩინეს:

46. 1. კასატორმა და მისმა წარმომადგენელმა ისაუბრეს წინამდებარე განჩინების 44-ე პუნქტში დასახელებულ გარემოებებზე. კასატორის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა, რომ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაამყარა ისეთ მოწმეთა ჩვენებებზე, ანუ ისეთ მტკიცებულებებზე, რომელთაც არ ჰქონდათ მტკიცებითი ძალა; ასევე მიუთითა ფაქტობრივ გარემოებაზე, რაზეც საქმის განხილვისას, ყველა სასამართლო ინსტანციაში აპელირებდა, კერძოდ, საქართველოს მთელ ტერიტრორიაზე, მათ შორის მე-60 საჯარო სკოლაშიც, 2013 წლის 9 ივნისს ჩატარდა სამეურვეო საბჭოს არჩევნები, ამის შემდეგ შედგა ოქმი, დათარიღებული იმავე წლის 25 ოქტომბრით, რომლის კანონიერება დადგა ეჭვქვეშ და ამაზე თავად კასატორმა მიმართა აუდიტის სამსახურსა და სკოლის რესურცენტრს რეაგირებისათვის და გადაუგზავნა მასალები. ივნისიდან ნოემბრამდე არავის გამოუთქვამს პრეტენზია და ეჭვი არჩევნების თაობაზე, თუკი მართლაც იყო ზეწოლა პედაგოგებზე, როტომ დუმდნენ ისინი 5 თვის მანძილზე. კასატორს ბრალი დაედო იმ ქმედებაში, რომელიც მას არ ჩაუდენია (იხ. ამ განჩინების მე-3, მე-4, 26.5, 26.7., 44.3 ქვეპუნქტები). საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, თავად კასატორმა განმარტა, რომ დღესაც მოქმედებს სამეურვეო საბჭოს იგივე შემადგენლობა და გაუგებარია, თუკი მისი ზეწოლით გაყალბდა ოქმი, რატომ არ დაიშალა საბჭოს შემადგენლობა, რატომ არ ანულირდა ის შედეგები, მით უმეტეს, ასეთი პრეცედენტი იყო 112-ე საჯარო სკოლაში, რატომ ფუნქციონირებს საბჭო კვლავაც იგივე საეჭვო რეპუტაციის მქონე წევრთა შემადგენლობით. ყოფილმა დირექტორის მ/შემსრულებელმა აღნიშნა, რომ 2012 წლის 17 ოქტომბრიდან 2013 წლის 13 დეკემბრამდე მის წუნააღმდეგ მიზნამიმართული დევნა ხორციელდებოდა, ფინანსური შემოწმებაც ჩატარდა, არავითარი დარღვევა არ დადასტურდა, ასეთი ქმედებები, შესაძლოა, განპირობებული იყო ამ განჩინების 44.4 ქვეპუნქტში მითითებული გარემოებით. კასატორმა აღნიშნა, რომ არავინ მიაქცია ყურადღება, რომ საარჩევნო დოკუმენტაცია დაზიანებული არ იყო, მან დაუზიანებელი კონკვერტები გადასცა სასამართლოს. კასატორმა ყურადღება გაამახვილა, რომ პედაგოგის მიერ ფარული ჩანაწერის გამოყენების ლეგიტიმაცია მოახდინა განათლების სამინისტრომ, რაც თავისთავად უღირსი ფაქტი და სამარცხვინო პრეცედენტია საგანმანათლებლო სივრცეში, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ასეთი ჩანაწერის გაკეთება. სასამართლოს შეკითხვის პასუხად, საჯარო სკოლისადმი გაცემული რეკომენდაციის მე-3 პუნქტის (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი) შესრულებასთან დაკავშირებით, კასატორმა მხარემ, აღნიშნა, რომ არავითარი რეაგირება არ მომხდარა.

46.2. განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა უსაფუძვლოდ მიიჩნია საკასაციო საჩივარი და აღნიშნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან აღნიშნა, რომ შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა ეხება არა კასატორის გათავისუფლებას, არამედ სამეურვეო საბჭოს ოქმის გაყალბებას. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ვერ განახორციელებდა ვერანაირ რეაგირებას, გარდა იმისა, რაც აღნიშნულია მის დასკვნაში, ვერ გაათავისუფლებდა სამეურვეო საბჭოს, ვერ ჩაერეოდა სკოლის შიგნით ურთიერთობებში. დასკვნით სრულყოფილად არის შესწავლილი მასალები, სკოლის თანამშრომლები და მშობლები ადასტურებენ იმ ფაქტებს, რაც მათ განმარტებებშია. სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აუდიტის დასკვნაში მითითებული პირები, რომელთაც მოკვლევის დროს მისცეს განმარტებები, არ დაკითხულან სასამართლოში. სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ კანონით „სამეურვეო საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ, კონკურსგავლილ დირექტორობის კანდიდატთაგან ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე“ (ზოგადი განათლების კანონის 42- ე უხლის მე-2 ნაწილი). კასატორი იყო დირექტორის მ/შემსრულებელი და „ახალი დირექტორის არჩევამდე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი“ (ზოგადი განათლების კანონის 44-ე მუხლის მე-3 ნაწილი). სამეურვეო საბჭო არჩეული იქნა 2014 წლის 5 სექტემბერს, კასატორი მაინც გათავისუფლდებოდა ამ დღეს თანამდებობიდან, ეს ფაქტობრივი გარემოება მნიშვნელოვანია კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სამუშაოზე აღდგენას. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში გამოყენებული ფარული ჩანაწერი არ ყოფილა ამ სამსახურის ინიციატივა, პედაგოგმა გააკეთა ასეთი ჩანაწერი, მხოლოდ მას არ ეფუძნება ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები, ასევე იყო მოწმეთა განმარტებები, რომლებიც ასახულია აუდიტის დასკვნაში. სასამართლოს შეკითხვის პასუხად, საჯარო სკოლისადმი გაცემული რეკომენდაციის მე-3 პუნქტის (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი) შესრულებასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მას ინფორმაცია არ გააჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

47. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

48. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის პრეტენზიაზე, რომლებიც წინამდებარე განჩინების 41.1. - 41.6 ქვეპუნქტებშია მითითებული და აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102- ე და 105-ე მუხლებით დადგენილია მოდავე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების, მტკიცებულებათა დასაშვებობისა და მათი შეფასების სტანდარტი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განსხვავებულ აზრს, რომელიც მითითებულია ამ განჩინების 43.1, 43.2 ქვეპუნქტებში და განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ, რომელიც ამტკიცებს გარკვეულ გარემოებას, რომელზედაც ამყარებს თავის პოზიციას, უნდა მიუთითოს შესაბამის მტკიცებულებაზე. განსახილველ შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომელიც საფუძვლად დაედო კასატორის გათავისუფლებას სკოლის დირექტორის მ/შემსრულებლის პოზიციიდან, მთლიანად ემყარება იმ პირთა განმარტებებს, რომელთა ნაწილი თავად იყო იმ პროცესის მონაწილე, რომლის შედეგადაც მიიღეს სადავოდ ქცეული სამეურვეო საბჭოს არჩევნების ოქმი, ამასთან, შიდა აუდიტის დეპარტამენტისათვის წერილობითი განმარტებების მიცემისას, შესაბამისი პირები არ ყოფილან გაფრთხილებული ცრუ, ან არასწორი ინფორმაციის, ან განმარტების გამო, შესაძლო პასუხისმგებლობის თაობაზე. დეპარტამენტის დასკვნას საფუძვლად დაედო ისეთ პირთა განმარტებები, რომელთაც, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მტკიცებითი ძალა არ გააჩნიათ. სასამართლოს უნდა შეეფასებინა საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები მათი ერთობლიობით, სასამართლომ არ იმსჯელა და სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარდგენილ მოწმეთა განმარტებები, რომელთაც ჩვენებაზე უარის თქმის, თავის არიდების ან ცრუ ჩვენებისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის საფუძველზე გაფრთხილებით, ჩამოართვეს ხელწერილები (იხ. საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის მოსამზადებელი სხდომის ოქმი, ტ.1., ს.ფ.209-213 და იმავე წლის 14 მაისის მთავარი სხდომის ოქმი - ს.ფ. 238-249). სააპელაციო საჩივარში, დასაქმებული სწორედ ამ მოწმეთა ჩვენებებზე აპელირებდა, როდესაც უთითებდა, რომ არ დასტურდებოდა მისი მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში. გასაჩივრებულ განჩინებაში, მითითებულია შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე და იმ საფუძვლებზე (ე.წ. “გამოკითხვაში“ მონაწილე სამეურვეო საბჭოს წევრებზე), რასაც დაეყრდნო აუდიტის დასკვნა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა წინასაარჩევნო კამპანიაში კასატორის მონაწილეობასა და მის დაინტერესებაზე არჩევნების შედეგებით, რადგან ასეთი ფაქტობრივი გარემოებები არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით, რის გამოც კასატორის პრეტენზია ამ ნაწილში საფუძვლიანია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საწინააღმდეგოდ, სკოლის დირექტორის მ/შემსრულებელმა ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება (იხ. გასაჩივრებული განჩინება, ტ.2., ს.ფ. 124-128), მან თავისი მოქმედებით გადაამეტა უფლებამოსილებას, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და არ უნდა იქნეს გაზიარებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მიდის საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე და ასევე იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე, სკოლის დირექტორის მ/შემსრულებელს 2013 წლის 15 ოქტომბერს მიმართა საბჭოს რამდენიმე წევრმა წერილობითი განცხადებით, ხოლო კასატორმა საქმის მასალები, იმავე დღეს, შემდგომი რეაგირებისათვის, გადაუგზავნა განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტსა და ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტს (იხ. ტ.1., ს.ფ. 61-69). მითითებულის გარდა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის, კანონმდებლობისა და შინაგანი რწმენით შეფასების საფუძველზე (სსსკ-ის 105-ე მუხლი), სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებებზეც, რომ კანონმდებლობის მიხედვით, სკოლის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა-მშობელმა, როდესაც საკუთარი შვილი სასწავლებლად გადაიყვანა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც საფუძვლად დაედო მისი უფლებამოსილების შეწყვეტას და, რიგითობის პრინციპით, შემდეგი წევრის არჩევას (ტ.1., ს.ფ.49), რა მიზანი უნდა ჰქონოდა საბჭოს ოქმის გაყალბებას, როდესაც იმთავითვე იყო ცნობილი, თუ ვის მოუწევდა რიგითობით წევრად რეგისტრაცია. ასეთი მსჯელობა და სამართლებრივი შეფასება გასაჩივრებულ განჩინებაში არაა ჩამოყალიბებული. აღნიშნულთან ერთად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა ის ფაქტიც, რომ 2013 წლის 9 ივნისს ჩატარებული არჩევნები, იმავე წლის 15 ოქტომბერს, 5 თვის შემდეგ გახდა სადავო. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სკოლის დირექტორის მიერ ე.წ. უფლებამოსილების გადამეტების ჩადენიდან სასამართლო დავის განხილვის დროისათვის, არ შესრულებულა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით გაცემული რეკომენდაციის მესამე ნაწილი - საქმის მასალების სამართლადამცავი ორგანოებისათვის გადაგზავნის თაობაზე (იხ. ამ განჩინების მე-5, 46.1., 46.2. ქვეპუნქტები), ხოლო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სამეურვეო საბჭო, დღესაც იმავე შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას, უთითებს, რომ სავარაუდოდ გაყალბებული ოქმის გამო, რეაგირება არ მომხდარა იმ პირთა მიმართ, ვინც შესაძლოა უშუალოდ დაარღვია პროცედურები. სამეურვეო საბჭოს იგივე შემადგენლობით მუშაობის ფაქტი არ უარუყვია განათლების სამინისტროს წარმომადგენელს, მან მხოლოდ აღნიშნა, რომ არ ფლობს ინფორმაციას. საკასაციო სასამართლო ამ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რადგან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გამართულად ფუნქციონირება უდავოდ არის სამინისტროს კომპეტენციისა და ინტერესის საგანი კანონმდებლობიდან გამომდინარე: „სკოლაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“ (ზოგადი განათლების კანონის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი).

49. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც ამ განჩინების 41.7 ქვეპუნქტშია მითითებული და ეხება შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გამოყენებას, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განსხვავებულ აზრს და აღნიშნავს, რომ მითითებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ გააჩნია (სსსკ-ის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილი). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ სახელმწიფო კონტროლის კანონით დადგენილ ფარგლებში (ზოგადი განათლების კანონის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი), მოცემულ შემთხვევაში, განათლების სამინისტროს, არათუ არ უნდა მიეღო, არამედ დაუშვებლად უნდა მიეჩნია უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულება, რომელიც ხელყოფს არა მხოლოდ იმ ადამიანის კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ პირადი კომუნიკაციის უფლებას, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ფარული ჩანაწერი, არამედ არამართლზომიერი ქცევის სტანდარტს ამკვიდრებს დაწესებულებაში, ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, რომ თითოეული ადამიანის პირადი უფლება, უფლება კომუნიკაციაზე, შესაძლებელია, უკანონოდ გასაჯაროვდეს, საკითხი კიდევ უფრო მგრძნობიარე და დელიკატურია იმის გათვალისიწინებით, რომ საქმე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, არაერთი მოზარდი თაობის აღმზრდელებს ეხება და პედაგოგის მიერ კოლეგისადმი, რომელიც იმავდროულად ადმინისტრაციული უფლებამოსილების განმახორციელებელია, არამართლზომიერ დამოკიდებულებას ასახავს. დაუშვებელია, დაწესებულება არალეგიტიმური გზით ცდილობდეს სხვა პირის შესაძლო არამართლზომიერი ქმედების დამტკიცებას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ფარული ჩანაწერის გამოყენებასთან დაკავშირებით, განმარტა: „ინდივიდმა კერძო საუბრები უნდა აწარმოოს იმის ეჭვისა და შიშის გარეშე, რომ საიდუმლო ჩანაწერს ვინმე მისი ნებართვის გარეშე და ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს... კერძო სფეროში ჩარევის დროს, ჩარევა გამართლებული და დასაბუთებული უნდა იყოს უპირატესი საყოველთაო ინტერესის არსებობით, ანუ ჩარევის მართლზომიერების დადგენის მიზნით, უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა ისეთი დაცვის ღირსი ინტერესი, რომელიც პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე უფრო მაღლა დგა“ (იხ. სუსგ # . ას-1155-1101-2014, 4 მაისი, 2015 წელი).

50. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, დასაბუთებულია პრეტენზია სადავო ბრძანების - # 1/კ -1290 [13.12.2013] ბათილად ცნობის ნაწილში. ბათილად ცნობილი ბრძანებით კასატორი უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, აქვე, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი დროებით იყო დანიშნული დირექტორის მ/შემსრულებლად, შესაბამისად, ბათილად ცნობილი ბრძანების არარასებობის პირობებში, კასატორი იმუშავებდა სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევნებამდე, რაც მოწინააღმდეგე მხარის - განათლების სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ჩატარდა 2014 წლის 5 სექტემბერს (იხ. ამ განჩინების 46.2 ქვეპუნქტი), აღნიშნული ფაქტი არც კასატორს უარუყვია.

51. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე დამატებით უნდა იქნეს გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ, რადგან დაუდგენელია, თუ რა თანხას შეადგენდა დირექტორის მ/შემსრულებლის ანაზღაურება მისი გათავისუფლებიდან, 2013 წლის 13 დეკემბრიდან, სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩატარებამდე - 2014 წლის 5 სექტემბრამდე. აღნიშნული ფაქტის დადგენა სცილდება საკასაციო სასამართლოსათვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ კომპეტენციას. კასატორის მოთხოვნა, დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში დაუსაბუთებელია, რადგან იგი ამ პოზიციას იკავებდა მ/შემსრულებლის სტატუსით, ხოლო საჯარო სკოლის დირექტორთა არჩევნები, წარდგინება და გამწესება ზოგადი განათლების კანონით დადგენილი წესით ტარდება. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 372-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 410-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის 13 დეკემბრის №1/კ-1290 ბრძანება თ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

5. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინება მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;

6. სარჩელი თ. გ-ის სსიპ ქალაქ თბილისის მე-60 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

7. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

8. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე