საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-946-896-2015ბ 4 დეკემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "ხ-ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. კ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. კ. კ-ი (შემდეგში მოსარჩელე ან დასაქმებული) სს „ხ-ში“ (შემდეგში მოპასუხე, საწარმო ან დამსაქმებელი) 2007 წლიდან მუშაობდა. დასაქმებულის ხელფასი 2012 წლის მარტიდან 150 ლარიდან 800 ლარამდე გაიზარდა.
2. დასაქმებულს მიღებული აქვს ხელფასი: 2008 წელს - 1 566 ლარი, 2009 წელს - 1 650 ლარი, 2010 წელს - 2 530 ლარი, 2011 წელს -11 000 ლარი.
3. დასაქმებულმა 2014 წლის 7 მარტს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში დამსაქმებლის წინააღმდეგ და მოითხოვა, მოპასუხეს დაჰკისრებოდა სახელფასო დავალიანების 12 200 (თორმეტი ათას ორასი) ლარის ანაზღაურება.
4. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა გადაუხდელი ხელფასის, 4461,47 ლარის ანაზღაურება, ასევე, 2009 წლის 1 იანვრიდან, 234 ლარის 0,07 პროცენტის გადახდა და, 2011 წლის 1 იანვრიდან, 5770 ლარის 0,07 პროცენტის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და, გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას, მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში შრომის კოდექსი) 31-ე მუხლზე, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 248-ე მუხლზე.
6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სხვადასახვა წლებში ხელფასი ნაწილობრივ ჰქონდა მიღებული, ხოლო ხელფასის ნაწილი არ მიუღია. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელფასის გარკვეული ნაწილი უკვე მიღებული ჰქონდა დასაქმებულს, ეს თანხა უნდა გამოქვითულიყო. დასაქმებულის ხელფასი 2008 წლიდან 2010 წლის მარტამდე შეადგენდა 150 ლარს, ხოლო 2010 წლის მარტიდან - 800 ლარს, საბოლოოდ 2008-2011 წლებში გასაცემი ხელფასი 21 207, 47 ლარი იყო. მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა 16 764 ლარი, ხოლო დარჩენილი მისაღები თანხა იყო 4 461,47 ლარი.
7. სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაქმებულს 2008 წლის ბოლოს 234 ლარი არ აუნაზღაურდა. 2009 წელს მან დამატებით 150 ლარი მიიღო, 2010 წელს 5770 ლარი დააკლდა, ხოლო 2011 წელს, დამატებით, 1400 ლარი მიიღო. შესაბამისად, 2009 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დასაქმებულის სასარგებლოდ, საწარმოს უნდა დაჰკისრებოდა 234 ლარის 0,07 პროცენტის გადახდა, ხოლო 2011 წლიდან - 5770 ლარის 0,07 პროცენტის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
8. დასაქმებულმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მის გაუქმება ნაწილობრივ, გასაჩივრებულ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
9. სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგზე:
9.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება 2011 წლის ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 2011 წელს დასაქმებულს, ხელფასის სახით, 9600 ლარი ეკუთვნოდა, აქედან 6 600 ლარი მიიღო, ხოლო 3 000 ლარი მისაღები დარჩა.
9.2. სასამართლომ ასევე, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება 2012 წლის ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 2012 წლის მისაღები ხელფასის ოდენობა შეადგენდა 9600 ლარს, აქედან დასაქმებულმა მიიღო 8081,63 ლარი, ხოლო მისაღები დარჩა 1518,37 ლარი.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის ნაწილში და დამსაქმებელს დაეკისრა 1818,36 ლარის გადახდა.
11. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ დასაქმებული ხელფასს ყოველთვიურად იღებდა, თუმცა, რიგ შემთხვევებში, ხელფასი ყოველთვიურ ოდენობას აღემატებოდა, ხოლო რიგ შემთხვევებში კი, კუთვნილ ოდენობაზე ნაკლებს შეადგენდა. შესაბამისად, სასამართლომ დაიანგარიშა სადავო პერიოდისათვის მისაღები ხელფასის საერთო რაოდენობა. სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 და 2009 წლებში დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასი 150 ლარს შეადგენდა; 2009 წლის მონაცემებით, დასაქმებულს ხელფასი - 150 ლარი, მხოლოდ სამი თვის განმავლობაში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ჰქონდა, ხოლო შემდეგ კი მისი ხელფასი 800 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, დასაქმებულს საწარმოსაგან, ხელფასის სახით, 2008 წელს 1 800 ლარი უნდა მიეღო; 2009 წელს - 1800 ლარი; 2010 წელს - 7650 ლარი; 2011 წელს - 9 600 ლარი; 2012 წელს - 9 600 ლარი. სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება, რომ დასაქმებულს 2010 წლის ოქტომბრის ჩათვლით ხელფასი 150 ლარი ჰქონდა. მითითებული მტკიცების საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილი უწყისებით დასტურდება, რომ დასაქმებული 2010 წლის აპრილიდან ყოველთვიურად 800 ლარს იღებდა; ისიც დადასტურდა, რომ 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, საერთო ჯამში, ნაცვლად, 30 450 ლარისა, 24 170 ლარი მიიღო, დასაქმებულმა (2008 წელს - 1558,54 ლარი მიიღო, ნაცვლად 1800 - ლარისა, 2009 წელს - 1950 ლარი, ნაცვლად 1800 ლარისა, 2010 წელს - 5 980 ლარი, ნაცვლად, 7 650 ლარისა, 2011 წელს - 6 600 ლარი, ნაცვლად 9 600 ლარისა, 2012 წელს კი 8081,63 ლარი, ნაცვლად 9 600 ლარისა; ტ.1. ს.ფ. 88-99; 154-194).
12. მითითებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დასაქმებულს საწარმოსაგან ხელფასის სახით, 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით 30 450 ლარი უნდა მიეღო, საიდანაც მან, რეალურად, 24 170,17 ლარი მიიღო, ხოლო მისაღები აქვს 6 279,83 ლარი. საქალაქო სასამართლომ დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 4 461,47 ლარი მიაკუთვნა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი 1 818,36 ლარის მოთხოვნის ფარგლებში დასაბუთებული იყო.
13. სასამართლომ განმარტა, რომ დასაქმებულის სააპელაციო მოთხოვნა არ ეხებოდა დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის გადახდას, შესაბამისად, სასამართლომ მოთხოვნის ფარგლებში (სსსკ-ის 248-ე მუხლი).
14. მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება: საწარმომ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. დასაქმებულმა მოითხოვა, დამსაქმებლისათვის 2011, 2012 წლების სახელფასო დავალიანების - 4518.37 ლარის დაკისრება.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
16. საწარმოს საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგ საფუძვლებზე:
16.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია რომ დასაქმებულს, ხელფასის სახით, 800 ლარი 2010 წლის აპრილიდან დაენიშნა. სასამართლომ არ შეაფასა მტკიცებულებები: საწარმოს მიერ წარდგენილი პირადი აღრიცხვის ბარათი და ცნობა იმის შესახებ, რომ დასაქმებულს 2010 წლის ოქტომბრამდე 150 ლარი ჰქონდა ხელფასი.
16.2.გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ გარემოებას ეფუძნება, რომ 2010 წლის აპრილით დათარიღებულ ხელფასის გაცემის უწყისში დასაქმებულის ხელფასად 800 ლარი იყო ასახული. ეს ხელფასი გაცემულია 2011 წლის აპრილში და ამ დროისათვის ის მართლაც 800 ლარი იყო. კასატორის განმარტებით, ცალკეულ შემთხვევაში, ხელფასის განსხვავებული ოდენობით, დადგენილზე მეტი ანაზღაურების გაცემის ფაქტი არ ასახავს იმ პერიოდისათვის არსებულ ხელფასს, ვინაიდან საწარმოს კანონი არ უზღუდავს უფლებას, თავის თანამშრომელზე გასცეს ზედმეტი ანაზღაურება. შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევაში თანამშრომლისათვის გაცემული ზედმეტი ანაზღაურება, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს ერიცხებოდა დასაქმებულისათვის გადასახდელი ხელფასის დავალიანება, არ გულისხმობს, რომ მისთვის ხელფასის გაზრდილი განაკვეთი იქნა დანიშნული.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საწარმოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
23. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით (იხ. ამ განჩინების 15.1, 15.2 ქვეპუნქტები), რომ კონკრეტულ პერიოდში დასაქმებულს არა 800 ლარი, არამედ 150 ლარი ჰქონდა ანაზღაურების სახით, ხოლო პერიოდულად, თუნდაც მეტი ხელფასის გადახდა, დამსაქმებლის პრეროგატივაა და მისი უფლება კანონით შეზღუდული არ არის, საკასაციო სასამართლო უთითებს შრომის კოდექსის 31-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კი შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც დასაქმებული ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, ხოლო დამსაქმებული ამის საფუძველზე დასაქმებულს უხდიდა ხელფასს.
24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დასაქმებულის ხელფასი სადავო პერიოდში, ანუ 2010 წლის აპრილიდან 2010 წლის სექტემბრის ჩათვლით 800 ლარს შეადგენდა, რასაც მოწმობს საქმეში წარმოდგენილი უწყისები. ამ უწყისების საპირისპიროდ, დამსაქმებელს რაიმე სახის მტკიცებულება არ წარუდგენია, ხოლო მხარის მარტოოდენ ზეპირი განმარტება არ არის საკმარისი და დამაჯერებელი იმ წერილობითი მტკიცებულებების უარსაყოფად, რომელიც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის გადახდილ ანაზღაურებას ასახავს თანხისა და პერიოდის მითითებით.
25. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახამად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
26. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ სადავო პერიოდში დასაქმებულის ხელფასი 800 ლარს არ შეადგენდა, შესაბამისად, მისი მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ამ პერიოდისათვის დაკისრებული თანხის შემცირებასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ხ-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "ხ-ის" (ს/კ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №5, გადახდის თარიღი 2015 წლის 27 ოქტომბერი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე