Facebook Twitter

¹ ბს-929-788-კ-04 11 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი :

2003წ. 11 აპრილს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში შპს “ტ.-ის” გენერალური დირექტორის _ რ. ბ.-ს მიერ აღიძრა სარჩელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

შპს “ტ.-ის” სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1997წ. 1 თებერვალს შპს “ტ.-სა” და ფოთის ნავსადგურს შორის სრული ნებაყოფლობისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება.Aაქედან გამომდინარე, მხარეების მიერ ხელშეკრულებით აღიარებული ურთიერთვალდებულებები, სკ-ის 317-ე მუხლის შესაბამისად, შევიდა კანონიერ ძალაში. იმის გამო, რომ ფოთის ნავსადგურმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, შპს “ტ.-მ” ნავსადგურის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. ფოთის სასამართლოს და მოითხოვა 515800 ლარის ანაზღაურება. 1999წ. 2 აპრილიდან 2001წ. 27 ივნისამდე პერიოდში სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში იხილებოდა ზემოაღნიშნული საქმე და საბოლოოდ, 2001წ. 27 ივნისს, მიღებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹3კ/551-01 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, შპს “ტ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ფოთის ნავსადგურს შპს “ტ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 260991,22 ლარისა და ადვოკატის ხარჯების _ 3256 ლარის, სულ 264247,22 ლარის გადახდა.

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2001წ. 30 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად მიეთითა 2001წ. 9 მარტი.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-4 აბზაცის მე-6 სტრიქონში მიეთითა იმის თაობაზე, რომ სკ-ის 411-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს ზიანის ანაზღაურებისათვის, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში კრედიტორს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა არ ჰქონდა.

მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ სკ-ის 316-ე, 317-ე, 403-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე უფლებამოსილი იყო, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის მიუხედავად, მოპასუხისაგან მოეთხოვა იმავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება კანონით დადგენილი საპროცენტო განაკვეთის ოდენობით.

აქვე მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის არსებობის მიუხედავად, მოპასუხე _ ფოთის ნავსადგურმა დაარღვია დავალიანების დაფარვის ყველა ვადა და დაკისრებული დავალიანება დაფარა დაგვიანებით, კერძოდ, 2002წ. 7 მარტს, რისთვისაც მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურება.

გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მოითხოვდა ფასიანი ქაღალდების დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ფოთის ნავსადგურმა, 1997წ. 10 თებერვალს გადაცემული ¹1 საგარანტიო წერილის სანაცვლოდ, მოითხოვა და ჩაიბარა შპს “ტ.-ის” კუთვნილი 60000 ცალი აქციის (ერთი აქციის ნომინალური ღირებულება 1,46 აშშ დოლარი) საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის ორიგინალი, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე, ე.ი. 1998წ. 5 ოქტომბერს. მიუხედავად არაერთჯერადი თხოვნისა, მოპასუხემ სერტიფიკატი დააბრუნა 2000წ. 12 იანვარს. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მისი ქონების (ფასიანი ქაღალდის ღირებულება შეადგენს 87600 აშშ დოლარს) გაუმართლებელმა და უკანონო დაყადაღებამ მიაყენა 90366,40 ლარის ზიანი, ხოლო ამ თანხის გადაუხდელობის გამო დარიცხულმა საურავმა შეადგინა 180771,36 ლარი. მოსარჩელე ასევე მოითხოვდა ადვოკატის მომსახურების ხარჯებს სადავო თანხის 4%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა 27460,70 ლარს, საბოლოოდ, სასარჩელო მოთხოვნის თანხამ ჯამში შეადგინა 713978,60 ლარი.

მოპასუხე _ სსიპ “ფოთის ნავსადგურმა” სარჩელი არ ცნო. მისი აზრით, შპს “ტ.-ს” უფლება ჰქონდა მოეთხოვა არა პირგასამტეხლო, არამედ შეუსრულებელ ვალდებულებებზე კანონით გათვალისწინებული პროცენტი, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ორი დამოუკიდებელი ზომის გამოყენება ერთსა და იმავე სამოქალაქო ვალდებულებების დარღვევისათვის მიაჩნდა მიუღებლად. მისი აზრით, ასევე მიუღებელი იყო სკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რადგან ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულება მოვალეს წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოვალის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

მოპასუხის აზრით, არასწორია სასარჩელო მოთხოვნაზე საურავის დარიცხვის წესი. მოსარჩელე საურავს არიცხავს სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი დავალიანების მთლიან თანხას, მაშინ, როდესაც სკ-ის 403-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია, პროცენტიდან პროცენტის გადახდა. ამასთან, არასწორია საურავის დარიცხვის სამართლებრივ საფუძვლად საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის გამოყენება, რადგან კერძო ურთიერთობებში საგადასახადო კოდექსი არ გამოიყენება. რაც შეეხება შპს “ტ.-ის” კუთვნილ 60000 ცალი აქციის სერტიფიკატის დაუბრუნებლობის გამო ზიანის ანაზღაურებას, მოპასუხე თვლიდა, რომ დავა ამ ნაწილში იყო ხანდაზმული.

ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმთა კოლეგიის 2004წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “ტ.-ის” სარჩელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ფოთის ნავსადგურის მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ეთქვა უარი.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით ფოთის საზღვაო ნავსადგურს შპს “ტ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ძირითადი თანხა _ 138899 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 122092,22 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდა ეტაპობრივად, რაზედაც მხარეებს შორის არსებობდა ურთიერთშეთანხმება. საბოლოოდ, გადასახდელი თანხა დაიფარა 2002წ. 7 მარტს. ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და შპს “ტ.-ს” შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე ფოთის ნავსადგურმა 1997წ. 10 თებერვალს გაცემული ¹1 საგარანტიო წერილის სანაცვლოდ ჩაიბარა შპს “ტ.-ის” კუთვნილი 60000 ცალი აქციის სერტიფიკატი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 1998წ. 5 ოქტომბერს. აღნიშნული სერტიფიკატი დააბრუნა 2000წ. 12 იანვარს. სასამართლო კოლეგიამ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პირგასამტეხლო დავალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის და კანონით განსაზღვრული პროცენტი წარმოადგენდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სხვადასხვა ფორმას, რომელთაგანაც პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ხასიათისაა, ხოლო პროცენტი_არასახელშეკრულებო, ამიტომ მათი გამოყენება ერთი და იმავე სამოქალაქო ვალდებულების დარღვევისათვის არ შეიძლება და სამოქალაქო კანონმდებლობით არ არის დაშვებული. ამასთან, როგორც პირგასამტეხლო, ასევე კანონით გათვალისწინებული პროცენტი უნდა დაერიცხოს ფულადი ვალდებულების მხოლოდ ძირითად თანხას. სასამართლო კოლეგიამ დაუშვებლად მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის გამოყენება იმ მოტივით, რომ მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობა წარმოშობილი იყო კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის სახელშეკრულებო ვალდებულების საფუძველზე.

სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ზიანის ანაზღაურების დასასაბუთებლად მოსარჩელის მიერ სკ-ის 411-ე მუხლზე მითითება, რადგან აღნიშნული მუხლის მიხედვით, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სასამართლომ ჩათვალა, რომ მიუღებელი შემოსავალი უნდა ყოფილიყო რეალური, რის არსებობასაც მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა.

სასამართლო კოლეგიამ შპს “ტ.-ის” კუთვნილი 60000 ცალი აქციის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის ნაწილში მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად და ჩათვალა, რომ ამ მოტივით მოითხოვნა არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

სასამართლო კოლეგიამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ადვოკატის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულება.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ტ.-მა”, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად ძირითადად უთითებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც სარჩელში, ხოლო, რაც შეეხება გადაწყვეტილბის გაუქმების საფუძველს, განმარტავდა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონის ის ნორმები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა და არასწორი შეფასება მისცა სკ-ის შესაბამის მუხლებს, ასევე არამართებულად განმარტა საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის გამოუყენებლობის მოტივები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით ფოთის საზღვაო ნავსადგურს შპს “ტ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ძირითადი დავალიანების სახით 138899 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს სახით _ 122092,22 ლარის გადახდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდა ეტაპობრივად, საბოლოოდ, თანხის დაფარვა მოხდა 2002წ. 7 მარტს.

ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და შპს “ტ.-ს” შორის არსებული გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე ფოთის ნავსადგურმა 1997წ. 10 თებერვალს გაცემული ¹1 საგარანტიო წერილის სანაცვლოდ ჩაიბარა შპს “ტ.-ის” კუთვნილი 60000 ცალი აქცია, რომლებიც უნდა დაბრუნებულიყო 1998წ. 5 ოქტომბერს. აქციები (სერტიფიკატი) დაბრუნებულ იქნა 2000წ. 12 იანვარს.

მოსარჩელის (კასატორის) მოთხოვნა ეფუძნებოდა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის დაგვიანების გამო მიყენებული ზიანის, მიუღებელი შემოსავლისა და ფასიანი ქაღალდების უკანონო დაკავების შედეგად მიღებელი მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას და ადასტურებს, რომ სკ-ის 404-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადის გადაცილების გამო გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მაგრამ აქვე საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს ამავე კოდექსის 412-ე მუხლზე და მიუთითებს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

კასატორს ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი წესით აღსრულება არ მოუთხოვია, მას ასევე სადავოდ არ უქცევია ის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ადგილი ჰქონდა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების ეტაპობრივ გადახდას.

აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ მოვალისათვის შეუძლებელი იყო იმ შესაძლო ზიანის ვარაუდი, რაც თან მოჰყვებოდა მის ქმედებას.

იგივე გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან სკ-ის 395-ე მუხლის I ნაწილზე მითითებას და ადასტურებას, რომ მოვალის მხრიდან ადგილი არა აქვს განზრახ ან გაუფრთხილებელ მოქმედებას, რაც ამავე მუხლის საფუძველზე, გამორიცხავს მოვალის პასუხისმგებლობას კრედიტორისადმი.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის გამოუყენებლობის არამართებულობაზე და განმარტავს, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრამდე, მოსარჩელე ვალდებულია, დაადასტუროს ზიანის წარმოშობის ფაქტი და საკუთარი უფლება -მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელე (კასატორი) თავის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების ნაწილში აფუძნებს სკ-ის 411-ე მუხლზე. მითითებული მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს ამ უკანასკნელ დებულებას და ადასტურებს სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მიუღებელი შემოსავალი უნდა იყოს რეალური და დასაბუთებული და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მარტოოდენ ვარაუდს შესაძლო მოგების მიღების თაობაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ კასატორის მხრიდან საქმის განხილვის ვერც ერთ სტადიაზე წარმოდგენილი და დადასტურებული ვერ იქნა მიუღებელი შემოსავალი, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მსჯელობას მოთხოვნის დაუსაბუთებლობის თაობაზე და თვლის, რომ მხარეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის დამკაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას ხანდაზმულობის ნაწილში და მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიის მხრიდან ხანდაზმულობის გამოყენებისას ადგილი არა აქვს კანონის ნორმათა დარღვევას.

როგორც თავად კასატორი ადასტურებს, აქციები შპს “ტ.-ისათვის” უნდა დაბრუნებულიყო ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე, ე.ი. 1998წ. 5 ოქტომბერს. აქციები დააბრუნებს 2000წ. 12 იანვარს. კასატორი მიიჩნევს, რომ 1998წ. 5 ოქტომბრიდან 2000წ. 12 იანვრამდე მოწინააღმდეგე მხარე უკანონოდ ფლობდა მის აქციებს, რითსვისაც ამ უკანასკნელს დაეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

სკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ შპს “ტ.-ს” აქციების დაბრუნების მომენტში, ე.ი. 2000წ. 12 იანვარს, წარმოეშვა “ფოთის ნავსადგურისადმი” მოთხოვნის უფლება, რაც ზემოაღნიშნული მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, იძლევა საფუძველს, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაუკავშირდეს აქციების დაბრუნების მომენტს. რაც, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მართებულად მიიჩნიოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მსჯელობა მოთხოვნის ხანდამულობაზე. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება შემდეგი გარემოების გამო: კერძოდ, ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე შპს “ტ.-ის” მოთხოვნას წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება. მხარეს არ მოუთხოვია აქციების სასამართლო წესით დაბრუნება და არც აქციების მისთვის დაბრუნება არ უკავშირდება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე იძულებით აღსრულებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა ხანდაზმულობის ვადის სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირება და დაუშვებელია სკ-ის 139-ე მუხლის I ნაწილის გამოყენება.

აქვე საკასაციო სასამართლო განმარტავს, ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ადასტურებს მხარის უფლებას აღძრას სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, არ ნიშნავს სასამართლოს მხრიდან ზიანის არსებობის აღიარებას და, თავის მხრივ, არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ არ არსებობს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გასაჩიურებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ტ.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. შპს “ტ.-ს” გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.