Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-956-906-2015 15 დეკემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. დ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. თ-ე, მ. დ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2011 წლის 27 მაისს მ. თ-ესა (შემდეგში მოპასუხე ან მეიჯარე) და შპს "პ- 2011-ს" (შემდეგში მოიჯარე, საწარმო) შორის 4 წლის ვადით დაიდო იჯარის ხელშეკრულება. საიჯარო ქირა ყოველთვიურად შეადგენდა 400 ლარს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 581-ე მუხლი).

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მეიჯარის სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება. მეიჯარის სასარგებლოდ, მოიჯარეს დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების 4800 ლარისა და დაზიანებული შენობის აღდგენის ხარჯის 1350 ლარის გადახდა.

3. 2011 წლის 31 ოქტომბერს ნ. მ-ემ (შემდეგში მოსარჩელის ან კასატორის მეუღლე) სს ,,ლ- ის’’ მეშვეობით მ. დ-ის (შემდეგში მეიჯარის მეუღლე) სახელზე გააგზავნა 1000 აშშ დოლარი.

4. მ. დ-ემ (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) 2014 წლის 18 ივნისს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მეიჯარისა და მისი მეუღლის (შემდეგში მოპასუხეები) წინააღმდეგ და მოითხოვა მათთვის 3992 ლარის დაკისრება, რომლითაც შეცდომით გადაიხადა სხვისი ვალი.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას მიუთითა სსკ-ის 316-317-ე, 986-ე მუხლებზე.

7. სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

8. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ, საწარმოს ნაცვლად, მან მეიჯარესა და მის მეუღლეს (სარჩელში- მოპასუხეებს) გადაუხადა საიჯარო თანხა - 3992 ლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარუდგენია.

9. სასამართლომ აღნიშნა, რომ თანხის გადაცემის ფაქტი რომც დადასტურებულიყო, მოსარჩელეს თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, სსკ-ის 986-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საწარმოს მიმართ წარმოეშობოდა და არა მეიჯარისა და მისი მეუღლის მიმართ.

10. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

11. სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგზე:

11.1. სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება, რომლითაც დასტურდებოდა 1000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტი (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი).

11.2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც ერთვოდა საქმეს და დასტურდებოდა, საწარმოს ნაცვლად, აპელანტის მიერ მეიჯარისათვის თანხის გადახდა.

11.3. საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა სს "ს-იდან" მეიჯარის საკრედიტო ხელშეკრულების, გადახდის გრაფიკისა და გადახდილი თანხების აღრიცხვის ცნობის გამოთხოვის შესახებ.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითა სსკ-ის 976-ე, 986-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად დაადგინა და შეაფასა ფაქტები, აღნიშნა, რომ აპელანტმა ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმის მტკიცების ტვირთი, რომ მეიჯარესა და მის მეუღლეს, საწარმოს ნაცვლად, თანხა აპელანტმა გადაუხადა, მასვე ეკისრებოდა. ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება კი, აპელანტს არ წარუდგენია სასამართლოსათვის.

14. სასამართლომ აღნიშნა, რომ ძირითადი მტკიცებულებები, რომლებზეც აპელანტი თავის მოთხოვნას ამყარებდა, იყო მისი და საწარმოს დირექტორის ერთობლივად დამოწმებული ე.წ. აქტები და უწყისი, რაც მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუდასტურებია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მტკიცებულებებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა შეუძლებელი იყო.

15. სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარისათვის თანხის გადაცემა დასტურდებოდა, იყო აპელანტის მეუღლის მიერ მეიჯარის მეუღლისათვის 1000 აშშ დოლარის გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 221, იხ. ამ განჩინების მე3 პუნქტი), თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულება აპელატის მოთხოვნას, რომ ამ გადარიცხვით მან მეიჯარეს, საწარმოს ნაცვლად, გადაუხადა იჯარის ქირა, ვერ ადასტურებდა.

16. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, როგორც მე-15 პუნქტში მითითებული ქვითრიდან, ისე შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების 2013 წლის 27 დეკემბრის "მიმართვის წერილიდან" იკვეთებოდა, 1000 აშშ დოლარი მეიჯარის მეუღლეს გაუგზავნა არა აპელანტმა, არამედ ამ უკანაკნელის თხოვნით, მისმა მეუღლემ. მართალია, ე.წ. "ცნობაში" მითითებულია, რომ თანხა აპელანტმა გადასცა საკუთარ მეუღლეს, თუმცა, ეს უკანასკნელი სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით არ დაკითხულა და ცნობაში მითითებული ფაქტი მოწმეს არ დაუდასტურებია.

17. სასამართლომ აღნიშნა, რომ მეიჯარისა და აპელანტის მეუღლეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ და, აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ თანხის გადარიცხვა მაინცდამაინც საწარმოს ვალდებულებისათვის შესრულდა, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

18. სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ ფაქტის დაშვების შემთხვევაშიც, რომ მეუღლემ 1000 აშშ დოლარი მართლაც მიიღო აპელანტისაგან, არ დასტურდებოდა ამ თანხის მეიჯარის მეუღლისათვის გადაცემა.

19. სასამართლომ სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ მოხმობილი ნორმის შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრებით მოთხოვნის უფლება წარმოეშობა იმას, ვინც ვითომ კრედიტორს თანხას არარსებული ვალდებულების შესასრულებლად გადასცემს. ამიტომ, თანხის გადაცემით მეიჯარის მეუღლისათვის, მოთხოვნა შეიძლება წარმოშობოდა აპელანტის მეუღლეს და არა თავად აპელანტს. აპელანტისათვის ეს მოთხოვნა მის მეუღლეს არ დაუთმია და, შესაბამისად, აპელანტი ვერ იქნებოდა თანხის მოთხოვნის უფლების მქონე. ხოლო, რაც შეეხება მეიჯარეს, მის მიმართ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა.

20. სასამართლომ იმ ფაქტზეც მიუთითა, რომ თუ 1000 აშშ დოლარის გადახდით აპელანტი გაისტუმრებდა საწარმოს ვალს, მაშინ, სსკ-ის 986-ე მუხლის საფუძველზე, მას მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა სწორედ საწარმოს და არა მეიჯარის მიმართ, რადგან თანხის გადახდა იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ე.ი. ნამდვილი ვალდებულების შესასრულებლად მოხდა. ამის გამო, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო და ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა იგი.

21. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

22. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:

22.1. სააპელაციო სასამართლომ საგანგებოდ არ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ საქალაქო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ანალიზის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოკვლეულა, თუ რატომ გადაუხადა მისმა მეუღლემ მოწინააღმდეგე მხარეს 1000 აშშ დოლარი.

22.2. სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, ვინაიდან აღნიშნული მუხლი საერთოდ არ გამოუყენებია, რაც სასამართლო შემადგენლობის, საქმის განმხილველი მოსამართლის მიკერძოებულობასა და საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. 22.3. გასაჩივრებული განჩინების მე-4 ნაწილის მე-14 პუნქტით, სასამართლომ ფაქტობრივად საქმის მასალებში არსებული გარემოებების ფალსიფიკაცია მოახდინა. არასრულყოფილი და მიკერძოებული ინფორმაცია გადმოსცა იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებულ პუნქტში საუბარია წერილზე, საიდანაც თითქოს მხოლოდ ის ჩანს, რომ აპელანტის თხოვნით, მისმა მეუღლემ მეიჯარის მეუღლეს გაუგზავნა 1000 აშშ დოლარი, თუმცა, აპელანტის მეუღლე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით არ დაკითხულა და ცნობაში მითითებული ფაქტი არ დაუდასტურებია.

22.4. კასატორის პრეტენზია იმასაც ეხება, თუ რატომ არ დაინტერესდნენ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები მისი მეუღლის მოწმის სახით დაკითხვით, ან მისი დაკითხვის გარეშეც, უბნის ინსპექტორების განყოფილების წერილი რატომ გახდა სასამართლოსათვის საეჭვო, ამ წერილებში მითითებული გარემოებები რატომ უნდა დაედასტურებინა კასატორის მეუღლეს.

22.5. კასატორის მოსაზრებით, ქვემდგომ სასამართლოებს უნდა გამოეყენებინათ სსსკ-ის 84-ე მუხლი, არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლასთან დაკავშირებით, თუ მიიჩნევდნენ, რომ სარჩელი სხვა პირის მიერ იყო აღძრული.

22.6. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 383-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლება მტკიცებულებების შემოწმების საკითხში, რითაც დაირღვა ამავე კოდექსის მე-2 მუხლით, მხარისათვის მინიჭებული სასამართლო წესით დაცვის უფლება.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

24. კასატორმა 2015 წლის 14 დეკემბერს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის ორი თვით გადადება, შემდეგ გარემოებათა გამო:

24.1. მას მოწინააღმდეგეებისა და მათი ადვოკატის სახით მატყუარებთან და დამნაშავეებთან აქვს საქმე. აღნიშნული პიროვნებები, საბუთების გაყალბებისა და მოსამართლეებზე ზეგავლენის გზით, ცდილობენ არა მარტო თანხების უკანონოდ მითვისებას, არამედ უკანონოდ აქვთ დაპატიმრებული საწარმოსათვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ძვირადღირებული დანადგარი მოწყობილობებით და აღარ აბრუნებენ, რითაც ხელს უშლიან საწარმოს სამეწარმეო საქმიანობაში.

24.2. მას გადაწყვეტილი აქვს, დანაშაულებრივი ჯგუფი ამხილოს და აპირებს საქმის პროკურატურისათვის გადაცემას. აქედან გამომდინარე, კასატორი ითხოვს საქმის განხილვის ორი თვით გადადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქმებს საკასაციო საჩივარს საქმის განხილვასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და საქმის საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განსახილველად დასაშვებობის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

26. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

28. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:

30.1. კასატორი თავის მოთხოვნას იმ გარემოებაზე აფუძნებს, რომ მან, ვალდებულების გარეშე, სხვას გადასცა თანხა და, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმაზე მითითებით, ითხოვს თანხის დაბრუნებას.

30.2. სსკ-ის 986-ე მუხლის თანახმად, „პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება“.

30.3. სასამართლო განმარტავს, რომ სუბიექტი, რომელსაც მითითებული ნორმის საფუძველზე, თანხის უკან მოთხოვნის უფლება აქვს, არის ამ თანხის გადამცემი და არა კასატორი.

30.4. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი, თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

30.5. სსსკ-ის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

30.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი, რომ კასატორმა, ვალდებულების გარეშე, სხვას გადასცა თანხა, ეკისრება თანხის გადამცემ მხარეს, რომელმაც, საპროცესო კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, აღნიშნული ფაქტის დადასტურება ვერ შეძლო.

30.7. სსსკ-ის 84-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია, მოსარჩელის თანხმობით, საქმის შეუწყვეტლად, შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით.

30.8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ქვემდგომი სასამართლოების მიერ სსსკ-ის 84-ე მუხლის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით, რადგანაც ეს სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. ამასთან, ამ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა, კასატორის მეუღლეს არ უკარგავს უფლებას, მიმართოს სასამართლოს. სასამართლო განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ კასატორის მეუღლე მიიჩნევს, რომ მას სხვა პირის მიმართ სამოქალაქო კანონმდებლობით მინიჭებული მოთხოვნის უფლება გააჩნია, შეუძლია, საკუთარი უფლებების დასაცავად, სარჩელით მიმართოს სასამართლოს.

30.9. საქმის განხილვის ორი თვით გადადების თაობაზე კასატორის განცხადებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნაც არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, თუნდაც საპატიო მიზეზით, მათი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარუდგენლობის შემთხვევაში. ამდენად, საქმის პროკურატურისათვის გადაცემის შემდეგ რა ახალი გარემოებაც არ უნდა იქნეს დადგენილი, მისი შეფასების სამართლებრივი საფუძველი საქმის საკასაციო სასამართლოში წარმოების ეტაპზე, არ არსებობს. კასატორის მოთხოვნა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს იგი.

30.10. რაც შეეხება კასატორის განცხადებას, საქმის განხილვის გადაუდებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის გაუქმებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგზე:

კასატორმა აღნიშნული მოთხოვნით საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2015 წლის 14 დეკემბერს მომართა, მაშინ, როდესაც 11 დეკემბერს, სატელეფონო შეტყობინებით, მისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ 15 დეკემბერს იხილებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, განმცხადებელს არ დაუკონკრეტებია საერთოდ უარს ამბობდა საკასაციო საჩივარზე, თუ სურდა სსსკ-ის 831 მუხლის საფუძველზე სარჩელის გამოხმობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოხმობილი ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.

მოპასუხეების თანხმობა სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით არ არსებობს. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მოწინააღმდეგე მხარე, წარმოდგენილი შესაგებლით, კატეგორულად ეწინააღმდეგება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 ივნისის განჩინება კანონიერად მიაჩნია და ითხოვს მის ძალაში დატოვებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სსსკ-ის 831 მუხლის საფუძველზე, სარჩელის გამოხმობა მოსარჩელეს უფლებას აძლევს, იგივე დავაზე მხარეს ედავოს, აქედან გამომდინარე, 2015 წლის 14 დეკემბრის განცხადების, სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით, მოწინააღმდე მხარისათვის გადაგზავნა, საქმის განხილვის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას გამოიწვევს, თუმცა, განცხადების შინაარსი საჩივრის გაუქმებასთან დაკავშირებით იმდენად ბუნდოვანია, რომ შეუძლებელია მასზე საფუძვლიანი პასუხის გაცემა.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე უარის თქმას, თუ ამის სურვილი აქვს კასატორ მხარეს, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტა და საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შედეგობრივად იწვევს იმას, რომ მხარეს ერთმევა უფლება ედავოს იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოში საკასაციო საჩივრის განხილვის წესები საპროცესო კანონმდებლობით არის მოწესრიგებული, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, იმსჯელოს კასატორის მოთხოვნაზე, მისი საჩივრის განხილვის 2 თვით გადადების ან, გადაუდებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის გაუქმების თაობაზე.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. დ-ის განცხადება საქმის განხილვის 2 თვით გადადებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. მ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. მ. დ-ეს (პ/ნ …) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 2015 წლის 22 ივლისი და 2015 წლის 19 ოქტომბრის გადახდის ქვითარი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე