№ას-323-308-2015 29 იანვარი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „G. B-“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ბ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „G. B-“-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა მძღოლების მიერ სატრანსპორტო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის, 7 470 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:
2. 2012 წლის 22 დეკემბერს რ. ბ-სა და შპს „G. B-“-ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება მძღოლებსა და შპს „G. B-“-ს შორის მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოდგენდა შპს „G. B-“-ის სატრანსპორტო მომსახურება, მძღოლების მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების და მათი მხრიდან შპს „G. B-“-ის მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების ვალდებულება.
3. აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.6 პუნქტის თანახმად, „მძღოლი ვალდებულია, თანხები რომლებიც მას მიეცემა ფირმისაგან სატრანსოპრტო ხარჯებისათვის (საწვავის თანხა, საბაჟო გადახდისათვის გაცემული თანხა და სხვა, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო ხარჯებთან) გახარჯვის შემთხვევაში წარმოადგინოს ამ ხარჯების მიზნობრივად დახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი აბრუნებს მას, დაუბრუნებლობის შემთხვევაში, პასუხს აგებს თავისი ქონებით“. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რ. ბ-ეს 2012 წლის 29 დეკემბერს გადაეცა შპს „G. B-“-ის დირექტორის, მ. ბ-ის ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც მას მიეცა ფირმის კუთვნილი ავტომანქანების მართვისა და მართვასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ღონისძიების გატარების უფლება.
4. რ. ბ-ემ ფირმის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანით 2012 წლის 29 დეკემბრიდან 2013 წლის 14 თებერვლამდე შეასრულა ორი გადაზიდვა, მათ შორის, ერთი რეისი აზერბაიჯანში, მეორე ყაზახეთში. ამ პერიოდში მას ფირმისაგან სატრანსპორტო ხარჯებისათვის გადაეცა სულ 11 620 აშშ დოლარი. მათ შორის, მან შესაბამისი უწყისით ხელზე მიიღო 5 700 აშშ დოლარი, ფირმის წარმომადგენელ ი. ფ-ან ყაზახეთის ქალაქ აქტაოში ხელზე მიიღო 2 445 აშშ დოლარი, ხოლო ფირმის ხელმძღვანელის მითითებით მძღოლ ე. გ-ან ხელზე მიიღო 1 200 აშშ დოლარი და 570 აშშ დოლარის ღირებულების ერთი ტონა მანქანის საწვავი. მასვე ბათუმიდან უცხოეთში რეისში გამგზავრების წინ მანქანისათვის გადაეცა 1205 აშშ დოლარის ღირებულების 100 ლიტრი დიზელის საწვავი. ამდენად, რ. ბ-ეს მთლიანად გადაეცა 11 220 აშშ დოლარი და ხელშეკრულების თანახმად, იგი ვალდებული იყო საწარმოში წარედგინა ამ რაოდენობის თანხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა რ. ბ-ემ წარადგინა მხოლოდ 2995 აშშ დოლარის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, რ. ბ-ე ვალდებულია დაუბრუნოს შპს „G. B-“-ს მისთვის გადაცემული 7 470 აშშ დოლარი, ანუ ის თანხა, რომელზეც არ გააჩნია ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები.
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გზის ხარჯების სახით მიღებული ჰქონდა მხოლოდ 5 700 აშშ დოლარი, რომლის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები მან სრულად წარადგინა შპს „G. B-“-ში. სხვა რაიმე დამატებითი თანხა კი მას მიღებული არ ჰქონია.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „G. B-“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: რ. ბ-ეს შპს „G. B-“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 950 აშშ დოლარის გადახდა.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „G. B-“-მა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 თებერვლის განჩინებით შპს „G. B-“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10. 2012 წლის 22 დეკემბერს შპს ,,G. B-’’-სა და რ. ბ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეებს შორის წარმოიშვა შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
11. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს ,,G. B-’’-ის მიერ მძღოლის დაქირავება და შესაბამისი ანაზღაურების გადახდა.
12. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მძღოლის თვიური ხელფასი შეადგენდა 500 აშშ დოლარს. ხელშეკრულების მე-3 მუხლის შესაბამისად, დამქირავებელი ვალდებულია მასთან დაქირავებულ მძღოლს ყოველთვიურად და დროულად აუნაზღაუროს ამ ხელშეკრულებაში ხელფასის სახით გათვალისწინებული თანხა.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება ყოველი სატრანსპორტო გადაზიდვის დროს მძღოლისათვის 10 დღის კვების თანხის სახით მიეცა საქართველოს ტერიტორიაზე - 100 აშშ დოლარი, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების ტერიტორიაზე - 200 აშშ დოლარი, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიაზე - 250 აშშ დოლარი, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კვების თანხის სახით დამატებით გადაეხადა მძღოლისათვის 15 აშშ დოლარი.
14. პალატამ მიუთითა მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მძღოლი ვალდებულია, თანხები, რომელიც მას გადაეცა ფირმისაგან სატრანსპორტო ხარჯებისათვის (საწვავის თანხა, საბაჟო გადასახადისათვის გაცემული თანხა და სხვა, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო ხარჯებთან), გახარჯვის შემთხვევაში წარადგინოს ამ ხარჯების მიზნობრივად დახარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აბრუნებს მას, დაუბრუნებლობის შემთხვევაში პასუხს აგებს თავისი ქონებით.
15. სასამართლომ საქმეში არსებული უწყისით დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ბ-ეს 2013 წლის 28 იანვარს მიღებული აქვს 5700 აშშ დოლარი, რაც დადასტურებულია მისივე ხელმოწერით. ამასთან, პალატის განმარტებით, მოსარჩელემ არ უარყო და აღნიშნა, რომ მოპასუხეს ხარჯვის მიზნობრიობა ჩაუთვალა 3 750 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო მოპასუხემ ვერ დაადასტურა 1 950 აშშ დოლარის (5700-3750=1950) ხარჯვის მიზნობრიობა.
16. პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულმა ვერცერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა შპს ,,G. B-’’- ის მიერ რ. ბ-ის 11 220 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი. ამასთან, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმის ჩვენება, ვერ მიიჩნეოდა იმგვარ მტკიცებულებად, რომლიც დაადასტურებდა მიღებული თანხების გახარჯვის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას მოსარჩელისათვის.
17. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე რ. ბ-ის წარმომადგენლის განმარტება, რომ მან მოსარჩელე ორგანიზაციაში წარადგინა 5300 აშშ დოლარის ხარჯვის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი. პალატის განმარტებით, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდებოდა 11 220 აშშ დოლარის მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეზე გადაცემის ფაქტი. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ აღნიშნული თანხის რ. ბ-ის გადაცემა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით და აღნიშნა, რომ კანონი ფულადი ვალდებულებების შესრულებისას აუცილებლად ითვალისწინებს წერილობით ფორმით დადასტურებას და ამ ფაქტის დასადატურებლად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ვერ გამოდგება.
18. ამრიგად, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ რ. ბ-ეს სატრანსპორტო გადაზიდვებისას 2013 წლის 28 იანვარს კომპანიისაგან მიღებული ჰქონდა 5700 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხიდან 3750 აშშ დოლარის მოპასუხის მიერ ხარჯვის მიზნობრიობას მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა და ამ მოცულობით ხარჯვის მიზნობრიობა რ. ბ-ის ჩათვლილი ჰქონდა, თუმცა ვერ ადასტურებდა მისთვის 11 220 აშშ დოლარის გადაცემას. ამდენად, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დადგენილია მოპასუხისათვის 5700 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი და მოპასუხის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ამ მოცულობით ათვისებული თანხის (ხარჯვის) მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსარჩელისათვის, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რ. ბ-ის პასუხისმგებლობის მოცულობა განსაზღვრული უნდა ყოფილიყო 1950 აშშ დოლარით (5700 აშშ დოლარი (,,გადაცემული’’) - 3750 აშშ დოლარი (,,კომპანიის მიერ მიზნობრივად ჩათვლილი“) = 1950 აშშ დოლარი (,,ჩაუთვლელი).
19. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა 992-ე მუხლით და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი 1950 აშშ დოლარით.
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „G. B-“-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში. კასატორმა ასევე მოითხოვა მის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულების საქმეზე დართვაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის საოქმო განჩინების გაუქმება.
21. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ რ. ბ-ეს სამუშაოს შესრულებისათვის ავანსად მიღებული აქვს მხოლოდ 5700 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც რ. ბ-ე არასდროს უარყოფდა, რომ მან გარდა აღნიშნული თანხისა, ფირმის წარმომადგენელ ი. ფ-ან ყაზახეთის ქალაქ აქტაოში ხელზე მიღო 2445 აშშ დოლარი და მძღოლ ე. გ-ან - 1200 აშშ დოლარი, რომელთა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები ფირმაში ვერ წარადგინა და ხელშეკრულების თანახმად, იგი ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რ. ბ-ეს ჩვენება მიცემული ჰქონდა სასამართლო პროცესზე, სადაც განიხილებოდა მისი სარჩელი სახელფასო დავალიანების შესახებ. კასატორის განმარტებით, მან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ შეძლო მოცემული მტკიცებულების (სასამართლო სხდომის ოქმის) წარდგენა, რადგან აღნიშნულ სარჩელზე საქმის განხილვის პროცესში რ. ბ-ის სარჩელზე წარმოებული საქმე გადაგზავნილი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შპს „G. B-“-ის საჩივრის განსახილველად, ამიტომ აღნიშნული სხდომის ოქმი რ. ბ-ის აღიარებითი ჩვენებით მათ დაურთეს მოცემულ საქმეზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარს, რომლის განხილვის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დამატებით დადასტურდებოდა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, თუმცა სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ განიხილა აღნიშნული მტკიცებულება და მისი პირველი ინსტანიის სასამართლოში წარმოუდგნლობა მიიჩნია არასაპატიოდ.
22. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება ზემოთხსენებულ მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევის მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „G. B-“-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კერძოდ, კასატორი სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 თებერვლის საოქმო განჩინებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 და 20 იანვრის სასამართლო სხდომათა ოქმების საქმეზე მტკიცებულებების სახით დართვაზე უარის თქმის თაობაზე და აღნიშნავს, რომ მის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული სხდომათა ოქმები, რომლებიც სასამართლომ მტკიცებულებად არ დაუშვა, ადასტურებს სარჩელში ასახულ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ რ. ბ-ეს 5700 აშშ დოლარის გარდა შპს „G. B-“-ის წარმომადგენელ ი. ფ-ან ყაზახეთის ქალაქ აქტაოში ხელზე მიღებული ჰქონდა 2445 აშშ დოლარი და მძღოლ ე. გ-ან - 1200 აშშ დოლარი, რომელთა ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები ფირმაში ვერ წარადგინა და ხელშეკრულების თანახმად, იგი ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას. კასატორის განმარტებით, აღნიშნულ გარემოებას რ. ბ-ე თავად აღიარებდა საქალაქო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესებზე, სადაც განიხილებოდა მისი სარჩელი შპს „G. B-“-ის წინააღმდეგ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, თუმცა პირველ ინსტანციაში მოცემული საქმის განხილვისას საპატიო მიზეზის გამო მოსარჩელემ ვერ შეძლო აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების (ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომათა ოქმების) წარდგენა, ვინაიდან მათი საჩივრის განხილვის გამო საქალაქო სასამართლოდან საქმე გადაგზავნილი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
27. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას შემდეგ გარემოებათა გამო:
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში შესაძლებელია ახალი ფაქტების მოყვანა და ახალი მტკიცებულებების წარდგენა, თუმცა სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე ან, თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე.
32. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხდებას ანდა შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
33. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ შუამდგომლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 და 20 იანვრის სასამართლო სხდომათა ოქმების საქმეზე მტკიცებულების სახით დართვის შესახებ შპს „G. B-“-ის წარმომადგენელმა ნ. მ-ემ დააყენა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ სააპელაციო საჩივარში. ამასთან, აპელანტმა მოითხოვა აღნიშნული ოქმების წარდგენისათვის ვადის გაგრძელება საქმის განხილვამდე (იხ. ს. 236), ხოლო თავად მტკიცებულებები (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 და 20 იანვრის სასამართლო სხდომათა ოქმები) სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2015 წლის 4 თებერვლის სასამართლო სხდომაზე მისი სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვისას. აპელანტმა აღნიშნული მტკიცებულებების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობის ობიექტურ გარემოებად მიუთითა იმ ფაქტზე, რომ მოცემული საქმის განხილვის პროცესში რ. ბ-ის სარჩელზე წარმოებული საქმე (შპს „G. B-“-ის წინააღმდეგ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ) გადაგზავნილი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შპს „G. B-“-ის საჩივრის განსახილველად, რის გამოც ვერ შეძლეს აღნიშნულ საქმეში არსებული სასამართლოს სხდომათა ოქმების (მტკიცებულებების სახით) საქალაქო სასამართლოში წარდგენა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 04.02.15წ. სხდომის ოქმი 16:20:02-16:25:06).
34. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ მტკიცებულებები (ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომათა ოქმები), რომლებზეც კასატორი (სააპელაციო საჩივრის ავტორი) აპელირებს, თარიღდება 2014 წლის 13 და 20 იანვრით, ხოლო მოცემულ საქმეზე სარჩელი შპს „G. B-“-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი აქვს 2014 წლის 8 მაისს (იხ. ს.ფ. 19-29). ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 20 იანვრიდან 8 მაისამდე აპელანტს ჰქონდა საკმაო დრო მოეძიებინა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და წარედგინა ისინი ჯერ კიდევ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, თუმცა, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მას მას რაიმე შუამდგომლობა აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენისა და საქმეზე დართვის თაობაზე სასამართლოს წინაშე არ დაუყენებია. ამასთან, არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მსვლელობისას მისი მოპოვების შეუძლებლობაზე მიუთითებია, რაც სავალდებულო პირობას წარმოადგენდა იმისთვის, რომ დაგვიანებით (სააპელაციო სასამართლოში) წარდგენილი მტკიცებულება ზემოაღნიშნული მუხლების საფუძველზე, საპატიოდ და დასაშვებ მტკიცებულებად მიჩნეულიყო.
35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 თებერვლის საოქმო განჩინება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 და 20 იანვრის სხდომათა ოქმების მტკიცებულების სახით საქმეზე დართვაზე უარის თქმის თაობაზე მართებულია, არ გამოვლენილა ისეთი საპროცესო დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
37. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
38. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „G. B-“-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 405 ლარის 70% –283,5 ლარი.
41. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
42. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 იანვრის სხდომის ოქმი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის სხდომის ოქმი; 2 CD დისკი) მთლიანობაში „29“ ფურცლად + 2 CD დისკი (ს.ფ. 303-333).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „G. B-“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „G. B-“-ს (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) დაუბრუნდეს ნ. მ-ის (პ/ნ: ...) მიერ 2015 წლის 10 მარტს №2 საგადახდო დავალებით და 2015 წლის 21 აპრილს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 405 ლარის ლარის 70% – 283,5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. კასატორ შპს „G. B-“-ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 იანვრის სხდომის ოქმი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის სხდომის ოქმი; 2 CD დისკი) მთლიანობაში „29“ ფურცლად + 2 CD დისკი (ს.ფ. 303-333);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე