Facebook Twitter

№ ას-441-420-2015 29 იანვარი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ო. ჯ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. შ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შ. შ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ო. ჯ-ის“ მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე და მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხიდან დარჩენილი 4342 ლარისა და ჯარიმის, 3340 ლარის, ასევე სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 240 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის, სააღსრულებო ბიუროში გადახდილი 100 ლარისა და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულის ხარჯის - 200 ლარის დაკისრება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

2. 2009 წლის 5 აგვისტოს შ. შ-სა და შპს „ო. ჯ-ს“ შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „ო. ჯ-მა“ შ. შ-ან სესხად აიღო 4000 აშშ დოლარი. კრედიტორს დაუბრუნდა 1400 აშშ დოლარი, დასაბრუნებელი დარჩა 2600 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად, სესხი უპროცენტო იყო, თუ მოვალე ვალს დაფარავდა 2010 წლის 31 აგვისტომდე და ქონებაზე ყადაღის მოხსნისთანავე განახორციელებდა საკუთარ საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვას სესხის უზრუნველსაყოფად. მოვალემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ორივე ვალდებულება, რაც გახდა სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი.

3. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 1 ნოემბრისთვის (სარჩელის შეტანისთვის) მოპასუხეს მისთვის გადასახდელი აქვს 29 718 ლარი, თუმცა მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისათვის 8222 ლარის გადახდის დავალდებულება მოითხოვა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის 2600 აშშ დოლარი*1,67=4342 ლარი; ჯარიმა - 2600 აშშ დოლარის 2% თვეში არის 2000*1,67=3340 ლარი.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელის წინაშე შესრულებული აქვს ნაკისრი ფულადი ვალდებულება, რაც დასტურდება 2009 წლის 3 ოქტომბრის ფულადი თანხის მიღების აქტითა და სს „ბაზისბანკის“ ამონაწერით. 2009 წლის 18 ივნისის მორიგების აქტის შესაბამისად, შპს „ო. ჯ-ის“ დირექტორმა იოსებ ნატროშვილს გადაუხადა 40 000 აშშ დოლარი, საიდანაც მას უნდა დაეფარა საზოგადოების ყველა ვალი და ფირმა გადაეცა ვალდებულებების გარეშე.

5. მოპასუხის განცხადებით, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას არ იყო დაცული კანონით გათვალისწინებული ფორმა, სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფა არ განხორციელებულა, შესაბამისად, შპს „ო. ჯ-ის“ წინააღმდეგ დაუშვებელია იმ ფინანსური ვალდებულებების გამოყენება, რაც მითითებულია სარჩელში.

6. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას 2014 წლის 26 თებერვლის სასამართლო პროცესზე მოსარჩელე შ. შ-ემ დააზუსტა მოთხოვნა და ჯარიმის ოდენობა ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირი თანხის 5%-ის ნაცვლად განსაზღვრა 2%-ით, რაც შედგენდა 2000 აშშ დოლარს, ანუ 3340 ლარს.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით შ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს „ო. ჯ-ს“ შ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის 4342 ლარისა და ჯარიმის - 3340 ლარის გადახდა; შპს „ო. ჯ-ს“ მოსარჩელე შ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 230.46 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად; შპს „ო. ჯ-ს“ შ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარის გადახდა; შპს „ო. ჯ-ს“ შ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 200 ლარის გადახდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ო. ჯ-მა“.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებით შპს „ო. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11. 2009 წლის 5 აგვისტოს შპს „ო. ჯ-სა“ და შ. შ-ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და 2009 წლის 5 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „ო. ჯ-ის“ დირექტორმა, ი. ნ-მა მიიღო სესხის ხელშეკრულების თანხა, 4000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების შესაბამისად, სესხის თანხა შპს „ო. ჯ-ს“ უნდა დაებრუნებინა 2010 წლის 31 აგვისტომდე. სესხის ხელშეკრულების 4.5 პუნქტით განისაზღვრა, რომ მოვალის მიერ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან შემოსავლების დამალვის, ან კრედიტორისაგან სესხად აღებული თანხის საგარანტიოდ, საწესდებო კაპიტალში შეტანილი უძრავი ქონების იპოთეკით დაუტვირთაობის შემთხვევაში, სესხის თანხას ჯარიმის სახით ყოველთვიურად დაერიცხებოდა 5%, 2010 წლის 31 აგვისტომდე. ხელშეკრულების 4.9. პუნქტის თანახმად კი, დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.3%-ით.

12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით და მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების, კერძოდ, 2009 წლის 29 აგვისტოს ფულის მიღების აქტით, 2009 წლის 3 სექტემბრის N1 საგადახდო დავალებით და 2009 წლის 3 ოქტომბრის ფულის მიღების აქტით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ო. ჯ-ს“ შ. შ-ისათვის დაბრუნებული აქვს სესხის თანხა, 1400 აშშ დოლარი.

13. პალატამ ყურადღება გაამახვილა სესხის ხელშეკრულების 4.13 პუნქტზე, რომლის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო ოფიციალურად გაფორმებული და ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი აქტებით ან გადაირიცხებოდა თანხის მიმღების მიერ წერილობითი მოთხოვნით საბანკო ანგარიშზე.

14. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ შპს „ო. ჯ-ს“ შ. შ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ გააჩნია დავალიანება და სრულად აქვს დაფარული სესხის თანხა, ეკისრება აპელანტს, რომელმაც სათანადო მტკიცებულებაზე მითითებით ვერ შეძლო იმ სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება, რომელზეც ამყარებდა თავის შესაგებელს და სააპელაციო მოთხოვნას.

15. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე და დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე შპს „ო. ჯ-ს“ 2009 წლის 5 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ, გადასახდელი აქვს 2600 აშშ დოლარის ეკვივალენტი, 4342 ლარი.

16. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე 420-ე მუხლებზე, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წესსა და საფუძვლებს.

17. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა, პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ო. ჯ-მა“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

19. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სესხის ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმდა მარტივი წერილობითი ფორმით. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მხოლოდ მოპასუხის განცხადების შესაბამისად ვერ მოხდებოდა. მოსარჩელემ კი განმარტა, რომ მათ არ მოუთხოვიათ ამ ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

20. მოსარჩელის წარმომადგენელმა მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა სარჩელი და განმარტა, რომ იგი ითხოვდა ძირ თანხასთან ერთად ხელშეკრულების 4.6 პუნქტში მითითებულ ჯარიმის გადახდას და არა პირგასამტეხლოს. ამიტომ სასამართლოს მსჯელობა 3340 ლარის გადახდის ნაწილში აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ამასთან, ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ გაზრდილი.

21. რაც შეეხება ძირ თანხას, საქმეში წარმოდგენილია მორიგების აქტი და მასზე ი. ნ-ის ხელმოწერა, რომელშიც იგი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საწარმოს რაიმე დავალიანება არ გააჩნია. შესაბამისად დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შპს „ო. ჯ-ს“ გააჩნდა დავალიანება შ. შ-ის მიმართ.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განჩინებით შპს „ო. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ო. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოცემულ საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

25. 2009 წლის 5 აგვისტოს შპს „ო. ჯ-სა“ და შ. შ-ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და 2009 წლის 5 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „ო. ჯ-ის“ დირექტორმა, ი. ნ-მა მიიღო სესხის ხელშეკრულების თანხა, 4000 აშშ დოლარი.

26. ხელშეკრულების შესაბამისად, სესხის თანხა შპს „ო. ჯ-ს“ უნდა დაებრუნებინა 2010 წლის 31 აგვისტომდე.

27. შპს „ო. ჯ-ს“ შ. შ-ის დაბრუნებული აქვს სესხის თანხა, 1400 აშშ დოლარი და გადასახდელი აქვს 2600 აშშ დოლარი, ანუ 4342 ლარი.

28. კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელე შ. შ-ის წინაშე რაიმე სახის დავალიანების არსებობის ფაქტს და აღნიშნული გარემოების დასასტურებლად მიუთითებს საქმეში არსებულ მორიგების აქტზე, რომლის თანახმად, შპს „ო. ჯ-ის“ დირექტორმა ი. ნ-ს გადაუხადა 40 000 აშშ დოლარი, საიდანაც მას უნდა დაეფარა საზოგადოების ყველა ვალი და კომპანია გადაეცა ვალდებულებების გარეშე.

29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ზოგიერთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი მოცემულია მატერიალური სამართლის ნორმებში. ეს ის ნორმებია, რომლებიც შინაარსობრივად მხარეთა შორის მტკიცების ტვირთს ანაწილებენ. ვალდებულებითი სამართალი მტკიცების ტვირთს ანაწილებს ისე, რომ მოვალეს ეკისრება მხოლოდ ვალდებულების შესრულების ფაქტის ან იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება, რომელიც გამორიცხავს შესრულებას; ხოლო გამსესხებელს ეკისრება სესხის ხელშეკრულების დადებისა და შესაბამისი თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სადავო 4000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის სესხად გადაცემისა და შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების არსებობის შესახებ მტკიცებულების წარმოდგენის მოვალეობა ეკისრებოდა მოსარჩელეს. ხოლო აღნიშნული თანხის დაბრუნების (ვალდებულების შესრულების) ან სესხის ხელშეკრულების არარსებობის შესახებ მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, მათი შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. სსსკ–ის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 134–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.

31. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებს და თვლის, რომ კასატორის მითითება, რომ შ. შ-ის მიმართ დავალიანების არარსებობას ადასტურებს საქმეში არსებული მორიგების აქტი, დასაბუთებულ შედავებად ვერ იქნება განხილული. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2009 წლის 5 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ო. ჯ-ს“ შ. შ-ის დაბრუნებული აქვს სესხის თანხა, 1400 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი თანხის დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. მოპასუხის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მორიგების აქტი კი, რაზეც კასატორი აპელირებს და რომელიც ეხება მოვალე შპს „ო. ჯ-ის“ ყოფილ დირექტორს, ი. ნ-სა და ამჟამინდელ დირექტორს, ნ. ჯ-ი-ხ-ს შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი თანხის მიღებას, არ წარმოადგენს იმგვარ მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს კრედიტორის, შ. შ-ის მიმართ მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტს.

32. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სასამართლომ ჯარიმის ნაცვლად იმსჯელა პირგასამტეხლოს დაკისრებაზე და განსაზღვრა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული პროცენტი ის ზიანია, რომელიც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. მხარეთა შორის ხელშეკრულების 4.5 მუხლით განსაზღვრული 5%-ის ნაცვლად, მოსარჩელემ მოითხოვა გადაუხდელი ფულადი თანხის 2%. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

33. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან აღნიშნული ნორმის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

34. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

35. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც შეეხება სასესხო ურთიერთობისა და მისგან გამომდინარე ვალდებულების არსებობის საფუძვლებს.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ო. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 384.1 ლარის გადახდა კასატორის გადაუვადდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის (384.1 ლარის) 30% - 115.23 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ო. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ შპს „ო. ჯ-ს“ (ს/კ: ...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (384.1 ლარის) 30% – 115.23 ლარის გადახდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე