№ ას-493-467-2015 26 იანვარი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ა-98“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ა-98“-მა სარჩელი აღძრა სს „თ-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 44 141 ლარის გადახდა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება 718 000 ლარის ოდენობით.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 20 სექტემბერს, შპს „ა-98“-სა და სს „თ-ს“ შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ა-98“-ს სს „თ-ის“ უნდა შეესრულებინა ბოლნისის რაიონის სატყეო მეურნეობის ოფისის სარემონტო სამუშაოები, რაშიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა 96 000 ლარი. სამუშაოები ითვალისწინებდა იმ მოცულობით შესრულებას, რომელიც მოპასუხემ წარადგინა სატყეო დეპარტამენტში სამუშაოების დამთავრების შემდეგ. გარკვეული სამუშაოების გარდა, სამუშაოების ნაწილი შესრულდა დამატებით ზეპირი გარიგების საფუძველზე, თუმცა მასზე გამოწერილი იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესრულებული სამუშაოების აქტები ფორმა №3.
3. 2005 წლის 29 სექტემბერს, შპს „ა-98“-სა და სს „თ-ს“ შორის გაფორმდა მეორე ნარდობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ხის კარ-ფანჯრების დამზადებას და დამონტაჟებას მოპასუხის ობიექტებზე დუშეთში, საგარეჯოსა და თბილისის ზღვაზე, სადაც კვ.მ-ის ფასი დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა 70 (სამოცდაათი) ლარით. მას შემდეგ, რაც ჩაყენებულ იქნა ხის კარ-ფანჯარა, დამკვეთის მოთხოვნით, მოხდა შეთანხმება და ხის კარ-ფანჯრების ნაცვლად, შპს „ა-98“-ის მიერ ჩაყენებულ იქნა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, რაშიც მოპასუხეს 1 კვ.მ.-ზე უნდა გადაეხადა 165 ლარი. შეთანხმების საფუძველზე, დამზადებული და ჩაყენებული იქნა საგარეჯოსა და თბილისის ზღვის ობიექტებზე 164 კვ.მ. მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, რაშიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა 164*165=27060 ლარი, მაგრამ მოპასუხემ უკან დააბრუნა 3986 ლარის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა (დღგ-ს ჩათვლით), ამიტომ გადასახდელი დარჩა 27060-3986=23074 ლარი, რაზეც, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს პრეტენზია არ გააჩნია.
4. მოსარჩელის განმარტებით, მას მოპასუხისაგან მიღებული აქვს შემდეგი თანხები: ავანსი 2005 წლის დეკემბერში - 14000 ლარი, გადარიცხვით. 2006 წლის თებერვალში ნაღდი თანხით 39300 ლარი; 2006 წლის 18 ოქტომბერს 8000 ლარი, გადარიცხვით; 2006 წლის 18 დეკემბერს - 14207 ლარი, გადარიცხვით და 2006 წლის ბოლოს 22530 ლარი, ნაღდი თანხით, სულ ჯამში 98037 ლარი. მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 44 141 ლარი.
5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ გაცემული ფინანსურ-ბუღალტრული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 44 141 ლარი. მოსარჩელე აღნიშნულ დასკვნას ეთანხმება ნაწილობრივ და აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, რომელიც მოპასუხემ დააბრუნა, უკვე გამოკლებული იყო მისაღებ თანხას და ისე იქნა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს არ გადაუხდია 44 141 ლარი ბოლნისის სატყეო მეურნეობის ოფისისა და 7000 ლარი ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოებისათვის, რომელიც მას უნდა გადაეხადა 2007 წლის იანვრის ბოლოსათვის, რის გამოც შპს „ა-98“-ს პრობლემები შეექმნა ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომლის დაკვეთითაც აშენებდნენ 8 სამედიცინო ამბულატორიას. შპს „ა-98“-მა საგადასახადო ორგანოს შესთავაზა ფოთის საბაჟო ტერმინალში დასაწყობებული ლამინირებული ფილების დაყადაღება, რათა საშუალება ჰქონოდა დაესრულებინა სამუშაოები. მათი წერილის საფუძველზე მოხდა ფოთში არსებული ლამინირებული ფილების დაყადაღება, რომლის ღირებულება შეადგენდა 220 000 ლარს, რაზეც შედგა დაყადაღების აქტი, თუმცა საგადასახადო ორგანომ არ მოხსნა ანგარიშებს ყადაღა და ანგარიშებზე ყადაღის არსებობის გამო კომპანიამ ვერ გააგრძელა საქმიანობა, რის გამოც მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა ჯანდაცვის სამინისტროსთან და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმების დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, კომპანიამ მოსარჩელის მიერ თანხების გადაუხდელობით განიცადა 718 000 ლარის ზიანი.
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნია, ასევე გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რომლის დენა დაიწყო 2006 წლიდან და დასრულდა 2009 წელს. მოპასუხის განმარტებით, სააქციო საზოგადოება სს „თ-ის“ მთელი ქონება დაყადაღებულია სახელმწიფოს მიერ და იმყოფება გაკოტრების რეჟიმში. გარდა ამისა, იმავე საგანზე მოსარჩელეს შეტანილი ჰქონდა სარჩელი გარდაბნის რაიონულ სასამართლოში 2010 წლის 13 აგვისტოს, რომელიც 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებით დარჩა განუხილველად მხარის მიერ სარჩელის გახმობის გამო.
7. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ა-98“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-98“-მა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით შპს „ა-98“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.
10. საააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას შპს „ა-98-ის“ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებითი დაცვის შესაძლებლობას.
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებამდე, შესაბამისი წინაპირობის არსებობისას (რაშიც იგულისხმება ის, რომ ამ გარემოებაზე უნდა უთითებდეს მოპასუხე), სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ფაქტები.
12. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ შპს „ა-98“-ის სასარჩელო მოთხოვნაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა გავრცელდეს სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
13. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და მხარეთა შორის შედგენილი ფორმა №3-ით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ბოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შედგენილ იქნა 2007 წლის 29 იანვარს. 2005 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულების 2.3. პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ა 98“-ს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2007 წლის 11 მარტს. ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სს ,,თ-ის” მიერ შესრულებულ იქნა ნაწილობრივ. შესაბამისად, შპს ,,ა 98“-ს, პალატის აზრით, მოთხოვნის უფლება სს ,,თ-ის” მიმართ წარმოეშვა 2007 წლის 11 მარტიდან. შესაბამისად, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო აღნიშნული თარიღიდან და დასრულდა 2010 წლის 11 მარტს. შპს „ა -98-მა“ კი სარჩელით ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მიმართა 2014 წლის 17 იანვარს, ანუ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
14. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტაცია ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
15. პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ შპს „ა-98“-მა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს პირველად სარჩელით მიმართა 2010 წლის 5 იანვარს. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განჩინებით კი მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. შპს „ა-98-ის“ დირექტორებმა თ. და დ. ს-მა 2010 წლის 8 აგვისტოს კვლავ მიმართეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს სარჩელით და მოითხოვეს 2005 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობისა და მისი განუხილველად დატოვების თაობაზე.
16. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე, 139-ე, 140-ე მუხლებით და განმარტა, რომ ხანდაზმულობას წყვეტს უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი განცხადება, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს, ხოლო, თუ სასამართლო უფლებამოსილი პირის განცხადებას ან სარჩელს არ მიიღებს, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყდება. სარჩელის განუხილველად დატოვებისას ან საქმის წარმოების შეწყვეტისას კი იგივე სარჩელის ექვსი თვის ვადაში წარდგენის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის წარდგენის დროიდან. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა ნიშნავს, რომ შეწყვეტამდე განვლილი დრო ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება და ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.
17. პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის სააპელაციო სასამართლოში შპს „ა-98“-ის მიერ წარდგენილ და სასამართლოს მიერ მტკიცებულების სახით დართულ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მომართვაზე, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „ა-98-მა“ ბოლნისის რიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შემდეგი პერიოდულობით: 2013 წლის 6 აგვისტოს და 2013 წლის 9 აგვისტოს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე; 2013 წლის 18 დეკემბერს და 2013 წლის 23 დეკემბერს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და ბოლო სარჩელით მიმართა 2014 წლის 17 იანვარს, რომელზეც ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2014 წლის 23 აპრილს.
18. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ შპს „ა-98-ის“ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სს „თ-ის“ მიმართ პირველი სარჩელის შეტანის დროიდან, კერძოდ 2010 წლის 5 იანვარიდან შეწყვეტილად ყოფილიყო მიჩნეული, მას განმეორებით სარჩელი უნდა წარედგინა სასამართლოში 6 თვის ვადაში 2010 წლის 21 დეკემბრიდან (ანუ მას შემდგომ, რაც შპს „ა-98-ის“ სარჩელი სს „თ-ის“ მიმართ დარჩა განუხილველად) 2011 წლის 21 ივნისამდე. შპს „ა-98“-მა კი სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 17 იანვარს, კანონით დადგენილი 6 თვის ვადის გასვლის შემდგომ.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად უთხრა უარი შპს „ა-98“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავდა სარჩელის შემოწმებას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლით. შესაბამისად, არ არსებობდა შპს „ა-98“-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ა-98“-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
21. საკასაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მას არაერთხელ ჰქონდა შეტანილი სარჩელები სასამართლოში, რომლებიც ძირითადად განუხილველი რჩებოდა ბაჟის გადაუხდელობის გამო. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა შეწყვეტილიყო სარჩელის წარდგენისას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ სასამართლოს გარდა, არაერთი განცხადებით და შუამდგომლობით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოებს. კერძოდ, საჩივარი შეტანილი იქნა 2009 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელმაც განცხადება გადაუგზავნა ფინანსურ პოლიციას, რომელმაც დანაშაულის არარსებობის გამო განმცხადებელს ურჩია სასამართლოში სარჩელის წარდგენა. 2012 წლის ბოლოს მოსარჩელემ მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის მიმართ და სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ სარჩელი გაიხმო, საქმე დარჩა განუხილველი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის აზრით, სარჩელის წარმოებაში მიღების დროს უნდა შეწყვეტილიყო ხანდაზმულობის ვადის დენა. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ აქვს დიდი დავალიანება, რის გამოც შპს „ა-98“-ს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოსთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს არა ის, დარღვეულია თუ არა ხანდაზმულობის ვადა, არამედ ის გარემოება, რომ მოპასუხე ორგანიზაცია წლებია არ იხდის დავალიანებას, რამაც გამოიწვია მოსარჩელის მიმართ უდიდესი საჯარიმო სანქციების გამოყენება და მისთვის საგადასახადო ჯარიმების დარიცხვა.
22. საკასაციო საჩივრის ავტორმა ასევე იშუამდგომლა საკასაციო საჩივარზე დართული დოკუმენტების საქმეზე მტკიცებულებების სახით დართვის თაობაზე.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის განჩინებით შპს „ა-98“-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა-98“-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
27. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ხანდაზმულობის ვადას წყვეტს უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი განცხადება ან სარჩელი, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს, ხოლო თუ სასამართლო უფლებამოსილი პირის განცხადებას ან სარჩელს არ მიიღებს წარმოებაში, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყდება.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ მისი სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინების გამოტანიდან 6 თვეში, კერძოდ, 2011 წლის 6 მაისს, მის მიერ სასამართლოსადმი ხელახალი სარჩელით მიმართვამ გამოიწვია ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა 2010 წლის 8 აგვისტოდან, რადგან აღნიშნული სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო 2011 წლის 29 ივლისის განჩნებით.
29. კასატორის განმარტებით, მან შემდგომი სარჩელით სასამართლოს მიმართა 2012 წლის 10 ოქტომბერს, ანუ 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინების გამოტანიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ. ამიტომ აღნიშნული სარჩელი სასამართლოს წარმოებაში რომც მიეღო, ის ვერ გამოიწვევდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. სასამართლომ წარმოებაში მიიღო მხოლოდ 2012 წლის ბოლოს წარდგენილი სარჩელი, რომელიც განუხილველი დარჩა 2013 წლის 16 აპრილის განჩნებით.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი არ არის კვალიფიციური საკასაციო საჩივარი, რის გამოც მისი განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
31. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, სადაც განმარტებულია სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისა და განახლების სამართლებრივი საფუძვლები (იხ. სუს 2013 წლის 24 ივნისის #ას-182-175-2013 განჩინება).
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ა-98“-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობას საკასაციო საჩივარზე თანდართული დოკუმენტების საქმეზე მტკიცებულებების სახით დართვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის აღნიშნული შუამდგომლობა უსაფუძვლოა, არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები (საქართველოს შინაგან სქმეთა სამინისტროს 2009 წლის 30 სექტემბრის #1938386 წერილი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სექტორის წ/სპეციალისტის 2014 წლის 27 მაისი #2/4415 მომართვა; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს გამომძიებლის 2010 წლის 3 აგვისტოს წერილი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოს გამომძიებლის 2014 წლის 19 მაისის #3482/15-04.03/4 წერილი; ბოლნისის რაიონული სასმაართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის 2014 წლის 17 სექტემბრის #4188 მომართვა; გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 აგვისტოს განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ; გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინება სარჩელის განუხილეველად დატოვების შესახებ; გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ; გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ), მთლიანობაში „10“ ფურცლად უნდა დაუბრუნდეს კასატორს შემდეგ გარემოებათა გამო:
35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, მთლიანობაში „10“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 104-113).
37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის გადახდა კასატორის გადაუვადდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 30% - 2400 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ა-98“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ „ა-98“-ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (საქართველოს შინაგან სქმეთა სამინისტროს 2009 წლის 30 სექტემბრის #1938386 წერილი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სექტორის წ/სპეციალისტის 2014 წლის 27 მაისი #2/4415 მომართვა; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს გამომძიებლის 2010 წლის 3 აგვისტოს წერილი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოს გამომძიებლის 2014 წლის 19 მაისის #3482/15-04.03/4 წერილი; ბოლნისის რაიონული სასმაართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის 2014 წლის 17 სექტემბრის #4188 მომართვა; გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 აგვისტოს განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ; გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინება სარჩელის განუხილეველად დატოვების შესახებ; გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ; გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ), მთლიანობაში „10“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 104-113);
3. კასატორ შპს „ა-98“-ს (ს/კ: ...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 30% – 2400 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე