Facebook Twitter

ბს-930-516(კ-05) 13 ოქტომბერი, 2005წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. გ-მა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ზესტაფონის რ-ის გამგეობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მესამე პირის _ გ. ყ-ის მიმართ სარჩელი აღძრა და მოითხოვა ზესტაფონის რ-ის გამგებლის მ/შ 01.12.04წ. ¹317/1 განკარგულების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მ/შ 26.11.04წ. ¹1-ფ/31-848 წარდგინების, შრომის, ჯანმრთეოლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 18.01.05წ. ¹5/კს-1 ბრძანების და ზესტაფონის რ-ის გამგებლის მ/შ 20.01.05წ. ¹5/1 განკარგულების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1996 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ზესტაფონის რაიონული ინსპექციის უფროსად. აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება, სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში “ზოგადი ჰიგიენა”, 1994 წელს მინიჭებული აქვს ჯანდაცვის ოროგანიზატორის უმაღლესი კატეგორია. 02.12.04წ. მისთვის ცნობილი გახდა, რომ რ-ის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 01.12.04წ. ¹317/1 განკარგულებით სანიტარული ინსპექციის ...ად დაინიშნა გ. ყ-ი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება არ გადასცეს იმ მოტივით, რომ ასეთი ბრძანება არ არსებობდა, რადგან იგი არ ყოფილა თანამდებობაზე დანიშნული. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 18.01.05წ. ბრძანებით ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 18.04.97წ. ¹17 კს-1 ბრძანება გ. გ-ის ზესტაფონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის რაიონული ინსპექციის ...ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ და 20.01.05წ. განკარგულებით იგი გათავისუფლდა სამსახურიდან.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო აქტების გამოცემით დაირღვა სზაკ-ის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და კანომდებლობას. ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 93-ე მუხლის შესაბამისად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს, ხოლო 108-ე მუხლის თანახმად, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ან ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ამავე კანონის 110-ე მუხლის მიხედვით, სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით და კეთდება ჩანაწერი შრომის წიგნაკში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გ. ყ-ი დაინიშნა არარსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, დანიშვნის შედეგად ერთ საშტატო განრიგის განაკვეთის მქონე თანამდებობაზ. აღმოჩნდა დანიშნული ორი მოხელე. ამასთან, სანიტარული კოდექსის 44-ე მუხლის I-ლი ნაწილის “თ” ქვეპუნქტისა და ზესტაფონის რ-ის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის დებულების მე-4 მუხლის მე-6 ქვეპუნქტის შესაბამისად, სანიტარული ინსპექციის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს “საექიმო საქმიანობის შესახებ” კანონის მოთხოვნებს და უნდა ჰქონდეს სათანადო სერთიფიკატი, ასევე, ლიცენზია, ხოლო გ. ყ-ი აღნიშნულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

მოპასუხე ზესტაფონის რ-ის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ გ. ყ-ის სანიტარული ინსპექციის უფროსად დანიშვნის შესახებ ზესტაფონის რ-ის გამგებლის 01.12.04წ. ¹317/1 განკარგულება მიღებულ იქნა სანიტარული კოდექსის მე-14 მუხლის მე-3 ქვეპუნქტისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 26.11.04წ. წერილის საფუძველზე. ამდენად, მისი ბათილად ცნობა სზაკ-ის მე-60 მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად დაუშვებელია, რადგან იგი არ ეწინააღმდეგება და არ არღვევს კანონის დადგენილ მოთხოვნებს. სარჩელი, ასევე, არ ცნეს მოპასუხე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მესამე პირმა _ გ. ყ-მა.

ზესტაფონის რაონული სასამართლოს 15.03.05წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ბათილად იქნა ცნობილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 18.01.05წ. ბრძანება “საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 18.04.97წ. ¹17 კს-1 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე”, 18.01.05წ. ¹01-07/342 წარდგინება, ზესტაფონის რ-ის გამგეობის 20.01.05წ. ¹5/1 განკარგულება, გ. გ-ი აღდგენილ იქნა პირვანდელ თანამდებობაზე და მას აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს აქვს უფლება, იდავოს მხოლოდ თავაისი დარღვეული უფლებების აღსადგენად. გ. ყ-ის წარდგენითა და მისი დანიშვნით ინპექციის უფროსად გ. გ-ის უფლებები არ დარღვეულა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გ. გ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ გ. გ-მა მოითხოვა ზესტაფონის რ-ის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 01.12.04წ. ¹317/1 განკარგულების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 26.11.04წ. @¹1-03/31-848 წარდგინების ბათილად ცნობა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ზესტაფონის რ-ის გამგეობამ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 16.05.05წ. გადაწყვეტილებით ზესტაფონის რ-ის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 15.03.05წ. გადაწყვეტილება გ. გ-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 26.11.04წ. წარდგინება და ზესტაფონის რ-ის გამგეობის მოვალეობის შემსრულებლის 01.12.04წ. განკარგულება, დანარჩენ ნაწილში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ზესტაფონის რ-ის გამგეობის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გ. გ-ი 2003 წლიდან გათავისუფლდა სამსახურიდან, რადგან მისი დანიშვნა არ მომხდარა “სანიტარული კოდექსის” მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან “სანიტარული კოდექსის” ძალაში შესვლასთან დაკავშირებით არ მომხდარა რაიმე აქტის გამოცემა, რომლითაც შეწყდებოდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა გ. გ-თან, აღნიშნული კანონის ამოქმედება ვერ გამოიწვევს პირის ავტომატურად გათავისუფლებას სამსახურიდან. გ. გ-ი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ჯანდაცვის მინისტრის 18.04.97წ. ბრძანებით აღდგენილ იქნა ზესტაფონის სანიტარული ინსპექციის უფროსად და 2005წ. 20 იანვრამდე ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, ფაქტობრივად დაშვებული იყო სამსახურში, გ. გ-ი არ გათავისუფლებულა სამსახურიდან შკკ-ის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზესტაფონის რ-ის სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის უფროსის ადგილი არ ყოფილა ვაკანტური, რის გამოც აღნიშნულ თანამდებობაზე გ. ყ-ის კანდიდატურის წარდგენა და დანიშვნა დაუშვებელი იყო.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ზესტაფონის რ-ის გამგეობის მითითება, რომ გ. გ-ის გათავისუფლება უკავშირდებოდა სანიტარული ინსპექციის რეორგანიზაციას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. დაწესებულების სახელწოდების შეცვლა, კერძოდ, “ზესტაფონის სახელმწიფო სანიტარულ ინსპექციას” ეწოდა “ზესტაფონის რ-ის სახელმწიფო სანიტარული ინსპექცია”, აგრეთვე, სამსახურის უფროსის დანიშვენის წესის შეცვლა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად არ წარმოადგენს პირის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. გ-ის გათავისუფლება სანიტარული კოდექსის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით არ მომხდარა. ამასთან აღნიშნული კოდექსით არ არის განსაზღვრული სანიტარული ინსპექციის რეორგანიზაციის საკითხი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზესტაფონის რ-ის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ: თანახმად საქართველოს სანიტარული კოდექსის 14.3 მუხლისა, ქალაქებისა და რაიონების სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის უფროსს, შრომის, ჯანმრთენლობის და სოციალური დაცვის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რ-ის (ქალაქის) გამგებელი. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო ინსპექციის უფროსები შედიან საქართევლოს პრეზიდენტის 21.07.01წ. ¹286-ი ბრძანებით დამტკიცებულ “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში” და სანიტარული ინსპექციის უფროსის შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით მაშინ, როდესაც ამ ურთიერთობის დასარეგულირებლად გამოყენებულ უნდა იქნეს სპეციალური ნორმა, კერძოდ, სანტარული კოდექსის 14.3 მუხლი. სასამართლომ ასევე დაარღვია “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25.2 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული აქტით დადგენილი ნორმა. მცდარია სასამართლოს მითითება რ-ის გამგეობის მიერ 15.11.03წ. დამტკიცებული ინსპექციის დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტზე, ვინაიდან ინსპექციის დებულება რ-ის გამგებლის მიერ დამტკიცებულ იქნა 12.04.05წ. ¹4 ბრძანებით. ინსპექციის დებულების I მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ნორმატიულ აქტებს შორის, რომლითაც ხელმძღვანელობს თავის საქმიანობაში ინსპექცია, არ არის მითითებული “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი. კასატორი თვლის, რომ სამინისტროს 26.11.04წ. წარდგინების და რ-ის გამგებლის მ.შ 01.12.04წ. ¹317/კ განკარგულების გაუქმება მოხდა სანიტარული კოდექსის 14.3 მუხლის დარღვევით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის 16.05.05წ. გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ხ. გ-ისათვის სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 16.05.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი (სსკ-ის 393-ე მუხლის “ბ” და “გ” ქვეპუნქტი). კასატორი აღნიშნავს, რომ სანიტარული კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ გ. გ-ი არ იქნა დანიშნული ზესტაფონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე სანიტარული კოდექსის 14.3 მუხლის შესაბამისად, კერძოდ, სამინისტროს 26.12.03წ. წერილით გ. გ-ის კანდიდატურა წარდგენილ იქნა ზესტაფონის რ-ის გამგეობას თანამდებობაზე დასანიშნად, რაზედაც რ-ის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 07.02.04წ. ¹83 წერილით რ-ის გამგეობამ უარი განაცხადა გ. გ-ის დანიშვნაზე. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია მინისტრის მ/შ 26.11.04წ. წარდგინების და გამგებლის მ/შ 01.12.04წ. განკარგულების გამოცემის სამართლებრივი საფუძვლები, კასატორი თვლის, რომ გ. ყ-ის თანამდებობაზე დანიშვნით არ დარღვეულა გ. გ-ის უფლებები, რადგანაც იმ დროისათვის რ-ის ინსპექციის უფროსის თანამდებობა გახლდათ ვაკანტური, გ. ყ-ის თანამდებობაზე დანიშვნა არ ყოფილა გ. გ-ის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ. გ-ის სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმა.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარე გ. გ-მა და მისმა წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და აღნიშნეს, რომ გ. ყ-ის ინსპექციის უფროსად დანიშვნისას მოსარჩელე არ ყოფილა გათავისუფლებული სამსახურიდან, არ არსებობდა სამსახურიდან მისი გათავისუფლების ბრძანება. გ. ყ-ი არ აკმაყოფილებს თანამდებობაზე დანიშვნის მოთხოვნებს, იგი არ არის ...ი, არ აქვს სპეციალობის დამადასტურებელი სერთიფიკატი, არ გააჩნია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება. გამგეობის მიერ 15.11.03წ. დამტკიცებული ინსპექციის წესდების 4.7 მუხლის თანახმად ინსპექციაში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ინიშნება მოხელე _ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი, ხოლო ხელშეკრულებით მიიღება დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, რის გამოც სადავო ურთიერთბა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით უნდა მოწესრიგდეს, რომლის 93-ე, 108-ე, 21-ე, 23-ე, 31-ე და სხვა მუხლების მოთხოვნები არის დარღვეული. სანიტარული კოდექსი არ აწესრიგებს რეორგანიზაციის საკითხებს, არ არსებობს რაიმე წინააღმდეგობა სანიტარულ კოდექსსა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონს შორის, ამდენად სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25.2 მუხლის მოთხოვნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარემ ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ გ. გ-ი, ქ. თბილისის საბურთალოს რ-ის სასამართლოს 18.03.97წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 18.04.97წ. ¹17/კს ბრძანებით, აღდგენილ იქნა ზესტაფონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის რაიონული ინსპექციის უფროსის, ზესტაფონის რ-ის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის თანამდებობაზე. გ. გ-ი ზესტაფონის სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს მისი გათავისუფლების შესახებ განკარგულების მიღებამდე, ანუ 2005წ. 20 იანვრამდე. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 26.12.03წ. მიმართა რ-ის გამგეობას, რომლითაც რაიონული ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე წარადგინა გ. გ-ის კანდიდატურა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე სხვა კანდიდატურის წარდგენა. მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 26.11.04წ. ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ იქნა გ. ყ-ი. ზესტაფონის რ-ის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 01.12.04წ. ¹317/1 განკარგულებით ზესტაფონის სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა გ. ყ-ი, რომელსაც დაევალა ორი კვირის ვადაში უფროსის მოადგილის (მოადგილეების) კანდიდატურების და ინსპექციის დებულების დასამტკიცებლად წარდგენა.

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 18.01.05წ. ¹5 კ/ს ბრძანებით, სზაკ-ის 61.1 მუხლის საფუძველზე, საქართველოს სანიტარული კოდექსის 14.3 მუხლის თანახმად, ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის 18.04.97წ. ¹17/კს-§1 ბრძანება (გ. გ-ის სამსახურში აღდგენის შესახებ), ზესტაფონის რ-ის გამგებლის წინაშე დაისვა საკითხი გ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მინისტრის 18.01.05წ. ¹01-07 ¹342 წერილის (წარდგინების) საფუძველზე ზესტაფონის რ-ის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 20.01.05წ. ¹5/1 განკარგულებით, გ. გ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი) და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა სანიტარული კოდექსი. ის გარემოება, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” სანიტარული კოდექსი კანონთან შედარებით უფრო გვიან მიღებული კანონია, არ გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობების მიმართ უკანასკნელის გამოყენებას, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი ადგენს საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძველს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. საქართველოს სანიტარული კოდექსის ნორმების მეშვეობით ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ინსტიტუციური მართვის საკითხების რეგულირება არ გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობების მიმართ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმების გამოყენების შესაძლებლობას, აღნიშნული საკანონმდებლო აქტები ავსებენ ერთმანეთს, არ არსებობს ხსენებულ საკანონმდებლო აქტებს შორის წინააღმდეგობა, შესაბამისად არ დასტურდება “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა, არ არსებობს სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები. “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 6.1 მუხლის მიხედვით, ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა მუშაობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება ამ ორგანოთა მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით. ამავე კანონის 7.1 მუხლის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტი მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და სავალდებულოა შესასრულებლად. ამდენად, სადავო ურთიერთობების მიმართ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმების გამოყენების დაუშვებლობა არ დასტურდება იმით, რომ ხსენებული კანონი არ არის მითითებული გამგებლის მიერ 12.04.05წ. ¹4 ბრძანებით დამტკიცებულ ინსპექციის დებულების I-ლი მუხლის მე-2 პუნქტში.

მართებულია, აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში კანონქვემდებარე აქტის, კერძოდ გამგეობის მიერ 15.11.03წ. დამტკიცებული დებულების გამოყენება. რ-ის გამგებლის 12.04.05წ. ¹4 ბრძანებით ზესტაფონის რ-ის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის დებულების დამტკიცება არ ადასტურებს 15.01.03წ. ¹305 დადგენილებით დამტკიცებული დებულების გამოყენების დაუშვებლობას, ვინაიდან სწორედ უკანასკნელი მოქმედებდა სადავო აქტების, კერძოდ, გ. ყ-ის დანიშვნის შესახებ გამგებლის მ/შ განკარგულების გამოცემის პერიოდში, ახალი დებულების პროექტის წარმოდგენა გ. ყ-ს სწორედ სადავო 01.12.04წ. განკარგულებით დაევალა, ამდენად დაუშვებელია ამჟამად მოქმედი დებულების ნორმების საფუძველზე სადავო ურთიერთობების გადაწყვეტა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 26.11.04წ. წარდგინების და რ-ის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 01.12.04წ. ¹317/1 განკარგულების გაუქმებით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სანიტარული კოდექსის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. კოდექსის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქალაქისა და რ-ის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციების უფროსები (მოადგილეები) თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან გამგებლის (მერის) მიერ მინისტრის წარდგინებით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ინსპექციის სახელწოდების, რ-ის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის წესის შეცვლა არ ადასტურებს კოდექსის ხსენებული ნორმის ძალაში შესვლიდან ინსპექციის უფროსების თანამდებობიდან ავტომატურ გათავისუფლებას. სანიტარული კოდექსის ნორმები, აგრეთვე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 22.07.04წ. ¹172/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის დებულება არ იძლევა ამგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას, კოდექსის მე-14 მუხლი ითვალისწინებს კოდექსის გამოქვეყნების შემდეგ რ-ის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციების უფროსების თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების წესს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია, აგრეთვე დაწესებულების დაქვემდებარების შეცვლა არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, რეორგანიზაციის შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებული, იყო დაეცვა ხსენებული კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი, არ მომხდარა. გ. გ-ის ინსპექციის უფროსის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას არ ადასტურებს აგრეთვე ის გარემოება, რომ გ. გ-ის ინსპექციის ...ად დანიშვნა მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. გ-ი 2005წ. 20 იანვრამდე, მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულების გამოცემამდე, იკავებდა ზესტაფონის სანიტარული ინსპექციის უფროსის თანამდებობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ ინსპექციის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის საჭირო იყო სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა. სამინისტროს 18.01.05წ. ¹5/კს ბრძანებით გამგეობის წინაშე გ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის დასმა (წარდგინება), აგრეთვე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 20.01.05წ. ¹5/1 განკარგულება გ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ შეიცავს ასეთ საფუძველს, გათავისუფლებას საფუძვლად არ უდევს სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, გადაცდომა, სამინისტროს და გამგეობის წარმომადგენლები სასამართლო პროცესზე განმარტეს, რომ სამინისტროს წარდგინება და გამგეობის განკარგულება ეფუძნება მხოლოდ მიზანშეწონილობას, რაც, საკასაციო პალატის აზრით, არ ქმნის თნამდებობიდან გ. გ-ის გათავისუფლების საკმარის საფუძველს, აღნიშნული საკმარისია თანამდებობაზე დანიშვნისათვის და არა სამსახურიდან გათავისუფლებისათვის. ამასთანავე, ცხადია, რომ დასაშვებია პირის მხოლოდ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა (“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 23.1 მუხლი). გ. ყ-ი ისე დაინიშნა თანამდებობაზე, რომ არ მომხდარა გ. გ-ის გათავისუფლება, რაც სამინისტროს მიერ გ. ყ-ის თანამდებობაზე წარდგინების, ასევე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გ. ყ-ის ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის მართლზომიერების გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს, ვინაიდან ზესტაფონის რ-ის სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის და საქართველოს სანიტარული კოდექსის ნორმების დარღვევით ფაქტობრივად დანიშნულ იქნა ორი მოხელე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გ. ყ-ის წარდგენა და მისი თანამდებობაზე დანიშვნა უკანონოდ ზღუდავს გ. გ-ის ინტერესებს, რომელიც იკავებდა ინსპექციის ...ის თანამდებობას გ. ყ-ის თანამდებობაზე წარდგენის და დანიშვნის დროს აღნიშნული გახდა გ. გ-ის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი.

იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის მინისტრის 18.04.97წ. ¹17/კს ბრძანება გამოცემული იყო ქ. თბილისის საბურთალოს რ-ის სასამართლოს 18.03.97წ. ძალაში შესული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ ხსენებული ბრძანების გაუქმება. ზესტაფონის რ-ის გამგებლის წინაშე რ-ის სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის ...ის _ გ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის დასმა, შესაბამისი წარდგინებით მიმართვა, არანაირად არ უკავშირდება სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებას და ჯანდაცვის მინისტრის 18.04.97წ. ¹17/კს ბრძანებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც, სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზესტაფონის რ-ის გამგეობის, გ. ყ-ის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამრათლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 16.05.05წ გადაწყვეტილება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.