№ ას-1003-947-2015 29 იანვარი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი- შპს „ს. კ. ა.ს.ჯ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი– თანხის დაკისრება,ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც-მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ს.კ.ა. ს. ჯ-ის“ მიმართ სამედიცინო მომსახურეობის ღირებულების ძირითადი დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით:
2. მოსარჩელის განმარტებით, მან საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის სექტემბერში სამედიცინო მომსახურება გაუწია მოპასუხის მიერ დაზღვეულ პირებს. დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ სულ შეადგინა 35 887.20 ლარი, რომლის გადახდაც, დადგენილების თანახმად, უნდა მომხდარიყო 2013 წლის 30 ოქტომბრამდე. მოსარჩელის განმარტებით, არაერთი თხოვნის მიუხედავად, სადაზღვევო კომპანიას აღნიშნული თანხა არ გადაუხდია. საქართველოს მთავრობის №177 დადგენილების თანახმად, დავალიანების გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.1 %, რაც მას დღემდე არ შეუსრულებია.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ს.კ.ა. ს. ჯ-სა“ და სს „ჩ. ო. კ-ას“ შორის გაფორმებულია შეთანხმება სამედიცინო მომსახურების გაწევის, გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე დოკუმენტაციის დამუშავებისა და გაწეული სამუშაოს ღირებულების სამედიცინო მომსახურების გამწევზე ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს არ წარმოადგენს შპს „ს.კ.ა. ს. ჯ-ი“. გარდა ამისა, მხარეთა შორის არ არის გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც წარმოიშობა მზღვეველის ვალდებულება თანხის ანგარიშსწორებაზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც-ის “ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ს.კ.ა. ს. ჯ-ს“ შპს „ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის სექტემბრის თვეში გაწეული სამედიცინო მომსახურეობისათვის 35 887.20 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს „ს.კ.ა. ს. ჯ-ს“ შპს „ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის სექტემბრის თვეში მოპასუხის დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურეობის ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის დარჩენილი ძირითადი თანხის, 35 887.20 ლარის 0.01 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 31 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; შპს „ს.კ.ა. ს. ჯ-ს“ შპს „ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის სექტემბრის თვეში გაწეული სამედიცინო მომსახურებიდან წარმოშობილი დავის განხილვისათვის გადახდილი ბაჟის, 500 ლარის გადახდა.
5. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „ს.კ.ა. ს. ჯ-მა“, ასევე შპს „ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც-მა“.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-4 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ს.კ.ა. ს. ჯ-ს“ შპს „ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის სექტემბრის თვეში მოპასუხის დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის დარჩენილი ძირითადი თანხის 35 887.20 ლარის 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 31 ოქტომბრიდან 2014 წლის 8 აგვისტომდე, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დარჩენილი ძირითადი თანხის 35 887.20 ლარის 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; შპს „ს.კ.ა. ს. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
7. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლიციო ნაწილის მე-2 პუნქტს, რომლითაც შპს „ს.კ.ა. ს. ჯ-ს’’ შპს „ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის სექტემბრის თვეში მოპასუხის დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის დარჩენილი ძირითადი თანხის 35 887.20 ლარის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 31 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. დანარჩენ ნაწილში შპს „ს.კ.ა. ს. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები პალატამ უსაფუძლოდ მიიჩნია.
8. სასამართლომ არ გაიზიარა შპს „ს.კ.ა. ს. ჯ-ის“ მითითება იმის შესახებ, რომ იგი არ წარმოადგენდა შპს „ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც-ის” მიმართ და მის სასარგებლოდ 2013 წლის სექტემბრის თვეში გაწეული სამედიცინო მომსახურების 35887.20 ლარის გადახდაზე ვალდებულ პირს. აპელანტი ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ შპს „ს.კ.ა. ს. ჯ-სა’’ და შპს ,,ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც-ს’’ შორის არ იყო გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რაც საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის N177-ე დადგენილების შესაბამისად, წარმოადგენდა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების აუცილებელ წინაპირობას.
9. პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის N177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს დოკუმენტაციის ინსპექტირება და მხარესთან გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, ხოლო, ამ პერიოდის დასრულებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში მოახდინოს ანგარიშსწორება.
10. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც-ის” მიერ 2013 წლის სექტემბრის თვეში გაწეული ასანაზღაურებელი სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 35 887.20 ლარი. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ის მოპასუხესთან შეეცადა ,,ურთიერთშეთანმების’’ აქტის გაფორმებას.
11. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ხელშეკრულებაში საგანგებოდ არ იყო დათქმული მხოლოდ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე, რაც არ გამორიცხავდა მესამე პირის მიერ მოვალის ვალდებულების შესრულებას, მაგრამ არ ათავისუფლებდა მას პასუხისმგებლობისგან. კრედიტორს უფლება ჰქონდა მიეღო შესრულება ნებისმიერი მესამე პირისგან, თუ ეს უკანასკნელი გამოხატავდა ამის ნებას. ის გარემოება, რომ მოპასუხემ მესამე პირებთან (სს „ჩ. ო. კ-ან“ და შპს „მ. პ. ს-ან“) გააფორმა ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურების გაწევასა და გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე დოკუმენტაციის დამუშავებისა და გაწეული სამუშაოს ღირებულების სამედიცინო მომსახურების გამწევზე ანაზღაურების თაობაზე და ამის შესახებ აცნობა მოსარჩელეს, სააპელაციო სასამართლოს აზრით, არ გამორიცხავდა მოპასუხის ვალდებულებას აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური.
12. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 371-ე, 629-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული სრულად, დადგენილ ვადაში. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ არსებობდა შპს „ს.კ.ა. ს. ჯ-ის“ შპს „ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც-ის“ სასარგებლოდ 2013 წლის სექტემბრის თვეში გაწეული სამედიცინო მომსახურების, 35 887.20 ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.
13. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა შპს „ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც-ის” მოსაზრება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის დაუსაბუთებლობაზე და აღნიშნა, რომ ამ ნაწილში სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის N177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ყ’’ ქვეპუნქტი.
14. პალატამ სრულად გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის დისპოზიცია იცავს რა, კონტრაგენტს მაღალი პირგასამტეხლოსაგან, აღნიშნული ეხება მხოლოდ მხარეთა მიერ განსაზღვრულ პირგასამტეხლოს და არა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
15. განსახილველ შემთხვევაში კი, სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის სახელშეკრულებო შეთანხმება პირგასამტეხლოს ოდენობაზე არ შემდგარა და ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის N177 დადგენილებით. ამავე დადგენილებაში შეტანილი ცვლილებებითვე მინიმალურ ზღვრამდე იქნა დაყვანილი პირგასამტეხლოს ოდენობა.
16. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მართალია გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია 2014 წლის 29 აპრილს, ხოლო, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის N177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ყ’’ ქვეპუნქტი ძალაში შევიდა 2014 წლის 1 სექტემბერს, თუმცა აღნიშნული ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით ,,მიმწოდებლისა და აფთიაქისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ამ წესით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლისა და აფთიაქის სასარგებლოდ გადაიხადოს ასანაზღაურებელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მზღვეველს მთლიანი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან’’ - დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტს „ღ“, და „შ“ ქვეპუნქტებთან ერთად დაემატა 2014 წლის 1 სექტემბერს. ამდენად, 2014 წლის 1 სექტემბრის ცვლილება შეეხო მხოლოდ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ყ’’ ქვეპუნქტის ბოლო წინადადებას - ,,2014 წლის 08 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0,02%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მზღვეველს მთლიანი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან“.
17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით და მიიჩნია, რომ შპს „ს.კ.ა. ს. ჯ-ს’’ შპს „ა. ო. ღ. ს. ე. ს. ც-ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისებოდა 2013 წლის სექტემბრის თვეში მოპასუხის დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის დარჩენილი ძირითადი თანხის, 35887.20 ლარის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 31 ოქტომბრიდან 2014 წლის 08 აგვისტომდე, ხოლო 2014 წლის 08 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დარჩენილი ძირითადი თანხის 35887.20 ლარის 0.02 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
18. პალატამ ასევე იხლმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მართებულად გადაწყდა სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურში მოდავე მხარეებს შორის დავის განხილვისათვის გადახდილი ბაჟის, 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების საკითხი.
19. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს „ს.კ.ა. ს. ჯ-მა“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
20. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მხარეთა შორის არსებულ სპეციფიკურ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის 177-ე დადგენილება, რომელიც ანგარიშსწორების განხორციელებისთვის სავალდებულოდ განსაზღვრავს მხარეთა შორის ურთიერთშედარების აქტის გაფორმებას, სადაც ზუსტად განისაზღვრება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, გადახდის წესი და ვადები, ამ წესის და ვადების დარღვევით ანგარიშსწორების განუხორციელებლობისას კი პირგასამტეხლოს ოდენობა.
21. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის ზემოაღნიშნული დადგენილების წესების შესაბამისად არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტი, სამედიცინო დაწესებულების მიერ სადაზღვევო კომპანიისათვის მხოლოდ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიწოდება და აღნიშნულზე მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება არ წარმოადგენს გაწეული მომსახურეობის ანგარიშსწორების საფუძველს. ამასთან, კასატორის განცხადებით, მასსა (როგორც მზღვეველს) და სს „ჩ. ო. კ-ას“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში 2013 წლის 1 მარტიდან მზღვეველის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ პირთა ცალკეული კონტიგენტის (სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონსა და აფხაზეთში დადგენილების ფარგლებში დაზღვეული პირების) სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე აღნიშნულ პირებზე გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავებას და მზღვეველისთვის მიწოდებას სრულად უზრუნველყოფს სს „ჩ. ო. კ-ა“. აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ცნობილი იყო მოწინააღმდგე მხარისათვის.
22. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც. მისი აზრით, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ურთიერთობები, მისი სპეციფიკური ხასითიდან გამომდინარე, რეგულირდება ზემოაღნიშნული დადგენილებით, რომელიც ადგენს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამის მონაწილეთა შორის ურთიერთობის განსაკუთრებულ/სპეციალურ წესებს, მათ შორის, ანგარიშსწორებისა და ანგარიშგების ნაწილში. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის №177-ე დადგენილების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადებით არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტ(ებ)ი, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა ანგარიშსწორების ვადები, ხოლო ამავე აქტით განსაზღვრული ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში მოხდებოდა პირგასამტეხლოს დარიცხვა გადაუხდელი თანხის ოდენობაზე. შესაბამისად, კასატორის აზრით, პირგასამტეხლოს დაკისრების ვადები და მისი ოდენობაც გაურკვეველი და დაუსაბუთებელია.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით შპს „ს.კ.ა. ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. კ. ა. ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (მაგ. იხ. სუსგ #942-892-2015; #1205-1147-2014 ; #1284-1226-2013).
29. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს. კ. ა. ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 794.36 ლარის 70% – 1 256.052 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ს. კ. ა. ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ შპს „ს. კ. ა. ს. ჯ-ს“ დაუბრუნდეს მის (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) მიერ 2015 წლის 24 ივლისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 794.36 ლარის 70% – 1 256.052 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე