საქმე№ას-117-113-2016 12 თებერვალი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ა-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ. ბ-ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების პირობების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „თ. ბ-მა" სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ა-ის მიმართ ხელშეკრულების პირობების ბათილად ცნობის თაობაზე. ასევე, შეგებებული სარჩელი აღძრა ა. ა-მა სს „თ. ბ-ის მიმართ ხელშეკრულების პირობების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ა. ა-ს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის მიღებაზე.
საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ა-ის წარმომადგენელმა ო. კ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 იანვრის განჩინებით ა. ა-ის წარმომადგენლის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. ა-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ა-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ა. ა-ს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის მიღებაზე.
საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ა-ის წარმომადგენელმა ო. კ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 იანვრის განჩინებით ა. ა-ის წარმომადგენლის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ა-მა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, კერძო საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და მის გასაჩივრებას საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც ა. ა-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო აღნიშნული განჩინების გასაჩივრებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამასთან უნდა აღნიშნოს, რომ გასაჩივრებული განჩინების დადგენილებითი ნაწილით მხარეებს განემარტათ, რომ მოცემული განჩინება არ საჩივრდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ა-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. ა-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური