Facebook Twitter

№ ას-882-832-2015 10 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ფ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ე. დ. უ. და გ. დ. კ-ა’’ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა, დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ფ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ე. დ., უ. და გ. დ. კ-ის’’ მიმართ კრების ოქმის ბათილად ცნობის, დირექტორის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 22 მაისს დაფუძნდა შპს ,,ე. დ., უ. და გ. დ. კ-ა’’. 2012 წლის 22 მაისს წესდების თანახმად ფ. კ-ეს მიენიჭა სამედიცინო დირექტორის უფლებამოსილება. 2014 წლის 14 თებერვლის პარტნიორთა კრების №2 ოქმის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ფ. კ-ე გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

3. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული ოქმის მე-3 პუნქტი მიღებულია ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და შ.პ.ს-ს წესდების 3.1,3.2, 3.3, 3.6 ,,პ’’, 3.7, 4 პუნქტების მოთხოვნათა უხეში დარღვევით. შ.პ.ს.-ს წესდება/პარტნიორთა შეთანხმების შესახებ 3.6 ,,პ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ,,პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორის დანიშვნაზე და გამოწვევაზე, მათთან ხელშეკრულების დადებაზე და შეწყვეტაზე’’, პარტნიორთა კრების ჩატარების პროცედურა კი რეგლამენტირებულია ამავე წესდების 3.2. მუხლით, რომლის თანახმად ,,ყოველ პარტნიორს ან/და დირექტორს შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით და კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს’’.

4. ზემოთხსენებული 3.2 მუხლის დათქმა კი პარტნიორთა კრებას არ შეუსრულებია, რადგან მოსარჩელისათვის არ შეუტყობინებიათ კრების მოწვევის და განსახილველი საკითხების თაობაზე.

5. მოსარჩელის მითითებით, პარტნიორთა კრებამ ასევე დაარღვია შრომის კოდექსის 37-ე მუხლი, სადაც მითითებულია იმ საფუძვლების შესახებ, რომელთა გამოც შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. ფ. კ-ის გათავისუფლების შემთხვევაში არ არის მითითებული, თუ რა იყო მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი, შესაბამისად იგი გათავისუფლებული იქნა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა. აქედან გამომდინარე იკვეთება ფ. კ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, რაც ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად იკრძალება. მოსარჩელე მხარის აზრით მოპასუხის მიერ ასევე დარღვეულ იქნა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები. შესაბამისად იკვეთება ფ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების უკანონობა და მისი დევნა.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით:

7. 2013 წლის 17 მაისის ბრძანება გათავისუფლების შესახებ ფ. კ-ეს არ გადასცემია და მას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა 2013 წლის 14 ოქტომბრის კრების ოქმით, რომელიც კანონის სრული დაცვით არის მიღებული.

8. მოპასუხის განმარტებით, 2014 წლის 14 თებერვლის კრების ჩატარება განაპირობა კომპანიაში ორი ახალი პარტნიორის შემოსვლამ. აღნიშნულ კრებაზე 2014 წლის 14 ოქტომბრის კრების გადაწყვეტილების რეესტრში რეგისტრაციის მიზნით დადასტურებულ იქნა 2013 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

9. აღნიშნულ კრებაზე თითოეული პარტნიორი მოწვეულ იქნა შვიდი დღით ადრე დაზღვეული წერილით და ასევე გაფრთხილებულ იქნა ტელეფონის მეშვეობითაც. ამასთან, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად აღნიშნული კრება, რომელსაც ესწრებოდა ასევე შპს-ს დამფუძნებელი ყველა პარტნიორი, მეორედ იქნა მოწვეული, ვინაიდან პირველი მოწვევისას ყველა პარტნიორმა ვერ შეძლო გამოცხადება.

10. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელე ფ. კ-ეს ჯერ კიდევ 2013 წლის 14 ოქტომბრის კრებაზე ეცნობა გათავისუფლების მიზეზი, რაზეც ის სინანულს გამოთქვამდა და ინანიებდა თავის ქმედებას.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ფ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. კ-ემ.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის განჩინებით ფ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება.

14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

15. საქმეში წარმოდგენილი წესდებით/პარტნიორთა შეთანხმებით დადგენილია, რომ 2012 წლის 22 მაისიდან საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილებით შ.პ.ს „ე. დ. უ. და გ. დ. კ-ის“ სამედიცინო დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა საზოგადოების 40% წილის მფლობელი პარტნიორი ფ. კ-ე (ტ. I, ს.ფ. 17-22).

16. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შ.პ.ს „ე. დ. უ. და გ. დ. კ-ის“ სამედიცინო დირექტორს - ფ. კ-ეს გააჩნდა საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

17. წესდების 4.1. მუხლის თანახმად, საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ენიჭება გენერალურ დირექტორს, ხოლო ფინანსურ და სამედიცინო დირექტორებს გააჩნიათ მხოლოდ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. დირექტორები საზოგადოებას წარმოადგენენ ერთპიროვნულად, ცალ- ცალკე.

18. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2013 წლის 30 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერის მიხედვით, შ.პ.ს „ე. დ. უ. და გ. დ. კ-ის“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს შორის მითითებულია სამედიცინო დირექტორი - ფ. კ-ე (ტ. I, ს.ფ. 20, 26).

19. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ფ. კ-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შ.პ.ს „ე. დ. უ. და გ. დ. კ-აში“.

20. შ.პ.ს „ე. დ. უ. და გ. დ. კ-ის“ 2014 წლის 14 თებერვლის პარტნიორთა კრების №2 ოქმით დასტურდება, რომ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით ფ. კ-ე გათავისუფლებულ იქნა სამედიციო დირექტორის თანამდებობიდან (ტ. I, ს.ფ. 34-39).

21. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ 2014 წლის 14 თებერვალს გამართულ პარტნიორთა კრებაზე ის სათანადო წესით მოწვეული არ იყო.

22. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების რეესტრზე და ქვითრებზე, რომლებითაც დასტურდება, რომ 2014 წლის 7 თებერვალს ფ. კ-ეს შ.პ.ს „ე. დ. უ. და გ. დ. კ-ის“ მიერ გაეგზავნა დაზღვეული წერილი (ტ. I, ს.ფ. 84-87).

23. შ.პ.ს „ე. დ. უ. და გ. დ. კ-ის“ 2014 წლის 14 თებერვლის პარტნიორთა კრების №2 ოქმით დასტურდება, რომ კრებას ესწრებოდა საზოგადოების კაპიტალში 40% წილის მფლობელი პარტნიორი ფ. კ-ე. კრებაზე ფ. კ-ე გამოვიდა სიტყვით და აღნიშნა, რომ 2013 წლის 30 ივნისს ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზე ის მოწვეული არ ყოფილა, რის გამოც მიიჩნია, რომ ხსენებული კრება არის არაკანონიერი. ფ. კ-ეს 2014 წლის 14 თებერვლის კრებაზე მის მიწვევასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს (ტ. I, ს.ფ. 34-40).

24. მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო კრების მოწვევის შესახებ ფ. კ-ეს დაზღვეული წერილით ეცნობა ერთი კვირით ადრე.

25. წესდების 3.2. პუნქტის მიხედვით, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, ან/და დირექტორს, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დამატებათა შეტანა დღის წესრიგში. იგივე დებულებაა მოცემული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტში.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ 2014 წლის 14 თებერვალს ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზე ფ. კ-ის მოწვევა განხორციელდა კანონით და წესდებით დადგენილი წესით, რის გამოც არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მისთვის სადავო კრების შესახებ სათანადოდ არ უცნობებიათ.

27. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელე ფ. კ-ე შპს „ე. დ. და უ. და გ. დ. კ-ის“ სამედიცინო დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა და ამ თანამდებობიდან გათავისუფლდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შესაბამისად აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლების დებულებები.

28. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ამავე კანონის 47.3 მუხლის შესაბამისად დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.

29. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის, წარმომადგენლობის და საწარმოს სახელით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნიათ დირექტორებს.

30. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დირექტორის საქმიანობა არის სამეწარმეო, იგი ჩვეულებრივ მეწარმეა და მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან რეგულირდება „მეწარმეთა“ შესახებ საქართველოს კანონით. დირექტორი პარტნიორთა ნდობით აღჭურვილი თანამდებობის პირია, რომელიც განაგებს საზოგადოების მთელ ფასეულობას და წარმოადგენს საწარმოს მესამე პირებთან ურთიერთობაში. სწორედ დირექტორის კეთილსინდისიერებასა და სამეწარმეო უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული საწარმოს განვითარება და შესაბამისად, პარტნიორთა სამეწარმეო წარმატებები. ამდენად, დირექტორისათვის საწარმოს მართვის, ქონების განკარგვის და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების რისკის საკომპენსაციოდ, პარტნიორებს ყოველთვის აქვთ უფლება კანონით დადგენილი წესების დაცვით, ნებისმიერ დროს გაათავისუფლონ დირექტორი. აღნიშნულ ურთიერთობაზე არ ვრცელდება შრომის კანონთა მოთხოვნები, მიუხედავად იმისა დირექტორი კეთილსინდისიერად ასრულებს თუ არა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. ამასთან დირექტორის საქმიანობა არ არის ჩვეულებრივი საქმიანობა, და იგი ვერ გაუთანაბრდება საწარმოს მიერ დაქირავებულ მუშაკთან ურთიერთობას, რომელიც რეგულირდება შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად.

31. ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისას დაირღვა საქართველოს შრომის კოდექსის 37-38-ე მუხლების მოთხოვნები, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა.

32. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ფ. კ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

33. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, ფ. კ-ის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის საფუძველი არის დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს საქმის მასალიდან.

34. სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ ფ. კ-ეს არ გააჩნდა საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. მართალია იგი ფიქსირდება საზოგადოების დირექტორად, მაგრამ სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გააჩნდა მხოლოდ საზოგადოების გენერალურ დირექტორს თ. შ-ს.

35. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საზოგადოების პარტნიორებს უაპელაციოდ და ნებისმიერ დროს აქვთ საზოგადოების დირექტორის გათავისუფლების უფლება.

36. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო ეწინააღმდეგება თავისივე გადაწყვეტილებას, სადაც მიუთითებს, რომ ,,პარტნიორებს ყოველთვის აქვთ უფლება კანონით დადგენილი წესების დაცვით ნებისმიერ დროს გაათავისუფლონ დირექტორი“. კასატორის განცხადებით, იგი არ დავობს იმაზე, რომ პარტნიორებს აქვთ დირექტორის გათავისუფლების უფლება. სადავო სწორედ კანონით დადგენილი წესების უგულებელყოფით მიღებული გადაწყვეტილებაა.

37. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 2012 წლის 22 მაისს დაფუძნდა შპს ,,ე. დ., უ. და გ. დ. კ-ა’’. 2012 წლის 22 მაისის წესდების თანახმად, ფ. კ-ეს მიენიჭა სამედიცინო დოქტორის უფლებამოსილება. 2014 წლის 14 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმი № 2-ის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ფ. კ-ე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

38. კასატორის მითითებით, მოცემული ოქმის მე-3 პუნქტი მიღებულია ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და შპს-ს წესდების 3.1, 3.2, 3.3, 3.6 ,,პ’’, 3.7.4 პუნქტების მოთხოვნათა უხეში დარღვევით.

39. შპს-ს წესდების/პარტნიორთა შეთანხმების შესახებ 3.6. ,,პ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ,,პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორის დანიშვნაზე და გამოწვევაზე, მათთან ხელშეკრულების დადებაზე და შეწყვეტაზე“. პარტნიორთა კრების ჩატარების პროცედურა კი რეგლამენტირებულია ამავე წესდების 3.2 მუხლით, რომლის თანახმად ,,ყოველ პარტნიორს ან/და დირექტორს, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით და კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს’’.

40. ზემოთხსენებული 3.2. მუხლის დათქმა კი პარტნიორთა კრებას არ შეუსრულებია, რადგან ფ. კ-ის არ შეუტყობინებიათ კრების მოწვევის და განსახილევლი საკითხების თაობაზე, ასევე პარტნიორთა კრებამ დაარღვია შრომის კოდექსის 37-ე მუხლი, სადაც მითითებულია იმ საფუძვლების შესახებ, რომელთა გამოც შეუძლებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

41. კასატორის გათავისუფლების შემთხვევაში, არ არის მითითებული თუ რა იყო მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი, შესაბამისად გათავისუფლებული იყო ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.

42. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა. აქედან გამომდინარე, იკვეთება ფ. კ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა, რაც ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად იკრძალება. ასევე დარღვეულია შრომის კოდექსის 38-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები.

43. აღსანიშნავია, რომ ფ. კ-ე 2014 წლის 14 თებერვლამდე ორჯერ იყო გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან 2013 წლის 17 მაისს და 2013 წლის 14 ოქტომბერს. ამგვარად, სახეზეა კასატორის უკანონო გათავისუფლება და მისი დევნა.

44. სასამართლომ არ გამოიყენა შპს-ს წესდება, მუხლი: 3.1, 3.2, 3.3, 3.6 ,,პ’’, 3.11; შრომის კოდექსის პირველი, მე-2, 37-ე და 38-ე მუხლები.

45. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ფ. კ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

46. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

47. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

48. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

49. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა შპს „ე. დ. უ. და გ. დ. კ-ის“ 2014 წლის 14 თებერვლის პარტნიორთა კრების თაობაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საზოგადოების წესდების შესაბამისად, ფ. კ-ის ინფორმირებისა და მიწვევის ფაქტი.

50. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ კომპანიის დირექტორის გათავისუფლებისას კომპანიის პარტნიორთა კრებამ უნდა იხელმძღვანელოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის დებულებებით.

51. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ დირექტორის გათავისუფლების კანონიერების შემოწმებისას სასამართლომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის 71-ე და 72-ე პუნქტების შესაბამისად უნდა შეამოწმოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შრომის კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის წესის დარღვევას, რაც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ განუხორციელებია.

52. თუმცა საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორი როგორც სარჩელში, ისე სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დარღვევაზე აპელირებს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მითითების გარეშე, მაშინ როცა მოპასუხე სააპელაციო შესაგებელში აღნიშნავდა, რომ ფ. კ-ე დირექტორის თანამდებობიდან მისი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ინფორმირებული იყო ჯერ კიდევ 2014 წლის 6 თებერვლამდე, როდესაც მას გაეგზავნა 2014 წლის 6 თებერვალს მოწვეული პარტნიორთა კრების დღის წესრიგი, რომელშიც მან წარმოადგინა ცვლილებები და დამატებები, ხოლო 2014 წლის 14 თებერვლის კრება იყო იმავე დღის წესრიგით განმეორებით მოწვეული კრება, რომელიც განმეორებით იქნა მოწვეული 6 თებერვლის კრებაზე ყველა პარტნიორის გამოუცხადებლობის გამო (იხ. სააპელაციო შესაგებელი, ტ. 2. ს.ფ. 20; შპს „ე. დ. უ. და გ. დ. კ-ის“ 2014 წლის 6 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმი, ტ. 1. ს.ფ. 89-92)

53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილია არაკვალიფიციური კასაცია, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამიტომ, მისი განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

54. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ #3კ-654-03 27 მაისი, 2003 წელი; სუსგ #ას-533-5-6-2015, 10 სექტემბერი, 2015 წელი).

55. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ფ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

57. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% –210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ფ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ფ. კ-ეს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 1 ოქტომბერს №20 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე