Facebook Twitter

№ ას-910-860-2015 17 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი- ა. ბ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. დ-ე(მოპასუხე)

მესამე პირი - თ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა. ბ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. დ-სა და თ. ს-ის მიმართ და მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

2. 2000 წლის შემოდგომაზე ა. ბ-სა და ნ. დ-ეს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება თანაცხოვრებისა და ურთიერთ მოვლა-მზრუნველობის შესახებ. ნ. დ-ე საცხოვრებლად გადავიდა ა. ბ-ს ოჯახში. ისინი ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ და ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. თანაცხოვრების დასაწყისში ნ. დ-ე სათანადო მზრუნველობას იჩენდა ოჯახისა და ა. ბ-ას მიმართ. მათ შორის კონფლიქტი არ იყო და ნდობის ხარისხი იმ ნიშნულამდე მივიდა, რომ ბ-ამ თავისი საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილი აჩუქა ნ. დ-ეს. ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა წერილობით 2006 წლის 3 აგვისტოს და ქ. სამტრედიაში, წ-ის ქ. #...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნ. დ-ე. მას შემდეგ, რაც ნ. დ-ემ საკუთრების უფლება მოიპოვა საცხოვრებელი სახლის ნაწილზე, იგი სათანადო ყურადღებას აღარ იჩენდა ა. ბ-ას მიმართ, ავადმყოფს ტოვებდა მარტო და მიდიოდა სახლიდან.

3. ამჟამად მოსარჩელისათვის მოპასუხის ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის. ა. ბ-ას მოტყუებულად მიაჩნია თავი და დასაჩუქრებულის მხრიდან უმადურობად და მძიმე შეურაცხყოფად აფასებს იმ ფაქტს, რომ 14 წლის თანაცხოვრების შემდეგ ნ. დ-ემ თითქმის უმწეო მდგომარეობაში დატოვა ხანდაზმული, ავადმყოფი ადამიანი, რამაც შელახა მისი ღირსება, დეპრესიაში ჩააგდო უპატრონოდ დარჩენის გამო. მას აქვს სიცოცხლის მოსპობის შიშიც, რადგან ნ. დ-ე მოკვლით ემუქრებოდა.

4. მოსარჩელის განმარტებით, მან საჯარო რეესტრის ამონაწერის მეშვეობით შეიტყო, რომ ნ. დ-ეს მის საკუთრებად რეგისტრირებული სახლის ½ ნაწილი სამისდღემჩიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუცია მისი დისშვილისთვის და, ამჟამად, აღნიშნულ ქონებაზე მესაკუთრედ რეგისტრირებულია თ. ს-ე. ეს გარემოება აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ სამისდღემჩიო რჩენის ხელშეკრულება დადებულია სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების განზარახვით, რაც გულისხმობს ჩუქების ხელშეკრულების შესაძლო გაუქმების შემთხვევაში ქონების შენარჩუნებას.

5. მოსარჩელის განცხადებით, გაჩუქებული სახლის ნაწილი რეალურად მის მფლობელობაშია და იზოლირებულიც არ არის. შესაბამისად, ნ. დ-ან ნაჩუქარის გამოთხოვა სამართლებრივად დასაშვებია.

6. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ ნ. დ-ეს მისი სახლიდან ფარულად წაღებული აქვს ოჯახის დანაზოგი, ერთ შემთხვევაში 2000 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 1200 ლარი. აღნიშნული გარემოების დადასტურება შესაძლებელია მოწმეთა ჩვენებებით. შესაბამისად, მიყენებული ქონებრივი ზიანი სახეზეა, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას.

7. მოპასუხე თ. ს-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნ. დ-ეს საკუთარი ქონების განკარგვისას არ სჭირდებოდა მოსარჩელის თანხმობა, თუმცა, თავდაპირველად, მისთვის აღნიშნული ქონების ჩუქების მოსურნე სწორედ ა. ბ-ა იყო, რადგან იგი მეუღლესთან ერთად არაერთი წელი ეხმარებოდა სასოფლო-სამეურნეო და საოჯახო საქმიანობაში. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტება, რომ მან მხოლოდ ახლახან შეიტყო ქონების გასხვისების შესახებ, სიცრუეა და არ დასტურდება მტკიცებულებებით. გარდა ამისა, აღნიშნული ფაქტი არ წარმოადგენს ნ. დ-ან გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს.

8. მოპასუხე ასევე არ დაეთანხა მეორე სასარჩელო მოთხოვნას ქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე და განმარტა, რომ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით.

9. მოპასუხე ნ. დ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მასსა და მოსარჩელეს შროის არანაირი ზეპირი შეთანხმება ურთიერთმოვლისა და მზრუნველობის შესახებ არ გაფორმებულა. 14 წლის მანძილზე იგი უვლიდა ა. ბ-ას, რადგან სიცოცხლის ბოლომდე სურდა მასთან ცხოვრება, თუმცა ვინაიდან ა. ბ-ა იყო კონფლიქტური, ხშირად სვამდა და ძალადობდა მასზე, თანაცხოვრება შეუძლებელი გახდა, რის გამოც დატოვა ოჯახი. მოპასუხის აზრით, არ არსებობდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან გასული იყო შეცილების ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, მას არ გამოუჩენია უმადურობა მჩუქებლის მიმართ.

10. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ამ.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განჩინებით ა. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

14. ა. ბ-ა და ნ. დ-ე 2000 წლიდან 2014 წლის მაისამდე ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ფაქტობრივ (არარეგისტრირებულ) ქორწინებაში.

15. 2006 წლის 3 აგვისტოს ქალაქ სამტრედიაში, წ-ის ქ. №...-ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ½ წილი ა. ბ-ამ აჩუქა ნ. დ-ეს (იხ: ჩუქების ხელშეკრულება - ს.ფ.15-18). ნ. დ-ის საკუთრების უფლება ნაჩუქარ ქონებაზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2007 წლის 28 ნოემბერს (იხ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს.ფ.19).

16. 2012 წლის 5 სექტემბრის სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე, იგივე ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა თ. ს-ის საკუთრებად (იხ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს.ფ. 21).

17. 2014 წლის მაისში ნ. დ-ემ შეწყვიტა ა. ბ-ან ოჯახური თანაცხოვრება და წავიდა მისგან.

18. სააპელაციო სასამართლომ სადავოდ მიიჩნია შემდეგი გარემოებები: ა) დაემუქრა თუ არა მოკვლით ნ. დ-ე ა. ბ-ას და ამ უკანასკნელმა აღიქვა თუ არა ეს მუქარა იმდენად სერიოზულად, რომ შეექმნა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები (გულის დაავადების გამწვავება, შიში, დეპრესია და სხვ.); ბ) წაიღო თუ არა ოჯახის დანაზოგი სახლიდან წასვლისას ნ. დ-ემ.

19. პალატის განმარტებით, ამ გარემოებათა დამტკიცების ვალდებულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკისრებოდა ა. ბ-ას, რისთვისაც მან წარმოადგინა მოწმეების, ე. გ-ას, ვ. მ-ას და პ. კ-ის ჩვენებები (იხ: სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის სხდომის ოქმი). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გარემოებები მოწმეთა ჩვენებებით არ დადასტურებულა, რადგან ამ გარემოებების შესახებ მათთვის ცნობილია მხოლოდ ა. ბ-ას მონათხრობიდან და ამ ფაქტებს ისინი უშუალოდ არ შესწრებიან.

20. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე, 529-ე მუხლებით და განმარტა, რომ რეალური მუქარის და ოჯახის დანაზოგის ა. ბ-ან დაუკითხავად წაღების ფაქტები ნ. დ-ის მხრიდან არ დადასტურებულა. მხოლოდ ოჯახურ თანაცხოვრებაზე უარის თქმა კი ვერ იქნებოდა მიჩნეული იმგვარ მძიმე შეურაცხყოფად ან დიდ უმადურობად, რასაც შეეძლო გამოეწვია ჩუქების გაუქმება. პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ ჩუქების შემდეგაც მხარეები რამდენიმე წლის მანძილზე აგრძელებდნენ ერთად ცხოვრებას. თ. ს-ე კი სადავო ქონება გადაფორმდა ჩუქებიდან 6 წლის გასვლის შემდეგ. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხეს არ ჰქონია არაკეთილსინდისიერი განზრახვა, რაც მხოლოდ ქონებრივ ინტერესებს უკავშირდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი უფრო ადრე განკარგავდა ნაჩუქარ ქონებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. ბ-ამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში შემდეგი დასაბუთებით:

22. სააპელაციო სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე უნდა დაედგინა, რომ განსახილველ დავაში ნამდვილად ჰქონდა ადგილი ნ. დ-ის, როგორც დასაჩუქრებულის მხრიდან ა. ბ-ას, როგორც მჩუქებლის, მიმართ დიდი უმადურობის გამოჩენასა და მძიმე შეურაცხყოფას, ვინაიდან ნ. დ-ემ გარდა იმისა, რომ ა. ბ-ს კუთვნილი თანხა მიითვისა, დატოვა ხანდაზმული ავადმყოფი, დაემუქრა მას პირში არყის ჩასხმით, ბალიშით გაგუდვით, სულის ამოხდით და ა.შ., რამაც დაამცირა, ღირსება შეულახა და სულიერად დათრგუნა იგი და გაუჩინა სიცოცხლის წართმევის რეალური შიში. სიცოცხლის მოსპობის შიში რომ მისი აკვიატება არ იყო და მუქარა რეალურად აღიქვა, კასატორის განმარტებით, დასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც არაერთხელ ნახეს მის საძინებელში შესაძლო თავდასხმის მოსაგერიებლად მომზადებული ნაჯახი და ასევე ნ. დ-ან უთანხმოების შემდგომ ნახულობდნენ შეშინებულ, დართგუნულ და დეპრესიაში მყოფ ბ-ს.

23. კასატორის განცხადებით, მოწმეთა ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ ნ. დ-ემ ფარულად წაიღო სახლიდან 2000 ლარი, ხოლო როდესაც ა. ბ-ა მასთან ჩავიდა სოფ. ბ-ი და მოიკითხა ფული, დ-ემ აღიარა, რომ თანხა გაასესხა და მხოლოდ 150 ლარი ჰქონდა დარჩენილი (იხ. მოწმეების ე. გ-სა და პ. კ-ის ჩვენებები). აღნიშნული გარემობა, კასატორის აზრით, როგორც დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობის გამოვლენა, ჩუქების გაუქმების უფლებით აღჭურავს მჩუქებელს, თუმცა სასამართლომ ეს გარემოება ყურადღების მიღმა დატოვა და არ გაითვალისწინა.

24. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადილი აქვს მოწმეთა ჩვენებების არასწორად შეფასებას და რიგ შემთხვევაში, საერთოდ უგულებელყოფას.

25. საკასაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო და განჩნებაში არ ასახა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმები, რომლებიც შეეხება დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირების საქმეში ჩაბმის კანონით განსაზღვრულ საფუძველს და წესს (სსკ 89-ე, 90-ე მუხლები). კასატორის განცხადებით, სარჩელში მოპასუხეებად დასახელებულნი იყვნენ ნ. დ-ე და თ. ს-ე. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თ. ს-ე მესამე პირია, თუმცა შუამდგომლობა ერთ-ერთი მოპასუხის მესამე პირად ჩართვაზე დაყენებული არ ყოფილა (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი). სამტრედიის რაიონულ სასამართლოს კი თ. ს-ის მესამე პირად ჩართვის საკითხზე არ უმსჯელია, მას არც მოპასუხე მხარის მოსაზრება მოუსმენია აღნიშნულის თაობაზე და არც საოქმო განჩინება გამოუტანია მესამე პირად თ. ს-ის ჩართვის თაობაზე, რომელშიც მოქმედი პროცესუალური ნორმების თანახმად, მოტივაციის გარდა მითითებული უნდა იყოს, თუ ვის მხარეზე გამოდის კონკრეტული მესამე პირი და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ საქმეზე გამოტანილმა გადაწვეტილებამ მესამე პირის უფლებებსა და მოვალეობებზე.

26. ამასთან, კასატორის განცხადებით, დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირის უფლებები და მოვალეობები მოპასუხისაგან განსახვავებულია. მას არ გააჩნია ისეთი უფლებები, როგორიცაა სარჩელის ცნობა, საქმის მორიგებით დამთავრება და ა.შ. შესაბამისად, საქმის განხილვისას სააპელაციო და საკასაციო საჩივრების განხილვის ეტაპზე, კასატორის აზრით, მას აბსოლუტურად უკანონოდ წაერთვა შესაძლებლობა მორიგებოდა ნ. დ-სა და თ. ს-ეს, ვინაიდან ა. ბ-ის ძალზედ მნიშვნელოვანია თავისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და სახლის ნაწილის დაბრუნება. იგი დღემდე ცხოვრობს სახლში (რომელიც მისი ერთადერთი საცხოვრებელი ადგილია), რომლის ნაწილიც ნ. დ-ეს აჩუქა და ამჟამად თ. ს-ის საკუთრებაშია, თუმცა არც დ-ე და არც ს-ე არ/ვერ ახორციელებენ ფაქტობრივ ბატონობას უძრავ ქონებაზე (დ-ე ცხოვრობს სოფელ დ-ი, ხოლო ს-ე ოჯახთან ერთად სოფელ რ-ი) და ა. ბ-სა და რომელიმე მათგანის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება სამომავლოდ აბსოლუტურად გამორიცხულია. შესაბამისად, ამ რეალობის გათვალისწინებით, ა.ბ-ას, ნ.დ-ეს და თ.ს-ეს შორის მორიგება შესაძლებელია და მოსალოდნელიც იყო.

27. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ ავალდებულებს სასამართლოს ხელი შეუწყოს მოდავე მხარეების მიერ საქმის მორიგებით დამთავრებას. რომ არა სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხორციელებული უკანონობის სამართლებრივი რეაგირების გარეშე დატოვება, საქმის განხილვის შედეგი იქნებოდა განსხვავებული და იგი სავარაუდოდ დამთავრდებოდა მორიგებით. ამდენად, აშკარაა, რომ სახეზეა საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, რომლის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

28. კასატორის აზრით, ნ. დ-ის მხრიდან მასზე მზრუნველობა რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც მან საკუთარი ქონების ნაწილი აჩუქა დ-ეს. იგი ყურადღებას აღარ აქცევდა ავადმყოფ მეუღლეს, ხანგრძლივი დროის მანძილზე სახლში ტოვებდა მარტო. სწორედ იმიტომ, რომ ამოძრავებდა ქონების დაუფლების სურვილი. აღნიშნულ აზრს ამყარებს ის მნიშვნელოვანი გარემოებაც, რომ ნ. დ-ემ ნაჩუქარი ქონება, სამიდღემჩიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე, 2012 წელს საკუთრებაში გადასცა საკუთარ დისშვილს, თ. ს-ეს. ვინაიდან თავად ნ. დ-ე არც რჩენას და არც მზრუნველობას არ საჭიროებს (მისივე განცხადებით, თავად ზრუნავდა ა. ბ-ე) და შექმნა ძლიერი საოჯახო მეურნეობა, ხოლო თ. ს-ე არ ახორციელებს მფლობელობას საკუთრებაში რეგისტრირებულ ნივთზე (არც ს-ე და არც დ-ე არ ცხოვრობენ სადავო სახლში), კასატორის აზრით, დადებულ გარიგებას (სამისდღემჩიო რჩენის ხელშკრულებას) რეალური შედეგი არ მოჰყოლია, იგი სრულიად ფორმალური ხასიათის მატარებელია და წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, მხოლოდ იმ მიზნით არის დადებული, რომ ნ. დ-ემ შეინარჩუნოს ნაჩუქარი ქონება.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ა. ბ-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

33. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ. მაგ. სუსგ #ას-1235-1176-2014, #ას-984-924-2012, #ას-1452-1370-2012), რომელშიც ნათლადაა ჩამოყალიბებული სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ბ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. ბ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ ა. ბ-ას (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 19 აგვისტოს №15 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე