Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1051-991-2015 29 დეკემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ს. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. ბ-მა (შემდეგში მოსარჩელე), ბანკის მეშვეობით, ს. ბ-ს (შემდეგში მოპასუხე ან კასატორი), ბანკის მეშვეობით, 3900 ევრო გადაურიცხა, აღნიშნული თანხა, მოპასუხემ მიიღო.

2. მოსარჩელემ 2014 წლის 4 ივნისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ და და მოითხოვა მისთვის 9282 ლარის დაკისრება.

3. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა 3900 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.

4. სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება და გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 316-ე, 317-ე, 976-ე, 991-ე მუხლები.

5. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ, მისი ზეპირი განმარტების გარდა, ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მხარეთა შეთანხმებას, რომ მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხა წარმოადგენდა ე.წ. „ლატარიის“ (ყოფით ურთიერთობებში, ურთიერთდსახმარების მიზნით, პირთა მიერ თანხის შეგროვება და მისი გაცემა „ლატარიის მოთამაშე (მონაწილე) პირებზე, მათივე შეთანხმებით, რიგითობით) შედეგს და ის არ უნდა დაბრუნებულიყო. ამასთან, მხარეებმა ვერც ის გარემოება დაადასტურეს, რომ სადავო თანხა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა. თავის მხრივ, მოპასუხე მხარე არ უარჰყოფდა მოსარჩელისაგან აღნიშნული თანხის ჩარიცხვისა და მიღების ფაქტს.

6. სასამართლომ არ გაიზიარა მოწმის ჩვენება აღნიშნული თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით, რადგან იგი იყო მოპასუხის ოჯახის წევრი და ვერ გამოირიცხებოდა მისი დაინტერესება განსახილველი დავის შედეგისადმი.

7. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან უსაფუძვლოდ მიიღო 3900 ევრო. ამასთან, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ მას გადასახდელი ჰქონდა მოსარჩელისათვის არა 3900 ევრო, არამედ 1125 ევრო.

8. სასამართლომ მიიჩნია, მოსარჩელის მითითება, რომ მოპასუხეს ჰქონდა მისი ვალი და ითხოვდა ამ თანხის დაბრუნებას, საკმარისი იყო იმისათვის, რომ სასამართლოს, საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად, განესაზღვრა და სამართლებრივად შეეფასებინა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ თანხის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობდა უსაფუძვლო გამდიდრებიდან.

9. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ჩაურიცხა 3900 ევრო, შესაბამისად, მოსარჩელეს სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის“ საფუძველზე, სრული უფლება ჰქონდა მოეთხოვა ვითომ კრედიტორისაგან - მოპასუხისაგან მისთვის გადარიცხული თანხის (3900 ევრო) დაბრუნება.

10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე - 2014 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც საქმეში მესამე პირად, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ჩაება რ. ბ-ი (შემდეგში მოპასუხის მეუღლე).

11. სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული პიროვნება არასათანადო მოსარჩელე იყო, ვინაიდან ამ უკანასკნელის მიერ მოპასუხისათვის გადმოგზავნილი თანხა, ეკუთვნოდა არა მოსარჩელეს არამედ, მოპასუხის მეუღლეს. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე არის პირი, რომელიც ე.წ. „ლატარიის“ ხელშეკრულების ურთიერთობებიდან გამომდინარე, თანხებს აგროვებდა და რიგითობით უგზავნიდა ამ ურთიერთობაში ჩაბმულ პირებს, შესაბამისად, მიაჩნდა, რომ იგი არასათანადო მოსარჩელე იყო და, მის სასარგებლოდ, სასამართლომ უკანონოდ დააკისრა მოპასუხეს თანხის გადახდა. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ასევე მოწმის ჩვენება (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი).

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის არასათანადოობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოპასუხის აღნიშნული პოზიცია წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ემყარებოდა.

14. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მეუღლეს, რომელიც ჩაბმული იქნა საქმის განხილვაში მესამე პირად, დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, ჰქონდა საპროცესო შესაძლებლობა, წარედგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სადავო თანხა წარმოადგენდა მის კუთვნილებას. მიუხედავად ამისა, ვერც მოპასუხემ და ვერც მისმა მეუღლემ სასამართლოს ვერ წარუდგინეს მტკიცებულებები თანხის კუთვნილებასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა პირი, რომელმაც უშუალოდ მიიღო მოსარჩელის მიერ, ბანკის მეშვეობით, გადარიცხული თანხა, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე იყო ის პირი, ვისაც უნდა ემტკიცებინა თანხის მიღების სამართლებრივი საფუძველი, რადგან სხვა გარემოებები, მაგალითად, სესხის ხელშეკრულების არსებობა მოსარჩელესა და მოპასუხის მეუღლეს შორის, ან ამ უკანასკნელისათვის თანხის კუთვნილება, არ იყო დადასტურებული საქმის მასალებით.

15. მოწმის ჩვენების გაუზიარებლობის შესახებ, მოპასუხის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც მითითებულია ამ განჩინების მე-6 პუნქტში, სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 105-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოწმის ჩვენება ვერ ჩაითვლებოდა იმ შესაბამის და უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც სადავო ფაქტობრივი გარემოების (თანხის კუთვნილების) დადგენილად მიჩნევის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. სასამართლოს შესაძლებელია, გაეზიარებინა მოწმის ჩვენება მხოლოდ წერილობით მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რაც განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს არ წარმოუდგენია, მით უფრო, იმ პირობებში, რომ მოწმე იყო მოპასუხისა და მესამე პირის ოჯახის წევრი, შესაბამისად, საქმის შედეგით დაინტერესებული და არა ნეიტრალური პირი.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი მოცემულობა: 1) მოპასუხის მიერ აღიარებული იყო მოსარჩელისაგან სადავო თანხის მიღების ფაქტობრივი გარემოება, 2) მოპასუხემ სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლის შესაბამისად, თავისი მტკიცების ფარგლებში, ვერ დაადასტურა თანხის კუთვნილების ფაქტი და 3) არ დგინდებოდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან 3900 ევროს მიღების ვალდებულებითსამართლებრივი საფუძველი.

17. მოცემული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ - სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება.

18. სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმებოდა, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც, აღნიშნული შენაძენი ექვემდებარებოდა უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილი იყო დაცვითი ფუნქციით, უზრუნველეყო არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღება და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი: მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომლის გდაადგილების იურიდიული საფუძველი არ გააჩნდა და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარებოდა უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

19. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან, შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მიიღო 3900 ევრო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ფაქტი ექცეოდა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში და მიღებული შესრულება ექვემდებარებოდა დაბრუნებას.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ უსაფუძლოდ ჩათვალა სააპელაციო საჩივრის პრეტენზია და მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოიტანა.

21. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სსსკ-ის 90-ე, 91-ე, 85-ე, 105-ე, მე-4, 102-ე მუხლი; სსკ-ის 317-ე მუხლით, 976-ე მუხლის პირველი ნაწიოლის „ა“ ქვეპუნქტით.

22. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

23. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:

23.1. სასამართლო უდავო ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითებს, გარემოებაზე, რომ ბანკის მეშვეობით, მოსარჩელემ მოპასუხეს 3900 ევრო გადაურიცხა, ხოლო ამ უკანსკნელმა მიიღო ეს თანხა, მტკიცებულებად კი მოჰყავს მხარეთა ახსნა-განმარტება და 2014 წლის 15 მარტის გამოკითხვის ოქმი. მითითებული ოქმი არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ დადგინდეს, ნამდვილად მოსარჩელემ გადაურიცხა თუ არა 3900 ევრო მოპასუხეს, საქმეში წარმოდგენილი უნდა იყოს საბანკო გადარიცხვის ქვითრის დედანი. სასამართლოებმა არასწორად მიანიჭეს მტკიცებულების მნიშვნელობა ზემოხსენებულ გამოკითხვის ოქმსა და მხარეთა ახსნა-განმარტებას, მხოლოდ კასატორის საზიანოდ გამოიყენეს და ობიექტურად არ შეაფასეს, რითაც აშკარად იკვეთება სასამართლოს ტენდენციურობა.

23.2. კასატორს მოსარჩელისაგან არც თანხა უსესხებია და არც ე.წ. „ლატარიის“ მონაწილე ყოფილა, შესაბამისად, მოცემულ დავაში, იგი კი არა, მისი მეუღლე უნდა ყოფილიყო მოპასუხე, ამაზე მოსარჩელეც უთითებდა სარჩელში. ამის შესახებ შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, არც მესამე პირად ჩართო მოპასუხის მეუღლე იმ სტატუსით, რომ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლება ჰქონოდა, ან მორიგება შემდგარიყო, მოსარჩელესა და მოპასუხის მეუღლეს შორის, ე.წ. „ლატარიის თამაშიდან“ წარმოშობილი ორი თვის დავალიანების, 1125 ევროს გამო.

23.3. კასატორისათვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაერიცხა მისთვის მოსარჩელეს 3900 ევრო, როდესაც არ უთხოვია და არც იცნობდა მოსარჩელეს. აღნიშნული თანხა არის მოპასუხის მეუღლის, რომელიც სხვა ქართველებთან ერთად, საბერძნეთში ე.წ. „ლატარიაში“ მონაწილეობდა, ხოლო თანხას მოსარჩელე აგროვებდა. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოპასუხის მეუღლეს სასამართლო უწყება, მესამე პირის სახით, 2015 წლის 1 ივლისის მთავარ სხდომაში მონაწილეობისათვის 26.06.2015 წელს გაეგზავნა, თუმცა, სხდომა ამ დროისათვის დამთავრებული აღმოჩნდა, რაც, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველიი იყო.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

28. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

30. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით აღნიშნავს:

30.1. სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია, შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას.

30.2. საკასაციო სასამართლო უთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა- განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის, ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

30.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით უტყუარადაა დადგენილი მოსარჩელის მიერ კასატორისათვის 3900 ევროს გადარიცხვის ფაქტი, რასაც არც მოპასუხე მხარე უარჰყოფდა, სადავო მხოლოდ ამ თანხის მესაკუთრის ვინაობა არის, მოპასუხის მტკიცებით, თანხა მისი მეუღლის საკუთრებაა, ამასთან, კასატორი აღნიშნავდა, რომ 3900 ევროს ნაცვლად, 1125 ევრო ჰქონდა მოსარჩელისათვის გადასახდელი (იხ. ამ განჩინების მე-7 პუნქტი).

30.4. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის განხილვაში მესამე პირად, დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, ჩაბმული მოპასუხის მეუღლეს ჰქონდა საპროცესო შესაძლებლობა, წარედგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სადავო თანხა წარმოადგენდა მის კუთვნილებას. მიუხედავად ამისა, ვერც მოპასუხემ და ვერც მისმა მეუღლემ სასამართლოს ვერ წარუდგინეს მტკიცებულებები თანხის კუთვნილებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. ამ განჩინების 14-20 პუნქტები).

30.5. სსკ-ის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში“. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად, ან განხორციელდა იგი, მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას), შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

30.6. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, მოსარჩელის მიერ კასატორისათვის, შესაბამისი ვალდებულების არსებობის გარეშე, 3900 ევროს, ბანკის მეშვეობით, გადარიცხვა, რის შედეგადაც კასატორის ქონება მითითებული თანხით გაიზარდა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. ამ განჩინების მე-17, მე-18 პუნქტები).

30.7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების, ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უზრუნველყოფილი უნდა უნდა იქნეს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. ამდენად, სსკ-ის 976-ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

30.8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მეუღლეს სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება წაერთვა, ვინაიდან 2015 წლის 24 ივნისის სხდომაზე, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იყო მოწვეული მოპასუხის მეუღლე, რომელიც არ გამოცხადდა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 24.06.2015 წლის სხდომაზე მესამე პირის მოწვევის დასტური - ტ.2., ს.ფ. 49 და ამავე სხდომის ოქმი, ს.ფ. 50-52). 24 ივნისის სხდომა, მხოლოდ გადაწყვეტილების გამოცხადების მიზნით, გადაიდო იმავე წლის 1 ივლისს, რომელზეც სხვა საპროცესო მოქმედება არ ხორციელდებოდა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის პრეტენზია საპროცესო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. პ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 463 ლარის 70% – 324.1 (სამას ოცდაოთხი ლარი და ათი თეთრი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ს. ბ-ს (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. პ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 463 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 2015 წლის 2 სექტემბერი), 70% – 324.1 (სამას ოცდაოთხი ლარი და ათი თეთრი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე