№ ას-1041-998-2014 12 თებერვალი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. დ-ა, ე. ლ-ე, ზ. თ-ა, ნ. ფ-ე, მ. გ-ე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. კ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საკუთრების ხელყოფის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზ. დ-ამ, ზ. თ-ამ, ე. ლ-ემ, მ. გ-ემ და ნ. ფ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს: 1)სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, კერძოდ, ქ. ქუთაისში, გ. ქუჩის, მე-... ჩიხის #...-ში/გ. ქ. #...-ში და ქ. ქუთაისში, გ. ქუჩის მე-... ჩიხის #...-...-ში მდებარე მიწის ნაკვეთების გამყოფი საზღვრის კედელში გამოჭრილი კარის ღიობის ამოშენება და სასაზღვრო კედლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა; 2)მოპასუხისათვის ადვოკატის მომსახურების თანხის 450 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
2. 2005 წელს მოსარჩელეებმა გადაწყვიტეს მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, მოპასუხის სახლის კედელსა და ელექტროჯიხურს შორის განთავსებული მიწის ნაკვეთის დაკანონება. საბუთების შეგროვებისას, ზ. დ-ამ მერიაში შეიტყო, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის დასაკანონებლად სჭირდებოდა მეზობელთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. რადგანაც ი. კ-ის სახლიც მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს ესაზღვრებოდა, დ-ამ სთხოვა ი. კ-ეს ნოტარიულად მიეცა თანხმობა მისთვის მიწის დაკანონებაზე. ამგვარი თანხმობის სანაცვლოდ, მოპასუხემ ითხოვა მისი ოჯახისთვის დაერთოთ ნება, ესარგებლათ დასაკანონებელი მიწის ნაკვეთის ნაწილით, რაც მათ საშუალებას მისცემდა სახლში შესასვლელი ჰქონოდათ უკანა მხრიდანაც. როგორც შემდგომ გაირკვა, ი. კ-ის თანხმობა საჭირო არ იყო. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ მიწის ნაკვეთების გამყოფ კედელში გამოჭრა კარის ღიობი. მოსარჩელეებმა 2011 წელს ი. კ-ეს მოსთხოვეს შეეწყვიტა აღნიშნული კარით სარგებლობა და მისი გავლით მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოხვედრა.
3. ი. კ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს დაკანონებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების გაუქმების მოთხოვნით. აღნიშნულ დავაზე ზ. დ-ამ გასწია საადვოკატო მომსახურების ხარჯი 450 ლარი, რომელიც მის სასარგებლოდ უნდა გადახდეს მოპასუხეს.
4. ი. კ-ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ: 1) კედელში არსებული კარის მონტაჟი განხორციელდა ურთიერთშეთანხმებით. მიუხედავად ამისა, თითქმის ვერ სარგებლობს შესასვლელით, რაშიც სხვადასხვა მოქმედებებით ხელს უშლის ზ. დ-ა. ამჟამად, აღნიშნული კარი დაკეტილია და მოსარჩელეებს ზიანს არ აყენებს; 2) მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხემ მიუთითა, რომ 2012 წლის 13 მაისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ზ. დ-ასთვის მისი სახლის კედელთან არსებული რკინის კარის გახსნის დავალდებულება. აღნიშნულ დავაზე მოპასუხეს შესაგებელში არ მიუთითებია, რომ მოითხოვდა სასამართლოს გარეშე ხარჯის, კერძოდ, ადვოკატის მომსახურების ანაზღაურებას და ასეთი შუამდგომლობა არც საქმის განხილვის დროს დაუყენებია. პირიქით, სასამართლო სხდომაზე მისი წარმომადგენელი აცხადებდა, რომ მხარეს უსასყიდლოდ უწევდა დახმარებას, ამიტომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. დ-ას, ზ. თ-ას, ე. ლ-ის, მ. გ-ისა და ნ. ფ-ის სარჩელი ი. კ-ის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; სარჩელი ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა და ი. კ-ეს დაეკისრა 450 ლარის გადახდა.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. დ-ამ, ზ. თ-ამ, ე. ლ-ემ, მ. გ-ემ და ნ. ფ-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ს. კ-ის შუამდგომლობა და იგი მოპასუხის სტატუსით ჩაბმულ იქნა განსახილველ საქმეში ი. კ-ის უფლებამონაცვლედ.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინებით ზ. დ-ას, ზ. თ-ას, ე. ლ-ის, მ. გ-ისა და ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10. ქალაქ ქუთაისში, გ-ის ქუჩის მე-... ჩიხის №...-...-ში არსებული 720 მ2 მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეები არიან მოსაჩელენი (იხ: ამონაწერები საჯარო რეესტრიდან - ს.ფ.17-26);
11. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება ქალაქ ქუთაისში, გ-ის ქუჩის მე-.. ჩიხის №...-ში/გ-ის ქუჩის №...-ში მდებარე 191.3 მ2 მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 192.28 მ2 შენობით, საკადასტრო კოდით №.... რომლის ../... ნაწილის მესაკუთრე, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, იყო ი. კ-ე (იხ: ს.ფ.15). საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ცნობილი გახდა, რომ ამ ქონების მესაკუთრე გახდა ს. კ-ე, რის გამოც იგი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინებით, ჩაბმულ იქნა ი. კ-ის უფლებამონაცვლედ, მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) სტატუსით;
12. მითითებული მიწის ნაკვეთების საზღვარზე აღმართულია კედელი, რომელშიც 2005 წლის ოქტომბრიდან გამოჭრილია კარი. აღნიშნული კარით სარგებლობდა და ამჟამადაც სარგებლობს ი. კ-ე და მისი ოჯახი (ს. კ-ე მისი შვილია) შემდეგნაირად: მისი გავლით მოპასუხე ხვდება მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (14-მეტრიანი სიგრძის მონაკვეთი, რომელიც გ-ის ქუჩის შესასვლელში არის 1.1 მეტრი სიგანის, ი. კ-ის მითითებულ კართან კი - 2.5 მეტრი სიგანის), რომლის გამოყენებითაც მიდის საკუთარი სახლის კედელზე განთავსებულ ბუნებრივი აირის და წყლის მრიცხველებთან; აგრეთვე - 2011 წლის 28 ივნისამდე, არსებული რკინის ჭიშკრით (მანამ, სანამ ეს ჭიშკარი მეზობლური კონფლიქტის შედეგად ჩაიკეტებოდა) გადიოდა გ-ის ქუჩაზე (იხ: მხარეთა ახსნა-განმარტებები; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის №3/175-2012 გადაწყვეტილება - ს.ფ.30-43; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ივნისის განჩინება - ს.ფ.44-54; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განაჩენი - ს.ფ. 84-86);
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 172.2-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ აპელანტების მითითებით, სადავო კარის არსებობა ხელყოფს მათ საკუთრებას, რადგან იგი მოპასუხემ გამოჭრა საერთო საკუთრებაში არსებულ სასაზღვრო კედელში მათთან შეუთანხმებლად, ამასთან, მათთან შეუთანხმებლად აღნიშნული კარის მეშვეობით გადის აპელანტების კუთვნილ მიწის ნაკვეთზე;
14. პალატამ უდავოდ მიიჩნია, რომ კედელი, რომელშიც სადავო კარია გამოჭრილი, სასაზღვრო ნაგებობაა აპელანტებისა და ს. კ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებს შორის, ხოლო ს. კ-ე კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღნიშნული კარის ამოშენებას იმ მოტივით, რომ მომავალში აპირებს დავას აუცილებელ გზასთან დაკავშირებით;
15. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვიდრე ერთ-ერთი მეზობელი დაინტერესებულია სასაზღვრო ნაგებობის არსებობით, დაუშვებელია მისი აღება ან შეცვლა მეზობლის თანხმობის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში პალატამ აღნიშნა, რომ სასაზღვრო ნაგებობა რამდენიმე წელია არსებობს სადავო კარითურთ და ს. კ-ე დაინტერესებულია მისი ამგვარი სახით არსებობით; სადავო კარის ამოშენება გულისხმობს სასაზღვრო ნაგებობის შეცვლას, რაც ს. კ-ის თანხმობის გარეშე დაუშვებელია;
16. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ კარის არსებობა აპელანტთა საკუთრების უფლებას ვერ შელახავს, თუ ამ კარის გავლით ს. კ-ე არ ეცდება გამოიყენოს აპელანტთა მიწის ნაკვეთი. ამდენად, აპელანტთა საკუთრების უფლება შეიძლება შელახოს მხოლოდ ამ აქტიურმა ქმედებამ და არა უბრალოდ კარის არსებობამ.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. დ-ამ, ზ. თ-ამ, ე. ლ-ემ, მ. გ-ემ და ნ. ფ-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
19. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება არასაკმარისად დაასაბუთა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ ისინი ჩამოყალიბებული იყო შესაბამისი და სწორად განმარტებული სამართლის ნორმების საფუძველზე, რაც, კასატორთა აზრით, არასწორია შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სააპელაციო საჩივარი შეეხებოდა იმას, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ საქალაქო სასამართლოს დასკვნას, სადავო კარების გაუქმებულად და უმოქმედოდ მიჩნევის შესახებ მაშინ, როდესაც სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ ხსენებული კარებით იგი სარგებლობს მათი მიწის ნაკვეთით, როდესაც ახდენს გაზის მრიცხველების ჩვენებების დაფიქსირებას. შესაბამისად, მოსარჩელეები ასაბუთებდნენ, რომ მესაკუთრეთა უფლება – არ დაუშვან მათი საკუთრებით სხვა პირის მიერ სარგებლობა – უშუალოდ ილახებოდა სადავო კარების არსებობით, ანუ ხდებოდა აღნიშნული უფლების ხელყოფა. სასამართლომ მათი მოთხოვნა საერთო სასაზღვრო კედელში უკანონოდ გამოჭრილი კარების ამოშენების თაობაზე შეაფასა არა იმ კუთხით, მოხდა თუ არა აღნიშნული ქმედებით მათი საკუთრების ხელყოფა, არამედ მათი მოთხოვნა სამართლებრივად შეაფასა „სხვაგვარი ხელშეშლის“ ცნებაში. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, სასამართლომ მართალია სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო კარის არსებობა ხელყოფდა მათ საკუთრებას, რადგან იგი მოპასუხემ გამოჭრა საერთო საკუთრებაში არსებულ სასაზღვრო კედელში მათთან შეუთანხმებლად და ასევე მათი თანხმობის გარეშე ამ კარის მეშვეობით გადის მოსარჩელეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, თუმცა, კასატორთა აზრით, სააპელაციო პალატამ სამართლებრივი დასაბუთებისას უგულებელყო მის მიერვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, აღნიშნა: „სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ კარის არსებობა აპელანტთა საკუთრების უფლებას ვერ შელახავს, თუ ამ კარის გავლით ს. კ-ე არ ეცდება გამოიყენოს აპელანტთა მიწის ნაკვეთი. ამდენად, აპელანტთა საკუთრების უფლება შეიძლება შელახოს მხოლოდ ამ აქტიურმა ქმედებამ და არა უბრალოდ კარის არსებობამ“. კასატორთა აზრით, სასამართლოს ამგვარი მსჯელობა არასწორია.
21. კასატორთა განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 182-ე მუხლი, ვინაიდან სასამართლოს მიერ ს. კ-ის ინტერესის გამოკვეთა კარის ამოშენებასთან დაკავშირებით იმ მიმართებით, რომ იგი კარის ამოშენების წინააღმდეგი იყო მომავალში აუცილებელ გზასთან დაკავშირებით დავის დაწყების მოტივით, კასატორების აზრით მცდარია, რადგან აუცილებელი გზით სარგებლობა კ-ეს შეუძლია მოითხოვოს სადავო კარების ამოშენების პირობებშიც, ვინაიდან გაზის მრცხველებთან მისვლა მას შეუძლია გ-ის ქუჩიდან არსებული შესასვლელით.
22. საკასაციო საჩივრის ავტორთა აზრით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა იმითაც ვლინდება, რომ ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, სასასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ზ. დ-ას, ე. ლ-ის, ზ. თ-ას, ნ. ფ-ისა და მ. გ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ზ. დ-ას, ე. ლ-ის, ზ. თ-ას, ნ. ფ-ისა და მ. გ-ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
25. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. დ-ას, ე. ლ-ის, ზ. თ-ას, ნ. ფ-ისა და მ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
26. კასატორების/მოსარჩელეების მიერ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარდგენილია სარჩელი ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმების გარეშე საკუთრების ხელყოფის აღკვეთის მოთხოვნით.
27. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს მესაკუთრის უფლებიდან - კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს ან სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 170).
28. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და სარჩელის შინაარსის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეში სასამართლოს შეფასების საგანია (1) ხდება თუ არა მოპასუხის მიერ მოსარჩელეთა, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა, უფლების ხელყოფა - არ დაუშვან სხვა პირის მიერ მათი საკუთრებით სარგებლობა; და (2) მოსარჩელეებისა და მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთების გამყოფი საზღვრის კედელში გამოჭრილი კარი წარმოადგენს თუ არა საშუალებას, რომლითაც ხდება მოპასუხის მიერ მოსარჩელეების საკუთრების ხელყოფა მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთში მათი ნების საწინააღმდეგო შეღწევით, ანუ წარმოადგენს თუ არა კარი დარღვევის წყაროს.
30. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა რომ მოსაჩელეები - ზ. დ-ა, ე. ლ-ე, ზ. თ-ა, ნ. ფ-ე და მ. გ-ე არიან ქ. ქუთაისში, გ-ის ქუჩის მე-... ჩიხის №..-...-ში არსებული 720 მ2 მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეები. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება ქ. ქუთაისში, გ-ის ქუჩის მე-.... ჩიხის №...-ში/გ-ის ქუჩის №...-ში მდებარე 191.3 მ2 მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 192.28 მ2 შენობით, საკადასტრო კოდით №....., რომლის .../... ნაწილის მესაკუთრე საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას იყო ი. კ-ე, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გახდა ს. კ-ე.
31. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების საზღვარზე აღმართულია კედელი, რომელშიც 2005 წლის ოქტომბრიდან გამოჭრილია კარი. ამ კარით სარგებლობდა და ამჟამადაც სარგებლობს ი. კ-ე და მისი ოჯახი (ს. კ-ე მისი შვილია) შემდეგნაირად: მისი გავლით მოპასუხე ხვდება მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (14-მეტრიანი სიგრძის მონაკვეთი, რომელიც გ-ის ქუჩის შესასვლელში არის 1.1 მეტრი სიგანის, ი. კ-ის მითითებულ კართან კი - 2.5 მეტრი სიგანის), რომლის გამოყენებითაც მიდის საკუთარი სახლის კედელზე განთავსებულ ბუნებრივი აირის მრიცხველთან; აგრეთვე, 2011 წლის 28 ივნისამდე მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთზე არსებული რკინის ჭიშკრით (მანამ, სანამ ეს ჭიშკარი მეზობლური კონფლიქტის შედეგად ჩაიკეტებოდა) მოპასუხე გადიოდა გ-ის ქუჩაზე.
32. სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია მოსარჩელეების მიერ მოპასუხისათვის სასაზღვრო კედელში კარის ღიობის ამოჭრის და მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის შესახებ თანხმობის მიცემის ან მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთზე მოპასუხის სასარგებლოდ სერვიტუტის არსებობის ფაქტი.
33. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოში წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ისინი სავალდებულია საკასაციო სასამართლოსთვის.
34. ამრიგად, მოცემულ საქმეში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ: (1) მოპასუხე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სარგებლობს მოსარჩელეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთით; (2) მოსარჩელეებისა და მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთების გამყოფი საზღვრის კედელში გამოჭრილი კარი წარმოადგენს იმ საშუალებას, რომლითაც ხდება მოპასუხის მიერ მოსარჩელეების საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთში შეღწევა.
35. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნა საკუთრების ხელყოფის (იგივე, ხელშეშლის) აღკვეთის შესახებ არ დააკმაყოფილა, რითაც იგი შეეწინააღმდეგა თავისივე გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას, რომლის მიხედვითაც მხოლოდ კარის არსებობა მოსარჩელეთა საკუთრების უფლებას ვერ შელახავს, თუ ამ კარის გავლით მოპასუხე არ ეცდება მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთის გამოყენებას; მოსარჩელეთა საკუთრების უფლება შეიძლება შელახოს მხოლოდ მოპასუხის აქტიურმა ქმედებამ და არა უბრალოდ კარის არსებობამ.
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის ოჯახის წევრების მიერ კედელში გაჭრილი კარის მეშვეობით მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში შესვლა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ, ხელყოფს მესაკუთრეთა უფლებას - არ დაუშვან სხვა პირის მიერ მათი ქონებით სარგებლობა. კარი კი წარმოადგენს საშუალებას, რომლითაც ხორციელდება ზემოაღნიშნული ხელყოფა. შესაბამისად, კარი წარმოადგენს დარღვევის წყაროს. დარღვევის აღმოფხვრის მოთხოვნის უფლება კი მოიცავს დარღვევის წყაროს აღმოფხვრის მოთხოვნის უფლებასაც.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები და უსაფუძვლად უთხრა უარი მოსარჩელეებს უძრავი ქონებების გამყოფ საზღვრის კედელში გამოჭრილი კარის ღიობის გაუქმებისა და სასაზღვრო კედლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ მოთხოვნაზე.
38. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ სასაზღვრო ნაგებობაში გამოჭრილი კარის ღიობზე მსჯელობისას ასევე არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილი. აღნიშნული მუხლის დანაწესი არეგულირებს მეზობელი მიწის ნაკვეთების გამმიჯვნელო სასაზღვრო ღობის აღებისა და შეცვლის წესს იმ შემთხვევაში, როცა ერთ-ერთი მეზობელი დაინტერესებულია მისი არსებობით და იგი მოცემული შემთხვევის დასარეგულირებლად არ გამოიყენება.
39. საკასაციო სასამართლო იზიარებს, აგრეთვე, კასატორების მითითებას, რომ არასწორია მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად სასამართლოს მხრიდან იმის მითითება, რომ მოპასუხე მომავალში გეგმავს სამოქალაქო კოდესის 180-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის აღძვრას აუცილებელი გზის შესახებ. სასამართლოს ვალდებულებაა დაადგინოს არსებობს თუ არა მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების ხელყოფის აღკვეთის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. მის ფუნქციაში არ შედის სამომავლო მოთხოვნების სასამართლოში წარდგენის შესაძლო საფუძვლების გამოკვლევა და მით უფრო, ასეთი საფუძვლების მოხმობით მის წინაშე განსახილველი დავის გადაწყვეტა.
40. რაც შეეხება განსახილველი დავის ხანდაზმულად მიჩნევის საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ მართებული არ არის, თუმცა ვერ გაიზიარებს ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მათ მსჯელობას.
41. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ნეგატორული სარჩელზე ხანდაზმულობის გავრცელება დაუშვებელია და მესაკუთრის უფლება, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა, არ შეიძლება იყოს ხანდაზმული, ვინაიდან მესაკუთრის აღნიშნული თავისუფლების ხანდაზმულობის შემზღუდავი დანაწესისადმი დაქვემდებარება ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების აბსოლუტურ ბუნებას, საქართველოს კონსტიტუციასა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადები არ უნდა გავრცელდეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნაზე. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ნეგატორულ სარჩელთან მიმართებით, ხანდაზმულობის ვადები გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, კერძოდ, მესაკუთრეს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით სარჩელის აღძვრის უფლება აქვს იქამდე, სანამ ხელშეშლა გრძელდება, თუნდაც ხელშეშლა უსასრულოდ გრძელდებოდეს, ხოლო ხელშეშლის აღკვეთის შემდეგ ნეგატორული სარჩელის წარდგენა შეუძლებელია (იხ. სუსგ #ას-307-289-2014, 9 იანვარი, 2015 წ.).
42. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრების ხელყოფა ამჟამადაც გრძელდება.
43. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ მოცემულ შემთხვევაში გასულია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა, უსაფუძვლოა.
44. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
45. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად მართებულად არ შეაფასა და მოცემულ საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი.
46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
47. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს, ს. კ-ეს ზ. დ-ას, ე. ლ-ის, ზ. თ-ას, ნ. ფ-ისა და მ. გ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მათ მიერ სამივე ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 586 (ხუთას ოთხმოცდაექვსი) ლარის გადახდა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ზ. დ-ას, ე. ლ-ის, ზ. თ-ას, ნ. ფ-ისა და მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება;
3. ზ. დ-ას, ე. ლ-ის, ზ. თ-ას, ნ. ფ-ისა და მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. მოპასუხე ს. კ-ეს დაეკისროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. ქუთაისში, გ-ის ქუჩა, ჩიხ..., #.../ქ. ქუთაისში, გ-ის ქ. #...-ში და ქ. ქუთაისში, გ-ის ქუჩა, ჩიხი ..., #..-...-ში მდებარე უძრავი ქონებების გამყოფ საზღვრის კედელში გამოჭრილი კარის ღიობის გაუქმება, სასაზღვრო კედლის ამოშენება და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა;
5. მოპასუხე ს. კ-ეს დაეკისროს ზ. დ-ას, ე. ლ-ის, ზ. თ-ას, ნ. ფ-ისა და მ. გ-ის სასარგებლოდ, მათ მიერ სამივე ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 586 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე