Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1056-996-2015 15 დეკემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორები – ვ. ლ-ე, ტ. ს-ი, რ. ყ-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ჯ-ი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება ვ. ლ-ის, ტ. ს-ისა და რ. ყ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს "ჯ-ის" (შემდეგში მოპასუხე, დამსაქმებელი ან საწარმო) დირექტორის 2013 წლის 6 აგვისტოს №294 ბრძანებით, 2013 წლის 12 აგვისტოდან, საწარმოს სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციისა და საშტატო რიცხოვნობის შემცირების მიზნით, განხორციელდა ცვლილებები, კერძოდ, გაუქმდა: კომერციული სამსახური, სათადარიგო ნაწილებისა და საწვავ-საცხები მასალების საწყობი, ლითონების ბიურო, ჯართის უბანი, გასაღების ბიურო, მოწყობილობათა ბიურო, საწვავ-საცხებისა და ნედლი მასალების ბიურო, ანალიტიკური ბიურო, ელექტრო მოწყობილობისა და საკაბელო პროდუქციის ბიურო, დამხმარე მასალების ბიურო, წარმომადგენლობა ქ. ფოთში, ზფქ-ს ავტოსატრანსპორტო საამქროში, გაუქმდა მცირე ტვირთამწეობის მძღოლის ერთი საშტატო ერთეული. სულ გაუქმდა 59 საშტატო ერთეული. ამავე ბრძანებით შეიქმნა: კომერციული დირექტორის ერთი და დირექტორის მოადგილის ერთი საშტატო ერთეული, კომერციული სამსახური და ცენტრალური საწყობი, სულ 32 საშტატო ერთეულით (იხ. დასახელებული ბრძანება, ს.ფ. 13-15).

2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საწარმოს კომერციული სამსახურის რეორგანიზაციის, კერძოდ, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სტრუქტურული ქვედანაყოფების გაუქმებისა და საშტატო რიცხოვნობის შემცირების გამო, 2013 წლის 6 აგვისტოს, რიგ დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ №413/კ ბრძანებით (შემდეგში სადავო ბრძანება), იმავე წლის 12 აგვისტოდან შრომითი ურთიერთობა შეუწყდათ:

2.1. ბრძანების 1.3 პუნქტით, კომერციული სამსახურის დამხმარე მასალების ბიუროს ინჟინერს რ. ლ-ის ძე ყ-ს (შემდეგში პირველი მოსარჩელე, დასაქმებული ან კასატორი);

2.2. ბრძანების 1.5 პუნქტით - კომერციული სამსახურის ლითონების ბიუროს უფროსს ვ. ა-ს ძე ლ-ეს (შემდეგში მეორე მოსარჩელე, დასაქმებული ან კასატორი);

2.3. ბრძანების 1.6 პუნქტით - კომერციულიი სამსახურის ლითონების ბიუროს ინჟინერს ტ. ჟ-ს ძე ს-ს (შემდეგში მესამე მოსარჩელე, დასაქმებული ან კასატორი);

2.4. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ბრძანების შესაბამისი პუნქტებით სხვა თანამშრომლებთანაც შეწყდა შრომითი ხელშეკრულება.

3. ამ განჩინების 2.2, 2.3.,2.4 ქვეპუნქტებში მითითებულმა დასაქმებულებმა და სხვა გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა 2013 წლის 25 ნოემბერს სარჩელი აღძრეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დამსაქმებელი საწარმოს წინააღმდეგ, მოითხოვეს მე-2 პუნქტში აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით დასაქმებულთა სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-2 მუხლის პირველი ნაწილი; სშკ-ის 1.1, 1.2, 2.1, მუხლები, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მეორე ნაწილი და მე-2 მუხლი.

6. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა. ამდენად, სასამართლოს სადავოდ ქცეული ბრძანების კანონიერება უნდა შეემოწმებინა შრომის კოდექსის საფუძველზე.

7. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად, მოპასუხეს ბრძანებაში მითითებული ჰქონდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტზე - ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას.

8. სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავდა ამომწურავ ჩამონათვალს, რა დროსაც შესაძლებელი იყო შრომითი ურთიერთობები შემწყდარიყო, კერძოდ, მითითებული ნორმის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა - ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას.

9. სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გაიზიარა მოსაზრება, რომ უფლებამოსილების განხორციელებისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს ამ უფლების რეალიზაციისათვის შესაბამისი, მართლზომიერი საფუძველი. საკითხი იმის შესახებ, თუ რა უნდა მიჩნეულიყო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერ საფუძვლად, შეფასებული უნდა ყოფილიყო ცალკეულ შემთხვევაში, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბრძანების ფაქტობრივი საფუძველი გახდა სწორედ ორგანიზაციული ცვლილებები. აღნიშნული ბრძანების მიღებასა და მოსარჩელეებთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას უძღოდა საწარმოს 2013 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №294 (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი), რასაც შედეგად მოჰყვა მუშაკთა ოდენობის შემცირება. ასეთ შემთხვევაში, დამსაქმებელი, ნების ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე, შეზღუდული არ იყო სადავო ბრძანების გამოცემაში.

11. სასამართლომ მიუთითა, რომ შრომითი ურთიერთობა, მოსარჩელეებთან ერთად, შეწყდა იმავე საზოგადოების ოცზე მეტ თანამშრომელთან. საქმის განხილვის დროისათვის კი, საწარმოში აღარ არსებობდა უშუალოდ ის თანამდებობები, რომელზეც გათავისუფლებამდე მუშაობდნენ მოსარჩელეები.

12. სასამართლომ აღნიშნა, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, დამსაქმებლის მიერ, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, იგი უფლებამოსილი იყო, არანაკლებ სამი კალენდარული დღით ადრე გაეფრთხილებინა დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათების მიხედვით, 2013 წლის 6 აგვისტოს ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ და ბრძანება შრომითი ურთიერთობის 2013 წლის 12 აგვისტოდან შეწყვეტის შესახებ მოსარჩელეებს ჩაჰბარდათ 2013 წლის 7 აგვისტოს (იხ. ს.ფ. 16-20). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცული იყო კანონით გათვალისწინებული სამდღიანი ვადა.

13. სასამართლომ არ გაიზიარა პირველი მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ იგი შვებულებაში ყოფნის დროს გაათავისუფლეს სამსახურიდან. საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 29 ივლისის №399კ ბრძანების თანახმად, პირველი მოსარჩელე 2013 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით იმყოფებოდა შვებულებაში, მასთან შრომითი ურთიერთობა კი 2013 წლის 12 აგვისტოს შეწყდა.

14. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ მათი გათავისუფლება დაკავშირებული იყო არა რეორგანიზაციასთან, როგორც ეს მითითებული იყო სადავო ბრძანებაში, არამედ 2013 წლის მაისში, საწარმოში მიმდინარე გაფიცვებში მონაწილეობასთან. დასაქმებულებმა მიუთითეს საწარმოში მათ მიმართ არსებულ დისკრიმინაციაზე.

15. სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის ფაქტის მტკიცების ტვირთი აწევდა იმ მხარეს, რომელიც მიუთითებდა მასზე. ამიტომ, განსახილველ დავაში, დისკრიმინაციის ფაქტი მოსარჩელეებს სარწმუნოდ უნდა დაედასტურებინათ, თუმცა, მათ ვერ უზრუნველჰყვეს დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების არამართლზომიერებისა და შესაბამისად, მათ მიმართ დისკრიმინაციის არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთის რეალიზება. უფრო მეტიც, ხუთი მოსარჩელიდან ნაწილმა დაადასტურა, რომ მათ შეასრულეს კ. დ-ოს ბრძანება და გავიდნენ სამუშაოდ, გაფიცული მუშების ნაცვლად, ნაწილმა კი არ შეასრულა, თუმცა, საწარმოში განხორციელებული რეორგანიზაცია და შემცირება ყოველ მათგანს ერთნაირად შეეხო.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საწარმოს მიერ გამოცემული სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

17. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მეორე მოთხოვნა - სამსახურში აღდგენა, უშუალოდ იყო დაკავშირებული პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან. ვინაიდან, სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია სადავო ბრძანების ბათილად ცნობა, შესაბამისად, არ არსებობდა ხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

18. მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

19. სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგზე:

19.1. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი მტკიცების ტვირთის თაობაზე. მათი მოსაზრებით, სშკ-ის 402 მუხლის თანახად, დისკრიმინაციის ფაქტზე, მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს, ასეთივე მითითებაა ევროსაბჭოს დირექტივაშიც შრომითი დავის საქმეებზე. დასაქმებულთა მტკიცებით, მათ მიმართ ნამდვილად არსებობდა დისკრიმინაცია იმის გამო, რომ არ დაემორჩილნენ ადმინისტრაციას და, გაფიცვის პერიოდში, არ გავიდნენ სამუშაოდ, რომლის შესრულებაც არ ევალებოდათ. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გ. ბ-ემ. მანვე დაადასტურა, რომ იცოდა, გაფიცვებში მონაწილეობის გამო, დასაქმებულთა შევიწროების შესახებ. გაფიცვა უკანონოდ არ იქნა ცნობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი პოზიცია სამართლიანი იყო.

19.2. სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები. დასაქმებულები ითხოვდნენ მათი კვალიფიკაციის შესაბამის თანამდებობაზე აღდგენასა და არა კუთვნილ ადგილს. სასამართლომ კი, მიუთითა, რომ დასაქმებულთა შტატები არ არსებობდა და ამიტომ მათი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

19.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეული იყო სსსკ-ის 249-ე და 394-ე მუხლები. სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ მიიჩნია კანონიერად საწარმოს მიერ სშკ-ის 38-ე მუხლით დადგენილი უფლებამოსილების გამოყენება და არ ჩათვალა ეს კანონის დარღვევად, რომლითაც დამსაქმებელს ევალებოდა, ერთი თვით ადრე ეცნობებინა რეორგანიზაციის თაობაზე დასაქმებულისათვის. ამასვე ითვალისწინებს პროფკავშირის შესახებ კანონის მე-11 მუხლიც, რომლის თანახმადაც პროფკავშირებს უნდა შეატყობინონ მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რა საფუძველზე უარჰყო მოსამართლემ მათი პოზიციები.

20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით დასაქმებულთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შესაბამისი პუნქტების ნაწილებში (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი). საწარმოს დაევალა სამივე დასაქმებულის უზრუნველყოფა სამუშაოთი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საწარმომ.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინებით საწარმოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს, მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებით, უნდა გამოეკვლია, არსებობდა თუ არა: ა) საწარმოს რეორგანიზაციის კანონიერი საფუძველი და ბ) მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის წინაპირობები.

22. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინებით დასაქმებულთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება.

23. სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა რა საკასაციო სასამართლოს მითითებები, მთლიანად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებები (იხ. ამ განჩინების 10-15 პუნქტები).

24. დასაქმებულებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

25. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:

25.1. საკმარისად არ არის დასაბუთებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გადაემოწმებინა, არსებობდა თუ არა დისკრიმინაციის ფაქტი. აღნიშნულის თაობაზე, დასაქმებულებმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს, დაეკითხათ გაფიცვის ინიციატორი, პროფკავშირების თავმჯდომარე გ. ბ-ე, რაზეც უარი ეთქვათ.

25.2. სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ იმსჯელა, რატომ არ გაიზიარა რაიონულ სასამართლოში გ. ბ-ის განმარტება, სადაც მან მიუთითა, რომ იცოდა საწარმოს დირექტორის ლ-ის დამოკიდებულება გაფიცვაში მონაწილე პირების მიმართ. აღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, მოეხდინათ მათზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება.

25.3. გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის დასაბუთებული, რეორგანიზაციის უკანონობის თაობაზე, რატომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ ზემდგომი სასამართლოს განმარტება, მაშინ, როდესაც საწარმოში უკანონო რეორგანიზაცია მოხდა.

25.4. კასატორების მტკიცებით, სახელფასო ფონდის გაზრდასთან დაკავშირებით, ფაქტობრივ მტკიცებულებად, სააპელაციო სასამართლომ მიიღო მხარის ზეპირი განმარტება, მაშინ, როდესაც აღნიშნული გარემოება საწარმოო ბალანსის საფუძველზე უნდა გამოკვლეულიყო, როგორც ბუღალტრული მტკიცებულება.

25.5. საწარმომ ერთ დღეში მიიღო რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება, ბრძანება გამოიცა 2013 წლის 6 აგვისტოს და იმ დღესვე არის მიღებული გადაწყვეტილება კასატორთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. მათი მტკიცებით, მოსალოდნელი შემცირების თაობაზე, დამსაქმებელმა არ შეატობინა პროფკავშირებს ერთი თვით ადრე, რითაც დაარღვია კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დადგენილი შრომის უფლებები.

25.6. კასატორთა მოსაზრებით, ტექნოლოგიური პროცესები არის რთული პროცესები, რაც გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული. ამ დროს გამოვლენილ უნდა იქნეს საწარმოს მომგებიანობა ან წამგებიანობა, შტატების შემცირებით მოსალოდნელი თანხების დაზოგვა, შტატების შემცირების შემდეგ, ფუნქციების სხვა საამქროებზე გადანაწილება. ეს ყველაფერი შეუძლებელია ერთ დღეში მოწესრიგდეს. საკასაციო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, ერთ დღეში მომზადებული რეორგანიზაცია ცალსახად ნიშნავს მათ მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციას, რადგანაც იმ პერიოდში შემცირებულ იქნა გაფიცვაში მონაწილე ყველა პიროვნება. კასატორების მტკიცებით, სწორედ აღნიშნულის თაობაზე მიუთითებს უზენაესი სასამართლო თავის განჩინებაში (იხ. წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტი) უკანონო რეორგანიზაციის განმარტების თაობაზე, კერძოდ, სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია უკანონოა, როცა ფორმალური ნიშნების მიხედვით დარჩა იგივე სტრუქტურული ერთეული, ან ცვლილებით გაუქმებული სტრუქტურების ნაცვლად შემოღებულ იქნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც ფორმალური ნიშნებით განსხვავდება, მაგრამ შინაარსობრივად იგივე ფუნქციის მატარებელია. საკასაციო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, საწარმოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სწორედ ასეთი რეორგანიზაცია განხორციელდა. შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, რომლებსაც სახელი შეეცვალა, ფუნქციები კი იგივე დარჩა, რასაც ახორციელებდნენ ის ბიუროები, სადაც დასაქმებულები იყვნენ. ამდენად, კასატორთა დაკმაყოფილება, კვალიფიკაციის შესაბამისი სამსახურით, შესაძლებელი იყო, მაგრამ საწარმომ არ მოისურვა, რადგან მათი სამსახურიდან გათავისუფლების ინტერესი ჰქონდა.

25.7. კასატორების განმარტებით, სასამართლო სხდომაზე საწარმოს არ წარმოუდგენია წერილობითი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ შტატების შემცირების შედეგად, ნამდვილად გაიზარდა სახელფასო ფონდი, რითაც სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლები მტკიცებულებათა წარმოდგენისა და შეფასების თაობაზე.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით დასაქმებულთა საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. იმავე წლის 11 ნოემბერს საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით, განიხილა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.

27. ზეპირი მოსმენისას, 2015 წლის 11 ნოემბრის სხდომაზე, კასატორებმა საკუთარი პოზიციის განმარტებისას, საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, განაცხადეს, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დამტკიცების საშუალება არ მიეცათ სააპელაციო სასამართლოში, რადგან სასამართლომ არ დაჰკითხა მოწმე გ. ბ-ე, რომელმაც იცოდა მათი შევიწროების თაობაზე. მეორე კასატორმა განმარტა, რომ 2013 წლის 20-დან 31 მაისის ჩათვლით გაიფიცნენ დასაქმებულები, დაახლოებით 2000-მდე თანამშრომელი, კასატორმა მხარი დაუჭირა გაფიცულებს, მის პოზიციას ეთანხმებოდა მესამე კასატორიც და სხვა თანამშრომელი- ნუგზარ კოპალიანი. მეორე კასატორმა განმარტა, რომ მან უარი განაცხადა, შეესრულებინა დამსაქმებლის (სამსახურის უფროსის დ-ოს) ზეპირი მითითება, სხვის ნაცვლად გასულიყო სამუშაოზე. დისკრიმინაცია გამოიხატა იმაში, რომ მხარს უჭერდა გაფიცულებს, დამსაქმებელი (დ-ო) აიძულებდა, წასულიყო სამსახურიდან, კუთვნილი შვებულებაც კი არ მისცა 2012 წელს, ამის ნაცვლად უთხრა, განცხადება დაეწერა სამსახურიდან წასვლაზე. მეორე კასატორმა აღნიშნა, რომ იგი ჩვეულებრივ მუშაობდა, მაისის თვეში, მის სამუშაო ოთახში შევიდა დ-ო, იმის შესამოწმებლად, იმყოფებოდა თუ არა დასაქმებული სამსახურში. გაფიცულები, პროფკავშირებისა და სხვათა ჩარევის შედეგად, ივნისიდან დაუბრუნდნენ სამუშაოს. მესამე კასატორი დაეთანხმა მეორე კასატორის პოზიციას და დამატებით განმარტა, რომ რეორგანიზაცია რეალურად არ მომხდარა, ეს იყო ფარსი, გაუგებარია, რა დაუწუნეს კასატორებს, კვალიფიკაცია თუ სხვა რა ნიშნით გაათავისუფლეს. პირველმა კასატორმა განმარტა, რომ იგი 11 აგვისტომდე იმყოფებოდა შვებულებაში, არ მონაწილეობდა გაფიცვაში, ადრე რამდენჯერმე მოუვიდა კამათი დ-ოსთან, მისთვისაც გაუგებარი იყო, რა ნიშნით შეარჩიეს სხვა თანამშრომლები, რომლებიც დარჩნენ საწარმოში, არც სხვა ადგილი შეუთავაზებიათ კასატორებისათვის.

28. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენისას, საწარმომ განმარტა, რომ ყველა გარემოება გამოიკვლია სააპელაციო სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, რომ საწარმოში მოხდა რეორგანიზაცია. გაფიცვაში მონაწილეობა არ ყოფილა კასატორთა გათავისუფლების მიზეზი, რაც ამავე სხდომაზე დაადასტურა მეორე კასატორმა, რომელმაც, თავად აღნიშნა, რომ მუშაობდა, არ იყო გაფიცული, შესაბამისად, ამ ნიშნით არ მომხდარა ყოფილი თანამშრომლების გათავისუფლება. დისკრიმინაციის ფაქტი არ ყოფილა. რეორგანიზაცია გამოიწვია საწარმოს საჭიროებამ, კომპანიის სტრუქტურა საკმაოდ რთულია, ნაწილი ჭიათურაშია, ნაწილი რუსთავში; კომერციული სამსახურის სრულყოფისათვის მოხდა მისი რეორგანიზაცია, არაერთი შტატი გაუქმდა; საწარმოში მუდმივად მიმდინარეობს რეორგანიზაცია, მაგალითად, მოხდა კვების ბლოკის რეორგანიზაცია. საწარმოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათთვისაც მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა დასაქმებულისათვის ცხადი იყოს რეორგანიზაციის კრიტერიუმები (იხ. 11.11.2015 სხდომის ოქმი).

29. კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დასაქმებულთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

30. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

33. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

35. საკასაციო სასამართლო კასატორების საჩივართან დაკავშირებით აღნიშნავს შემდეგს:

35.1. ერთ-ერთი პრეტენზია იმ გარემოებას ეფუძნება, რომ მოპასუხე საწარმოში ჩატარებული რეორგანიზაცია, სინამდვილეში კასატორთა გათავისუფლებას ისახავდა მიზნად და მათ დისკრიმინაციულად ეპყრობდა დამსაქმებელი.

35.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხ.). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.

35.3. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორების პრეტენზია სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი იყო საწარმოში განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებები და ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მითითებულია წინამდებარე განჩინების 1, 2, 10,11 პუნქტებში.

35.4. სშკ-ის მე-2 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს, ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

35.5. დადგენილია, რომ ხუთი მოსარჩელიდან ნაწილმა შეასრულა კ. დ-ოს ბრძანება და, გაფიცული მუშების ნაცვლად, სამუშაოდ გავიდნენ, თუმცა, შემცირება ყველა მათგანს ერთნაირად შეეხო. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორების არგუმენტაცია, თითქოს მათი გათავისუფლება გაფიცვებში მონაწილეობას უკავშირდება. ამ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატაში საქმის ზეპირი მოსმენისას, თავად კასატორებმაც და საწარმომაც წარმოაჩინეს საკუთარი პოზიციები (იხ. ამ განჩინების 30-31 პუნქტები).

35.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, დამსაქმებელი შეზღუდული არ იყო სადავო ბრძანების გამოცემაში.

35.7. კასატორების მეორე სასარჩელო მოთხოვნა პირდაპირაა დაკავშირებული პირველი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან. ვინაიდან საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე კასატორების მოთხოვნა, შესაბამისად, უსაფუძვლოა მათი პრეტენზია სამუშაოზე აღდგენის ნაწილშიც.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ლ-ის, ტ. ს-ისა და რ. ყ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე