Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1061-1001-2015 29 დეკემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. ს-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ც-ე, ნ. კ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სამკვიდრო ქონების მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2008 წლის 1 ივნისს გარდაიცვალა თ. გ-ე (შემდეგში მამკვიდრებელი), რომლის საკუთრებაშიც, გარდაცვალების დროისათვის, ირიცხებოდა ქ. თბილისში, თ-ის მე-2 ჩიხი №3-ში მდებარე უძრავი ქონების 2/3 ნაწილი.

2. მამკვიდრებელს დარჩა ერთი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი ე. შ-ი (შემდეგში მამკვიდრებლის შვილი), რომელიც გარდაიცვალა 2009 წლის 5 ივლისს და მას დარჩა ერთი პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლე ნ. კ-ი (შემდეგში მამკვიდრებლის რძალი ან სამკვიდროს მიმღები), რომელმაც მიიღო მეუღლის დანაშთი სამკვიდრო ქონება, მდებარე რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის ქალაქ იზობილნიში [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 1336-ე მუხლი].

3. 2011 წლის 28 იანვარს, მამკვიდრებლის რძლის სასარგებლოდ, ნოტარიუსმა ნ. ს-ემ გასცა სამკვიდრო მოწმობა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი), რომლის საფუძველზეც იგი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ამ ქონების მესაკუთრედ.

4. 2011 წლის 14 მარტს, სამკვიდროს მიმღებმა მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება 90 000 ლარად მიჰყიდა თ. ც-ეს (შემდეგში სადავო ქონების მესაკუთრე).

5. ნ. ს-ა (შემდეგში მოსარჩელე ან გარდაცვლილი მამკვიდრებლის ძმისშვილი) არის წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული მამკვიდრებლის ძმის, 2008 წლის 11 აპრილს გარდაცვლილი დ. გ-ის შვილი, რომელმაც მიიღო მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3 წილის 1/2 ნაწილი, ქონება მდებარეობს თბილისში, თ-ის მე-2 ჩიხი №3-ში. მოსარჩელე ცხოვრობს ქალაქ მოსკოვში და მამიდის (გარდაცვლილი მამკვიდრებლის) დაკრძალვაზე არ ჩამოსულა {სსკ-ის 1336-ე, 1337-ე მუხლები].

6. მამკვიდრებლის შვილი, ფაქტობრივად დაეუფლა დედის დანაშთ სამკვიდრო ქონებას: დედის გარდაცვალების შემდეგ (იხ. ამ განჩინების პირველი და მეორე პუნქტები), იგი ცხოვრობდა დედის კუთვნილ ბინაში, ორმოც დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. რუსეთში გამგზავრებისას კი, თან გაიყოლა დედის კუთვნილი ნივთები [სსკ-ის 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები].

7. გარდაცვლილი მამკვიდრებლის ძმისშვილმა (იხ. განჩინების მე-5 პუნქტი) 2013 წლის 28 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მამკვიდრებლის რძლისა და სადავო ქონების მესაკუთრის (შემდეგში მოპასუხეები) წინააღმდეგ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სამკვიდრო ქონების მიკუთვნების თაობაზე (იხ. ამ განჩინების 2-4 პუნქტები).

8. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1136-ე მუხლით, 1421-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 1424-ე, 1433-ე 1337-ე, 1450-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 180-ე მუხლით.

10. საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

11. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 1421-ე მუხლი, მემკვიდრეობის უფლების რეალიზაციისათვის აუცილებლად მიიჩნევს ორი პირობიდან ერთ-ერთის შესრულებას - სამკვიდროს ფაქტობრივ დაუფლებას (მართვას), ან სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენას. ამასთან, აღნიშნული მოქმედება უნდა განხორციელდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ, ანუ სამკვიდროს მიღებულად მიჩნევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრის ნებას, სურვილს, მიიღოს სამკვიდრო; ამასთან, ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით განახორციელა მესაკუთრის ბატონობა და აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება.

12. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, მამკვიდრებლის შვილი ფაქტობრივად დაეუფლა დედის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. დადგენილია ასევე, რომ მამკვიდრებლის შვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი პირველი რიგის მემკვიდრემ - მეუღლემ მიიღო მეუღლის დანაშთი სამკვიდრო ქონების ნაწილი, მდებარე რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის ქალაქ იზობილნიში; (იხ. ამ განჩინების მე-2, მე-3 პუნქტები). სამკვიდროს ნაწილის მიღება კი, მთლიანად სამკვიდროს მიღებას ნიშნავს, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი [სსკ-ის 1421-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები].

13. სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 1337-ე მუხლის თანახმად, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა, გამორიცხავდა შემდგომი რიგის მემკვიდრეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლო იყო მამკვიდრებლის ძმისშვილის სასარჩელო მოთხოვნა გარდაცვლილი მამიდის დანაშთი სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

14. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლების არგუმენტი იმის თაობაზე, რომ გარდაცვლილი მამკვიდრებლის შვილმა, დედის კუთვნილი ნივთები, რუსეთში გამგზავრებისას, წაიღო მოსარჩელისათვის გადასაცემად და გადასცა კიდეც, რაც ადასტურებდა მოსარჩელე ძმისშვილის მიერ გარდაცვლილი მამიდის სამკვიდრო ქონების დაუფლებას; სასამართლომ, მოსარჩელის შუამდგომლობით, დაჰკითხა მოწმეები ჟ. ლ-ე და ნ. ქ-ე, რომელთაც აღნიშნული სადავო ფაქტობრივი გარემოება ვერ დაადასტურეს, მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ იცოდნენ მამკვიდრებლის შვილის განზრახვა, მითითებული ნივთები გადაეცა მოსარჩელისათვის. სასამართლომ განმარტა, რომ მოწმეებმა დაადასტურეს მხოლოდ ფაქტი, რომ მამკვიდრებლის შვილმა რუსეთში გამგზავრებისას თან წაიღო ნივთები, თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, სასამართლო, პირველი რიგის მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის კუთვნილი ნივთების ასეთ გადაცემას სხვა პირისათვის, ამ ნივთების განკარგვად შეაფასებდა, რაც ასევე სამკვიდროს დაუფლებასა და მართვაზე მიანიშნებდა.

15. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნები (იხ. ამ განჩინების მე-7 პუნქტი) არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან სახეზე იყო მოსარჩელის აღიარებითი ხასიათის მოთხოვნები. ასეთ შემთხვევაში კი, აუცილებელი იყო მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის აღიარების მიმართ. სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობაში იგულისხმება, აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად, მოსარჩელის მიერ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდა სამკვიდროს მიღების მიზნით. ვინაიდან სასამართლომ ვერ დაადგინა მოსარჩელის უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, სარჩელის დაკმაყოფილება ამ ნაწილში ვერ უზრუნველჰყოფდა მისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

16. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

17. სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგზე:

17.1. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, სასამართლომ არასწორად მიუთითა ის გარემოება, რომ მამკვიდრებლის შვილი ცხოვრობდა დედის კუთვნილ ბინაში, ამით კი ქონებას დაეუფლა, ხოლო გამგზავრებისას თან წაიღო დედის ნივთები.

17.2. მამკვიდრებლის შვილი სამკვიდრო ქონებაში დროებით ცხოვრობდა, რასაც ადასტურებდა მოწმის (ჟ. ლ-ის) განმარტება, რომ გარდაცვლილი დედის ნივთები მოსარჩელეს მამკვიდრებლის შვილმა წაუღო, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ეს უკანასკნელი სამკვიდრო ქონებას არ დაუფლებია.

17.3. სასამართლომ არ შეაფასა მამკვიდრებლის შვილის წერილი, რომლის მიხედვით, დედის ქონება მას არ ეკუთვნის. ამ წერილის მამკვიდრებლის შვილისადმი კუთვნილება მოწინააღმდეგემხარეს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, დასახელებული გარემოება, სსსკ-ით დამტკიცებულად ითვლება. რაც შეეეხება იმ გარემოების დადასტურებას - ნივთები გადაეცა თუ არა მოსარჩელეს, მისი შეფასებით, ამ არგუმენტის საპირისპირო მტკიცებულება მოწინააღმდეგეს არ წარმოუდგენია.

17.4. მამკვიდრებლის რძალი, კანონის გვერდის ავლით, შეგნებულად მოქმედებდა, როდესაც 2011 წლის 28 იანვარს სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსთან განცხადება შეიტანა, რის შედეგადაც სამკვიდრო მოწმობა მიიღო. ამავე მოწმობის გასამყარებლად მან გამოიყენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც აღინიშნა, რომ მამკვიდრებლის შვილმა, ფაქტობრივი დაუფლების გზით, მიიღო გარდაცვლილი დედის სამკვიდრო, მაგრამ არ გაიფორმა. მამკვიდრებლის შვილი იყო რუსეთის მოქალაქე, სარგებლობდა რუსული პასპორტით და ამავე დროს იყო საქართველოს მოქალაქეც და ჩაწერილი იყო თ-ის ქუჩაზე. მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაზე (მე–19 მუხლის პირველი ნაწილი და მე–20 მუხლის პირველი ნაწილი), რომლის შესაბამისად, პირის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ახალ საცხოვრებელ ადგილზე დარეგისტრირდება; აქედან გამომდინარე, მოსარჩელე აპელირებდა, რომ მამკვიდრებლის შვილი მუდმივად საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლის გამო, უნდა მოხნილიყო რეგიტრაციიდან, კერძოდ, თ-ის ქუჩაზე მისი რეგისტრაციის საფუძველი არ არსებობდა; მისი მოსაზრებით,ამ ქმედების განუხორცილებლობამ განაპირობა იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, თითქოსდა მამკვიდრებლის შვილმა ფაქტობრივი ფლობით მიიღო გარდაცვლილი დედის სამკვიდრო.

17.5. ნოტარიუსს, დავის მიმდინარეობისას, არ ჰქონდა სამკვიდრო მოწმობის გაცემის უფლება, მას უნდა განემარტა მხარისათვის, რომ სამკვიდრო იყო სადავო და, ანდერძისმიერი მემკვიდრის წინააღმდეგ, სასარჩელო წესით უნდა მიემართა სასამართლოსათვის, საწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია საჯარო წესრიგის დარღვევა.

17.6. მოსარჩელის განმარტებით, იგი დაეუფლა მამიდის ქონებას, რაც უტყუარად დაადასტურეს მოწმეებმა.

17.7. უძრავი ქონების ნასყიდობის გარიგების დადების დროს მხარის კეთილსინდისიერების თაობაზე მსჯელობისას, მოსარჩელემ მიუთითა კ-ის ჩვენებაზე და აღნიშნა, რომ ე.წ. ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმალური ხასიათის იყო და გარიგება - თვალთმაქცური.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

19. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, მხარეთა შორის დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით, წარდგენილი მტკიცებულებებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მართებული სამართლებრივი შეფასებები იყო ჩამოყალიბებული საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და, მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, სწორად იყო შეფასებული მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე, შესაბამისად, არ არსებობდა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი.

20. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

21. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:

21.1. მოწმეები ცალსახად ადასტურებენ, რომ სადავო ქონების გასაღები ჰქონდა კასატორის ნდობით აღჭურვილ პირს, ჟ. ლ-ეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გარდაცვლილი მამიდის ქონება ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიიღო კასატორმა.

21.2. მამკვიდრებლის შვილმა იმიტომ არ მიიღო გარდაცვლილი დედის სამკვიდრო ქონება, რომ იცოდა დედის ნება, რომ მის შვილსა და რძალს შორის არსებული დავის გამო, მთელი სამკვიდრო ქონება ძმისშვილს, ა. გ-ეს უნდა დარჩენოდა. ამიტომ ქონებას მართავდა კასატორი ძმასთან შეთანხმებით.

21.3. სასამართლომ არ გამოიკვლია სადავო ქონებაზე მამკვიდრებლის შვილის სამისამართო რეგისტრაციის არსებობა (იხ. ამ განჩინების 17.4 ქვეპუნქტი). კერძოდ, ე. შ-ი უკანონოდ იყო ორი ქვეყნის მოქალაქე,

21.4. ნოტარიუსს, სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე, მთელი რიგი მოქმედებანი უნდა ჩაეტარებინა, რადგან ამ ქონებაზე იყო გარდაცვლილი მამკვიდრებლის ანდერძი, რომელიც არც გაუქმებული და არც შეცვლილი იყო, დავა უნდა გაგრძელებულიყო სასამართლოს წესით. არ არსებობს მამკვიდრებლის შვილის ნება, რომ იგი დაინტერესებული იყო დედის სამკვიდრო მიეღო, ვინაიდან არსებობდა ანდერძი.

21.5. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა პრაქტიკა მამკვიდრებლისა და მემკვიდრის ნებასთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივად უგულებელჰყო თბილისის სააპელაციო სასამართლომ. არსებობს ანდერძი, ე.ი. არსებობს ნებაც, რომლის წინააღმდეგ ნოტარიუსი და წინა ინსტანციის სასამართლოები წავიდნენ.

21.6. სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ კასატორს მამიდის სამკვიდროდან ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა სადავო საზიარო ქონებიდან წილი, ვინაიდან აღნიშნული ქონება დღემდე გაუყოფელია და სადავო არ არის ის, რომ დღემდე ამ ქონებას პატრონობს კასატორი ანდერძისმიერი მემკვიდრესთან - ა. შ-თან შეთანხმებით.

21.7. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, წინა ინსტანციის სასამართლოებმა უკანონოდ არ დაურთეს საქმეს გარდაცვლილი მამკვიდრებლის ანდერძი, ასევე, მისი ნების გამომხატველი ვრცელი წერილი, სადაც გამოვლენილია მამკვიდრებლის ნება, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში ქონება უნდა დარჩენოდა ძმისშვილს, ა. გ-ეს. აღნიშნული ანდერძის დართვასა და შეფასებას ითხოვს კასატორი.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

26. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) საქართველოს სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:

28.1. კასატორი სადავოდ ხდის მამკვიდრებლის შვილის მიერ დედის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს, ვინაიდან მიაჩნია, რომ მამკვიდრებელს ამის სურვილი არ გააჩნდა, ხოლო სამკვიდრო ქონებას კასატორი თვითონ იყო დაუფლებული, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს.

28.2. სსკ-ის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

28.3. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან, 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

28.4. სამოქალაქო კოდექსი ადგენს კანონით მემკვიდრეების რიგითობას, თუ როგორ უნდა მოხდეს სამკვიდრო ქონების მემკვიდრეებს შორის განაწილება, კერძოდ, 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). II. მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა. სსკ-ის 1337-ე მუხლის მიხედვით, წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

28.5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულია მემკვიდრეობის ორი სახე - კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა, რომლებიც თავისი სპეციფიკურობით ხასიათდებიან. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამკვიდროს მიღების წესი ერთნაირია როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს და იგი შეიძლება მიღებულ იქნეს სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით და მართვით. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში, რომელშიც მამკვიდრებელი ცხოვრობდა, განიხილება სამკვიდროს მიღებად (თუ, ცხადია, ის უარს არ განაცხადებს მის მიღებაზე), რამდენადაც მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა გარდაცვლილის ნივთების ფლობას. კანონით მემკვიდრეების რიგითობა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულია სსკ-ის 1336-ე მუხლში. ყველა რიგის მემკვიდრეს ერთნაირი სიახლოვე არ აქვს მამკვიდრებელთან, ამიტომ ფიზიკურ პირთა მემკვიდრეებად მოწვევის თანმიმდევრობა ძირითადად დადგენილია მამკვიდრებელთან ნათესაური კავშირის ხარისხის (რიგითობის) მიხედვით. სამვიდროს გახსნის შემდეგ, სამკვიდროს მისაღებად მოწვეული იქნებიან პირველი რიგის მემკვიდრეები. თუ პირველი რიგის თუნდაც ერთი მემკვიდრე მაინც არის, მაშინ მეორე რიგის მემკვიდრეები სამკვიდროს ვერ მიიღებენ.

28.6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით (იხ. ამ განჩინების 1-6 პუნქტები) უდავოდ დასტურდება ის ფაქტი, რომ მამკვიდრებლის შვილი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა დედის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. საკასაციო პალატა მითითებულ გარემოებას დადასტურებულად მიიჩნევს, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მოწმეების: ჟ. ლ-ის, ნ. ქ-ის, ე. და მ. კ-ების ჩვენებების საფუძველზე, რომლებმაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში დაადასტურეს, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, 40 დღის განმავლობაში, მისი შვილი ცხოვრობდა სადავო ბინაში, ხოლო რუსეთში გამგზავრებისას თან გაიყოლა დედის კუთვნილი ნივთები.

28.7. იქიდან გამომდინარე, რომ სახეზეა წინა რიგის, მოცემულ შემთხვევაში, პირველი რიგის კანონით მემკვიდრეობა, შვილმა კანონის შესაბამისად მიიღო დედის დანაშთი სამკვიდრო ქონება, უსაფუძვლოა მეორე რიგის მემკვიდრის (კასატორის, რომელიც გარდაცვლილი მამკვიდრებლის ძმისწულია) პრეტენზია სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით.

28.8. სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

28.9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვს სამკვიდროს მიღების მიზნით. ვინაიდან ვერ იქნა დადგენილი კასატორის უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, სარჩელის დაკმაყოფილება ამ ნაწილში ვერ უზრუნველყოფს მისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

28.10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა კასატორის შუამდგომლობა მამკვიდრებლის ანდერძისა და წერილის საქმეზე დართვასთან დაკავშირებით. სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლები და დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, ამ ინსტანციის სასამართლოში ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს არ ჰქონდა, საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას, მათი წარდგენის ობიექტური შესაძლებლობა. კასატორი თვითონვე აღნიშნავს, რომ მცდელობა ჰქონდა აღნიშნული დოკუმენტები წინა ინსტანციის სასამართლოებში წარედგინა, თუმცა, სასამართლოებმა უარი განუცხადეს, შესაბამისად საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის შუამდგომლობა დოკუმენტების საქმეზე დართვასთან დაკავშირებით.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივრის ავტორს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ლ. ჭ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 1 050 (ათას ორმოცდაათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ. ს-ას (პასპორტის ნომერი ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ. ჭ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 500 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 2015 წლის 11 ნოემბერი), 70% – 1 050 (ათას ორმოცდაათი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე