საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1067-1006-2015 29 დეკემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ. ქ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ქ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი. ქ-ა და ზ. ქ-ა არიან მამა-შვილი.
2. ზ. ქ-ა (შემდეგში მოსარჩელე, შვილი ან კასატორი) მცირეწლოვანი იყო, როდესაც დედამისი განქორწინდა ი. ქ-ასთან (შემდეგში მოპასუხე, მამა ან მოწინააღმდეგე მხარე). შვილი დედასთან ერთად, სხვა მისამართზე, ცხოვრობდა, თუმცა, 2011 წლამდე რეგისტრირებული იყო მამის საცხოვრებელ მისამართზე.
3. მოპასუხე დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს ქ. ბ-ში, გ-ის ქ. # 46-ში. აღნიშნულ მისამართზე, სადავო ქონების გარდა, მამას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც მიღებული აქვს მემკვიდრეობით.
4. ქ. ბ-ში, გ-ის ქ. # 46-ში მდებარე, ამჟამად სადავო 41 კვ.მეტრი ფართის უძრავი ქონება (შემდეგში სადავოდ ქცეული ქონება), საკადასტრო კოდით №..., 2007 წლის სექტემბრამდე წარმოადგენდა გ. დ-ის საკუთრებას და იგი განთავსებულია მოპასუხის მიერ მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების მომიჯნავედ.
5. მოპასუხემ გ. დ-ისაგან შეიძინა ფართი და ქონების გამსხვისებელს გადაუხადა ნასყიდობის თანხა. ამ უკანასკნელმა კი მოპასუხის სახელზე გასცა მინდობილობა ქონების მართვისა და განკარგვის უფლებით.
6. ზემოხსენებული მინდობილობის საფუძველზე, 2007 წლის 26 აპრილს, მამა-შვილს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ამ განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული უძრავი ქონება, საჯარო რეესტრში აღირიცხა შვილის საკუთრებად.
7. 2008 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულებით, მოსარჩელემ სს ”თ-დან” გამოიტანა სესხი, რომლის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთა, მის საკუთრებად რიცხული და შემდეგ სადავოდ ქცეული უძრავი ქონება [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-ე 286-ე მუხლები].
8. 2009 წლის 3 სექტემბერს, მამა-შვილს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შვილმა ამ განჩინების მე-4 პუქნტში მითითებული უძრავი ქონება, რომელიც იმ დროისათვის იპოთეკით იყო დატვირთული, აჩუქა მამას [სსკ 524-ე მუხლი].
9. 2010 წლიდან მოყოლებული, შვილის მიერ, სს ”თ-დან” გამოტანილი სესხს იხდიდა მამა.
10. 2011 წლის 27 მაისს, ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით, მამის განცხადების საფუძველზე, შვილი მოიხსნა რეგისტრირებული მისამართიდან, ქ. ბ-ი, გ-ის ქ. # 46-დან.
11. მოსარჩელეს არც ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე და არც მას შემდეგ, სადავო ბინაში არ უცხოვრია; იგი წლების განმავლობაში ცხოვრობს დედასთან ერთად სხვა მისამართზე. სადავო ბინაში 2007 წლიდან დღემდე ცხოვრობს მოპასუხე, თუმცა, მამა-შვილს შორის ყოველთვის კარგი ურთერთობა იყო. მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა 2014 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც მამამ მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან წილი აჩუქა მის მეორე მეუღლეს - მ. ბ-ესა და ამ უკანასკნელთან ქორწინების განმავლობაში შეძენილ შვილს ჯ. ქ-ას (შემდეგში მოსარჩელის ძმა).
12. შვილმა 2014 წლის 20 აგვისტოს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მამის წინააღმდეგ და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება.
13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
14. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 50-ე, 524-ე, 529-ე, 530-ე, 170-ე მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები.
15. საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
16. სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაჩუქრებულსა და მჩუქებელს შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა ნათლად ასახავდა სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირს, რაც, მჩუქებლისაგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ, დასაჩუქრებულს აკისრებდა ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. თუკი, დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებდა ან უმადურობას გამოიჩენდა მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ზნეობრივ ფასეულობათა დაცვა ხდებოდა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებით, რასაც თან ახლდა სათანადო სამართლებრივი შედეგი - მჩუქებლისათვის გაჩუქებული ნივთის საკუთრებაში დაბრუნება.
17. სასამართლომ მიუთითა, რომ ჩუქების მოშლას იწვევდა ზნეობის საწინააღმდგეო არა ყოველგვარი მოქმედება, არამედ მძიმე შეურაცხოფა და დიდი უმადურობა. თუ რა სახის შეურაცხყოფა იყო პირისათვის მძიმე ან რას მიიჩნევდა დიდ უმადურობად, ეს, რა თქმა უნდა, კონკრეტული სუბიექტის - მჩუქებლის შეფასების საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო და მის სუბიექტურ აღქმაზე დამოკიდებული, მაგრამ კონკრეტული ფაქტი წარმოადგენდა თუ არა ისეთი სახის შეურაცხოფას ან უმადურობას, რასაც ჩუქების გაუქმება შეიძლება მოჰყოლოდა, ეს სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა.
18. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდებული მოსაზრებების გათვალისწინებით, უნდა განესაზღვრა სასამართლოს, იჩენდა თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან იყო თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი.
19. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად, შესაბამისად, უმადურობად და მძიმე შეურაცხოფად მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ გაუუქმა რეგისტრაცია ქ. ბათუმში, გ-ის ქ. # 46-ში, არ ელაპარაკებოდა შვილს, შეიცვალა მამა-შვილს შორის დამოკიდებულება, მამა არ აძლევდა შვილს ბინაში ცხოვრების უფლებას. გარდა ამისა, მოსარჩელის განმარტებით, მისი მდგომარეობა გაუარესდა, ასევე, მოპასუხე აპირებდა ნაჩუქარი წილის გასხვისებას.
20. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის რეგისტრაცია ქ. ბ-ში, გ-ის ქ. # 46-ში გაუქმდა სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით, 2011 წლის მაისში, თუმცა, მხარეს აღნიშნული 2014 წლამდე სადავოდ არ გაუხდია. გარდა ამისა, მოსარჩელეს არც სადავოდ ქცეული ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე და არც მას შემდეგ, არ უცხოვრია სადავო ფართში. სადავო ფართი ყოველთვის მოპასუხის მფლობელობაში იმყოფებოდა. ასევე, 2007 წელს, სადავო ფართის ნასყიდობის საფასური გადაიხადა სწორედ მოპასუხემ და მანვე დაფარა სს ”თ-დან” შვილის მიერ აღებული სესხის ნაწილიც.
21. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავოდ ქცეული ჩუქების ხელშეკრულებით მოსარჩელის მდგომარეობა არ გაუარესებულა და სარჩელში მითითებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება არ წარმოადგენდა მოპასუხის მიერ გამოჩენილ ისეთ უმადურობას, რომელიც შესაძლებელია გამხდარიყო სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი.
22. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის გარემოებებით, ასევე, არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მოსარჩელის მდგომარეობის გაუარესების ფაქტი.
23. სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებული იყო განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონოდა გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა მოქცეულიყო. ამასთან, თავად გამჩუქებელსაც საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განეხორციელებინა. დაუშვებელი იყო დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არამართლზომიერი შეზღუდვა გამჩუქებლის სურვილითა და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით.
24. სასამართლომ შეაფასა და გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
25. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
26. სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგზე:
26.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეს არ უცხოვრია ბ-ში, გ-ის ქ. # 46-ში.
26.2. ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იყო მოსარჩელესა და გ. დ-ეს შორის, მათ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არასოდეს გასაჩივრებულა და სადავო არ გამხდარა, არც ამჟამად იყო სადავო. დაუსაბუთებელი იყო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მსჯელობა, რომ სადავო ქონება მოპასუხის საკუთრება იყო.
26.3. არავითარი სამართლებრივი კავშირი არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნასა და ბანკიდან გამოტანილ სესხს შორის. თუ მამას მიაჩნდა, რომ შვილს მისი ვალი მართებდა, აღნიშნული თანხა შეეძლო, კანონის შესაბამისად მოეთხოვა.
26.4. საქალაქო სასამართლოს სხდომებზე მამამ შვილს „მორფინისტი“ უძახა, რაც მოსამართლისათვის შეურაცხყოფის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად საკმარისი არ აღმოჩნდა. არც ის ფაქტი იქნა მიჩნეული უმადურობის დასტურად, რომ მოპასუხე მის ორივე შვილს სახლში არ უშვებდა.
26.5. სასამართლო გადაწყვეტილებაში არ იქნა მითითებული, რომ მოსარჩელეს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა, არც ის, რომ მამამ გააუქმა შვილის სარეგისტრაციო მისამართი და ა.შ.
26.6. სასამართლომ არასწორად გააუქმა მისივე 2014 წლის 11 აგვისტოს განჩინება, სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
27. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება.
28. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათ საფუძველზე მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა ჩუქების ხელშეკრულებიდან, ამასთან, მოსარჩელე, ჩუქების გაუქმების საფუძვლად უთითებდა ორ გარემოებას: 1) ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ, მჩუქებელი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა; 2) დასაჩუქრებულმა მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა გამოავლინა.
29. სასამართლომ აღნიშნა, რომ ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათის გათვალისწინებით, ქონების გამჩუქებელს იმგვარი უფლებები გააჩნდა, რაც ვერ ექნებოდა, მაგალითად, ნივთის გამყიდველს, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ გულისხმობდა დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუ იგი თავის უფლებებს კეთილსინდისიერად და მართლზომიერად ახორციელებდა. ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებული იყო, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონოდა გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა მოქცეულიყო. თავად გამჩუქებელს საკუთარი უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განეხორციელებინა. დაუშვებელი იყო დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერსების არათანაზომიერი შეზღუდვა გამჩუქებლის სურვილითა და ჩუქების გაუქმების შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად რეალიზებით.
30. სასამართლომ განმარტა, რომ კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავდა, თუ რა შეიძლებოდაა მიჩნეულიყო მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება დაიშვებოდა. სასამართლო ვალდებული იყო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეეფასებინა დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და გადაეწყვიტა საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენდა თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლებოდა უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასებულიყო. კონკრეტული ფაქტი, წარმოადგენდა თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლებოდა დადებოდა საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა და არა თავად მოსარჩელის. სასამართლოს მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა შეეფასებინა, იჩენდა თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან იყო თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი.
31. სასამართლომ, სსკ-ის 530-ე მუხლზე მითითებით, განმარტა, რომ განსახილველ დავაში საყურადღებო იყო ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მითითებულია წინამდებარე განჩინების 1-3, მე-10 პუნქტებში.
32. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე, მოპასუხის მიერ მძიმე შეურაცხყოფას და უმადურობას შემდეგ ფაქტებზე დაყრდნობით ასაბუთებდა: მოცემული დავის განხილვისას საქალაქო სასამართლოში მამა შვილის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებს იყენებდა, არაერთხელ მიაყენა შურაცხყოფა საზოგადოებაშიც, ასევე იგი მუდმივად შეურაცხჰყოფდა ყოფილ მეუღლეს; ჩუქების შემდეგ, მამამ შვილი აღარ შეუშვა საცხოვრებელ სახლში; სამისამართო რეგისტრაციიდან შვილის მოხსნა იყო მძიმე შეურაცხყოფა და უმადურობა.
33. სასამართლომ არ გაიზიარა შვილის არგუმენტები მამის მიერ გამოჩენილი უმადურობისა და შეურაცხყოფის თაობაზე, მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, ვერ წარადგინა მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდებოდა მამის მიერ შვილისადმი გამოჩენილი უმადურობისა და მძიმე შეურაცხყოფის ფაქტი, ხოლო ნაჩუქარ ქონებაზე რეგისტრაციის გაუქმება და ამ ქონებით სარგებლობის აკრძალვა, არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ზნეობრივად გასაკიცხ მოქმედებად და დიდ უმადურობად.
34. სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეს, როგორც სადავო ბინის მესაკუთრეს, შეეძლო, შეუზღუდავად ესარგებლა თავისი საკუთრებით, მით უფრო, რომ საქმიდან არ დასტურდებოდა მხარეთა შეთანხმების არსებობა მოსარჩელის მიერ ბინით სარგებლობის თაობაზე. ამდენად, არ არსებობდა სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებული ჩუქების გაუქმების საფუძველი.
35. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, ასევე, ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული ფაქტი, რომ სადავო უძრავი ქონების მამისათვის ჩუქების შემდეგ, მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, რაც გამორიცხავდა, სსკ-ის 530-ე მუხლის საფუძველზე, ჩუქების გაუქმების შესაძლებლობას.
36. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 524-ე, 529-ე, 530-ე მუხლები; სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
37. შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
38. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:
38.1. სასამართლოს არ დაუსაბუთებია, დასაჩუქრებული მამა შვილს რაიმე მიზეზის გარეშე თუ არ უშვებს სახლში, არის ეს თუ არა უმადურობისა და შეურაცხყოფის დადასტურება დამსაჩუქრებლის მიმართ.
38.2. კასატორს ჰყავს ცოლ-შვილი და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. აღნიშნული არც მოწინააღმდეგე მხარემ უარჰყო, ხოლო ამის დასტურად -ქორწინებისა და შვილის დაბადების მოწმობები, სააპელაციო სასამართლომ დაგვიანებულად წარდგენილად მიიჩნია, რაც შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებაშიც ვერ დაეხმარა.
38.3. კასატორმა მიუთითა არგუმენტებზე, რომლებიც დასახელებულია ამ განჩინების 26.4 და 26.5 ქვეპუნქტებში.
38.4. კასატორი საკასაციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს მტკიცებულებათა წარმოდგენის გადავადების შესახებ და აღნიშნავს, რომ მოგვიანებით წარმოადგენს შვილის დაბადების მოწმობასა და სადავო ფართში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელ ნოტარიულად დამოწმებულ მტკიცებულებას.
39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისა და საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
40. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
41. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
42. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
43. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
44. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
45. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:
45.1. კასატორის მიერ ჩუქების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოებები, არ წარმოადგენ იმ წინაპირობებს, რომლებიც ესადაგება ს სსკ-ის 529-ე და 530-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად, კასატორის პრეტენზიები სამართლებრივად არ იწვევს მოხმობილ ნორმებში გათვალისწინებულ იურიდიულ შედეგებს.
45.2. სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების გაუქმება არამარტო მაშინაა შესაძლებელი, როდესაც იგი პირობითია და პირობა არ სრულდება, არამედ მაშინაც, როცა ჩუქების ხელშეკრულება რაიმე პირობას არ ითვალისწინებს. ერთ-ერთი სპეციფიკური საფუძველი ჩუქების გასაუქმებლად შეიძლება იყოს დასაჩუქრებულის უმადურობა, რომელიც ყოველ კონკრეტულ ვითარებაში მხარეთა მტკიცებისა და სასამართლოს შეფასების საგანია. გამოიხატება. კანონმდებელი ხაზგასმით უთითებს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი, ანუ აშკარა უმადურობის გამოჩენის შემთხვევებზე. მჩუქებლის გარდა, მისი ახლო ნათესავების მიმართ გამოჩენილი უმადურობაც იწვევს სამართლებრივ შედეგებს. კანონი არ განმარტავს უმადურობის ცნებას, რაც თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევისა და მსჯელობის საგანია. სასამართლომ უნდა შეაფასოს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი, მჩუქებლის ქცევის გათვალისწინებით, მანვე უნდა გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული ქმედება უმადურობის გამოჩენას და ამის შემდეგ, განსაზღვროს, უმადურობა, რომელიც თავისი ხასიათითა და შინაარსით, წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს.
45.3. კანონი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევასაც, როცა ჩუქების გაუქმება გამოწვეულია არა დასაჩუქრებულის უმადურობით, არამედ თვით მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს, არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ გააჩნია, იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას. გაჩუქების შემდეგ, განსაზღვრული დროის განმავლობაში, თუ მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როცა არ შეუძლია საკუთარი თავის, ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი. იგულისხმება, რომ საჩუქრის უკან მოთხოვნის უფლება მჩუქებელს გააჩნია იმ დროის განმავლობაში, ვიდრე გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს დასაჩუქრებულის მფლობელობაში. გარდა აღნიშნულისა, მჩუქებელს ეს უფლება მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ საჩუქრის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გამჩუქებელს უფლება არ აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს ნაჩუქარი ნივთის დაბრუნება, თუ ასეთი მოთხოვნის საფუძველი მან ხელოვნურად შექმნა, კერძოდ, თუ მძიმე მდგომარეობა, რომელშიც იგი აღმოჩნდა, გამოწვეულია მისი განზრახი მოქმედებით, ან უხეში გაუფრთხილებლობით. მძიმე მდგომარეობის ხარისხი, რამაც სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება შეცვალოს ჩუქებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს სასამართლომ.
45.4. კასატორი ჩუქების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად, კერძოდ, უმადურობად და მძიმე შეურაცხყოფად იმ გარემოებას მიიჩნევს, რომ მისი რეგისტრაცია სადავო ფართში გააუქმა მოპასუხემ და არ აძლევს ბინაში ცხოვრების უფლებას.
45.5. დადგენილია, რომ მამამ შვილის სამისამართო რეგისტრაცია, სადავო ფართში, გააუქმა 2011 წლის მაისში, თუმცა, კასატორს აღნიშნული 2014 წლამდე სადავოდ არ გაუხდია. მითითებული საფუძველი არ წარმოადგენს მჩუქებლის, ან მისი ნათესავების მიმართ გამოჩენილ უმადურობას, ამასთან, კანონით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს, შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება უსაფუძვლოა [სსკ-ის 529-ე მუხლი].
45.6. საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 170-ე მუხლზე მითითებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც ამ განჩინების 35-ეპუნქტშია მითითებული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ქონებით სარგებლობის აკრძალვა არ შეიძლება ჩაითვალოს ზნეობრივად გასაკიცხ მოქმედებად და დიდ უმადურობად.
45.7. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობას, რომელიც ამ განჩინების 31-ე პუნქტშია გადმოცემული და მიაჩნია, რომ საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია.
45.8. სსსკ-ის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შესძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება და ვერ წარუდგინა სასამართლოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამასთან, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი ანალიზი არ იძლევა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს.
45.9. მტკიცებულებებათა მოგვიანებით წარმოდგენასა და საკასაციო საჩივარზე დართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის ფარგლები და დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს არ ჰქონდა, საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას, მათი წარდგენის ობიექტური შესაძლებლობა. კასატორის შვილის დაბადების მოწმობა და სადავო ფართში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტი, როგორც ერთ-ერთი დასაშვები მტიკცებულებათაგანი, ვერ იქნება მიღებული საკასაციო სასამართლოს მიერ, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, რაც შეეხება საკასაციო საჩივრებზე დართულ მტკიცებულებებს, სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს მათ და მიიჩნევს, რომ საქმისათვის მათი დართვის წინაპირობები არ არსებობს.
46. ზემოხსენებული მსჯელობისა და დასკვნების გათვალისიწინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
47. სსსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს, ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 23 (ოცდასამი) ფურცლად.
48. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ჟ. ლ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 350 (სამასორმოცდაათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე, 104-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ქ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ზ. ქ-ას (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ჟ. ლ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 500 ლარის (გადახდის ქვითარი, გადახდის თარიღი 2015 წლის 16 ნოემბერი), 70% – 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი;
3. ზ. ქ-ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული დოკუმენტები 23 ფურცლად, (ტ. 2, ს/ფ 251-273);
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე