Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1115-1049-2015 4 დეკემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს "ს-ა" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით მ. ა-ის (შემდგომში მოსარჩელე) სარჩელი მოპასუხე შპს „ს-ას“ (შემდგომში მოპასუხე, საწარმო ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო სარჩელი ყოველთვიური ქირის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინებით საწარმოს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

3. სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, 2015 წლის 5 მაისს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ მხარეები, კერძოდ, მოპასუხე საწარმოს მხრიდან მისი წარმომადგენელი ს. კ-ე (იხ. სხდომის ოქმი, ტ.1, ს.ფ. 152, იხ. რწმუნებულება ტ.1, ს.ფ. 84). სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 6 მაისს და ამოიწურა 2015 წლის 18 ივნისს. აპელანტის წარმომადგენელმა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოს მიმართა 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2015 წლის 10 ივნისს (იხ. ტ.1, ს.ფ. 165). აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინდა 2015 წლის 24 ივნისს, რითაც დაარღვია სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონმდებლობით დადგენილი 14 დღიანი ვადა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 369-ე მუხლი), შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

4. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით, 59-ე, 63-ე და 374-ე მუხლებით.

5. მოპასუხის წარმომადგენელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საწარმოს სააპელაციო საჩივრის განხილვა.

6. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია, მხარეები გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდნენ, მაგრამ მათმა წარმომადგენელმა რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, განჩინების ჩაბარება კი მხოლოდ 2015 წლის 10 ივნისს შეძლო. ამ თარიღამდე მას არაერთი პირადი პრობლემა წარმოეშვა, კერძოდ, საწარმოს წარმომადგენელს მაისის თვეში ბაბუა გარდაეცვალა, ამავე პერიოდში, განცხადებით მიმართა მოპასუხეს და ითხოვა სამსახურიდან შვიდი დღით, შვილის ავადმყოფობის გამო, გათავისუფლება. გადაწყვეტილების მოთხოვნა/ჩაბარება მოსარჩელის წარმომადგენლისა და საწარმოს დირექტორის კომპეტენცია იყო. დირექტორს, თავის მხრივ, არ შეეძლო, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნა/ჩაბარება, ვინაიდან დედამისს მძიმე სენი აღმოაჩნდა და მთლიანად ამ საკითხზე იყო გადართული, ამასთან, მძიმე სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწვეტილებისადმი საწარმოს გააჩნია მაღალი იურიდიული ინტერესი, შესაბამისად, როგორც კი ჩაჰბარდათ 2015 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება, მაშინვე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, ხოლო ვადა, საპატიო მიზეზით იქნა გაშვებული და, აღნიშნულის გამო, სააპელაციო საჩივარი ვადაში წარმოდგენილად უნდა იქნეს მიჩნეული.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საწარმოს კერძო საჩივარი განსახილველად მიიღო წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმეში განთავსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

10. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი საწარმოს მიმართ, გამოცხადდა 2015 წლის 5 მაისს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ მხარეები. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 5 ივნისს და ამოიწურა 2015 წლის 18 ივნისს. აპელანტის წარმომადგენელმა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოს მიმართა 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 10 ივნისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინდა 2015 წლის 24 ივნისს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი). საქმის მასალებით არ დასტურდება აპელანტის მიმართვა სასამართლოსათვის განჩინების ჩაბარების მოთხოვნით 2015 წლის 10 ივნისამდე, ამდენად, მხარის მარტოოდენ ზეპირ განმარტებას ვერ გაიზიარებს სასამართლო.

11. სსსკ-ის 2591 მუხლი ადგენს გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის ჩაბარებას. გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

12. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება სსსკ-ის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად.

13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა ამოიწურა 2015 წლის 18 ივნისს. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2015 წლის 24 ივნისს, ე.ი. კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა შეტანილი (იხ. ტ. 2; ს.ფ.4-19).

15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას საჩივარში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ვინაიდან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი, ამასთან, როგორც კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, მის წარმომადგენელს სასამართლოს გადაწყვეტილება 2015 წლის 10 ივნისისათვის უკვე ჰქონდა ხელზე ჩაბარებული და, სააპელაციო საჩივრის შედგენისათვის, ჯერ კიდევ იყო დარჩენილი 9 დღე, რაც მან არასაპატიო მიზეზით გაუშვა. სამართლებრივად დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის თხოვნა, განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით გამოწვეული, გაშვებული ვადის საპატიოდ ცნობის თაობაზე. როგორც უკვე აღინიშნა, საპროცესო კოდექსით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია (სსკ-ის 369-ე მუხლი), ამავე კოდექსით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, მიზეზის საპატიოდ ცნობა გათვალისწინებულია მხოლოდ მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობის დროს, რაც დამტკიცებას საჭიროებს (სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 9 ივლისის განჩინება საწარმოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - სამართლებრივად უსაფუძვლო, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 104-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ს-ა"-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინება;

3. შპს "ს-ა"-ს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებები (ტ. 2, ს/ფ 47-60) და 2015 წლის 2 ნოემბერს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაზე დართული მტკიცებულებები (ტ. 2, ს/ფ 70-73);

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე