Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1119-1053-2015 18 დეკემბერი, 2015 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – გ. ა-ა, ე. ფ-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ს-ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ს-ის“ (შემდეგში ბანკი) სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. ა-ას (შემდეგში პირველი მოპასუხე), ბანკის სასარგებლოდ, დაეკისრა 59189.29 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, რეალიზებული უნდა ყოფილიყო იპოთეკით დატვირთული ქონებები, კერძოდ: 1) პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ.ჭ-ში, წ-ის ქუჩა №1/4-ში, ს/კ №…; 2) ე. ფ-ის (შემდეგში მეორე მოპასუხე) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ჭ-ში, ი-ის ქუჩა №28-ში, ს/კ №...;

2. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი ბანკის დავალიანების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეოდა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერ ქონებაზე;

3. მოპასუხეებმა 2015 წლის 24 მარტს საჩივარი შეიტანეს იმავე სასამართლოში და მოითხოვეს ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მეორე მოპასუხე, რომელიც არის პირველი მოპასუხის დედა, 2015 წლის 17 თებერვალს საღამოს გახდა ცუდად და მეორე დღესაც ჰქონდა მაღალი სიცხე, ვირუსული ინფექციით. ამასთან, მოპასუხეები იმყოფებოდნენ ჭ-ში, იყო უამინდობა, ტრანსპორტი არ იყო და ვერ შეძლეს ექიმის გამოძახება, რათა სასამართლოსათვის ეცნობებინათ სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის განჩინებით მოპასუხეებს უარი ეთქვათ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

5. მოპასუხეებმა 2015 წლის 17 ივლისს სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. შესაბამისად, ამ განჩინების პირველი და მეოთხე პუნქტები).

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აგვისტოს განჩინებით, მოპასუხეებს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად, სახელმწიფო ბაჟის 5 000 ლარის გადასახდელად, განესაზღვრათ შვიდდღიანი საპროცესო ვადა. დასახელებული განჩინება გაეგზავნათ მოპასუხეებს და ჩაჰბარდათ 2015 წლის 31 აგვისტოს, მათ ხარვეზი არ შეავსეს და არც საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსათვის.

7. სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებაში აღნიშნა, რომ მოპასუხეებს ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი შვიდდღიანი ვადა ამოეწურათ 2015 წლის 7 სექტემბერს 24:00 საათზე, ისე, რომ მათ ხარვეზი არ გამოუსწორებით, ამდენად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.

8. სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას იხელმძღვანელა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

9. მოპასუხეებმა 2015 წლის 28 ოქტომბერს კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინება და მოითხოვეს მისი გაუქმება.

10. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს იმავე გარემოებებზე, რაც აღნიშნულია წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 1 დეკემბერს მოპასუხეთა კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების, მისი იურიიდული დასაბუთებულობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო/კერძო საჩივარს, თუ: „ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.“

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მითითებულია წინამდებარე განჩინების მე-6 და მე-7 პუნქტებში.

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ აპელანტებმა (მოპასუხეებმა) სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი და არც გადაუხდელობის საპატიო მიზეზი აცნობეს სასამართლოს.

14. კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მათ ჩაჰბარდათ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინება და იცოდნენ, რა საპროცესო ვადა იყო განსაზღვრული ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

15. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

16. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ა-ასა და ე. ფ-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე