საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1128-1061-2015 30 დეკემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – თ. ფ-ი, ლ. კ-ე, ნ. შ-ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ო-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილობრივი გამიჯვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით თ. ფ-ის, ნ. შ-ისა და ლ. კ-ის (შემდეგში მოსაჩელეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) სარჩელი თ. ო-ის (შემდეგში მოპასუხე) მიმართ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წილობრივი გამიჯვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
3. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებით. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად. აპელანტებს განესაზღვრათ 7 დღის ვადა და დაევალათ: სახელმწიფო ბაჟის 160,00 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
5. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ აპელანტებმა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ფოსტის მეშვებით, 2015 წლის 18 სექტემბერს, ერთი დღის დაგვიანებით წარადგინეს სასამართლოში (ტ.2. ს.ფ. 19-22). სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2015 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეევსოთ. ამდენად, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილი იქნა საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
7. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუ ხარვეზი აპელანტების მიერ არ იქნებოდა გამოსწორებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობდა, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას, მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
8. სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას, გარდა ზემოხსენებული ნორმებისა, იხელმძღვანელა ასევე სსსკ-ის მე-60, 64-ე, 65-ე და 59-ე მუხლებით.
9. მოსარჩელეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინება.
10. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ მათმა წარმომადგენელმა ჩაიბარა არა 2015 წლის 10 სექტემბერს, არამედ - 11 სექტემბერს, რის მიხედვითაც, ხარვეზის შევსების ბოლო დღე იყო არა 2015 წლის 17 სექტემბერი, არამედ - 18 სექტემბერი. აღნიშნულის დასადასტურებლად, კერძო საჩივრის ავტორებმა მიმართეს საქართველოს ფოსტას, რათა ცნობის სახით მიეღოთ დოკუმენტი, თუ რომელ რიცხვში ჩაჰბარდა მათ წარმომადგენელს ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება, რაზეც პასუხი არ მიუღიათ. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის განხილვის დავალდებულებას.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეთა კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
13. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტშია მითითებული.
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი და არც გადაუხდელობის რაიმე მიზეზებზე აცნობეს სასამართლოს.
16. კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მათთვის ცნობილი იყო სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 აგვისტოს ხავერზის დადგენის შესახებ განჩინების თაობაზე. ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ მხოლოდ აღნიშნული განჩინების მათი წარმომადგენლისათვის ჩაბარებისა და, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების თარიღთან დაკავშირებით.
17. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რომ კერძო საჩივრის ავტორებს თავიანთი არგუმენტის დასასაბუთებლად წარმოდგენილი აქვთ მხოლოდ განცხადება შპს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის სახელზე, რომლითაც მათი წარმომადგენელი ცნობის გაცემას ითხოვს (ტ.2., ს.ფ.29), თუ როდის ჩაჰბარდა სააპელაციო სასამართლოდან გზავნილი, თუმცა, აღნიშნული განცხადება არაფერს მიანიშნებს იმის თაობაზე, რომ იგი ნამდვილად ჩაჰბარდა შპს „საქართველოს ფოსტას“, არ არის აღნიშნული მასზე რაიმე „შტამპი“, არ ერთვის დოკუმენტი, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ განცხადება მიიღო ადრესატმა. კერძო საჩივრის ავტორები არც იმას უთითებენ, რომ განმეორებით მიმართეს საქართველოს ფოსტას და მოსთხოვეს მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წერილობითი პასუხი სასამართლოში წარსადგენად. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტებს, რომ მათ განცხადებაზე, კერძო საჩივრის სააპელაციო სასამართლოში წარდგენის დროისათვის, შპს „საქართველოს ფოსტას“ პასუხი არ ჰქონდა გაცემული.
19. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
20. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
21. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად მართებული შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებს, როდესაც სააპელაციო საჩივარი, სახელმწიფო ბაჟის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, განუხილველად დატოვა, ხოლო კერძო საჩივრის ავტორებმა საკასაციო პალატას მათი პრეტენზიის გასაზიარებლად დამაჯერებელი მტკიცებულება ვერ წარმოუდგინეს.
22. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტებს 2015 წლის 17 აგვისტოს გაეგზავნათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, რაც პირველად არ ჩაჰბარდათ იმ საფუძვლით, რომ თ. ფ-ი და ნ. შ-ი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდნენ, ხოლო ლ. კ-ე მითითებულ მისამართზე არ იძებნებოდა (იხ. ტ.2., ს.ფ. 7-12).
23. სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან სასამართლო კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე, ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის დადგენის შესახებ, განჩინება განმეორებით, 2015 წლის 1 სექტემბერს, გაუგზავნა აპელანტებს, თუმცა, მათ არც ამჯერად ჩაჰბარდათ გზავნილი და სასამართლოს დაუბრუნდა იგივე მითითებით (ტ.2., ს.ფ. 13 – 17).
24. სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი, ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნული ნორმისა და აპელანტებისათვის მის მიერვე მითითებულ მისამართზე გზავნილის ორჯერ ჩაუბარებლობის მიზეზის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო, აპელანტებისათვის გაგზავნილი შეტყობინების ჩაუბარებლობის გამო, უფლებამოსილი იყო სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაეტოვებინა, თუმცა, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების აპელანტების გარიგებითი წარმომადგენლისათვის გაგზავნა, რომელიც ამ უკანასკნელს კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა (იხ. ტ.2., ს.ფ.18). საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ განცხადებას ხარვეზის შევსების შესახებ სამივე აპელანტი აწერს ხელს (ტ.2., ს.ფ.19), თუმცა, ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მაინც არ იქნა აღმოფხვრილი, რის გამოც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
25. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლო, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ფ-ის, ლ. კ-ისა და ნ. შ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე