Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-4077–შ–83-2015 6 იანვარი, 2016 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი. ო-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ო-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - გერმანიის ჰაილბრონის საოლქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის №5F1402/15 გადაწყვეტილება

დავის საგანი - მშობელთა მზრუნველობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2005 წელს ჰაილბრონის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეების გადაწყვეტილებით (შემდეგში ჰაილბრონის საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილება) შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება ი. ო-სა (შემდეგში ბავშვების დედა ან შუამდგომლობის ავტორი) და ი. ო-ს (შემდეგში ბავშვების მამა ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის.

2. განქორწინებული მეუღლეები საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ გერმანიაში შეეძინათ ორი ქალიშვილი - 2... წლის .. მარტს დაბადებული თ. და 2...წლის .. ოქტომბერს დაბადებული მ-ი. ბავშვები არასრულწლოვნები არიან და სკოლაში სწავლობენ.

3. განქორწინების შემდეგ ბავშვები ცხოვრობენ დედასთან გერმანიაში.

4. საოჯახო დავაზე გერმანიის სასამართლოში მხარეებს წარმოადგენდნენ ადვოკატები.

5. ჰაილბრონის საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე არასრულწლოვან ბავშვზე, მზრუნველობა იკისრა დედამ. საპროცესო ხარჯებმა შეადგინა 3 000 (სამი ათასი) ევრო, რაც მხარეებს შორის თანაბრად გადანაწილდა.

6. ბავშვების დედამ 2015 წლის 30 ოქტომბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

7. ჰაილბრონის საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 17 ნოემბერს, შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, იგი აღსრულებულია გერმანიაში.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ი. ო-ის შუამდგომლობობა მიღებულია წარმოებაში. ამავე განჩინებით, შუამდგომლობა თანდართული მასალებით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს, მოსაზრების გამოთქმისა და საქმის ზეპირი განხილვით მოსმენის შესაძლებლობის თაობაზე შეტყობინების მიზნით.

9. ი. ო-ს გზავნილი ჩაჰბარდა 2015 წლის 7 დეკემბერს, მას რაიმე წერილობითი მოსაზრება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, ასევე, „საერთაშორისო კერძო სამართლის“ შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი მოსმენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, კერძოდ, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს; უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

11. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარეს - ი. ო-ს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინებისა და თანდართული მასალების მიღების შემდეგ (იხ. ამ განჩინების მე-9 პუნქტი).

12. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობას ერთვის ჰაილბრონის საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტი, რომლის ორიგინალი დამოწმებულია აპოსტილით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ენაზე თარგმნილი ტექსტი დამოწმებულია სანოტარო წესით.

13. მე-12 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილებით დადასტურებულია მისი კანონიერ ძალაში შესვლა 2015 წლის 3 აგვისტოს.

14. შუამდგომლობის ავტორი ადასტურებს, რომ მე-12 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება აღსრულებულია გერმანიაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ო-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ჰაილბრონის საოლქო სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის №5F1402/15 გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ო-ს დაეკისრა ერთპიროვნული მეურვეობა არასრულწლოვან შვილებზე - 2... წლის .. მარტს დაბადებულ თ. ო-სა და 2... წლის .. ოქტომბერს დაბადებულ მ. ო-ზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე